ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში გატარებული დროის ფასი და მიზანი, რასაც ქართველები უკრაინაში ეწირებიან - გზაპრესი

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში გატარებული დროის ფასი და მიზანი, რასაც ქართველები უკრაინაში ეწირებიან

ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში, ოკუპანტებთან დაპირისპირებაში გმირულად დაეცა სპეციალური დანაყოფი "თბილისის" მებრძოლი ამირან ზოიძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამირან ზოიძეს გმირობაზე და უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მეთაური გოჩა ხორავა და მისი მოადგილე - გიორგი როინიშვილი გვესაუბრებიან.

გოჩა ხორავა:

- პირველ რიგში, ზოიძის ოჯახს - დედას, ძმასა და მეუღლეს ვუსამძიმრებ. ამირანი ჩვენს ქვედანაყოფში ერთი თვის წინ მოვიდა, პროფესიონალი ჯარისკაცი არ იყო, მაგრამ სამშობლო უყვარდა და სურდა, საქართველოს ყველაზე ვერაგი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილიც შეეტანა. პოლიგონზე ვავარჯიშეთ, კარგად ისროდა, მამაცი, შეუპოვარი ადამიანი იყო. რამდენჯერმე ჰქონდა შესრულებული სადაზვერვო სამუშაო. ამჯერადაც დაზვერვაზე იმყოფებოდა, ჩემს მოადგილესთან, საბრძოლო მეთაურთან - გიორგი როინიშვილთან და ოთხ უკრაინელთან ერთად. სამწუხაროდ, მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენი ძმა დავკარგეთ. დღემდე ვერ ხერხდება მისი გამოყვანა.

giorgi-ronishvili-1720980032.jpg

გიორგი როინიშვილი:

- უწესიერესი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო... მივიღეთ საბრძოლო დავალება, რომ მტრის პოზიციები დაგვეზვერა. 6-კაციანი შემადგენლობით წავედით დავალების შესასრულებლად. ვაწარმოეთ დაზვერვა - კარგად შევინიღბეთ და მტრის პოზიციებთან ძალიან ახლოს მივედით. სამწუხაროდ, მტერსაც კარგად ჰქონდა თავისი პოზიციები შენიღბული. შესაბამისად, ახლო კონტაქტში მოგვიხდა დაპირისპირება. რუსებთან ბრძოლა დაახლოებით 5, 6 მეტრის მანძილზე გვიწევდა. მტერი რიცხობრივად რომ ხუთჯერ მეტი იყო, ამას ცეცხლის ინტენსივობიდან გამომდინარე მივხვდი. ეს ამირან ზოიძეს აღარაფერს უშველის, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მოწინააღმდეგეს ჩვენც დიდი ზიანი მივაყენეთ და შეტაკებისას მათაც ოთხი კაცი დაკარგეს, დანარჩენი ზუსტად არ ვიცით. ზოიძის ცხედრის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ. ისეთ ადგილზეა, რომ იქ შესვლას დიდi მსხვერპლი მოჰყვება და ცხედარს მაინც ვერ გამოვიყვანთ.

- რისი თქმა შეგიძლიათ, რა ვითარებაა ახლა უკრაინის ფრონტის ხაზზე?

გოჩა ხორავა:

- ძირითადად, ჩვენ ხარკოვის მიმართულებით ვმუშაობთ. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, ისე კი გეტყვით, რომ ძალიან რთული ვითარებაა.

- როგორც ვიცი, თქვენ დიდი ხანია რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობთ. რა არის თქვენი მოტივაცია?

- ჩვენი მოტივაცია სამშობლოს სიყვარული და მტრის სიძულვილია, ფულის გამო აქ არავინ, უფრო სწორად, ვერავინ გაჩერდება. ეს ძალზე სასტიკი, დაუნდობელი ომია და იდეის გარეშე ვერ იბრძოლებ, მით უფრო, თუ ვალდებულება არ გაქვს და შენზეა დამოკიდებული, დარჩები თუ წახვალ. ჩვენ არსად არ ვაპირებთ წასვლას. კარგად გვაქვს გაანალიზებული, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი. აქ წყდება საქართველოს ბედიც. ასე რომ, საქართველოს სახელით, საქართველოსთვის ვიბრძვით. რუსეთი უნდა დასუსტდეს, თანაც ისე, რომ საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე კი არა, საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული. უკრაინაში 2014 წლიდან ვიბრძვი. სპეციალური დანაყოფი "თბილისელები" 2022 წლიდან, ანუ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ჩამოვაყალიბე. მე და ჩემმა ბიჭებმა საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ, თითქმის ყველა მიმართულებაზე ვიბრძოლეთ...

- აფხაზეთის ომშიც ხომ არ მონაწილეობდით?

