რას მოუტანს CCCC-ი საქართველოს ეკონომიკას? - გზაპრესი

რას მოუტანს CCCC-ი საქართველოს ეკონომიკას?

ამჟამად მის მშენებლობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited ანუ CCCC-ი გეგმავს. CCCC-ი სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს აშენებს. მისი შვილობილი კომპანიები 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობენ. კომპანიამ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში მსხვილი პროექტები განახორციელა: მსოფლიოს 10 უდიდესი პორტიდან შვიდის პროექტირება და მშენებლობა სწორედ CCCC-მ დაიწყო და დაასრულა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას 2020 წლისთვის, 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა და მათგან ხუთი, აშშ-ის მიერ სანქცირებული - ამის შესახებ კრიტიკულ მედიაში არაერთხელ ითქვა. რას მოგვიტანს ჩინური კომპანიების და ჩინური ინვესტიციების მომრავლება საქართველოში? - ამის თაობაზე ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები გვეტყვიან.

"საქართველოს ჩინეთის ფინანსური უღელი დაედგმება"

davith-copy-1721142145.png

დავით ნებიერიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

- გარდა ეკონომიკური დატვირთვისა, ანაკლიის პორტს სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდ პროექტებს ყოველთვის აქვს გეოპოლიტიკური დატვირთვა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში დასავლეთიც მონაწილეობდეს. ეს ჩვენს მდგომარეობას დააზღვევს და უარყოფით ფაქტორებს დააბალანსებს. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგენელს: ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის გამო, ეს პორტი ჩინეთის საკუთრება ხდება, რაც ძალიან დამაზიანებელია საქართველოს ინტერესებისთვის. ალბათ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილმა რომ განაცხადა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?.. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შავი ზღვა წმინდა რუსულ ზღვად დარჩენილიყო და აქ ამერიკელები არ შემოეშვა. დასავლეთსა და ჩინეთს შორის, გარდა პოლიტიკური უთანხმოებებისა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაპირისპირებაც არის. იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩინეთი რბილი ძალით მოქმედებს იმ სახელმწიფოებთან, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აქვს. რომ გადავხედოთ, სადაც ჩინეთი თავისი ფინანსებით და კრედიტებით შევიდა, იმ ქვეყნებს მძიმე უღელი ადევთ, რადგან ასეთ დიდ პროექტებს ის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. ჩინეთი არასოდეს ომობს, როგორც გითხარით, ძალიან რბილი, ეკონომიკური ძალით მოქმედებს და მიზნებს ასე აღწევს. თუ გავაცნობიერებთ, რომ დასავლეთსა და ჩინეთს შორის მძაფრი ეკონომიკური დაპირისპირებაა, ადვილი მისახვედრია, რა შარში ჰყოფს თავს საქართველო. აქ კიდევ არის ერთი მდგენელი - კორუფციული რისკები. თუ დასავლური ინვესტიციების დროს კორუფციის რისკი მინიმუმამდეა დასული, ჩინური ინვესტიციების დროს ყველაფერი პირიქითაა: ამის კარგი მაგალითია სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, სადაც 700 მილიონი მოიპარეს და მთელი მაგისტრალი დარჩა ასაშენებელი. კორუფციული გარიგებები არაერთი ჩინური კომპანიის წარსულს "ამშვენებს", მათ შორის ეს კონსორციუმიც სახელდება... საქართველოს ჩინეთის ფინანსური უღელი დაედგმება - ამას ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ. საერთოდ, ჩინური კომპანიები უხარისხოდ მუშაობენ, მაგრამ მთავარი მაინც მისი გავლენისგან თავის დაცვაა, რადგან ეს ტოტალიტარული ქვეყანაა, რომელიც რუსეთზე ასჯერ ძლიერია და ათასჯერ უფრო ჭკვიანურად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი ჩინეთის ყურმოჭრილი ვასალია: რასაც სი ძინპინი იტყვის, პუტინიც იმას გააკეთებს, რადგან რუსეთი ამოვარდნილია იმ დღის წესრიგიდან, რომელიც უკრაინაში შეჭრამდე ჰქონდა. მართალია, ჩინელები რუსებისგან განსხვავებით, ანექსიას არ ირჩევენ, მაგრამ სულ სხვაგვარად მოქმედებენ. ამიტომაა საჭირო მაქსიმალური გამჭვირვალობა და იმ ამოცანის გადაწყვეტა, რასაც საქართველოს გეოპოლიტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ფაქტია, რომ ყველაზე ჯანსაღი დასავლური ინვესტიციებია, ხოლო ყველაზე ცუდი - ჩინური და რუსული. რატომ? - დასავლური კრედიტები გაცილებით იაფია, ვიდრე ჩინური ან რუსული - ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს.

"თუ ეკონომიკურ პოლიტიკას სწორად დავგეგმავთ, შეგვიძლია ბევრნაირი სარგებელი მივიღოთ"

paataa-copy-1721142112.jpg

პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი, "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი:

- დღევანდელი ჩინეთი მთელი მსოფლიოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ტვირთის მიმწოდებელია. თუ ტვირთების ნაკადს და მიმოქცევას შევხედავთ, ძირითადი ქვეყანა, საიდანაც ეკონომიკური ტვირთები მოედინება, ეს არის ჩინეთი და თუ ანაკლიის პორტს ჩინური ინვესტიციებით ავაშენებთ, ამაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება მის აშენებას ჩინური გიგანტური კონსორციუმის მიერ: როგორც ითქვა, კონსორციუმს ამ პორტში 50%-იანი წილი ექნება, ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი მაქსიმალურად დაიტვირთება. ვიცი, რომ ჩინური ინვესტიციების სანდოობას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: რას ნიშნავს "სანდო ინვესტიცია"? ამბობენ, რომ CCCC-ი "შავ სიაშია" შესული, მე ეს საკითხი სპეციალურად შევისწავლე და ვიცი, რომ კომპანია აშშ-ის მიერ შედგენილ სპეციალურ სიაშია შეყვანილი. ეს ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ამ კონსორციუმთან თანამშრომლობენ, კონკრეტული დოკუმენტების მობილიზება უწევთ. "შავი სია" კი გულისხმობს, რომ კომპანიასთან ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა უნდა აიკრძალოს...

