სახალისო ამბები იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან
ამ ფილმის ეპიზოდები საქართველოში ლამის, ზეპირად იციან. მას ხშირად იხსენებენ ჩვენი ნაკრების მატჩების დროსაც... იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილს - ნუკრი გაბუნიას დიდ მსახიობზე საუბარი უსასრულოდ შეუძლია:
"არის თუ არა ეს ბილეთი?"
- იპოლიტეს თავდავიწყებით უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით კი - ფეხბურთი. სწორედ ამ სიყვარულის დასტურია განუმეორებელი ფილმები: "პირველი მერცხალი", "ბურთი და მოედანი" და რა თქმა უნდა, "ფეოლა". ბაბუასთვის ფეხბურთი იმდენად ძვირფასი იყო, რომ თამაში არც სჭირდებოდა - არავითარი ფეოლა და კუჭკუჭი - ამ ფილმებში, ის უბრალოდ, თავის თავს თამაშობდა. მისი ამბავი რომ იცოდნენ, ნაცნობი ფეხბურთელები ბილეთს ხშირად მოართმევდნენ ხოლმე. ერთ ნახვად ღირდა, როგორ უფრთხილდებოდა ამ ბილეთს და როგორ ელოდა მატჩის დაწყებას. რამდენიმე თვის წინ, "ფეოლა" იტალიურად თარგმნეს. ალბათ, ბაბუ ვერ მოითმენდა, აუცილებლად ჩავიდოდა იტალიაში და ფილმის თითოეულ დეტალს, თითოეულ ეპიზოდს საკუთარი თვალით ნახავდა, მოისმენდა და შეაფასებდა.
ცნობილი ფაქტია, რომ რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ამხანაგურ შეხვედრებს მართავდნენ. იპოლიტე ამ შეხვედრების სული და გული იყო. დიდის ამბით ემზადებოდა, მონდომებით ვარჯიშობდა და ცდილობდა, თამაშში მთელი თავისი ნიჭი და უნარი ჩაექსოვა. მისი ყოველი გამოსვლა მინდორზე გემრიელ სიცილს იწვევდა, რატომ? - ბურთს იპოლიტე კი არა, კუჭკუჭი აგორებდა, რომელიც ყველას გვახსოვს ფილმიდან - "ბურთი და მოედანი". ყველა რომ იცინოდა, ის თავის ტანსაცმელს ათვალიერებდა, რაღაც ურიგოდ ხომ არ მაცვიაო? ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული იპოლიტე სულ ცდილობდა, ბურთი გაეტანა და პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა ბურთს კარში შეაგდებდა. მსახიობებიც ცდილობდნენ, ბურთი ყოველთვის მას გაეტანა და მის გუნდს მოეგო, რადგან ძალიან აზარტული იყო და წაგებას ვერ იტანდა.
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კანის ფესტივალზე, "ბურთი და მოედანი" რომ უნახავს, ცნობილ ფრანგ მსახიობ ჟან გაბენს, გაოცება ვერ დაუმალავს. ბაბუას გაცნობა უნდოდა და რეზო ჩხეიძისთვის უთქვამს: - რატომ არ ვიცნობ ამ კაცს?! ეს რა გენიოსი გყოლიათო.
