"ყოველღამე მესიზმრება გიგა... მინდა დავიჯერო, რომ რაღაც არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის..."
ლეგენდარული მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - დიმიტრი ხვთისიაშვილი გამოეხმაურა: "ქალბატონი ქეთინო კიკნაძე დაგვემშვიდობა. ჩემი პირველი პარტნიორი, გზის დამლოცველი. არაჩვეულებრივი მსახიობი, დიდი გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე. ნინოს, ნანას, მაიკოს დედიკო! ღმერთმა ნათელში ამყოფოს!"
ჩვენს არქივში მსახიობის არაერთი ინტერვიუ ინახება. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუებიდან:
***
"გიგა ნიჭიერი და ენამოსწრებული კაცი იყო, მეგობრებს ძალიან უყვარდათ. სხვათა შორის, როცა ცოლად გავყევი, არც ვიცოდი, რომ უკრავდა და მღეროდა. ის მოწონება და სიყვარული, რომელმაც მასთან შემაუღლა, სულ უფრო ძლიერდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ილხენდა მეგობრებში, რა მშვენივრად უკრავდა და მღეროდა. ამ დროს ყველა ძალიან ბედნიერი იყო მის გვერდით. მისი ავადმყოფობის პერიოდში, მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მენინგიტი შემხვდა და დიდხანს ვიავადმყოფე. მისი მოვლა არ შემეძლო, ჩვენი ქალიშვილები უვლიდნენ. როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა, - სულ მენატრები, სულ მენატრები..."
***
"ლექსების წერა 68 წლის ასაკში დავიწყე. ერთხელ, გიგამ გვერდზე ჩამიარა და მომაძახა: წერე, წერე, ჩემო ნესტორ, მტერს დაასვი ნესტარიო, თუ პოეტი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო... უჩემოდ არსად წავიდოდა. სახლში დაღლილი მოვიდოდა, ხუთ წუთს დაისვენებდა და მერე მეტყოდა, - ახლა, აქა და აქ მივდივართო. მე კი სახლში საქმიანობით ვიღლებოდი და ვეუბნებოდი, - არ შემიძლია, დაღლილი ვარ, შენ წადი-მეთქი. როგორ შეეძლო ამდენი? ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..."
***
"გიგამ სპექტაკლი დადგა ბათუმში. პრემიერამ არნახული წარმატებით ჩაიარა. თუმცა, სპექტაკლის გამოსვლამდე ინციდენტი მოხდა, სცენის მემანქანე ომარ ანდრონიკაშვილი სადღაც დაიკარგა. ყველა ძალიან ღელავდა, მაგრამ წარმოიდგინეთ გიგას მდგომარეობა, რა დღეში იქნებოდა. როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თან ომარს ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი, თვალი ხომ არსად მოგიკრავთ-მეთქი? მეოთხე დღეს, სასტუმროდან რომ გამოვედი, კარში შემეჩეხა, - ომარ, სადა ხარ, სად დაიკარგე? პრემიერა კარზეა მომდგარი-მეთქი. მიამბო უცნაური რამ: - მამიდა გარდამეცვალა და საცოდავი, სოფელში წავიყვანეთ. ის იყო, ტახტზე დავასვენეთ, რომ ყბაახვეულმა უცებ დაილაპარაკა, - ვინ იყო, აი შეჩვენებული მძღოლი, ამ გზაზე რომ მიმადრიგინებდაო? სასწრაფოდ ლოგინში ჩავაწვინეთ, მერე მითხრა, - ომარა, ბიჭო! კანფეტი არა გაქვსო? გავიქეცი და მოვუტანე. ერთი სიტყვით, ასე გაცოცხლდაო... ეს ყველაფერი გიგას ვუამბე. იქ მსახიობებიც იყვნენ. გიგა ჩაფიქრებული ისმენდა. - იცი, ახლა რაზე ვფიქრობ? იქნებ იმ გზაზე ლენინი გაგვეტარებინა, ეგება გაცოცხლებულიყოო..."
