„ისეთი მუხტი მოდიოდა მისგან, რომ მონუსხულები ვიყავით“
მისი შემოქმედების დასახასიათებლად მხოლოდ აღფრთოვანების ეპითეტები შეიძლება გამოვიყენოთ. რას იხსენებენ მისი მეგობრები და როგორ განიცდიან ქალბატონი ლიანას გარდაცვალებას?.. გვესაუბრებიან კონსერვატორიის პროფესორი, ქალბატონი ლიანას ბავშვობის მეგობარი ნოდარ ჟვანია და ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი, რომელიც თავის თავს თაყვანისმცემელ-მეგობარს უწოდებს.
ნოდარ ჟვანია:
- ლიანას ბავშვობიდან ვიცნობ და მთელი ცხოვრება ვუსმენ, როგორც კი ხელში ვიოლინო აიღო... იმ დღიდან იყო გენიოსი. როცა გახდა სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, რამდენიმე წლის შემდეგ გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში დაიდო ბინა ამ მართლაც სასწაულმა ორკესტრმა. ლიანამ ჩვენ (სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი) მიგვიწვია სამუშაოდ 1993 წელს. ხანდახან ისე მიტაცებდა მისი მოსმენა, რომ ზეპირად ვუკრავდი. ჩვენ ბევრს დავდიოდით გასტროლებზე როგორც ორკესტრთან ერთად, ისე დამოუკიდებლად (ასეთი კონტრაქტი გვქონდა). ყოფილა შემთხვევა, როცა ლიანას სოლო და ჩვენი კონცერტები ემთხვეოდა ერთმანეთს, ამიტომ ბედნიერება მქონდა მისთვის ცალკე მომესმინა, მაგალითად კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში... ეს იყო სასწაული. როცა სიბელიუსის კონკურსის ლაურეატი გახდა, ჩვენ კვარტეტს გასტროლი ჰქონდა ტალინში. გამარჯვებული ლიანა ჩამოვიდა ტალინში და ესტონეთის ორკესტრთან ერთად დაუკრა სიბელიუსი - მსგავსი არაფერი მომისმენია, ეს იყო მოვლენა, აი, ეს არის ღმერთისგან ნაბოძები ტალანტი! ლიანას ყველა კონცერტი - სოლო თუ ორკესტრთან ერთად, გადატენილ დარბაზებში ანშლაგით ტარდებოდა. მართლა საოცრებებს აკეთებდა. რეპეტიციაზე რომ მოვიდოდა და ხელს აsწევდა, ისეთი მუხტი მოდიოდა მისგან, რომ მონუსხულები ვიყავით და შეგრძნება გვქონდა, თითქოს ბოლოჯერ ვუკრავდით. ძალიან დიდი ძალის მქონე პიროვნება გახლდათ.
დღე არ გავიდოდა ლიანას პურ-მარილის გარეშე. ძალიან კარგი ქმარი ჰყავდა, განათლებული კაცი იყო თამაზ ჩაჩავა, რომელმაც ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა და გვეპატიჟებოდა, ნამდვილად გემრიელ ხაჭაპურს აკეთებდა. ლიანას დასვენება მე არ მინახავს, სულ მომართული იყო: ან ტელეფონზე საუბრობდა, ან კონცერტებს აკეთებდა, ან წერდა, ან ახალ რამეს სწავლობდა... მუდმივად ჰქონდა ახალ-ახალი იდეა. თავის ფესტივალებზე ჩამოჰყავდა ცნობილი მუსიკოსები იური ჟისლინი, ივან მონიგეტი... ლიანაზე გიჟდებოდა გერმანელი დირიჟორი კურტ მაზური. მე და ლიანა ბოლოს ვიყავით ერთად „ღამის სერენადებზე“, რომელიც ჯერ გონიოში ტარდებოდა და მერე გადავიდა ბათუმში. ბოლო დროს ჩამოაყალიბა ჯგუფი „ვირტუოზები“, ახლაც არსებობს, სადაც გააერთიანა თავისი კოლეგების შვილები. სულ უნდოდა, რომ რაც შეიძლება ბევრგან დაეკრა.
