დონალდ ტრამპის გაზრდილი შანსები საპრეზიდენტო არჩევნებზე და "ქართული ოცნების" ფუჭი მოლოდინები - გზაპრესი

დონალდ ტრამპის გაზრდილი შანსები საპრეზიდენტო არჩევნებზე და "ქართული ოცნების" ფუჭი მოლოდინები

იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდიო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას. მეთიუ მილერი ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ "გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის".

"არც კი ვიცი, რას ნიშნავს ეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას გააგრძელებენ. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკელ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" დაწერა: "გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს".

ტოვებს თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობას პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებები, რამდენად საფუძვლიანია "ქართული ოცნების" იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ - ამ და სხვა საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობახიძე გვესაუბრება.

- სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. ამერიკის ისტორიას პრეზიდენტზე თავდასხმისა და მკვლელობის არაერთი ფაქტი ახსოვს. არასდროს არავის არ მოსვლია აზრად, რომ მსგავსი თავდასხმები "გლობალური ომის პარტიისთვის" დაებრალებინა. არასერიოზულია, როდესაც ხელისუფლება პრეზიდენტობის კანდიდატს მიმართავს, - შენზე თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ კარგი ტიპი ხარო... ამ განცხადებას კიდევ უფრო არასერიოზულ ელფერს სძენს იმის თქმა, რომ თავდასხმა მოხდა მომავალ პრეზიდენტზე. ამით "ქართულმა ოცნებამ" მიანიშნა, რომ მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია "გლობალური ომის პარტიას" წარმოადგენს. ეს არც დიპლომატიური განცხადებაა, არც რაციონალური, უფრო მეტად პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს.

- რამდენად საფუძვლიანია "ქართული ოცნების" მოლოდინი, რომ მსგავსი განცხადებებით ტრამპის კეთილგანწყობას მოიპოვებენ და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულებაც შეიცვლება მათ მიმართ?

- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ამერიკას არ ჰყავს მუდმივი მტრები და მეგობრები, მას აქვს მუდმივი ინტერესები. ეს ინტერესები კი პრორუსულ ხელისუფლებასთან შეუთავსებელია. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ამერიკაში, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, გამორიცხულია, რომელიმე ქვეყანაში პრორუსულ მთავრობას "თავზე ხელი გადაუსვას" მხოლოდ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი მხარდამჭერები განცხადებები გააკეთა. ამერიკის საგარეო პოლიტიკა აგებულია ქვეყნის ინტერესებზე და არა მხარდამჭერ განცხადებებზე ან პირად სიმპათიებსა და ანტიპათიებზე.

- "ქართულ ოცნებას" ცალსახად პრორუსულ ძალად მიიჩნევთ?

- ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ახლა არც პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს და შესაბამისად, არც პროქართულია, პირდაპირ თუ ირიბად გატარებული პრორუსული პოლიტიკა კი ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის შეუსაბამოა. მმართველი გუნდის ლიდერებს შევახსენებ, რომ ტრამპი ერთხელ უკვე იყო ამერიკის პრეზიდენტი და მას პრორუსული პოლიტიკა ნამდვილად არ გაუტარებია. უფრო მეტიც, სწორედ მან დაბომბა რუსეთის მოკავშირე, მისი პრეზიდენტობის დროს მიიღო საქართველომ ლეტალური იარაღი და ა.შ. ისიც ნიშანდობლივია, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას რუსეთმა ვერც უკრაინაში შეჭრა გაბედა და ვერც საქართველოს მიმართ განახორციელა აგრესიული პოლიტიკა.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ეზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: "ნახვამდის, საქართველო! დიდი მადლობა ელჩ დანიგანსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დინამიკურ გუნდს შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ვიზიტისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება". თქვენი აზრით, რა ჩამოიტანა და რა წაიღო ამერიკელმა პოლიტიკოსმა საქართველოდან?

- ჩემი აზრით, შედეგიანი არაფერი წაუღია. ამის თქმის საფუძველს "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები მაძლევს. მაღალი ალბათობით, ეზრა ზეიას კიდევ ერთხელ სურდა იმის ხაზგასმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ რეგიონში დემოკრატიული და პროდასავლური ხელისუფლების არსებობა. ვფიქრობ, საუბარი იმაზეც იყო, რომ "ქართული ოცნების" პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების შემთხვევაში ვაშინგტონი მხარს დაუჭერს საქართველოს ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში და ასევე, ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესში წინსვლას. სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მან პოზიტიური გზავნილები ვერ მიიღო.

- თქვენი ვერსიით, რა შეიძლება ყოფილიყო შეუთანხმებლობის მიზეზი?

- იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ფსონს დონალდ ტრამპზე დებენ და თან ჰგონიათ, რომ ამათ პრორუსობაზე თვალს დახუჭავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავადვე არ მოინდომებდნენ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია.

- თუმცა, უკვე მოვისმინეთ დასავლურ მედიაში გავრცელებული ვერსიები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმება მოხდეს, რის საფუძველზეც უკრაინა და საქართველო რუსული გავლენის ქვეშ დარჩებიან.

- ტრამპის მთავარი კოზირი და ამავე დროს საფრთხეც ის არის, რომ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის პოლიტიკას მხოლოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსები არ ქმნიან.