***
"ჩემი ნინო სულ პატარა იყო, როდესაც გიგამ ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" დადგა, სადაც ხატიას ვთამაშობდი. დილის წარმოდგენა გვქონდა და თეატრში წავედი. ბავშვმა რომ დამინახა სცენაზე ბრმა ვიყავი, ტირილი დაიწყო, რატომ ვერ ხედავს დედაჩემიო? ძლივს დავაწყნარე, დედიკო, ეს ვითომ-ვითომ არის-მეთქი. მიყურებდა და მიხუტებდა გულამოვარდნილი. მეორე შემთხვევა მქონდა სპექტაკლში "უფსკრულთან", იქ ჩემს ძმას ვეხვეოდი. სპექტაკლზე ნანა, ჩემი შუათანა შვილი წავიყვანე, 5 წლის იყო მაშინ. სახლში რომ დავბრუნდით, შევატყვე, ბავშვი გუნებაზე არ იყო. ოთახში ნათურა გადაგვეწვა, მაგიდაზე სკამი დავდგი, ზედ შევდექი და ნათურა მოვხსენი. ნანას გავძახე, ეგ ახალი ნათურა მომაწოდე-მეთქი. ბავშვმა ნათურა უხასიათოდ გამომიწოდა. ძირს რომ ჩამოვედი, ვეკითხები, ხომ არაფერი გაწუხებს-მეთქი? მიპასუხა: - შენ დედიკო ხარ და უნდა იცოდე, სხვისი კაბების ჩაცმას თავი დაანებე და სხვა კაცს ნუ ეხუტებიო. ახლა მასთან დამჭირდა ახსნა-განმარტებები. გიგას ვუამბე და მითხრა, მამასავით ეჭვიანი იქნებაო..."
***
"კომუნისტების დროა. გამათბობელი ჩავრთე და მრიცხველმა დაიწყო უსაშველოდ ბრუნვა. მეგობარს შევჩივლე, რომელმაც მასწავლა, მრიცხველს კინოფირი უნდა გაუყაროო. სტუდიიდან მოვიტანე ფირი. როდესაც გიგამ დაიძინა, ჩუმად მივხურე დერეფნის კარი, დავიდგი სკამი და "ჩალიჩი" დავიწყე. მრიცხველი არ გაჩერდა, სანამ თითქმის ორი მეტრი არ შევაძვრინე, მერე ფირი გადავჭერი და მისი ბოლო დამეკარგა. რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი გავაფრთხილე: კარი არ გაუღო ინკასატორს, ვითომ პატარა ბავშვი ხარ, წვრილი ხმით უთხარი, კარს ვერ გაგიღებ-თქო. მართლაც ასე მოხდა.
ერთ დღესაც სახლში არავინ იყო. გიგა ადრე მისულა და გამოჩნდა ინკასატორიც. რასაკვირველია, გიგამ კარი გააღო. ინკასატორს შეუხედავს, რომ მრიცხველი არ ტრიალებს და სკამი მოუთხოვია. გიგა გაკვირვებული იყო, ისიც კი არ იცოდა, მრიცხველს საით უნდა ეტრიალა. ინკასატორმა ფირის გამოღება დაიწყო: ბატონო გიგა, რა ამბავია, მთელი "დათა თუთაშხია" აქ მოგითავსებიათო. გიგამ ვერაფერი გაიგო: არ ვიცი, გენაცვალე, ჩემი მეუღლე რომ იქნება, მაშინ მოდითო. საშინლად შევწუხდი, როცა ეს ამბავი გავიგე. ერთ დღესაც ინკასატორს კარი გავუღე, მას გაეცინა და მითხრა, ერთხელ გაპატიებთო. გადავრჩი და ასეთი საქციელი აღარ ჩამიდენია..."
***
"გიგას ედუარდ შევარდნაძის ნახვა უნდოდა. ერთხელ შემთხვევით გადაეყარა შევარდნაძეს და შეხვედრის თაობაზე ესაუბრა. ედუარდმა უთხრა: გიგა, პეტრე მამრაძეს დაუკავშირდი და ის მოაწყობს ამ შეხვედრასო. გიგა არაერთხელ ეცადა პეტრეს დაჰკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ. მერე მობეზრდა და თავი დაანება, აღარ უცდია დარეკვა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ედუარდმა და გიგამ ისევ შემთხვევით ნახეს ერთმანეთი. ედუარდმა ჰკითხა: გიგა, შენ რომ ჩემი ნახვა გინდოდა, რატომ არ მოხვედიო? გიგამ უპასუხა, - ბატონო ედუარდ, პეტრე მამრაძე მაპოვნინეთ, მეტი არაფერი მინდაო".
***
"ყველა დიდი მსახიობის პარტნიორი ვყოფილვარ: ვერიკოs, აკაკი ხორავაs, აკაკი ვასაძეს... მეოთხე კურსზე ჩემი მეტყველების პედაგოგი სერგო ზაქარიაძე იყო. როდესაც ინდივიდუალურ გაკვეთილზე შევდიოდი, დაბნეული შევყურებდი ამ ბუმბერაზ მსახიობს. როდესაც მარჯანიშვილის თეატრში მივედი, ბატონი სერგო უკვე რუსთაველის თეატრში იყო გადასული. მოგვიანებით შევხვდი მას ფილმის "შეხვედრა წარსულთან" გადასაღებ მოედანზე და უბედნიერესი ვიყავი. მისგან უნდა გესწავლა როლზე მუშაობა. დილით მთელი ჯგუფი ერთად გადიოდა. ის ყოველთვის განმარტოებით იდგა და ფიქრობდა როლზე. ის იყო საოცრად ენერგიული, განსაკუთრებული.
