"კეთილი იყო, ერთგული, უღალატო, გულჩათხრობილი და სევდიანი"
"ბახვა წავიდა...
დიდი ხელოვნება წავიდა, სიკეთე წავიდა, სიცოცხლე წავიდა, ადამიანი წავიდა...
აფხაზეთიდან, სამშობლოდან დევნილმა სამშობლოში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა, საკუთარი სახელოსნოც კი არ ჰქონდა, ბაღის სარდაფში ჩუმად ამზადებდა მარიონეტებს...
სულ წინ მიდიოდა, მაშინაც, როცა ცხოვრება უკან ექაჩებოდა"... - ასე გამოეხმაურა მსახიობისა და რეჟისორის ბახვა წერედიანის გარდაცვალებას მისი მეგობარი და მასწავლებელი, ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი.
რეზო გაბრიაძის ნამოწაფარს, საკუთარი საქმე უზომოდ უყვარდა. წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით მართავდა. მისი პირველი თოჯინა მევიოლინე "ნიკოლო" იყო, რომელიც პაგანინის პროტოტიპი გახლდათ, მოგვიანებით მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაარქვა. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიaნისტ სებასტიანთან ერთად საინტერესო ნომერი ჰქონდა. შემდეგ შექმნა თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი...
"უშბა და თეთნულდი" იყო ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენა, რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა.
ჯანო იზორია, მსახიობი:
- მე და ბახვამ ერთმანეთი თეატრალურში გავიცანით, ის ჩემზე ერთი წლით წინ სწავლობდა, ბახვა მუმუშა გაწერელიას ჯგუფში იყო. თეატრალურში მისი ჯგუფის სპექტაკლებს ხშირად ვესწრებოდი. ბახვამ დრამის ფაკულტეტი დაამთავრა, ნიჭიერი ადამიანი იყო. თეატრალურის დასრულების შემდეგ, რეზო გაბრიაძესთან მარიონეტების თეატრში იყო. საერთოდ არ ველოდებოდი, ამ ჟანრში თუ გამოიჩენდა თავს. სტუდენტობის წლებში კი ვმეგობრობდით და ვახლობლობდით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა შემდეგ წლებში უფრო გაძლიერდა. დღეს ბევრი სერიალი თუ სატელევიზიო პროექტი არსებობს, ჩვენ რომ თეატრალური დავამთავრეთ, მაშინ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ამდენი საშუალება არ იყო. ფოთში წავედი, ცოტა რთული პერიოდი მქონდა, არეული ვიყავი. ფოთის თეატრში კი ვთამაშობდი, თბილისშიც ჩამოვდიოდი, მაგრამ მთლიანობაში მაინც მძიმე პერიოდი მქონდა. ერთ დღეს ბახვას რუსთაველზე, გიმნაზიის წინ შევხვდი, ქუჩაში თავის თოჯინებთან ერთად იყო, მარიონეტებს ათამაშებდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, ცოტა ხანს მუშაობა გააჩერა, ჩამოვსხედით, ვილაპარაკეთ, მსახიობი იყო და ემოციებში იოლად შეეძლო აყოლა. ვუთხარი, დეპრესიული პერიოდი მაქვს-მეთქი. ამ თოჯინას ხელი მოჰკიდეო, მიმითითა წითურთმიან თოჯინაზე, ხელში დამაჭერინა, მოძრაობებს ალღო იოლად ავუღე, ის თავის ნიკოლოს ათამაშებდა, ვუკრავდით, რაღაც მელოდიებს ვასრულებინებდით ამ თოჯინებს. ქუჩაში ამ ყველაფრის კეთებას ცოტათი სხვა სითამამე სჭირდება, სცენაზე თამაში სულ სხვა რამ არის. ხალხი ჩერდებოდა, გვიყურებდნენ. ამ დღის შემდეგ ბახვას ვაკითხავდი ხოლმე. შემდეგ "მადაგასკარი" დადგა, რომელშიც ჟირაფი ვიყავი, თავად რამდენიმე თოჯინას ათამაშებდა, სულ 4 ადამიანი ვიყავით და კვირაობით გვქონდა ეს სპექტაკლი. მის სულს ვენაცვალე, ეს ჩემთვის გადარჩენასავით იყო, შველა იყო. ჩვენი მეგობრობა თანდათან უფრო გაღრმავდა. მახსოვს, დეიდამისი კეკელიძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღში მუშაობდა. იმ ბაღის დაბლა სარდაფი იყო, სადაც რეპეტიციებს გავდიოდით, ზემოდან ბაღის ბავშვების ხმა ისმოდა. ზუსტად ისეთ ადგილზე იმყოფებოდა, როგორიც თავად იყო, ბავშვურად გულწრფელი, გულუბრყვილო. თავისi სევდით, ტკივილით, რასაც გაგრა ერქვა, - იძულებით დატოვებული სამშობლო.