რატომ უფრთხოდნენ ფეხბურთელები იპოლიტეს
- ჩვენს მეზობლად, საბურთალოზე, ფეხბურთელები ცხოვრობდნენ. "დინამოს" ფეხბურთელებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ისინიც ხშირად მოდიოდნენ საყვარელ მსახიობთან, ესაუბრებოდნენ და ნარდს ეთამაშებოდნენ. ზოგჯერ, ქალაქგარეთაც მიჰყავდათ, მაგრამ როცა წააგებდნენ, უეცრად "გაქრებოდნენ" ხოლმე, იპოლიტეს ემალებოდნენ. მტრისას, რომელიმეს თუ "გამოიჭერდა", საშინელ დღეში ჩააგდებდა: ეს რა პასი გადააწოდეთ, ეს რა დარტყმა იყო და ეს რა შეცდომა მოგივიდათო?.. წაგებულებს სულ ტუქსავდა, ამიტომ, ერთმანეთს აფრთხილებდნენ - იპოლიტემ არ დაგვინახოს, თორემ ვერ გადავურჩებითო. სამაგიეროდ, როცა მოიგებდნენ, დაუძახებდა, შეაქებდა და მისთვის ჩვეული, სიყვარულით სავსე ხმით ეტყოდა, - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, ძალიან გამახარეთო! იმ დროს, თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. იპოლიტემ მოზრდილი განცხადება გააშანშალა და "დინამოს" თავკაცს აახლა, სადაც პირობას დებდა, თუ "დინამოში" მიმიღებთ, მსახიობობას თავს დავანებებო. არ ვიცი, ალბათ ხუმრობდა, როცა ამ სიტყვებს წერდა, მაგრამ ფეხბურთზე რომ გიჟდებოდა, მის როლებში ყველაზე ნათლად იგრძნობა.
ერთ ნახვად ღირდა, იპოლიტე ბავშვებში რომ გაერეოდა, ორ პატარა საფეხბურთო გუნდს შექმნიდა და მერე მსაჯობდა: ამ დროს ძალიან ჰგავდა ვარლამს, რომლის როლიც "პირველ მერცხალში" ასე ოსტატურად შეასრულა.
დაუვიწყარი "პირველი მერცხალი"
- სიამაყით ვიხსენებ, როგორ ვუყვარდი ამ არაჩვეულებრივი ფილმის რეჟისორ ნანა მჭედლიძეს. მეც დიდ პატივს ვცემდი და ძალიან მიყვარდა. "პირველ მერცხალს" რომ იღებდნენ, ჩვენც იქ ვიყავით. ბებია ლუბაც ყველანაირად უწყობდა ხელს რეჟისორს და მსახიობებს: ხან ხაჭაპურებს დაუცხობდა, ხან სუფრაზე მოიწვევდა. გადაღებების დროს ფოთელები ჩასაფრებულები იყვნენ, რომ ბაბუა და დოდო აბაშიძე წაეყვანათ, მათთან ერთად დაელიათ. ქალბატონი ნანა იხსენებდა, რომ ბაბუას მისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, გადაღების პერიოდში ერთ წვეთ ღვინოს არ დავლევო. ამიტომ, ქეიფზე უარს რომ ამბობდა, დოდო აბაშიძეს აბრალებდა - დოდო შეუძლოდაა, მისთვის დალევა არ შეიძლებაო. ისიც, თავის მხრივ, იპოლიტეს ავადმყოფობას იშველიებდა: იპოლიტეს გული აწუხებს და ვერ სვამსო. სინამდვილეში, ორივე ძალიან იღლებოდა, რადგან მთელი დღე დარბოდნენ, ფილმის გადაღებების დროს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. იმის გამო, რომ პირობა შეუსრულეს, ნანა მჭედლიძეც ყველანაირად იცავდა მოქეიფე თაყვანისმცემლებისგან.
ყველამ იცის, რომ ბებია ლუბა ძალიან ლამაზი ქალი იყო. ზოგს უკვირდა, როგორ შეაყვარა თავი იპოლიტემ ასეთ ქალსო, მაგრამ ბაბუ იმდენად თბილი, კეთილი და კარგი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა. სხვათა შორის, საოცრად ლამაზი, მეტყველი თვალები ჰქონდა, რაც სამწუხაროდ, არც ერთ ფილმში არ შემორჩა. იმდენად მზრუნველი გახლდათ, რომ ყველას გვაოცებდა, განსაკუთრებით, შვილიშვილებს.