ეკონომიკური გუნდის მუშაობის მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ საქართველომ დიდ ქვეყნებთან ურთიერთობით სარგებელი მიიღოს და არა - ზიანი. დიდმა ქვეყნებმა მცირე ქვეყნებს თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თავს ვერ უნდა მოახვიონ. ეს ისეთი საკითხია, რომელიც ბევრჯერ არის შესწავლილი, ნაფიქრი და გააზრებული: თუ რომელიმე ეკონომიკური გარიგება ჩვენთვის წამგებიანია, მასზე უარი უნდა ვთქვათ... რა თქმა უნდა, დასავლური ინვესტიციები უფრო კარგია, ვიდრე აზიური, მაგრამ ინტერესთა გამოხატვა რომ გამოცხადდა, მსურველი მხოლოდ ორი კომპანია იყო, ერთი ზემოთ ხსენებული CCCC-ი და მეორე - ნიდერლანდური, რომელიც ბოლო ეტაპზე ასპარეზობას გამოეთიშა. ამიტომ, რაც იყო, იმათ შორის გაკეთდა არჩევანი. ამ პორტს დიდი ეკონომიკური რესურსი აქვს და თუ აშენდება, ნებისმიერი ინვესტიცია დადებითად უნდა შეფასდეს.

"შუა დერეფნის ფუნქცია და "აბრეშუმის გზა" ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს"

dunduaa-copy-1721142128.jpeg

მიხეილ დუნდუა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე:

- ანაკლიის პორტის პროექტი ისევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც "აბრეშუმის გზის" განვითარება. მსგავსი პროექტები ქვეყანაში უმუშევრობას ამცირებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის გადამწყვეტია: ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველო "აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი საკვანძო ადგილი გახდეს. სასურველია, სავაჭრო გზები, რომელიც ადრე რუსეთზე გადიოდა, საქართველოში გადმოვიდეს და ამ პროცესში რუსეთი საქართველომ ჩაანაცვლოს. შუა დერეფნის ფუნქცია და "აბრეშუმის გზა", საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს და სერიოზულად გაზრდის მის ადგილს გლობალურ ეკონომიკაში. მოსაზრება, რომ ჩინური ინვესტიციები საიმედო არ არის, მცდარია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ინვესტიციებიც. არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის ინვესტიციებს ზურგი შევაქციოთ, პირიქით, საქართველომ ბევრი უცხოური ინვესტიცია უნდა მოიზიდოს.

- კორუფციულ რისკებზე რას გვეტყვით?

- ეს მოსაზრება მცდარია ან დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. ასეთი რისკები არ არსებობს, რადგან საქართველო ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. ბოლო წლებში საქართველოში მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომელსაც სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე მომხდარი სამწუხარო ამბავი ვერ დაჩრდილავს. ამ ერთი ინციდენტის გამოყოფა არასწორია: იქ, სადაც დიდი პროექტები ხორციელდება, მსგავსი გამონაკლისები საერთო სურათს ვერ აკნინებს და ვერ ცვლის. რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს: სულერთია, რომელ სფეროში შემოვა, ვინც გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩაერთოს, ეს ჩინეთი იქნება, აშშ, საფრანგეთი, გერმანია თუ სხა ქვეყანა, ყველა ინვესტიციას უნდა მივესალმოთ. არანაკლებ დიდი და სერიოზული პროექტია შავი ზღვის ენერგომაგისტრალი, რომელმაც ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს - ის, ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას დიდ პერსპექტივას უქმნის. ასე რომ, რომელიმე მონაკვეთზე გამოვლენილი ხარვეზი საერთოდ ვერ აკნინებს იმ პროცესს, რომელსაც ყველანი ვხედავთ. ამავე დროს, დასავლეთის სახელმწიფოებს ინტენსიური ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან და ამ ურთიერთობას სულ უფრო აღრმავებენ. ვფიქრობ, საქართველომ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა განავითაროს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ამ მიზნისთვის გადავდგამთ, გამართლებულია. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მივუსადაგოთ ყველას ინტერესი, ვინც ჩვენი პარტნიორი და მეგობარია, მათ შორისაა ევროკავშირი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს. ამავდროულად, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან და თურქეთთან. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აშშ და ცხადია, ამერიკულ ინვესტიციებსაც უნდა მივესალმოთ. საქართველო ყველა კეთილმოსურნე ქვეყანას უნდა მიესალმოს. ჩემი აზრით, ეკონომიკური ინტერესები და ქვეყნის განვითარება პოლიტიკურ ინტრიგებს არ უნდა ემსხვერპლოს. ჩვენი ხალხის კეთილდღეობას მხოლოდ პრაგმატული ნაბიჯებით მივაღწევთ, ამიტომ, რაც ეკონომიკის განვითარებას დაეხმარება, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე