„მედეა ჯაფარიძეს დედას გაევროპელება მოუნდომებია და მისთვის წარბები პინცეტით, საკუთარი ხელით ამოუქნია...“
მისმა სტუდენტობის მეგობარმა რუსუდან კვირიკაშვილმა ერთხელ მითხრა: დედაშენი უნივერსიტეტში რომ შემოვიდოდა, სტუდენტები თუ პროფესორები - თითქოს ყველა ჩერდებოდა და მას უყურებდა. იმიტომ დავუმეგობრდი, რომ ძალიან ლამაზი იყო და მეწადა, ხშირ-ხშირად მენახაო. ჩემი მამიდაშვილი, რომელიც დედას სპექტაკლებზე ხშირად დაჰყავდა, იგონებს, რომ ერთხელ, ანტრაქტზე, სამსახურიდან პირდაპირ სპექტაკლზე მისულ, დაღლილ დედაჩემს თავი ოდნავ გვერდზე გადაუწევია და ასე ჩასძინებია. ამ დროს იპოლიტე ხვიჩიას ჩაუვლია, მის დანახვაზე კარგა ხანს შეყოვნებულა, მისთვის თვალი ვერ მოუშორებია და გაუთავებლად იმეორებდა: „ღმერთო, ეს რა სილამაზეა, რა სილამაზეა“... დედას სქელი, გადაბმული წარბები ჰქონდა, რაც მას აღმოსავლურ იერს ანიჭებდა. მედეა ჯაფარიძეს მისი გაევროპელება მოუნდომებია და მისთვის წარბები პინცეტით, საკუთარი ხელით ამოუქნია..." - იხსენებს მწერალი, პუბლიცისტი, აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე, რომელიც მისი მშობლების, წინაპრების მეტად საინტერესო წარმომავლობასა და ცხოვრებაზე გვიამბობს...
- ჩემი მშობლები უმძიმეს ეპოქაში, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამხობის, უბედურებაში ქვეყნის გახვევის, ბრძოლისა და ღალატის, „კაენის სულის აღზევების“ ჟამს დაიბადნენ - მამა 1921 წლის 25 იანვარს, დედა - 1921 წლის 18 აგვისტოს... მამაჩემის, ლადო ტომარაძის პაპა მაღალმთიანი რაჭის მშვენიერი სოფლიდან, ხეითიდან უკეთესი ცხოვრების საძებნელად თბილისში ჩამოსულა და მუშათა უბანში დასახლებულა. მამაჩემის მამას, ვარლამს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში დაუწყია მუშაობა. ვაგონშემკეთებელი ქარხანა რევოლუციურ განწყობათა სულისჩამდგმელი და მამოძრავებელი ძალა იყო. მარქსისტული იდეებით გულანთებული მუშები, განახლების ჟინით ანთებულნი, აქტიურად მონაწილეობდნენ გაფიცვებში, რასაც არც პაპაჩემის გარეშე ჩაუვლია... ვარლამმა მართა ბიჩნიგაურზე გარიგებით იქორწინა. ამ შეუღლებით ერთმანეთს სრულიად განსხვავებული ხასიათები შეეჯახა. მათ ოთხი შვილი შეეძინათ - ორი ვაჟი და ორი ქალი, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებაზე განაწყენებულ, ყოფილ ბოლშევიკ ვარლამს, რომელიც პარტიის რიგებში 1905 წლიდან ირიცხებოდა, ოცდაათიან წლებში თანამოძმეების სისასტიკით გაოგნებულს პარტბილეთი დაუხევია და იმის შიშით, ეს ამბავი როგორღაც არ გაეგოთ და პასუხი არ მოეთხოვათ, ქალაქიდან გადახვეწილა. ერთი სიტყვით, პარტიასა და ოჯახზე გულაცრუებულმა ვარლამმა შვილებზე ზრუნვა მთლიანად ცოლს მიანდო და მყიფე ოჯახურ ცხოვრებას წერტილი საბოლოოდ დაუსვა...
მართა მშრომელი, მუდამ მოფუსფუსე, ხელსაქმის კარგი მცოდნე, საუკეთესო კულინარი და ერთგული დედა იყო. შვილებისთვის ლუკმაპური რომ მიეწოდებინა, ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა და დიდი ჭაპანწყვეტით, ავად თუ კარგად, ოთხივე ფეხზე დააყენა. მახსოვს, უკვე ასაკში შესული დიდედაჩემი ოჯახის საქმეს რომ მოილევდა, წიგნს აიღებდა და გატაცებით იწყებდა კითხვას. მისი საყვარელი ავტორები ილია და ვაჟა იყვნენ. ბავშვობაში მიკვირდა, რატომ ჰქონდა ამ ორი მწერლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. რომ წამოვიზარდე, გავიგე, რომ ბიჩნიგაურები წარმოშობით, ფშავ-ხევსურეთიდან ყოფილან და საგურამოში მე-19 საუკუნეში ჩასახლებულან. ვაჟას მწერლობა, გარდა სხვა სიკეთეებისა, დიდედასთვის გენეტიკურადაც ახლობელი და გასაგები ყოფილა. ილია კი საგურამოში ხშირად ჩადიოდა, რადგან მისი სახლ-კარი და მამული მხოლოდ მოურავის იმედად ვერ იქნებოდა. თანაც, ილიას იქ ყოფნა ძალიან უყვარდა. ყოველ დღესასწაულზე ილიას და ოლღას საგურამოში ტკბილეული და სხვადასხვა საჩუქარი ჩაჰქონდათ და სოფლის წყაროსთან შეკრებილ ბავშვებს ურიგებდნენ. ერთხელაც მართას, დამატებით, კიდევ ერთი საჩუქარი მიუღია: 12 წლის გოგო ილიას ბატებს მწყემსავდა და კარგი სამსახურისთვის, მადლობის ნიშნად, მართასთვის გასისინებული თეთრი ბატი უჩუქებია. მას მერე ცხოვრებაში დიდედაჩემს რა ძღვენი არ მიუღია, მაგრამ ილიას საჩუქარი განსაკუთრებით დაამახსოვრდა და მთელი ცხოვრება იმ ჩასუქებული თეთრი ბატით ამაყობდა.
საინტერესოა ბიჩნიგაურთა გვარის ისტორია, რასაც ცნობილი ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი ალექსი ჭინჭარაული 1980 წელს გამოცემულ თავის წიგნში, „მთას ვიყავ“ აღგვიწერს. „არაბულთა რძალ თამარას სიყმის შვილი ვაჟი შესძენია. მისთვის ბიჩინაგა (ბიჩინაგური) დაურქმევიათ. თვალად-ტანადი ვაჟკაცი დამდგარა ბიჩინაგა. დაძვრებოდა, დაცოცავდა ხალხში, სოფლებში ჭორი - ბიჩინაგა ერეკლეს ნაბიჭვარიაო. ერთ დღესაც, ცხელ გულზე, ომალიკათ ნათელისძეს (თვითონაც არაბულს, მაგრამ „სხვა მამისას“, სხვა ფრატრის კაცს) ბიჩინაგას მამისთვის დაუყვედრებია: შვილი ერეკლეს ნაბიჭვარი გყავსო. ბიჩინაგას მამა ბაცალიგოდან აყრილა და გველეთს გადასახლებულა. კარგი ვაჟი დამდგარა ბიჩინაგა. ერეკლეს ყურამდეც მიუღწევია ამბავს: ხევსურეთში შენი ნაშიერი იზრდებაო. ერეკლეს ვაზირი გაუგზავნია გველეთს: ნახე ბიჩინაგა, კბილებზე დააკვირდი, თუ ჩემია, მაგით იცნობო. დაუდასტურებია ვაზირს ბიჩინაგას შვილობა. დაუბარებია ერეკლეს ბიჩინაგა, ბევრი რამ უბოძებია და მათ შორის ლამაზი და ძვირფასი ქუდიც... ბიჩინაგა ღონიერ ოჯახს ჩასდგომია სათავეში და თვითონაც კარგი მეურნე ვაჟკაცი ყოფილა“. ბიჩნიგაურთა გვარის ჩამომავალ მართა საბას ასულს ორი ძმა ჰყავდა - ნიკა და გიორგი, რომელთაგან გიორგი, 1937 წელს 30 წლით გადაასახლეს, მეორე ძმა კი კეთილშობილი, შეძლებული გლეხი ოთხი შვილით დარჩენილ დას ყურადღებას არ აკლებდა... მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ზრდასრული ალექსანდრე, მამაჩემის ძმა ფრონტზე გაიწვიეს. მან ბერლინამდე იბრძოლა და შინ დაჭრილი დაბრუნდა. მამაჩემი ლადო კი ომში არ წაუყვანიათ, რადგან მას გულის მანკი აღმოაჩნდა.