- როგორ აფასებთ ტრამპის გაპრეზიდენტების შანსებს? მართალია, მასზე განხორციელებულმა თავდასხმამ პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა, მაგრამ წინ ელის სასამართლო პროცესი, რომელიც წესით, 11 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სექტემბრისთვის გადაიდო.

- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ტრამპს თავდასხმამ ნამდვილად მოუტანა დივიდენდები. მისი გამარჯვების შანსები კიდევ უფრო გაიზარდა - წამებულის მანტია ნამდვილად ძალიან ხელსაყრელია. ვფიქრობ, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმები ახლა უკვე ტრამპის მხარდაჭერაში გადაითარგმნება.

- თუმცა სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს არ სჯერა, რომ თავდასხმა რეალური იყო და გათამაშებული სცენარი ჰგონია.

- დიახ, მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლად გამოიძიებენ ამერიკის შესაბამისი სამსახურები. ამერიკის ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ აძლევს ხელს ტრამპის პოზიციების გაძლიერება, ამიტომ, თუ ეს დადგმული სცენარი იყო (რისი შანსიც მინიმალურია), აუცილებლად გაცხადდება და სასჯელიც იქნება ძალიან მძიმე. თუმცა, ამერიკა არ არის "მესამე" სახელმწიფო და არგუმენტების გარეშე ვერავინ ვერაფერს დააბრალებს.

- მინიმალური შანსი რატომ არის?

- საქმე არც ისე მარტივად არის: ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ტრამპის მხარდამჭერი, აქ მართლა მხოლოდ ყურის გაკაწვრის ფაქტი ხომ არ იყო?! ჩემი აზრით, ადგილი ჰქონდა ამერიკის უშიშროების მორიგ ჩავარდნას, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა. რაც შეეხება სასამართლო განაჩენს, არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპისთვის განჩინება მძიმე იყოს, მაგრამ, მაღალი ალბათობით, განჩინების აღსრულებას გადაიტანენ, ნოემბრის შემდგომ ანუ არჩევნების შემდეგ. მაღალი ალბათობით, ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსის შექმნას მოერიდებიან. მაღალი ალბათობით, ახლა ტრამპს არ დააპატიმრებენ. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კი საკუთარ თავს თავადვე შეიწყალებს.

- თქვენი ვარაუდით, როგორი შეიძლება იყოს ტრაპმის სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით?

- ძალიან რთული კითხვაა, თუმცა მგონია, ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ძალების დემონსტრირებას შეეცდება, თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთის მსგავსი ძალები არ გათავხედდნენ. 2017 წელს მან ჩამოაგდო ბომბი ავღანეთში, იერიში მიიტანა ბაშარ ასადის ძალებზე, კორეაში მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია და ა.შ. ძალის დემონსტრირებაზე ის უარს არასოდეს არ ამბობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკაში ძალიან ბევრია ისეთი კონგრესმენი, რომელსაც რუსეთთან მოლაპარაკებები დათმობის ხარჯზე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

- როგორ გგონიათ - რუსეთშიც იმის მოლოდინი აქვთ, რომ ტრამპი პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს?

- რა თქმა უნდა, არა. რუსეთში იმის მოლოდინი უფრო აქვთ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დასავლეთში შიდადაპირისპირება გაიზრდება. რუსეთისთვის ახლა ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის დღის წესრიგიდან უკრაინამ მეორე რიგში გადაინაცვლოს.

- ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოში გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. როგორია თქვენი მოლოდინები - შევძლებთ თუ არა ამ მნიშვნელოვანი და ძალზე რთული პროცესის მშვიდობიანად დასრულებას?

- ჩემი აზრით, საქართველოში სამართლიანი არჩევნები დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არ ჩატარებულა. ეს არჩევნებიც ჩატარდება ძველებურად, დარღვევების ფონზე. მთელი პრობლემა ის არის, ამ დრომდე დასავლეთის მხრიდან რიგ პრობლემებზე თვალს ხუჭავდნენ; ვფიქრობ, რომ ახლა დასავლეთი უფრო მახვილი და კრიტიკული თვალით დააკვირდება ამ პროცესს. პოლიტიკური გარემო ნამდვილად არ არის სახარბიელო: პოლიტიკური აქტორები დღის წესრიგს ვერ ქმნიან, ოპოზიცია ისევ დაბნეულია, საარჩევნო კაპმანია აქტიურ ფაზაში არ შესულა... ვნახოთ, აწი რა იქნება.

- ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კონფიგურაციის დალაგების პარალელურად, სამოქალაქო ორგანიზაციებიც იქნება. სულ ცოტა ხნის წინ ხათუნა ლაგაზიძემ, ლელა ჯეჯელავამ, გიორგი რუხაძემ, ლაშა ძებისაშვილმა და ივა ჭყონიამ სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა" დააფუძნეს. როგორ ხედავთ ასეთი ორგანიზაციების როლს წინასაარჩევნო პროცესში?

- ნებისმიერი ასეთი ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო დღის წესრიგის შექმნა და საგარეო პოლიტიკის ანალიზია. მათ რეალურად უნდა დაანახვონ საზოგადოებას, რა მოხდება, თუ ქვეყანა საგარეო კურსს შეიცვლის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდატეხის შემტანი წინასაარჩევნო პროცესში.

ხათუნა ბახტურიძე