გიგა ჰყვებოდა, როცა ის - 25 წლის ბიჭი თეატრში მივიდა, დიდ მსახიობებთან მოუხდა მუშაობა. ერთხელ ბატონ სერგოს მისთვის ჩუმად უთქვამს, - მე ხვალ დავიგვიანებ და როდესაც რეპეტიციაზე შემოვალ, შენიშვნა მომეცით, რატომ იგვიანებთო? მეორე დღეს, როდესაც ბატონი სერგო რეპეტიციაზე დაგვიანებით მივიდა, გიგამ თავს ძალა დაატანა და უთხრა: ბატონო სერგო, რატომ იგვიანებთო? მან კი მიუგო: ბატონო გიგა, ეს აღარ განმეორდებაო. ბატონი სერგოს წყალობით, ასე მოიპოვა გიგამ ავტორიტეტი უხუცეს მსახიობებთან".
***
"ჭაბუა ამირეჯიბის შედევრი "დათა თუთაშხია" მე და გიგამ გაგრაში, ზღვის სანაპიროზე წავიკითხეთ. თვითონ რომ წაიკითხავდა, შემდეგ მე გადმომაწოდებდა ხოლმე. ჩამოვედით თბილისში. ერთ დილას ჩაის ვსვამდით, როცა მითხრა, - რომ იცოდე, რა ფილმი გამოვა ამ ნაწარმოებისგანო. - მერე, შენც გადაიღე-მეთქი! - რა, ახალი ცხოვრება დავიწყოო? - დიახაც, უნდა დაიწყო-მეთქი. გიგა და ჭაბუა კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. თავიდან ჭაბუა ფილმის გადაღებას ცოტა სკეპტიკურად უყურებდა. ეშინოდა, შეძლებდა თუ არა გიგა წიგნის სადარი ფილმის გადაღებას. სადგურის სცენა, სადაც დათა და მუშნი დაინახავენ ერთმანეთს, წიგნში აღწერილი არ არის, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციით გადაიღეს. ჯერ კიდევ დაულაგებელ მასალას ჩაბნელებულ დარბაზში უყურებდნენ, როცა ჭაბუა ჩუმად შემოსულა და უკან დამჯდარა. სინათლე რომ აინთო, დავინახეთ, ტიროდა, - "საღოლ გიგა, საღოლ!" - დაუძახა კმაყოფილმა ჭაბუამ.
ამ ფილმით მთელი საქართველო მოვიარეთ. ყველგან დიდი სიყვარულით გვხვდებოდნენ, გვიძღვნიდნენ ლექსებს, მაგრამ განსაკუთრებით - სამეგრელოში შემოგვხაროდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ცრემლმომდგარმა ქალმა შემომჩივლა, - რაღა იმ დღეს გადენე ის ინდაურებიო... რამხელა გულუბრყვილობა და სითბო იგრძნობოდა მის სიტყვებში.
ჭაბუას დაბადების დღეს, 18 ნოემბერს, თითქმის ყოველთვის მივდიოდით მასთან. ერთ-ერთ საღამოზე ბეჩუნის ტანსაცმელში გამოწყობილმა, საჩუქრად ინდაური წავუღე და ვუთხარი, - ინდაურები გავრეკე, ერთი კი დავიტოვე-მეთქი. ამაზე ბევრი იცინა. ნოემბერში ნაჩუქარი ინდაური ახალ წლამდე შეინახა... "ჩემი ბეჩუნი", - ასე მომმართავდა ხოლმე. გიგას გარდაცვალების გამო ისეთი ტრავმირებული ვიყავი, მასთან აღარ მივსულვარ და ახლა ამას ძალიან ვნანობ".
***
"ზოგი იტყვის ხოლმე, პოლიტიკა არ მაინტერესებს და არაფერში ვერევიო. როგორ? თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და ეს ქვეყანა გიყვარს, როგორ არ უნდა გაინტერესებდეს, რა ხდება? თუ შენი ქვეყნის გაჭირვება არ გესმის, აბა, რაში ერევი? სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი პატარა აგური მეც დამიდვია ამ ქვეყნის მშენებლობაში. როგორც შემეძლო, ვმუშაობდი, მაყურებელს ვეტრფოდი და ჩემი ბედნიერება ის არის ახლა, როცა ქუჩაში გავდივარ, როგორ მეფერება ხალხი. ეს ისეთი ბედნიერებაა, ვერ აღგიწერთ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ასეთ სიყვარულს ამჟღავნებს, როგორც ჩანს, ტელევიზიები ვერ მიტანენ. მოდიან და ჩემი ნათქვამიდან ისეთ რამეს ამოჭრიან, ისეთნაირად დატოვებენ, პირდაპირ ადამიანის დამცირება და დაკნინებაა, შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. ბევრჯერ მითქვამს, ჩემთან გადაღებაზე აღარ მოხვიდეთ-მეთქი".