უცნაური გარდასახვა
- როგორც გითხარით, ბაბუა ძალიან აზარტული იყო და თამაში უყვარდა. ზოგჯერ შვილიშვილებსაც ეთამაშებოდა ნაყინზე, ოღონდ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, წააგებდა თუ მოიგებდა, ნაყინს ყოველთვის თვითონ ყიდულობდა. წაგების დროს, ეს თბილი და რბილი ხასიათის კაცი ნამდვილ მეომარს ემსგავსებოდა: ბრაზდებოდა, ფიცხდებოდა და მეტოქეს უწმაწური სიტყვებით "ამკობდა". ბოლო წლებში ბაბუა სახლიდან ვერ გადიოდა, ამიტომ, სისტემატურად ნარდს თამაშობდა. თამაშის დროს მეტოქესთან სულ კამათობდა, ქვებს ჰპარავდა და ბოლოს, ყველაფერი დიდი სკანდალით სრულდებოდა. ყველაზე ხშირად, ჩვენი ოჯახის მეგობარს - ჟურნალისტ კირა კვეიძეს ეთამაშებოდა. თუ შეატყობდა, რომ კირა უგებდა, მწარდებოდა და "კიკას" ეძახდა. ჰოდა, კირამ და მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა, ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, საგანგებო ხელწერილი დააწერინეს: "მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი: ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა... წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: უპატრონო, კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე. ...ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ. ახლა კი ვარ ყველაფერზე თანახმა, მაგრამ მერე მოგიკითხავთ კეთილებს... (აქ უკვე მამა-პაპური გინება დაუწერია, რომელსაც თქვენთან არ გავიმეორებ)". ხელწერილს ბაბუას ხელმოწერა ასრულებს: "იპ. ხვიჩია".
იპოლიტე და სესილია თაყაიშვილი
- ბაბუა რეჟისორებს სულ საყვედურობდა, - ერთი ტრაგიკული როლი რა გახდა ჩემთვისო?.. იმის გამო, რომ შეუდარებელი კომიკოსი იყო, სულ კომიკურ როლებს აძლევდნენ. დიდი ძალისხმევა არც სჭირდებოდა, რადგან სცენაზე მის გამოჩენას სიცილ-ხარხარი თავისთავად მოჰყვებოდა. მისგან განსხვავებით, ძალიან გაუმართლა დიდ მსახიობს - სესილია თაყაიშვილს: მიუხედავად იმისა, რომ სესილია კომედიური როლების დიდოსტატი გახლდათ, ბევრი დრამატული როლი აქვს შექმნილი. ეს პერსონაჟები ქართული კინოსა და თეატრის ისტორიას დღესაც ამშვენებს.
ერთ-ერთი გადაღებისას, ზღვასთან ახლოს ბინა ვიქირავეთ. ამ დროს, ზღვაზე სესილია თაყაიშვილიც ისვენებდა, ოჯახთან ერთად. ის ზღვაში დილით ადრე ჩადიოდა. ბაბუა მცივანა იყო და პლაჟზე უფრო გვიან მიდიოდა, ისეთ დროს, როცა სესილია უკვე შინისკენ მოემართებოდა.
ერთხელაც, გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს სესილია შეხვედრია, რომელიც ზღვიდან ახალი ამოსული იყო.
- უი, სესილია, უკვე გამომასწარი?
- რა გინდა, ბიჭო, რა? - უკითხავს "გაგულისებულ" სესილიას.
- რა და... შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტიუმში.
- მეხი კი დაგაყარე, აჰა, შემომხედეო, - უთხრა სესილიამ, ხალათი გაიხსნა და იპოლიტეს საბანაო კოსტიუმში დაენახა.
- უი, უი, იმისთანა ხარ, ყვავსაც კი დააჩხავლებო! - თავში ხელები წაიშინა იპოლიტემ.
