კონცერტი ომის დროს და სიბნელეში აფრენილი თვითმფრინავი - გზაპრესი

კონცერტი ომის დროს და სიბნელეში აფრენილი თვითმფრინავი

კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ჯემალ ღაღანიძე და ავთო ვარსიმაშვილი ქართველ მეომრებთან ერთად არიან აღბეჭდილი... ფოტოს ისტორიის შესახებ ავთო ვარსიმაშვილი გვიამბობს.

- ვალერი ასათიანმა (იმ წლებში იყო ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი. - ავტ.) დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი მეომრებისთვის კონცერტის ჩატარება უნდოდათ სოხუმში. შედგა ჯგუფი და გავემგზავრეთ. მსახიობებთან ერთად იყვნენ მომღერლებიც. ვისაც ფოტოზე ხედავთ, იმათ გარდა, სოხუმში წამოვიდნენ: გურამ საღარაძე, თათული დოლიძე, ჟანრი ლოლაშვილი, მედეა ძიძიგური, ჯემალ სეფიაშვილი, ეკა მამალაძე... კონცერტის დაწყებამდე სოხუმის დანგრეულ ქუჩებში დავდიოდით, ჩვენს ჯარისკაცებს ვხვდებოდით და ვეფერებოდით. საღამოს კონცერტი გაიმართა ქართული თეატრის შენობაში. მახსოვს, სცენაზე სანთლები ავანთეთ, რადგან სინათლე სპეციალურად გათიშეს. კონცერტის დაწყებისთანავე შუქი გამოგვირთეს. გადაჭედილ დარბაზში ვაჩვენეთ ნაწყვეტები სპექტაკლებიდან, იყო სიმღერები, ბევრი სითბო და სიყვარული... სანთლების ფონზე ჩავატარეთ ის სპექტაკლი-კონცერტი. ჩვენთან ერთად იყო დიმა ჯაიანი, სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ბატონ დიმას სოხუმი არ დაუტოვებია. გვესწრებოდა გოგა ხაინდრავა, მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში.

სპექტაკლი დამთავრდა და თბილისში ვერ მოვფრინავდით, რადგან დაიწყეს ძლიერი დაბომბვა. აეროპორტში დიდხანს ვისხედით, განუწყვეტელი სროლა იყო და აფრენა სახიფათო გახლდათ. მერე მფრინავმა გვითხრა, განათების გარეშე ავფრინდები და როცა გეტყვით, თვითმფრინავისკენ გაიქეცითო. მართლაც, რაღაც მომენტში სიტუაცია ჩაწყნარდა და მფრინავის ნიშანზე, ყველანი გავიქეცით. თვითმფრინავში არც ერთი სავარძელი არ იყო და პირდაპირ იატაკზე ვისხედით. სიბნელეში ავფრინდით, ვხედავდით ტრანსირებულ ტყვიებს ჩვენთან ძალიან ახლოს და მართლა გვქონდა შეგრძნება, რომ ჩამოაგდებენ თვითმფრინავს. ჰოდა, მაშინ, საოცარი რამ მოხდა, ჩემი აზრით ისეთი, სუფთა ქართული... კახი კავსაძემ თქვა, ციტირებას ვახდენ: „თუ ვიბრიდებით, ბარემ სიმღერით დავიბრიდოთ!“ და დაიწყო სიმღერა - „წინწყარო“. ყველანი აყვნენ... ასე სიმღერით გამოვედით ბრძოლის ველიდან.

- იმ დღის ამსახველი სხვა ფოტოებიც ხომ არ გაქვთ?

- არა, მარტო ეს ერთი ფოტოა, სოხუმში გადაღებული.

- სანამ წახვიდოდით, მანამდე ცოტა შიში მაინც არ შეგპარვიათ?

- არა... ჩვენ იქ საომრადაც წავიდოდით, მაგრამ არავის მივყავდით.

- როცა ვამბობთ - „აფხაზეთი“, პირველად თვალწინ რა წარმოგიდგებათ?

- პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ბუნება, რომლის მსგავსი არსად მინახავს. ალბათ, ნახევარი მსოფლიო შემოვიარე და აფხაზეთის მსგავსი სილამაზე არ შემხვედრია. საოცარ ბუნებასთან ერთად თვალწინ წარმომიდგება საოცარი ზღვა, პლაჟი, სიმწვანე... აი, წვიმა რომ მოვიდოდა ცოტა ხანს და გადაიღებდა, მერე სანაპირო რომ შრებოდა - აი იმ შიშინის ხმა მესმის... გაგიკვირდებათ და დღემდე იმ ყავის გემოსაც ვგრძნობ, რომელსაც სოხუმში აკეთებდნენ. აფხაზეთში პირველად როცა ჩავედი, ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი. მას შემდეგ, თითქმის ყოველ ზაფხულს მივდიოდი.

- აფხაზებთან კონტაქტები გქონიათ?

- თეატრალურ ინსტიტუტში აფხაზური ჯგუფი იყო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვიცნობდი და ვმეგობრობდით. როცა სოხუმში ჩავდიოდი, აუცილებლად ვხვდებოდით ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე პირადად, კონფლიქტი და დაძაბულობა არავისთან მქონია.

- რაც აფხაზეთი ჩვენ აღარ გვეკუთვნის, თუ შეგხვედრიათ ნაცნობი აფხაზი?

- სხვა ქვეყანაში შევხვედრივარ, ოღონდ ჩემს ძველ მეგობარს - არა, კოლეგას, რომელსაც დისტანციურად ვიცნობდი. ადგურ კოვე არის აფხაზი რეჟისორი. ერთმანეთს როცა შევხვდით, „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ კი ვთქვით, მაგრამ საუბარი არ გაგვიგრძელებია.

- ჩვენს ურთიერთობებში რამე საიმედოს ხედავთ?

- მოდი, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმი და იმედი დამყარებულია იმაზე, რომ გინდა - კარგს ხედავდე, რაც შეიძლება რეალობას აცდენილია. ძალიან მინდა, დავიბრუნოთ ჩვენი საოცარი მიწა-წყალი, რომ ხალხი იქ დაბრუნდეს და ერთად ვიყოთ. ეს ჩემი უდიდესი სურვილია და ამის მისაღწევად რისი გაკეთებაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ.

ნანული ზოტიკიშვილი