- მამაზე გვიამბეთ...
- მამა მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა და თან სწავლობდა. მან სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და როგორც იხსენებდა, ფერწერაში სულ ფრიადები ჰქონდა. უკიდურესი სიღარიბის გამო სწავლა ვერ დაასრულა, არც საღებავების ფული ჰქონდა და მხატვრობაზე ოცნებას საბოლოოდ გამოეთხოვა. სამაგიეროდ, მსახიობის ნიჭი აღმოაჩნდა და წარმატებით მიჰყო ხელი თეატრში მუშაობას. უფროსების ნაამბობით, ლადო ტომარაძე ქარიზმატული პიროვნება ყოფილა. მისი მიზიდულობის ძალას მაღალი შინაგანი კულტურა, მწერლობის ზედმიწევნით ცოდნა, ნიჭიერი დეკლამატორობა და მომხიბვლელი გარეგნობა განაპირობებდა. მამას უახლოესი მეგობარი მსახიობი და რეჟისორი გრიგოლ კოსტავა გახლდათ, უნიჭიერესი პიროვნება. მისი ცხოვრებაც დრამატულად წარიმართა. ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიძას, გრიგოლ კოსტავას სამშობლოს უანგარო სიყვარულმა და არსებული წყობილების სიძულვილმა წინააღმდეგობის მძიმე გზა აარჩევინა, რაც არ აპატიეს და შემოქმედებითი ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გაატარა. ჩანს, კოსტავების ბედისწერა იყო, რომ სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შესწიროდნენ... გრიგოლ კოსტავას შეცდომა, მისი დაპატიმრება და გადასახლება მამაჩემისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა. გრიგოლი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი ყოფილა და მართა ბებოს მომზადებული კერძები ძალზე ჰყვარებია. თუ სადილი არ ჰქონდა, სახელდახელოდ ტაფამწვარს გაუკეთებდა და ახალგაზრდებს სითბოთი, სიყვარულით დააპურებდა. უახლოეს მეგობრებს მრავალი საინტერესო შემოქმედებითი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ გრიგოლის გარეშე ამ გეგმებს განხორციელება არ ეწერა. მამაჩემს მედეა ჯაფარიძე, გრიგოლის მეუღლე დასავით უყვარდა და პატივს სცემდა. მათ არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე ჰქონდათ: ლილი იოსელიანი, უმშვენიერესი ნათელა, ლილის და (რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა), ახალგაზრდა მსახიობები, რეჟისორები, შემდგომში სახელოვანი ადამიანები. ლილი მამაჩემის მსახიობურ ნიჭს დიდად აფასებდა. მამა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდა. მე, პატარა გოგოს, თავზე უზარმაზარი ბაფთით, მამასთან ერთად თეატრში ხშირად მნახულობდნენ. დამამახსოვრდა მოზარდის მსახიობები: გოგუცა კუპრაშვილი, ვლადიმერ გოზალიშვილი, ნიკოლოზ ხორავა და სხვ. როგორ მეფერებოდნენ მამის გამორჩეული სიყვარულის ობიექტს. სანკულტურის თეატრიდან დამამახსოვრდა ეთერ გელოვანი, ლეილა ძიგრაშვილი, თენგიზ ფერაძე და სხვები. ამ ადამიანების სითბო და სიყვარული ბავშვობიდან თან მდევს და არასოდეს მავიწყდება. სანკულტურის თეატრი ხშირად მართავდა სპექტაკლს პლეხანოვის კლუბში, რომელიც მუშათა რაიონის უსაყვარლესი დასასვენებელი და გასართობი ადგილი იყო. პლეხანოვის კლუბში ბევრი ცნობილი მომღერალი და მსახიობი გამოდიოდა. სანიმუშოდ შეიძლება დიდი რუსი მომღერალი, თეოდორ შალიაპინი გავიხსენოთ...
