რას ამბობს მანუჩარ მაჩაიძე თანამედროვე ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებზე
ყოველი დილა ჩვენს ცხოვრებაში ევროპის ჩემპიონატის სიახლეებით იწყება და მთავრდება. ყველა ბედნიერია იმით, რომ 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა და ფეხბურთის მოყვარულთა გულიც მოიგო.
ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, რას ფიქრობს ჩვენს ნაკრებზე თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, ცნობილი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე:
- ქართულ ფეხბურთში ძალიან ნიჭიერი და საინტერესო თაობა წამოვიდა, რომელსაც ჩვენი თაობის ფეხბურთელებთან შედარებით, აშკარად გაუმართლა: ამ ბიჭებს შეუძლიათ უმაღლესი დონის თამაშებში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შესაძლებლობები მთელი მსოფლიოს თვალწინ გამოავლინონ. ჩვენ მხოლოდ საბჭოთა კავშირის სახელით გამოვდიოდით და ამ სივრცეში გვიცნობდნენ, უცხოეთში ბევრმა არც კი იცოდა, რომ ქართველები ვიყავით, თანაც, ბევრი რამით შეზღუდულები გახლდით. დღევანდელი ფეხბურთიც სხვაა და გულშემატკივრობაც: ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს რომ ვხედავ, ეს სულ სხვა დონეა - ჩვენმა ბიჭებმა რომც წააგონ, მაინც ამხნევებენ და ბოლომდე მხარში უდგანან. მართალია, მაშინ ფეხბურთს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, სპორტის ეს სახეობა ხალხსაც უყვარდა, მაგრამ ჩვენი ანაზღაურება იმდენად ცოტა იყო, რომ მხოლოდ პატრიოტიზმის გამო, ენთუზიაზმით ვთამაშობდით. ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ერთი რამ იყო - საქართველოს გაემარჯვა. ახლა კაპიტალისტური წყობაა, სულ სხვა დროში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, დღევანდელი გარემო ფეხბურთზეც მოქმედებს.
- ბატონო მანუჩარ, რომელი ფეხბურთელები მოგწონთ ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებში?
- იმდენ კარგ ახალგაზრდას ვხედავ, რომ გულს უხარია და რომელიმეს გამოყოფა არ მინდა, ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელი ძალიან მომწონს, ყველას აქვს რაღაც თავისებური და ინდივიდუალური. ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს ყურადღებით ვუყურებ და ერთ დასკვნამდე მივედი: ქართველები არც ერთი ნაკრების ფეხბურთელებს არ ჩამოუვარდებიან და თავისუფლად შეუძლიათ, მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშონ. ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდებიან, დაიხვეწებიან, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ და კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებენ.
- მათი ნიჭიერება ევროპელმა კრიტიკოსებმაც აღიარეს და თურქეთთან წაგებული მატჩის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში საქართველოს მესამე ადგილი მიაკუთვნეს.
- არც მიკვირს, ევროპელი სპეციალისტები არაფერში ცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან წააგეს, მაინც ყველას დაუმტკიცეს, რომ არავისზე ნაკლებად არ თამაშობენ. თუ ევროპაში ქართველი ფეხბურთელების ღირსებები დაინახეს და სწორად შეაფასეს, ეს მე ძალიან მახარებს!
- თურქეთთან ჩატარებულ მატჩში, ყველაზე სკანდალური ეპიზოდი იყო, როცა გიორგი მამარდაშვილმა კარი მიატოვა და ბოლო წუთებში გუნდს შეუერთდა.
- ფეხბურთში ასეთი რამ ხდება: როდესაც გუნდი თამაშს აგებს და ყველას გოლის გატანა უნდა, მეკარე ცდილობს, თანაგუნდელებს დაეხმაროს. ასეთი შემთხვევები ჩვენს გუნდშიც მომხდარა - როდესაც ვაგებდით, მეკარე ჩარეულა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ზოგჯერ მას მოწინააღმდეგის კარში ბურთიც კი გააქვს. ამიტომ, მე მამარდაშვილის მოქმედება არ გამკვირვებია, ის ბრწყინვალე მეკარეა და ძალიან სწორად მოიქცა. მას ბურთიც რომ გაეტანა, გუნდს ჩაუთვლიდნენ და გავიმარჯვებდით.