იყო გულკეთილი, სიკეთით სავსე, სულ ვიღაცას ეხმარებოდა. გერმანიაში რომ ჩავედით, კვარტეტისთვის პირველი წელი არც ისე ადვილი იყო და ყველანაირად გვეხმარებოდა. ერთხელ ინგლისში მივდიოდი, უნდა დამეკრა ინგლისელ მევიოლინესთან ერთად და ლიანას ვთხოვე, იქნებ ჩემთან ერთად გაიარო რეპეტიცია-მეთქი. ნოდარიკო მოდიო, გულიანად მითხრა. დაკვრის დროს ისეთი ფრაზა გააკეთა, რომ თვალები შუბლზე ამივიდა. ასე ხშირად ხდებოდა ორკესტრთან ერთად რეპეტიციის დროსაც. ლიანა, იცით, როგორი იყო? არასდროს მეორდებოდა, გაივლიდა რეპეტიციას, ვთქვათ ჩაიკოვსკის კონცერტს, გავიდოდა სცენაზე და აბსოლუტურად სხვანაირი მუზიცირება ჰქონდა. ნოტებს კი არ ცვლიდა, სხვანაირ ინტერპრეტაციას აკეთებდა. მაგიტომ იყო გენიოსი, მას ვერავინ შეედრება. განსხვავებული იყო იმითაც, რომ არაფრის ეშინოდა, ბევრს ეწეოდა, მანქანას ძალიან სწრაფად ატარებდა...რაც სიამოვნებდა, იმას აკეთებდა. ერთხანს გიტარაზეც უკრავდა...
მეუღლის გარდაცვალება მივუსამძიმრე და დაკრძალვის წინადღეს მასთან სახლში მივედი, თვითონ მთხოვა, შეუძლოდ იყო. მომიყვა, როგორ დაუკრა პანაშვიდის დროს ტაძარში, სადაც მისი თამაზი ესვენა, მერე მითხრა: გინდა რამე დავუკრაო? და იგივე ნაწარმოები ბახის „ჩაკონა“ - ძალიან ძნელი, გენიალური და საკმაოდ დიდი, თავიდან ბოლომდე დამიკრა. ეს იყო განუმეორებელი... მას მერე ლიანასთვის აღარ მომისმენია, შემდეგ მისვლაზე მითხრა, აღარ ვუკრავო. ძალიან მწყდება გული, რომ დაიჩაგრა და ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, ბოლო რამდენიმე წელი ავადმყოფობდა. ახლობლები - ძმისშვილი გიგა ისაკაძე და მოძღვარი გიორგი ჩაჩავა არაფერს აკლებდნენ, მაგრამ მისი უძლურება გულისმომკვლელი იყო. ის მარტო საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს დააკლდა.
საბა მეტრეველი:
- ამ ქალბატონის გასაოცარი ქარიზმის ქვეშ ბავშვობიდან ვიზრდებოდი. მსგავსი ქარიზმატული და მსმენელისთვის გადამდები, ასეთი ემოციის მქონე მუსიკოსი, მე არ შემხვედრია. ის იყო მუსიკის ქალღმერთი. როცა პირველად ტელეეკრანიდან მისი შესრულებით მუსიკალური ფრაგმენტი ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი არსება აივსო ამ ხელოვნებით. თუ დღემდე მიყვარს კლასიკური მუსიკა, თუ შემიძლია განსაკუთრებით კამერულ მუსიკას მოვუსმინო და მართლაც ღმერთების საუფლოში ვიყო (ამას ზოგადად კლასიკური მუსიკა ანიჭებს ადამიანს), ეს უპირველესად ლიანა ისაკაძის დამსახურებაა. განუზომელი ფანტაზიის მქონე ნიჭიერებით საოცრებებს ახდენდა, რითაც ბედნიერებას ჩუქნიდა სხვებს. ის დაიბადა იმისთვის, რომ დღესასწაული შეექმნა სცენაზეც და ცხოვრებაშიც.
ამბობდა, ბავშვობაში ვუნდერკინდს მეძახდნენო და ეს სიტყვა სძულდა. ერთნაირად ემოციური იყო სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მას შეეძლო ხშირად ცრემლით გამოეხატა აღტაცება, სიხარული... როცა შეაქებდი, ჯერ ხომ სირცხვილით დაიწვებოდა, მერე ცრემლებიც გამზადებული ჰქონდა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ როცა საქართველოში ჩამოდიოდა, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. გამორჩეულად მახსოვს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში აჟღერებული „წელიწადის დრონი“, სადაც ჩართო ზინა კვერენჩხილაძე. ეს იყო ორი დიდი ხელოვანის შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს ჰგავდნენ აღნაგობით, ფსიქიკით, განცდის რეგისტრით. ის საახალწლო საღამოები სრულიად უნიკალური იყო.