მამაჩემი, ლადო ტომარაძე მაყურებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი პიროვნული თვისებები, შერწყმული ბუნებრივ ტალანტთან და უშუალობასთან, გმირის ხასიათის გახსნაში ეხმარებოდა და მაყურებელზე ზედმიწევნით კარგად მოქმედებდა. მახსოვს, რა ოვაციებს უმართავდნენ და რა ხშირად გამოჰყავდათ ე.წ. პოკლონზე. გრიგოლ კოსტავას მამაჩემი არა მარტო ძმასავით უყვარდა, როგორც რეჟისორს, ის შემოქმედებითი ჩანაფიქრის გახსნის ოსტატად მიაჩნდა. ერთხელ გრიგოლი სახალხო თეატრში სპექტაკლს დგამდა ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების მიხედვით. იმხანად „მარგარიტა გოტიე“ ძალზე პოპულარული იყო და მარჯანიშვილის თეატრში დიდი წარმატებით იდგმებოდა. გრიგოლს სახალხო თეტრში მარგარიტას როლზე თამარ ციციშვილი შეურჩევია. პიერ კობახიძეს არმანის როლის შესრულება მოუსურვებია და გრიგოლისთვის უთხოვია, ამ გმირის განსახიერება მისთვის მიენდო. გრიგოლს უარი უთქვამს: მე ისეთი არმანი მყავს შერჩეული, მის ადგილზე სხვა ვერ წარმომიდგენიაო. ეს „არმანი“ მამაჩემი, ლადო ტომარაძე გახლდათ... მახსოვს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა და გრიგოლ კოსტავა გადასახლებიდან დაბრუნდა, ჩემმა მშობლებმა მას ვიწრო წრეში სადილი გაუმართეს. გრიგოლს, ერთხანს, არ ჰქონდა თბილისში მუშაობის უფლება, რის გამოც მამა ძალზე წუხდა. უნიჭიერესმა კაცმა, ნამდვილმა შემოქმედმა გრიგოლ კოსტავამ, დაკარგული წლების მიუხედავად, შეძლო და კინოსა თუ თეატრში რამდენიმე საინტერესო სახე შექმნა, ოჯახსაც მოეკიდა და ვაჟი შეეძინა. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა. მახსოვს, მამას პანაშვიდებზე ჯოხზე დაყრდნობილი, თვალებზე ცრემლმომდგარი დიდხანს როგორ იდგა. წლების შემდეგ გადმომცეს, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო საღამოზე მას ვრცლად ულაპარაკია მსახიობ ლადო ტომარაძეზე. მოგონებებით გულაჩუყებული, თურმე ცრემლებს ხშირად იწმენდდა. მამა 1976 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა...
- როგორც ვიცი, დედათქვენი სილამაზით განთქმული ქალბატონი იყო...
- დედაჩემი, ნინო ომაძე სკოლის ასაკიდან თეატრით იყო გატაცებული და სახალხო თეატრის სპექტაკლებში აქტიურად მონაწილეობდა. ერთადერთ ფოტოზე, რომელიც შემომრჩა, დედა „გიმნაზისტკას“ როლშია. მშობლები არ ახალისებდნენ შვილის თეატრით გატაცებას. ამიტომ დედამ სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. დედა გარეგნობით მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ის უაღრესად კეთილშობილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი პიროვნება გახლდათ.