- საკუთარ ან მეტოქის ცარიელ კარში ბურთის გატანაც გამართლებულია?
- ასეთი რამეც ხდება: ავტოგოლი ფეხბურთელებს ხშირად გააქვთ და ეს ამ ჩემპიონატზეც ვიხილეთ... რაც შეეხება მეტოქის ცარიელ კარში ბურთის გატანას, ჯერ არსად მომხდარა, რომ მოწინააღმდეგის კარი ცარიელი იყოს და შენ გოლი არ გაიტანო - ეს დაუშვებელია, ამიტომ, ის თურქი ფეხბურთელიც სწორად მოიქცა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, გოლი რომ არ გაეტანა, თურქები იმ ფეხბურთელს გაახარებდნენ? ბურთი ხელში ჩაუვარდა და გაიტანა - ესეც ჩვეულებრივი ამბავია.
- სოციალურ ქსელში ატრიალებდნენ ინფორმაციას, რომ მსგავს სიტუაციაში, მოწინააღმდეგის კარში ბორის პაიჭაძემ ბურთი არ გაიტანა.
- მე ეგ ისტორია არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ბორის პაიჭაძე სულითა და გულით ქართველი იყო, ის ძალიან მაღალი მორალის მქონე სპორტსმენი გახლდათ და შეიძლება არც გაეტანა - ამას არ გამოვრიცხავ. მე არც ის მიკვირს, რომ შეიძლება ფეხბურთელმა ერთი თამაში ძალიან მაგრად ითამაშოს, მეორე კი - ნაკლებად.
- ამის გამო, ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიასაც საყვედურობენ.
- ხვიჩა ყველასგან გამორჩეული, ინდივიდუალური ფეხბურთელია, რის გამოც, რამდენიმე მოწინააღმდეგე ყოველთვის აკონტროლებს. ყველა ცდილობს ასეთი ფეხბურთელი თამაშიდან გამოთიშოს. ამიტომაც დარაჯობენ, ზოგჯერ ფეხშიც ურტყამენ, რომ ის დაითრგუნოს და ვეღარ ითამაშოს. დიახ, კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე გუნდიდან 3-4 კაცი მუდმივად გდარაჯობს, რა უნდა ქნა? მიუხედავად ამისა, კვარაცხელია მაინც ბევრს შრომობს, სულ მოძრაობს და იმის გამო, რომ მას დასდევენ, სხვებს ხელ-ფეხი ეხსნებათ, რომ თავისუფლად ითამაშონ.
- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რა აკლია ჩვენს ნაკრებს?
- ჩემი აზრით, შუა ხაზზე ისეთი მოთამაშე აკლია, რომელიც თამაშს დაალაგებს და წაიყვანს, ვინც ბურთს დროზე გააჩერებს, არ დაკარგავს და თანაგუნდელებს გადააწოდებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ფეხბურთელი ჩვენს დღევანდელ ნაკრებს არ ჰყავს. არადა, შუა ხაზში ბურთის დაკარგვა ნებისმიერ გუნდს ძვირი უჯდება... სხვათა შორის, გიორგი ჩაკვეტაძეს ამ რთული მისიის შესრულება თავისუფლად შეუძლია.
- ძველ "დინამოში" ვინ ასრულებდა ამ ურთულეს სამუშაოს?
- ღოღობერიძე, იამანიძე, სიჭინავა... სხვებიც იყვნენ, ვინც ამ ფუნქციას ძალიან კარგად ართმევდა თავს. ჩვენს ფეხბურთელებს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა, ძალიან ძლიერ გუნდებს შეხვდა და ღირსეულად ითამაშა! კიდევ გავიმეორებ: ჩვენი გუნდი არავის ჩამოუვარდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთში გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველამ დავინახეთ, რომ ფორტუნა ყოველთვის ჩვენკენ არ იყო.
- შეგიძლიათ თანამედროვე ფეხბურთელების თამაშის სტილი ძველ, სახელოვან ფეხბურთელებს შეადაროთ?