- აფხაზეთიდან დევნილი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში პატარა ბიჭი ვიყავი. ახლა უკვე ვეტერანი მებრძოლი ვარ, 2008 წლის აგვისტოს ომშიც ვმონაწილეობდი. მეოთხე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი, არტილერიაში. ჩვენმა ბრიგადამ დიდი ზარალი ნახა ამ ომში, რადგან პირველები შევედით ფრონტის ხაზზე. მეთაურიც დაგვეღუპა, დაზვeრვის მეთაურიც და ასმეთაურიც. ერეკლე ყულოშვილი ჩვენი მეთაური გახლდათ. ჯოჯოხეთი იყო, იმ ამბების გახსენება არ მინდა... ქართულ არმიაში 2012 წლამდე ვიმსახურე. მერე, როგორც კი ომი დაიწყო, უკრაინაში წამოვედი. შიროკინოს მიმართულებით ვიყავი, უკრაინულ ქვედანაყოფში "ბრავის სექტორში", შემდეგ "აიდარში".

- როგორ შექმენით "თბილისელები"?

- როგორც კი რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, საქართველოდან მასობრივად დაიწყეს ბიჭებმა ჩამოსვლა. ბევრი მათგანი მე დამიკავშირდა, ბრძოლაში ჩართვა სურდათ. ჯგუფი შევკარი და ერთ ოჯახად ვაქციე. მე ამ ბიჭების მეთაურიც ვარ, ძმაკაციც და ოჯახის წევრიც, ყველა სიტუაციაში ერთად ვართ, საქმეს ერთად ვაკეთებთ.

amirna-zoize-1720980043.jpg

გიორგი როინიშვილი:

- ომის დაწყებამდე, საქართველოში ჩემი ბიზნესი მქონდა. მანამდე უშიშროებაში, შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი... იურიდიული განათლება მაქვს. ორიგინალური და ერთადერთი არ ვარ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და გამარჯვების საწინდარია. აქ ყველას ამის იმედი აქვს და ყველა ამ მოტივით იბრძვის. უკრაინა უზარმაზარი ტერიტორიის მქონე, 40-მილიონიანი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რუსეთთან ომისთვის ადამიანური რესურსიც არის და სტრატეგიული სიღრმეც. საქართველო კი პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით. სტრატეგიული სიღრმეც არ გვაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში უკან დავიხიოთ. ბოლოს და ბოლოს, ხუთი ომი გადავიტანეთ ამ ხალხთან. ამიტომ გვინდა, რომ რუსეთი აქ, უკრაინაშივე დამარცხდეს და საქართველოს აოხრების შესაძლებლობა აღარასოდეს მიეცეს. იცოდეთ ყველამ, თუ ჩვენ აქ დავმარცხდებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც რუსეთი თავის კლანჭებში საბოლოოდ მოაქცევს. გული მწყდება, როდესაც ჩვენზე ამბობენ, თითქოს აქ ფულის გამო ვართ. აქ ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებს, მერწმუნეთ, მილიონიც რომ გადაგიხადონ, წუთითაც ვერ გაჩერდები. მილიონზე ბევრად მეტია ის, რაც ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ყოფნას გაიძულებს, ეს არის იდეა, სამშობლოს სიყვარული და მტრის დამარცხების დაუძლეველი სურვილი.

- თქვით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდით?

- დიახ, რა თქმა უნდა. 2008 წლის აგვისტოს ომიც ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც მე ახლა აქ ვარ.

- სამხედრო ანალიტიკოსების ვერსიებით, ახლა უკრაინა ძირითადად თავს იცავს, ინიციატივა კი რუსების ხელშია. როგორც უშუალოდ ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანი, თქვენ როგორ აფასებთ არსებულ ვითარებას?

- ასე ცალსახად არ შეიძლება ამის თქმა, ომის დასაწყისში მოწინააღმდეგის საარტილერიო უპირატესობა იყო შვიდი ერთზე, დღეს ხუთი ერთზეა. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი იარაღი, რუსებისგან განსხვავებით, დიდი სიზუსტით გამოირჩევა. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ აქტიურ თავდაცვის რეჟიმში ვართ, რაც გულისხმობს კონტრშეტევებს, მოწინააღმდეგის შემოტყუებას და ა.შ.

- თქვენი მთავარი გამოწვევა რა არის?

- ჩვენი მთავარი გამოწვევა ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი თანამებრძოლის დაღუპვაა, ყველაზე მეტად კი იმის გვეშინია, რომ ჩვენმა დაღვრილმა სისხლმა ამაოდ არ ჩაიაროს და საქართველო ისევ რუსულ ჭაობში არ დარჩეს.

ხათუნა ბახტურიძე