მრავალს დავესწროთ, მეგობრებო!
რომელსაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გავბედე და პირდაპირ ეთერში ვუყურე. ემოციური ადამიანი ვარ და ნაკრების თამაშის ყურებისას ადრე რამდენჯერმე ცუდად გავხდი, ამიტომ "ლაივში" ყურება მივატოვე. ანგარიშს რომ გავიგებდი, ვახვევდი და მერე ვუყურებდი, წაგებას და მოგებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინც ვუყურებდი. ჰოდა, პორტუგალიასთან გავბედე და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიყავი, ძლივს გადავრჩი. მომენტებში ეკრანისკენ არც ვიყურებოდი, მაგრამ ეს თამაში ყველა რისკად მაინც ღირდა. ეს თამაში თაობებს ემახსოვრება და გაიხსენებენ, როგორც ლეგენდას დაახლოებით ისე, ჩვენს თაობას რომ უყვებიან თბილისში "ლივერპულის" დამარცხებაზე. მერე რა, რომ პორტუგალიამ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა? ის მაინც პორტუგალიაა თავისი რონალდოთი. აგერ ესპანეთმაც დაასვენა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში ალბანეთთან ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ მაინც მოიგო. სხვათა შორის, ეს მათ დაეხმარათ იმაში, რომ ჩვენთან თამაშის დროს უფრო დასვენებულები გამოვიდნენ, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები.
არ ვამტკიცებ, რომ ამიტომ მოგვიგეს და სხვა შემთხვევაში მოვუგებდით ან ესპანელების პირველი გოლის დროს აშკარა თამაშგარეზე რომ არ დაეხუჭათ თვალი მსაჯებს, სხვა შედეგი იქნებოდა. ესპანეთის ნაკრები დღეს ალბათ, მსოფლიოში საუკეთესოა და მათთან მოგება ნამდვილად სასწაულის კატეგორიაში გავიდოდა. თუმცა ფეხბურთი იმიტომაც უყვარს მსოფლიოში ამდენ ადამიანს, რომ იქ სასწაულებიც ხდება და პირველი ტაიმის ბოლომდე ჩვენ სწორედ ამ სასწაულში ვცხოვრობდით, ესპანეთს ვუგებდით და მაშინ ალბათ ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც გაუჩნდა გულში იმედი. მაგრამ მერე ძალამ აღმართი მოხნა და ჩვენთვის ეს ზღაპარიც მორჩა; მორჩა ნამდვილად კეთილად და საამაყოდ.
ამ თამაშის მერე ვიღაცები წერდნენ, აწი ესპანეთს უნდა ვუგულშემატკივროთ, რომ მერე ვთქვათ, მომავალ ჩემპიონთან წავაგეთო, მაგრამ სხვებმა უპასუხეს, - მაგას ჯობია პორტუგალიას ვუგულშემატკივროთ, რომ მერე ვთქვათ, ჩემპიონთან გვაქვს მოგებულიო. ეს მეორე ვარიანტი ჯობია, აშკარად.
თუმცა აწი როგორც უნდა დასრულდეს ჩემპიონატი, ჩვენთვის მისი მნიშვნელობა განუზომელი იქნება. როგორც ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თქვა, ჩვენ უკვე მოვიგეთ ევრო. საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და რაც მთავარია, მსოფლიოში უამრავ ადამიანს გააცნო ჩვენი ქვეყანა დადებითი კუთხით. ფეხბურთს ეს ძალა აქვს. ის იმდენად მასობრივი სპორტია და იმდენად პოპულარული, რომ რამდენიმე დღეში შეუძლია ქვეყანა ისეთი ცნობადი გახადოს, რასაც სხვა შემთხვევაში წლები დასჭირდებოდა. რაც მთავარია, მას შეუძლია შენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში გულშემატკივრები moუმრავლოს, რაც მოხდა კიდეც. ბევრ ქვეყანაში გაიგეს ჩვენზე და დაგვაფასეს. ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის უდიდესი საქმეა.
ის კლუბები, სადაც ჩვენი ბიჭები თამაშობენ, სოციალურ მედიაში ქართულ ენაზეც კი გვამხნევებდნენ. მსოფლიოს სპორტული მედია წერდა ჩვენზე, როგორც გამორჩეულ დებიუტანტზე და ნეიტრალური გულშემატკივრები აღფრთოვანებულები იყვნენ ჩვენი ბიჭების გამოსვლით. გასაგებია, რომ ჩემპიონატი არ მოგვიგია, მაგრამ ამდენსაც არავინ ელოდა.
და რა მოხდა თავად ქვეყანაში? დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად, ეს დღეები ფეხბურთით ვცხოვრობდით. ყველა ერთიანი და ბედნიერი იყო. ისეთი ხალხი დაინტერესდა ამ სპორტით, აქამდე ზედაც რომ არ უყურებდა, რადგან ყველას უხარია საკუთარი ქვეყნის წარმატება და ყველას უნდა იამაყოს თავისი სამშობლოთი. ის ხალხიც კი, ვისაც ჩვენი მთავრობა "უსამშობლო ლიბერალებს" ეძახის ამ დღეებში, მარტო ფეხბურთზე წერდა და ნაკრების ბიჭებზე ლაპარაკობდა. კარგად გამოჩნდა, რომ სამშობლო ყველას ერთნაირად უყვარს და ყველას უხარია მისი წარმატება, ლიბერალი იქნება თუ კონსერვატორი, და რომ ეს დაყოფა მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდაა.
ბევრმა ძველმა გულშემატკივარმა დაწერა, აქამდე რანაირად ვგულშემატკივრობდი სხვა ქვეყნის ნაკრებს, საკუთარის გულშემატკივრობა სულ სხვა რამე ყოფილაო. ჰოდა, მე სულ საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობდი, მაშინაც კი, როცა სულ აგებდნენ (ყველას რაღაც გვაქვს სატრაბახო). თქვენშიც დარწმუნებული ვარ, აწი არასდროს მიატოვებთ მათ, წარუმატებელი პერიოდიც რომ ჰქონდეთ. ნაკრების ამ წარმატებამ ქართველებს ეროვნული სიამაყის გრძნობა დაუბრუნა და მასზე აწი უარს არავინ იტყვის. ესაა ყველაზე დიდი შედეგი!
P.S. რა გვეთქმის? მადლობა, ბიჭებო, ყველაფრისთვის! იმისთვის, რომ ეს დღეები თავი ზღაპარში გვაგრძნობინეთ. სინამდვილეში ამ ზღაპარს ბოლო არა აქვს. ეს არის ზღაპარი, რომელიც სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს და აწი სულ წინ ვიაროთ. ეს მხოლოდ ზღაპრის დასაწყისი იყო.
ყველას, ვინც პორტუგალიასთან მატჩის მერე მეუბნებოდა, გამარჯვებას გილოცავო, ვპასუხობდი: მრავალს დაესწარი!
მრავალს დავესწროთ, მეგობრებო! ხომ გამოვცადეთ, რამხელა სიხარულია ასეთ დიდ ფორუმზე შენი ქვეყნის მონაწილეობა. ჰოდა, კიდევ გვინდა.