ჩვენს თავს ერთი უცნაური ამბავი მოხდა, სრულიად მოულოდნელად ბახვა მეუბნება, ერთი ქალბატონი გამოჩნდა, რომელიც მაროკოში გვიწვევს და უნდა წავიდეთო. რა მაროკო, ბიჭო, რას მელაპარაკები, ჯერ თვითმფრინავში საერთოდ არც ვმჯდარვარ-მეთქი. მართლაც წავედით, მერე ვეხუმრებოდი, „ბოინგს“ შენ მაზიარე-მეთქი. თავიდან მართლა არ მეჯერა. მაროკოს ვიზა საქართველოში არ კეთდებოდა, თურქეთიდან ჩამოგვივიდა ვიზაჩარტყმული პასპორტები. გავაკეთეთ ყუთები თოჯინების ჩასალაგებლად. მე მშობლებმა გამაცილეს, ბახვა თბილისიდან თურქეთში მიმავალ ავტობუსს გამოჰყვა, გზად შევხვდით ერთმანეთს და თურქეთში ჩავედით. ათათურქის სახელობის აეროპორტში, ჩვენი შავი ყუთებით ველოდებოდით გაფრენას. გახსნეს ეს შავი ყუთები და შიგნით ჩაწოლილი თოჯინები ნახეს. მერე ბევრს ვხუმრობდით, ვიღაცას ტერორისტები ხომ არ ვეგონეთ. ჩვენთან ერთად ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორიაც იმყოფებოდა.
მაროკოში საოცარი დღეები გავატარეთ. ერთი თვე ერთ ბინაში ვიცხოვრეთ, რაც გაგვაჩნდა, ყველაფერს ვიყოფდით. მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, არც სოციალური ქსელები იყო ასე გავრცელებული და საკომუნიკაციო საშუალება არ გვქონდა. ბახვამ ჰონორარი წინასწარ აიღო, ლეპტოპი იყიდა და როგორღაც მოვახერხეთ ოჯახებთან დაკავშირება.
ნახევარი მაროკო მოვიარეთ, ჩავდიოდით ქალაქებში და ვთამაშობდით, ბახვას საინტერესო პერფორმანსები ჰქონდა. ისეთი კეთილი იყო, ისეთი საძმაკაცო, ისეთი ერთგული და უღალატო, რომ მისნაირი ადამიანები ბევრნი არ არიან (პაუზის შემდეგ)... ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დღეს ამ სამყაროში აღარ არის, ამ სიტყვებს ბახვას სიცოცხლეშიც ყველგან ვამბობდი.
კასაბლანკაში ვცხოვრობდით, იქ ქართული ოჯახი გავიცანით, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც უკვე გაუგიათ ბახვას ამბავი და მოიწერეს, უზომოდ გულდაწყვეტილები არიან. მათთან რომ ვიყავით, ბევრი ბანანი ჰქონდათ. ბახვას ვეუბნებოდი, ბიჭო, რა დრო დაგვიდგა, ბანანს პრასივით ვჭამთ-მეთქი. ამ ხუმრობაზე ბევრს იცინოდა.
მთელი ცხოვრება ბახვას მადლიერი ვიქნები. შინაგანად, ასეც, ისეც, ბევრნაირად რომ მიჭირდა და ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, მხარში ამომიდგა, ჩვენ ერთად ქუჩაშიც ვიდექით, სარდაფში ვრეპეტიციობდით, „ბოინგშიც“ ჩავsxეdით და აფრიკაშიც გავფრინდით... ასეთი იყო ჩვენი ძმაკაცობა.