- ხვიჩა კვარაცხელია თავისი თამაშით სლავა მეტრეველს და მიხეილ მესხს მაგონებს, ის მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოავლენს თავის ნიჭსა და უნარს; ქოჩორაშვილი თავისი სიმტკიცით და მებრძოლი ხასიათით - იამანიძეს და სიჭინავას. საქართველოს ნაკრებში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები მომავალში კიდევ უფრო გაგვახარებს. ძალიან დიდი ძალაა მამარდაშვილი, რომელიც რამაზ ურუშაძეს მაგონებს. ის ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ამ ახალგაზრდებს რომ ვხედავ, მიხარია, რადგან ჩვენ საქართველოს ნაკრების მაისურით მსოფლიო ასპარეზზე არასდროს გამოვსულვართ, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით. დიდ ტურნირებზე საქართველოს სახელით არ ვმონაწილეობდით, მხოლოდ კლუბის სახელით გავდიოდით, რომელსაც თბილისის "დინამო" ერქვა. ეს, პრაქტიკულად, საქართველოს ნაკრები იყო და ვისაც ჩვენი თამაში ახსოვს, დამეთანხმება, რომ "დინამო" ძალიან მაგარი გუნდი გახლდათ. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთზე იმდროინდელმა მსოფლიომ ბევრი რამ არ იცოდა და ეს ხარვეზი ამ ბიჭებმა უნდა გამოასწორონ. საერთოდ, ფეხბურთი ძალიან საყვარელი სპორტის სახეობაა, რასაც პატრიოტული გრძნობებიც ემატება: როცა ის 11 კაცი იბრძვის, შენს ქვეყანას წარმოადგენს და მისთვის იბრძვის. ძალიან გულიანი და კარგი გუნდი გვყავს, ეს განსაკუთრებით იგრძნობა, როცა მოედანზე საქართველოს ჰიმნი ისმის და ჩვენი ფეხბურთელებიც მღერიან.
- "თურქეთმა მატჩი მოიგო, ხოლო საქართველომ - ჩვენი გული", - წერდნენ ევროპელი გულშემატკივრები. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო შეფასებაა?
- ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა! ვერაფერს იტყვი - ბიჭები მართლა კარგად თამაშობენ, თავს არ ზოგავენ და მადლობა მათ ამ გმირული თამაშისთვის. ფეხბურთში ყოველთვის ჩანს იმ ერის ხასიათი, რომელსაც გუნდი წარმოადგენს. ამ ბიჭებს საქართველო უყვართ და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვიან - ეს უმთავრესია. წლების განმავლობაში ვთამაშობდი და ძალიან კარგად ვიცი: შეიძლება ერთ მატჩში მაგრად ითამაშო, მაგრამ მეორე არ გამოგივიდეს. ამიტომ, მოვერიდოთ უსაფუძვლო საყვედურებს... ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ნაკრები ქართულ ფეხბურთს მთელ მსოფლიოში გაუთქვამს სახელს. ამის შანსი და პოტენციალი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს.
- დაბოლოს, 18 ივნისს, თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველმა და თურქმა გულშემატკივარმა იჩხუბეს. მაშინ ზოგიერთები წერდნენ, - ქართველებმა ყველგან თავი უნდა შევირცხვინოთო! შეიძლება ამის გამო ქართველი ქომაგების და საერთოდ, მთელი ერის გაკრიტიკება?
- ეს დიდი შეცდომაა: ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს და საერთოდ, ქართველებმა საუკეთესო ქომაგობა იციან. გულშემატკივრებს შორის ჩხუბიც ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ისინი არ უნდა გავკიცხოთ. ყველას თავის გუნდზე შესტკივა გული, რასაც შეიძლება ჩხუბი და კამათი მოჰყვეს. ეს ფეხბურთში ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, ამის გამო მთელი ქვეყნის და ქართველი ხალხის გაკიცხვა როგორ შეიძლება? ჩვენ კიდევ კარგად ვიქცევით, ყოფილა შემთხვევა, გამწარებულ ფანებს მოედანზე ადამიანიც მოუკლავთ. ამისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ფეხბურთი ძალიან ემოციური სპორტის სახეობაა. ემოციებს ყველა ვერ თოკავს და ყველა თავისებურად გამოხატავს.
ინტერვიუს დასასრულს უნდა გავიმეორო: ყველა თამაშს დაკვირვებით ვუყურებდი და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები, სულ მალე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ამ ბიჭებმა საქართველო და ქართული ფეხბურთი მთელ მსოფლიოს გააცნეს!
ხათუნა ჩიგოგიძე