ალბათ, მკითხველმა წარმოიდგინა ორი შეუდარებელი კომიკოსი, რომლებიც ერთმანეთს ნიჭით და ენამახვილობით ეპაექრებოდნენ, სინამდვილეში კი ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ.
უჩვეულო სიურპრიზი
- ჩემი ბავშვობიდან ყველაზე ტკბილად მახსენდება მარტყოფი, სადაც ნაკვეთი გვქონდა. ბაბუამ იქ პატარა სახლი ააშენა. ჩვენს ოჯახს განსაკუთრებული და მდიდრული არაფერი ჰქონია - მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება. მატერიალურზე ნაკლებად ვფიქრობდით. მთავარია, რომ სახლი გვქონდა, სადაც სიმშვიდე იყო და ბებო უგემრიელეს სადილებს გვიმზადებდა. იპოლიტე ხეხილს თავისი ხელით უვლიდა. ერთხელ ლეღვის ხე დარგო, ორივე მოუთმენლად ელოდა, ნაყოფს როდის მოისხამდა და ბებია ხშირ-ხშირად იმეორებდა, ამის ნაყოფს მე ვერ მოვესწრებიო. ერთ დილას, ბაბუას ხმა გვესმის: ლუბა, გამოდი გარეთ, რა გაჩვენოო. გავედით და ლეღვს უკვე ნაყოფი მოესხა. თურმე, ლეღვი უყიდია და ტოტებზე ძაფით მიუბია, მეუღლისთვის სიურპრიზი რომ მოეწყო.
ბოლო წლებში ბაბუა უმეტესად ჩვენი ბინის აივანზე იჯდა და ეზოში, ბიჭების თამაშს აკვირდებოდა, თან, მსაჯობდა და ფეხბურთის წესებს ახსენებდა, ზოგჯერ კი მეზობლებს ებაასებოდა. ერთხელ ეზოში რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს და იპოლიტემ ზევიდან ყველა მშენებელი გაიცნო... ისინი ქვემოდან ეძახდნენ და საქეიფოდ ეპატიჟებოდნენ. სად წავიდოდა, ავად იყო და უკვე ვეღარსად მიდიოდა! ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ აივანზე გავიდა, ხელში პატარა ბავშვი ეკავა, უმღეროდა და უნანავებდა. უეცრად წამოხტა და შესძახა:
- არიქა, ბიჭებო, მიშველეთ, ბავშვი გადმომივარდაო! - ეს თქვა და შალითებში გახვეული "ჩვილი" მეოთხე სართულიდან გადააგდო.
დამფრთხალი მუშები მაშინვე გამოცვივდნენ "ბავშვის" გადასარჩენად, მაგრამ სად იყო ჩვილი? - ბაბუამ ყველა გააცურა. ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი, მერე კი ბაბუმ ყველა სახლში მოიპატიჟა. კარგი მწნილი, შავი ღვინო და ლობიო ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა. ერთად, ძალიან კარგად მოილხინეს.
ბაბუა 1985 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა. ციფრი 13 და მისი კომბინაცია ყოველთვის უყვარდა: ამბობდა, ყველა კარგი ამბავი ჩემს ცხოვრებაში, 13 რიცხვს დაემთხვაო. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვცდილობდით, ბებიას არ ენერვიულა, ოთახიდან გამოვდიოდით, ვტიროდით და მერე უკან ვბრუნდებოდით. ის კი, ბოლო წამებშიც ხუმრობდა...
"ბუნებამ უხვად დააბერტყა უზარმაზარი იუმორი, მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ხიბლი, უდიდესი ფანტაზია და დაუჯერებელი, აბსურდული სცენების გამართლების უნარი" - ამბობდა მასზე ოთარ მეღვინეთუხუცესი და მართლაც ასეა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ხალხს იპოლიტე ხვიჩია ასე უყვარს. ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილიშვილი მქვია და მისი გახსენება უსასრულოდ შემიძლია!
ხათუნა ჩიგოგიძე