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ გამოვდიოდი, მაშინ მოვიფიქრე, ტანგოს რომ ვიცეკვებდი, სცენაზე ჩემი ბახვა თავის თოჯინა "ნიკოლოსთან" ერთად ყოფილიყო. მართლაც, ბახვა პიედესტალზე იდგა თავისი თოჯინით, მე ვცეკვავდი, ის თავის ნომერს ასრულებდა, მაგრამ იმ დღეს პროექტი დავტოვე. უნდა გენახა, როგორ განიცადა, როგორ ინერვიულა, უხერხულობას გრძნობდა, თავად დასამშვიდებელი ვიყავი და იქით ვამშვიდებდი, თავადაც იმდენი მეფერა...
ბახვა გულჩათხრობილი კაცი იყო, დიდი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა, დევნილობა ადვილია? მაგრამ თავის ტკივილს არასდროს არავის აგრძნობინებდა. გაგრის ამბებს სულ მიყვებოდა, ტანჯვისა და წამების გზა გაიარა მისმა ოჯახმა. თავად პატარა იყო, მაგრამ ბევრი რამ ახსოვდა. ახსოვდა, როგორ ჩაცვივდნენ მისი დედა და მამა ტყვეობაში, მერე როგორ გამოიყვანეს...
ბახვა სერიალის "ბოლო სეზონი" ერთ-ერთი სცენარისტი იყო. მასთან ბოლო შეხვედრაც ამ სერიალთან დაკავშირებით მქონდა, რაღაც იდეა გავუზიარე, ამაზე ვლაპარაკობდით ჯერ ტელეფონით, შემდეგ ერთმანეთს შევხვდით, რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა.
მე და ბახვას ამის ნაკლებობა არასდროს გვქონია, მაგრამ ადამიანებო, სანამ ერთმანეთი გვყავს, გთხოვთ, ერთმანეთს რაც შეიძლება ხშირად მოვეფეროთ!
„რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის წევრი ვიყავი, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა, რის გამოც წლების წინ თეატრიდან წამოვედი. სახლში ჯდომა, ლოთობა, დეპრესია და იმაზე ფიქრი, რომ გენიოსი ხარ, არაფრის მომტანია. იმხანად ჩემი ვაჟი ნიკუშა პატარა იყო და გამოსავლის ძებნა დავიწყე. პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო შევქმენი, რომელიც პაგანინის პროტოტიპია, და ქუჩაში გავედი. ქართველები მიჩვეული ვართ ქუჩის მუსიკოსებს, მოგვწონს მიმები უცხო ქვეყნის ქუჩებში, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვანაირად აღიქვამენ ამ ყველაფერს. ვიცოდი, რომ ვიღაცას მათხოვარი ვეგონებოდი ან შემიცოდებდა და ამიტომ დამეხმარებოდა, მაგრამ ეს ჩემი პოზიცია იყო და ამიტომ გამოვედი ქუჩაში. ჩემს მარიონეტების თეატრს "ნიკოლო" ჰქვია, სწორედ ამ თოჯინით დაიწყო ყველაფერი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროფესიონალი ქუჩაში გავხდი. როცა ღია ცის ქვეშ, ხალხის პირისპირ გიწევს მუშაობა, ყოველდღიურად იზრდები“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
"მარიონეტებს შუქი ჩაუქრო სამუშაო დღის ბოლოს, ღამე რომ ვტოვებ, გაცოცხლდებიანო...
ცას ვარსკვლავი შემატე, ბახვა, შენთვის პატარა იყო ეს დედამიწა. ახლა ხშირად ამოვიხედავ ცაში, ძებნას დაგიწყებ, ოდესმე ისევ შეგხვდები, მანამდე გავიხარებ და გულს გავიხეთქავ, რომ გიცნობდი, რომ დიდზე დიდი იყავი, რომ პატარაც იყავი, რომ ადამიანი იყავი"... - წერს გიორგი ლიპარიშვილი.
P.S. ჟურნალი "გზა" სამძიმარს უცხადებს ბახვა წერედიანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს...
თამუნა კვინიკაძე