***
"კარგა ხანია, თეატრში არ ვყოფილვარ. კინო აღარც არსებობს და თუკი რამე სერიალი იყო, დაკავებული ვიყავი, ჩემი წლოვანების შესაფერისი როლებიც მქონია, ამან გამაძლებინა. ბოლოს ერეკლე ბადურაშვილის ფილმში გადამიღეს, პატარა როლია. "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გავიელვე".
***
"ბოლოს ვითამაშე "მაყურებელთათვის ამისი ნახვა აკრძალულია" და ამით დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ერთხელ ერთი ადამიანი მოვიდა თეატრიდან და მითხრა, 240 ლარი გექნებათ ხელფასიო. მაშინ პენსიაზე გავალ და უფრო მეტი მექნება-მეთქი, ვუთხარი. მერე გაითვალისწინეს და შეცვალეს. ამისთვის მადლობელი ვარ, დღემდე ვიღებ ხელფასს... მარჯანიშვილის თეატრი იყო ჩემი ოჯახი! რუსთავის თეატრიდან რუსთაველის თეატრში გადავედი, ბავშვები პატარები იყვნენ და იქ სიარული გამიჭირდა. 5 წლის განმავლობაში 5 როლი ვითამაშე, ის ჩემთვის დაუმადლებელი ლუკმა იყო და მეგობრები შევიძინე. მაგრამ მაინც ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში ვარჩიე წასვლა - ასე მიმაჩნდა მე მარჯანიშვილის თეატრი. ეს სანანებელი გამიხდა... თუ მე ასეთი ბოლო მექნებოდა, ასე ვიქნებოდი თეატრიდან მოკვეთილი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ორი სპექტაკლი მომიხსნეს, რომლებიც სულ ანშლაგებით მიმდინარეობდა. ხალხი მირეკავდა, რატომ მოხსენითო? ვეუბნებოდი, თეატრში ჰკითხეთ-მეთქი... მარჯანიშვილის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელების ცოლებს შეეწირა. მეც ვიყავი ერთ დროს სამხატვრო ხელმძღვანელის ცოლი, მაგრამ გაზეთებში წერდნენ, როგორ ვიქცეოდი თეატრში, რომ გიგასთვის ხელი არ შემეშალა..."
***
"არ მომწონს, რომ მსახიობს პენსია არ ეძლევა. ამ დროს სხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ კიდეც და 60 წლიდან პენსიასაც იღებენ. ჩემი ქალიშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს, ყოველ სპექტაკლზე მანქანის დასაყენებლად 10 ლარს იხდის, თვეში რამდენი სპექტაკლია და მთელი ხელფასი პარკინგზე უნდა დატოვოს? მსგავსი საკითხები და კიდევ უამრავი სხვა რამ მისახედია ქვეყანაში..."
***
"მე და გიგას ყოველთვის საერთო ინტერესები გვქონდა - ოჯახი და ჩვენი საქმე. იყო ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის გაფუჭებას ცდილობდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტი იყო, ჩვენ უფრო მეტად შეკრული ვიყავით. გიგაზე თუ ვინმე რამეს იტყოდა ოდნავ გადაკრულს, ცხოვრების ბოლომდე არ ვპატიობდი, მაგრამ მე თუ ვინმემ რამე მაწყენინა, უცებ მავიწყდება ხოლმე.
- გენატრებათ ხოლმე მასთან საუბარი?
- ზოგჯერ მინდა ვინმეს რამე შევეკითხო და ვის ვკითხო? აღარც გიგაა, აღარც მარიკა... ყოველღამე მესიზმრება გიგა... ზოგჯერ მინდა აღარ დამესიზმროს. გიგას 40-ზე, მახსოვს, მემორიალური დაფა გავაკეთეთ და იმ ღამით მესიზმრა, კართან დამიხვდა, შუბლზე მაკოცა და წავიდა... მინდა დავიჯერო, რომ რაღაც არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის...
გიგას საიუბილეო თარიღებს ყოველთვის აღვნიშნავთ, მის სიცოცხლეშიც ყოველთვის ასე იყო, არასოდეს გამომიტოვებია და ახლაც ვაგრძელებთ. თვითონ ისეთი ყურადღებიანი იყო, საჩუქრებს მჩუქნიდა, ხელფასს კაპიკ-კაპიკ ჩამითვლიდა ხოლმე. ერთხელ გიგამ შვილებთან თქვა, მე რომ ჩემს ცხოვრებაში ქეთინო არ მეპოვა, რა მეშველებოდაო..."
P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქალბატონ ქეთევან კიკნაძის თაყვანისმცემლებს...