რას ნიშნავს ტერანგი და რა კომპლიმენტი მიიღო მედიკო ჩახავასგან არაპროფესიონალმა მსახიობმა - გზაპრესი

რას ნიშნავს ტერანგი და რა კომპლიმენტი მიიღო მედიკო ჩახავასგან არაპროფესიონალმა მსახიობმა

თავის დროზე, საბჭოთა კავშირის კინოდათვალიერებაზე, პრიზი მიიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და სპეციალური პრიზი - ორიგინალური კინოკადრისთვის, ხოლო 1986 წელს, ქალაქ ბრნოში დაიმსახურა პრიზი გმირსა და საზოგადოებას შორის არსებული მწვავე ურთიერთობის სიღრმისეული გადმოცემისთვის.

მხატვარი ლია ბაგრატიონი ერთი ფოტოს ისტორიას და „ტერანგის“ გადაღებებთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებს, სადაც ის მთავარ როლს თამაშობს. როგორ მოხვდა ამ ფილმში, ვისთან ერთად მონაწილეობდა, რა ემოციები ჰქონდა გადაღებების დროს - ქალბატონი ლიას ინტერვიუდან გაიგებთ.

- ფოტო ასახავს ფილმზე მუშაობის დროს ერთ-ერთი შესვენების მომენტს, როცა მე და ლელა ჯუღელი ველოდებით ჩვენი ეპიზოდის გადაღებას. რეჟისორი ოთარ (უმცროსი) ლითანიშვილი ჩვენთან ერთად ისვენებს. ეს არის 1984 წელი. ფილმის სცენარის ავტორი იყო ლაშა თაბუკაშვილი, მხატვარი ოთარ შამათავა, ოპერატორი ომარ ბრეგვაძე...

- თქვენ როგორ მოხვდით ამ ფილმში და რა როლს ასრულებთ?

- ჩემი მეგობრების - ოთარ ლითანიშვილისა და მისი მეუღლის წყალობით მოვხვდი. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ სცენარში აღწერილ ტიპაჟს შევესაბამებოდი და მთავარი როლი მე უნდა შემესრულებინა. კარგა ხანს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ თავისი გაიტანეს, - გინდა თუ არა, შენ უნდა ითამაშოო. როგორც გადაღებების მერე ამბობდნენ, ცუდად არ გამომივიდა... თუმცა მე მაინც მგონია, რომ სჯობდა პროფესიონალს შეესრულებინა. მოკლედ, როლისთვის ოთარმა შემარჩია. ჩემს გმირს, ახალგაზრდა გოგოს მერი ჰქვია, რომელიც ტერანგს - ბიჭის როლის შემსრულებელს აცდუნებს.

- ტერანგი - რა უცნაური სახელია...

- ეს არის ერთ-ერთი გმირის სახელი ძველი ამერიკული ფილმიდან, რომლის დასახელება არ მახსოვს.

- რამდენად რთული იყო თქვენთვის გადაღების პროცესი ან ნერვიულობდით? მხატვრის პროფესია ხომ არ დაგეხმარათ რამეში?

- ჩემი პროფესია არაფერში დამხმარებია. რეჟისორის მითითებებს მივყვებოდი, რასაც მეტყოდნენ, იმას ვასრულებდი. არაპროფესიონალი რომ ვიყავი, სწორედ იმიტომ არ ვნერვიულობდი და არც შიშის გრძნობა მქონია, თორემ ჩემს საქმეს როცა ვაკეთებ, ისე მეშინია (იცინის)...

- პირადად თუ დარჩით კმაყოფილი გადაღების პროცესით და რა ემოციები დაგიტოვათ ფილმმა?

- მთელი თვე, რაც ფილმის გადაღებას მოვანდომეთ, გადასარევი შეგრძნება მქონდა, რადგან არაჩვეულებრივ ჯგუფში მოვხვდი. ჯერ ერთი, ფილმი გადაიღეს ძალიან საინტერესო ნოვატორული ხერხით, ე.წ. კაშირებული მეთოდით, რაც ნიშნავს შემდეგს: ეკრანზე სხვადასხვა ჩარჩოში იყო ჩასმული კადრები და თითქოს ეს ეფექტი ამბობდა და გამოყოფდა მთავარ სათქმელს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობდნენ: ზაზა მიქაშავიძე, დათო გომართელი, ლევან ერისთავი, ბაადურ ბალარჯიშვილი (პოეტი)... ასეთი ადამიანების გვერდით ვიდექი. გადაღებების მერე ვიკრიბებოდით და გადასარევ დროს ვატარებდით, საღამოები სავსე იყო იუმორითა და სიმღერებით. ის დრო დაუვიწყარია ყველასთვის, ვინც მაშინ ერთად ვიყავით. ჩვენ ვცხოვრობდით ბორჯომში და იქიდან გავდიოდით გადაღების ადგილზე. აღარ მახსოვს, რა ერქვა იმ ადგილს.

otar-litanishvili-lela-jugeli-lia-bagrationi-1-copy-1719819445.jpg

- სხვა რომელიმე ფილმში მონაწილეობის შეთავაზება მიგიღიათ?

- არა... ერთადერთხელ მოხდა ისე, რომ ჩემს მეგობარს (დათო ქაჯაიას) ვჭირდებოდი მასობრივი სცენისთვის და მაშინ გადამიღეს.

- ფილმ „ტერანგს“ დღეს როცა უყურებთ, რა გახსენდებათ?

- კარგა ხანია აღარ მინახავს, მაგრამ როცა ფილმს ვიხსენებ, ყოველთვის კარგ მოგონებებს აღმიძრავს. თავისთავად, ძალიან მომწონს ოთარის მიგნება კადრებთან დაკავშირებით. იმ გადაღებების ამსახველი რამდენიმე ფოტო მაქვს, მაგალითად, გიო ხუციშვილთან ერთად... სხვათა შორის, მახსოვს ქალბატონი მედეა ჩახავას კომპლიმენტი. ის და სალომე ყანჩელი (ოთარ ლითანიშვილის დედა) ახლო მეგობრები იყვნენ. ფილმის ნახვის შემდეგ ქალბატონმა მედეამ მითხრა: უყურე ერთი ამას, ასეთი რთული როლი როგორ შეასრულაო! რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შექება იყო. ამ ფილმში მონაწილეობა ჩემი ცხოვრების ის ეპიზოდია, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით გავიხსენებ.

ნანული ზოტიკიშვილი