შინაური "კუმირები" და შინაური პოლიტიკა
- ასეთ განწყობაზე ვარ მას მერე, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დატოვა. სხვათა შორის, ასე მარტო მე კი არა, უცხოელი ქომაგებიც არიან. ისეთ არასანახaობრივ ფეხბურთს თამაშობენ ეს ე.წ. გრანდები, რომ ზოგი ჩვენს დაბრუნებას ითხოვს ევროზე. თუმცა, ჩვენთვის ეს ზღაპარი დასრულდა და მეც ისევ პოლიტიკაზე წერას უნდა დავუბრუნდე. oRond, მანამდე ერთსაც ვიტყვი:
გემახსოვრებათ, წლების წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი გოგო უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს დანახვაზე შოკში ვარდება და ყვირის: "ვაიმე, დედა, შევჩენკო!" ასევე, ჩემს ბავშვობაში ასლანას ბათუმში რუსული ესტრადის ვარსკვლავები რომ ჩამოჰყავდა, პირადად მინახავს ქართველი გოგონები როგორ იხოკავდნენ სახეს, პრესნიაკოვთან მიახლოება რომ ვერ მოახერხეს. ჰოდა, წინადღეს ვიდეო შემომხვდა, სადაც პატარა ქართველი გოგო ტიროდა, თავისუფლების მოედანზე გამართული ზეიმის დროს ხვიჩა კვარაცხელიასთან მიახლოება ვერ მოვახერხეო და მივხვდი, რამდენი რამ შეცვალეს ამ ბიჭებმა. ქართველ გოგონებსაც და ქართველ ბიჭუნებსაც უკვე შინაური "კუმირები“ ჰყავთ, ეზოებში არა რონალდოს და მესის, არამედ ქართველი ფეხბურთელების მაისურებით დარბიან და მათთან შეხვედრაზე ოცნებობენ. იმედია, ეს არასდროს შეიცვლება. კიდევ ბევრი ახალი შინაური "კუმირი" გამოჩნდება. აი, შინაურ პოლიტიკას რა ეშველება, არ ვიცი.
წარმოიდგინეთ, ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საყოველთაო ზეიმზეც კი ვერ გამოდის, რადგან ხალხი უსტვენს. ის, რაც ნაკრების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე მოხდა, ყველანაირ სოციოლოგიურ კვლევაზე ზუსტად უჩვენებს, რა განწყობაა ხალხში ამ ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება თავს იმშვიდებს, ოპოზიციის მიყვანილი ხალხი იყოო. ოპოზიციის მხარდამჭერები ადრეც დადიოდნენ მსგავს საყოველთაო ღონისძიებებზე, მაგრამ არავინ უსტვენდა. კობახიძეს კი 26 მარტსაც უსტვინეს და ახლაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შეკრებაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობა ჭარბობს; ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ თბილისი პირწმინდად წაგებული აქვს ხელისუფლებას. ხალხის განწყობა უფრო კარგად გამოჩნდა, როცა კობახიძე გავიდა და სცენაზე სალომე ზურაბიშვილი შემოვიდა. იქ გამოჩნდა კონტრასტი, როცა ხალხმა ტაში დასცხო. ეს ყველაფერი კი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა "რუსული კანონის" შემოტანით და დასავლეთთან დაპირისპირებით. დარწმუნებული ვარ, დასავლეთთან დაპირისპირებამდე ასეთ ზეიმზე პრემიერს არავინ დაუსტვენდა. როგორია, არჩევნებზე ისეთი ლიდერით და პრემიერ-მინისტრით გასვლა, რომელსაც ხალხი უსტვენს? კია ეს ყველაფერი ივანიშვილის ბრალი, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ დასჯის?
ივანიშვილს თავისი პოლიტიკის წყალობით მარტო ქვეყნის შიგნით კი არ აქვს ცუდად საქმე, არამედ ქვეყნის გარეთაც. ამერიკამ ცალკეული პირების დასანქცირების შემდეგ ჩვენთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა და წვრთნები გააუქმა, ევროკავშირმა ჩვენი სამხედროებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს დახმარება "გაყინა". ამ ფონზე მამუკა მდინარაძე გამოვიდა და განაცხადა: "დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება აშშ-ის წინააღმდეგ. არასდროს გვითქვამს, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია აშშ-ისთვის, არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია. ერთი ფრაზა ამომიღეთ..."
ჰო, აბა, რა! მეც არასდროს დამიწერია ფეხბურთზე. ამათ მგონი, მართლა დაიჯერეს, რომ დასავლეთს იდიოტები მართავენ და როგორც უნდათ, ისე მოატყუებენ. სხვანაირად ასეთ უტიფრობას ვერ ვხსნი. ესენი ისე არიან უკვე გასულები გაღმა, აწი მარტო ჩვენი ოპოზიციის სისულელე თუ უშველით.
ჰოდა, მათაც არ დაახანეს. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საჯაროდ დადო პირობა და მერე ბრიუსელში ხელიც მოაწერა იმას, რომ 8 ივლისამდე იტყოდნენ, როგორი კონფიგურაციით გავიდოდნენ არჩევნებზე. ჰოდა, ეს პირობაც ვერ შეასრულეს. 8 ივლისი ისე გაილია, ვერაფერი თქვეს და 9-ში გამოგვიცხადეს, რომ მესამე დიდი პოლიტიკური ცენტრი აღარ შედგება. "ლელო" და პარტია "ახალი", რომელიც მელიას და გვარამიას აერთიანებს, ვერ შეთანხმდნენ. საინტერესოა, რა სჭირდათ ასეთი შეუთანხმებელი? ამბიციები?
საკუთარი სიტყვის უპატივცემულობა ყველაზე დიდი პრობლემაა ქართულ პოლიტიკაში. რაღაცას რომ იტყვი, უნდა შეასრულო. როცა აცხადებ, ამ არჩევნებზე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება და ყველამ ჩვენი ამბიციები უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ, ახლა სამშობლოა გადასარჩენიო, ესეც უნდა შეასრულო და ამ ამბიციებს გაერთიანება არ უნდა გადააყოლო. ერთმანეთში შეთანხმებას რომ ვერ ახერხებთ, კოალიციური მთავრობა როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ან ხალხის ნდობა როგორ მოიპოვოთ, თქვენც იმ ერთი კაცივით გადამგდებები თუ იქნებით?
P.S. ის ერთი კაცი გადამგდები რატომაა? უამრავ გატეხილ პირობას რომ თავი დავანებოთ, აგერ იმერლებს ჰკითხეთ, წინა არჩევნებზე დიდი პომპეზურობით წყალტუბოს აყვავებას რომ დაჰპირდა, ააყვავა? პრინციპში, გააჩნია, აყვავებას რას ვეძახით, ამას წინათ სურათი შემომხვდა, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სარეველა ყვავის.