საინტერესოა მისი წინაპრების ისტორია: გასული საუკუნის ოციან წლებში, გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა წერილი სოფელ ფხვენისში, ამილახვრების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე. გიგო ამილახვრის მშობლებს რაჭიდან მოახლე გოგო ჩაუყვანიათ, გვარად მაისურაძე. უმშვენიერესი არსება გიგოს უზომოდ შეჰყვარებია. ქალი ვაჟს სიყვარულით პასუხობდა, მაგრამ გიგოს მშობლების მტკიცე წინააღმდეგობა ვერ დაუძლევია და ახალგაზრდების ჯვრისწერა არ შემდგარა. ქალს ვაჟი შეეძინა და ლაზარე დაარქვეს. შეურაცხყოფილი გოგო მდინარე ლიახვში გადამხტარა და თავი დაუხრჩია. ლაზარე ერთხანს ამილახვრების სახლში იზრდებოდა. საყვარელი ადამიანის ტრაგიკული აღსასრულით დარდისაგან გულდამწუხრებული გიგო ამილახვარს განუკურნებელი სენი, ჭლექი შეყრია, გარდაცვლილა და ფხვენისის ეკლესიის ეზოში დაუკრძალავთ. გიგოს მშობლებს ლაზარეს გაზრდა არ მოუსურვებიათ და ფხვენისში მცხოვრებ ომაძეების ერთადერთ უშვილო, შეძლებულ ოჯახში გაუშვილებიათ. ომაძეებმა ლაზარე ფეხზე რომ დააყენეს, გიგო ამილახვრის მოხუც მშობლებს შვილიშვილთან ურთიერთობა მოუსურვებიათ და გვარის მიცემაც შეუთავაზებიათ, მაგრამ ლაზარეს პაპა-ბებიასთან ურთიერთობიდან თავი შორს დაუჭერია და ნამდვილი მამის გვარის მიღებაზეც კატეგორიული უარი უთქვამს.
არაგონივრული დაპროექტების გამო, ეკლესიის ეზო, სადაც ამილახვრები იყვნენ დაკრძალული, გზის გაყვანას შეეწირა. ამილახვართა სასახლეში კი ერთხანს სკოლა ფუნქციონირებდა. დღეს იქ სასახლის ნანგრევებია დარჩენილი.
ნინომ, ომაძეები „ჩვენს ნატო ვაჩნაძეს“ რომ ეძახდნენ, მამაჩემის ცოლობის მსურველ უამრავ კონკურენტს აჯობა. ისინი 1948 წელს დაქორწინდნენ. ეკონომიკური განათლების მქონე დედას, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროზაული თანამდებობა ეკავა, ფინანსისტად მუშაობდა. რუტინულ სამუშაო დღეებს კი ყოველ საღამოს სპექტაკლებზე დასწრებით ილამაზებდა. პატარაობიდან თეატრს ჩემი ცხოვრების დღის წესრიგში დიდი ადგილი ეკავა. მახსოვს, სახლში მამაჩემი რეპეტიციებს როგორ გადიოდა, გრიმის გაკეთებაში როგორ ვარჯიშობდა, მეგობრების თავყრილობებზე ლექსებს როგორ კითხულობდა. ქართველი პოეტებიდან ბევრი უყვარდა, მაგრამ დავით გურამიშვილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, მის ბედზე ძალიან წუხდა. რუსი პოეტებიდან ტიუტჩევი მოსწონდა. მახსოვს ასევე, მის მიერ წაკითხული შექსპირის სონეტები, ნაწყვეტები „ჰამლეტიდან“. ჩვენს ოჯახში, მეგობრებს შორის ხშირად იმართებოდა დებატები ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე. მიკვირდა, რამდენი რამ იცოდნენ, რამდენს კითხულობდნენ, რა გატაცებით კამათობდნენ. ჩანს, ეს იმ თაობის ცხოვრების წესად იქცა. ასეთი თავყრილობები და ფართო განათლებისკენ სწრაფვა იმხანად არსებული ვითარებიდან ერთგვარი გამოსავალი იყო...
ჩემი მშობლები ხშირად მოგზაურობდნენ. დადიოდნენ ლენინგრადში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოსკოვში, ყაზახეთში, სადაც მათი რეპრესირებული ნათესავი ცხოვრობდა... 1958 წელს მე და დედამ მამა მოსკოვში გავაცილეთ, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე, რომელშიც მონაწილეობდა როგორც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. დეკადიდან დაბრუნებულმა მამამ თეატრი მალე მიატოვა. უჭირდა სცენაზე დიდხანს დგომა, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა. მერე კერამიკით დაკავდა და მშვენიერი ნაკეთობები შექმნა. მამის გარდაცვალება დედამ მძიმედ განიცადა, მუშაობას თავი დაანება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩემი ცხოვრების უაღრესად სევდიან, მძიმე, პასუხისმგებლობით სავსე წლებს უკავშირდება... ასეთია მოკლედ ჩემი მშობლების ამბავი, რომელთა ძარღვებშიც იქნებ მართლაც დუღდა ერეკლე მეორისა და ამილახვართა სისხლი...
მანანა გაბრიჭიძე