ნაქარგი და თაბაშირის ფიგურები - დეკრეტული შვებულების დროს დაწყებული ხელსაქმე
და თაბაშირისგან დამზადებული დეკორატიული ფიგურების შექმნა დაიწყო. შვილი რომ შეეძინა, თავის უმთავრეს პროფესიას დროებით ჩამოშორდა და ახლა დროს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში იყენებს.
- რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა გავიარე; პროფესიით სოციალური მუშაკი ვარ. სანამ შვილი შემეძინებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, მეა 2 წლის ხდება. ახლა დეკრეტულ შვებულებაში ვარ და როცა დასრულდება, მუშაობას კვლავ ჩემი პროფესიით გავაგრძელებ. ამ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩემი შემოსავალიც აღარ მქონდა, გადავწყვიტე, ბავშვობის გატაცებას მივბრუნებოდი და ისეთი საქმე წამომეწყო, რომელიც სიამოვნებასთან ერთად, ცოტა ფინანსურადაც წამადგებოდა. თან, ჩემთვის სახლში ჯდომა წარმოუდგენელია. 27 წლის ვარ და აქედან 25 წელი, რაც თავი მახსოვს, შინ არ ვყოფილვარ. თან, სტუდენტობიდან სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი და აქტიურ რეჟიმს ვარ მიჩვეული. დედაჩემი მკერავია და მეც ბავშვობიდან ხელსაქმეში ვიყავი ჩართული, ამიტომ თავდაპირველად 2023 წლის მარტიდან ნაქარგების, ნახატების გაკეთება დავიწყე, უფრო კონკრეტულად - ტილოზე პორტრეტებს ვქარგავ. სამი თვის წინ კი თაბაშირმა გამიტაცა, ეს მასალა ისე შემიყვარდა და იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ, რომ სამსახურშიც რომ გავალ, ამ საქმეს მაინც არ ჩამოვშორდები. ქარგვაც და თაბაშირზე მუშაობაც ჩემით ვისწავლე და ჩემი ჰობი ერთგვარ პროფესიად ვაქციე. სხვადასხვა დეკორატიულ ნივთს ვამზადებ: ლარნაკებს, საყვავილეებს, სადგამებს, სამკაულის დასაწყობებს და ა.შ. მეა თვეების რომ იყო, გაცილებით მეტს ვმუშაობდი, რადგან სულ ეძინა, მაგრამ ახლა, რაც ფეხი აიდგა, ძალიან ცელქი და მოუსვენარია. ხელსაქმისთვის უმთავრესად მაშინ ვიცლი, როცა ჩემი მეუღლე შინაა, სასეირნოდ გაჰყავს ან როცა მეა იძინებს.
- ალბათ გახსოვთ, თავდაპირველად თქვენი ნივთები ვისთან "წავიდა" სარეალიზაციოდ და რა განცდა დაგეუფლათ იმ დროს?
- მარტში ვარ დაბადებული და დაბადების დღეზე ჩემმა მულმა სახატავი ტილოები და საქარგავი ნივთები მაჩუქა. იმ დროს 5 ნივთი გავაკეთე და ნამუშევრები "ფეისბუკის" პირად გვერდზე განვათავსე კითხვით, - გამეგრძელებინა თუ არა ქარგვა, თუ ისევ ჩემს პროფესიაში დავრჩენილიყავი? მეგობრებისა და ახლობლების რჩევამ, ეს საქმე გამეგრძელებინა, დიდი მოტივაცია მომცა. მირჩიეს ნამუშევრებისთვის ცალკე გვერდიც შემექმნა და ჩემმა ერთმა მეგობარმა ნაქარგიც შეიძინა (იღიმის). ეს სტიმული და ჩემი მეუღლის ხელისშეწყობა რომ არა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. რაც შეეხება თაბაშირს, თავდაპირველად ამ მასალით მხოლოდ ჩემთვის მინდოდა ნივთები შემექმნა და სხვათა შორის, ბევრი მცდელობა მქონდა მანამ, ვიდრე იდეალურ შედეგს მივიღებდი. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, როცა სასურველი შედეგი მივიღე, ნივთები რეალიზაციისთვის დავდე, მაშინვე გამოხმაურებაც მოჰყვა და შეიძინეს. სოციალური სამსახური ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მისი და ჩემი ფუნდამენტური ღირებულებები თანხვედრაშია და მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებ ამ საქმეს, ისევე, როგორც არ მინდა ხელოვნებას ჩამოვშორდე. ხელნაკეთი ნივთების დამზადება ყოველთვის მიტაცებდა, ის ჩარჩოებში არ მაქცევს, პირიქით და ამიტომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემი დიდი ხნის სურვილი ავისრულე. მინდა ეს ორი საქმიანობა ერთმანეთს შევუთავსო.
ანა კალანდაძე