საკუთარ ლოგიკაში ახლართულები
ვინც ფულს გიხდის, რა თქმა უნდა, იმის ინტერესებს ატარებ, აქ რაა უცნაური, ამიტომაც დავარქვით კანონის ძალით არასამთავრობოებს "უცხო ძალის ინტერესების გამტარებიო".
წინადღეს კი ევროკავშირმა ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, "ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა - 46.1 მილიონი ევროა". ანუ 2019-2024 წლებში ევროკავშირის მიერ ჩვენი მთავრობისთვის გამოყოფილი დაფინანსება 11-ჯერ აღემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
ჰოდა, ბატონი პრემიერის ლოგიკით, რა გამოდის? ჩვენ გყოლია "უცხო ძალის ინტერესების გამტარი" მთავრობა? გილოცავთ! მშვენიერი ამბავია! მიყვარს, როდესაც პოლიტიკოსები საკუთარ სიცრუეში იხლართებიან.
კიდევ ერთი მაგალითი: ხელისუფლება გვიმტკიცებს, ევროკავშირი რაღაცებს გვაძალებს, თავის ნებას თავზე გვახვევს, ამით ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს; ასეთი ევროპა არ გვინდაო, თუმცა იმას კი აღარ ამბობენ, რას "გვაძალებს" ის და რას ითხოვს ჩვენგან.
ევროკავშირი ჩვენგან ერთადერთს - დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვს ანუ: ადამიანის უფლებების დაცვას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. ანუ ყველაფერ იმას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნად შევდგეთ. ზოგადად, დასავლეთის ასეთი "დაძალება" და "ზეწოლა" რომ არა, ჩვენ დღეს იქაც არ ვიქნებოდით, სადაც ვართ. გაქანებული დიქტატურა რომ არ ვართ, დიდწილად სწორედ დასავლეთის ასეთი "ზეწოლის" შედეგია. ისინი ასეთ ზეწოლას ახდენდნენ შევარდნაძეზე, როცა აქ 2002 წელს ბეიკერი გამოგზავნეს და საარჩევნო რეფორმის გატარება მოსთხოვეს, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარებულიყო. ასეთ ზეწოლას ახდენდნენ მიშაზე, როცა მან მმართველობის ბოლოს აფრები აუშვა და პუტინივით პრემიერის რანგში ქვეყნის მართვის გაგრძელება მოინდომა. დასავლეთის ზეწოლის დამსახურება იყო, ბიძინას საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიეცა, თორემ მიშამ, გახსოვთ, მოქალაქეობა ჩამოართვა სწორედ იმისთვის, რომ არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა და მხოლოდ დასავლეთის ზეწოლის შემდეგ შეცვალა კანონი. ასევე, დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად მოუწია "მასტ-ქერის" კანონის მიღება, რაც ყველა საკაბელო ტელევიზიას ავალდებულებდა, ოპოზიციური არხებიც ჩაერთოთ. ამ ზეწოლამდე ოპოზიციურ არხებს საკაბელოები ხელისუფლების შიშით არ რთავდნენ და რეგიონებში ხალხი მარტო სამთავრობო ტელევიზიებს უყურებდა. ასეთი "ზეწოლის" უამრავი ფაქტია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უფრო დემოკრატიულად აქცია. სწორედ ეს "ზეწოლა" და "მოთხოვნები" განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის წინსვლას რეფორმების გზით და - არა ევროკავშირში შესვლა. უკეთესი ქვეყანა ევროკავშირში შესვლით კი არა, ამ "ზეწოლის" და რეფორმების საშუალებით ვხდებით, ევროკავშირში შესვლა ამ ყველაფრის შედეგი იქნება მხოლოდ. სინამდვილეში, უპირველესად, ევროკავშირი ჩვენთვის სწორედ იმიტომ არის კარგი და აუცილებელი, რომ რაღაცებს "გვაძალებს".
სამაგიეროდ, რუსეთი არ მოითხოვს არაფერს, დსთ-ში დაბრუნება რომ მოვინდომოთ - საამისოდ მთავარი ჩვენი სურვილი იქნება. ევროკავშირისგან განსხვავებით, არანაირ ცხრაპუნქტიან პირობებს არ წაგვიყენებს და პირდაპირ გაგვიღებს კარს. არც სასამართლოს დამოუკიდებლობას მოგვთხოვს და არც კორუფციასთან ბრძოლას, არც ადამიანის უფლებების დაცვას. ჰოდა, "ოცნების" ლოგიკით, რა გამოდის, რომ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს სცემს? ანუ დასავლეთი არ სცემს პატივს ჩვენს სუვერენიტეტს და რუსეთი სცემს, რომელსაც ჩვენი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული? ხვდებით, ხომ, მათი ლოგიკის აბსურდულობას?!.
ახლა არ მითხრათ, დასავლეთი მარტო დემოკრატიას არ გვაძალებს, ომში ჩართვასაც გვაძალებსო. ამ პროპაგანდასაც მოკლე ფეხები აქვს, რადგან აგერაა მოლდოვის მაგალითი, რომელიც შემდეგ ეტაპზე ისე გადაიყვანეს, არანაირ ომში არ ჩართულა. მაშ, რის სანაცვლოდ გადაიყვანეს მოლდოვა? იქნებ მოლდოვა ომშია და ჩვენ არ ვიცით?
P.S. საკუთარ ლოგიკაში ახლართული კიდევ ერთი პერსონაჟი ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძეა, რომელმაც საკუთარი ტელევიზიის ეთერით გამოაცხადა, კონსტიტუციაში ევროკავშირის და ნატოს ჩაწერა სისულელე იყოო.
მოდი, ირაკლი რუხაძეს გამბედაობა დავუფასოთ. მან ირაკლი კობახიძე და მთელი "ოცნება" სულელებად გამოაცხადა, რადგან სწორედ მათ ჩაწერეს ეს კონსტიტუციაში 2017 წელს.