ლიანა ისაკაძეს 70 წლისთავთან დაკავშირებით ჰკითხეს: საკუთარ თავს რას უსურვებდითო? მან უპასუხა, - „მინდა დავრჩე ასეთივე ბავშვი, როგორიც ახლა ვარ“. მართლაც, თავისი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ დაკარგა ბავშვობა. გამორჩეული სიწმინდის, ბავშვურად მიამიტი და გულუბრყვილო პიროვნება გახლდათ. იმდენად არაპრაგმატული იყო ყოფით ამბებში, რომ ვერაფერს ახერხებდა, არ გამოსდიოდა. ვერავინ წარმოიდგენს ლიანა ისაკაძეს, რომ სამზარეულოში ხაჭაპურს აცხობდეს. მიამიტობის მაგალითს მოგიყვანთ. "ფეისბუკზე" გავუგზავნე ჩემი წაკითხული ლექსი, ჟუჟუნა შაინიძის „დავაგვიანე“, რომელსაც ფონად დავადე ვიოლინოს შესრულება და ვეკითხები: ქალბატონო ლიანა, ვიოლინოზე თქვენ ხომ არ უკრავთ-მეთქი? მოუსმენია თავიდან ბოლომდე და მეუბნება: მე არ ვუკრავ, მაგრამ ლექსზე გავგიჟდი, ჩემი სახელიც რომ არის ნახსენებიო. იქ იყო ასეთი სტრიქონები „მზე ჰკოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს,/ სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე“. ლიანები ყვავილებია და იმან თავის თავს დაუკავშირა, ამიტომ ბავშვივით აღტაცებული იყო.
მისი არაჩვეულებრივი მეუღლე როცა გარდაიცვალა, ლიანა ისაკაძემ თავისი კარიერა და ცხოვრება დაამთავრა. მეორე მსგავსი შემთხვევა მე არ მახსენდება. მისი სიცოცხლე გაგრძელდა, მაგრამ ცხოვრება დასრულდა. ჩემთვის დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა იმიტომ, რომ ამ სულიერი წყობის და ამ ემოციის ადამიანისგან ეს იყო ლოგიკური დასასრული. მას ასეთი სიყვარული და ერთგულება შეეძლო. დარჩენილი სიცოცხლე თამაზის გარეშე ტანჯვად ექცა. იმ ტრაგედიის შემდეგ ლიანა ისაკაძემ სამჯერ დაუკრა: პირველად მეუღლის პანაშვიდზე ეკლესიაში, მერე თამაზის საფლავზე და ერთხელ სიონში, არ მახსოვს ვინ იყო გარდაცვლილი პიროვნება.
მაყურებელი ვერ დაივიწყებს ლიანა ისაკაძის განუმეორებელ სიცილს, რომელიც თან ახლდა მისი შესრულების ბოლო ბგერას. ის მაშინ ღმერთს ეკონტაქტებოდა, მას უღიმოდა. მუსიკა მისთვის იყო ღმერთთან დიალოგის შესაძლებლობა. და როცა ეს ყველაფერი დამთავრდა ლიანა ისაკაძის გარდაცვალებით, დღესასწაული კლასიკურ მუსიკაში ჩემთვის დასრულდა. მთელი ის დღეები ტირილში გავატარე. დაკრძალვის მეორე დღესვე მის საფლავზე წავედი და ხმით ვიტირე, ამის შესაძლებლობა ეკლესიაში არ მქონდა, ძალიან მიმძიმს მასზე საუბარი... და მაინც მგონია, რომ ფარდა გაიხსნება, სცენაზე გამოვა მუსიკის ჯადოქარი ლიანა ისაკაძე და კიდევ ერთ დღესასწაულს მოუწყობს მაყურებელს...
სოციალურ ქსელში ლაშა ჟვანიამ (დიპლომატი, პოლიტიკოსი) ემოციური პოსტი მიუძღვნა ლიანა ისაკაძეს. გთავაზობთ ამ ტექსტს:
"გენიოსის ამ უკანასკნელ შესრულებას სამი დღეა და ახლაც, ამ სიტყვების წერისას, განუწყვეტლივ ვუსმენ… 2017 წლის მარიამობის დღეს, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის გუმბათქვეშ დასვენებული მეუღლის ცხედართან უკიდეგანო მოთქმის და გლოვის ამოძახილის მუსიკით ზეცამდე აღყვანილს… განწირულად მომტირალს ვთხოვე, ვიოლინო აეღო და თამაზისთვის „ჩაკონა“ შეესრულებინა. სრულიად უმწეო, უსუსური და უიმედო ბავშვივით უსიტყვო, გულის გამაპობელი ქვითინი შეწყვიტა, სასვენთან მივიდა და ვინც ბოლომდე მოუსმენთ - დასასრულს ამბობს: „ვსიო“ (დასრულდა) იცინის და ზურგს გვაქცევს. ეს მინიშნება იყო, რომ ჩვენი თანამედროვეობის ბუმბერაზი დიდ სცენას და მისი შემოქმედების მოყვარულთა დიდ არმიას ემშვიდობებოდა და ღვთისაგან ჯერ არ გამწესებულმა, მარადისობასთან უფრო ადრე შერწყმის სურვილით, მატერიალური სამყაროს წინაშე საკუთარი დიდი სცენის ფარდა ჩამოიფარა.
ერთხელ, ვახშმისას, სიჩუმე ხანგრძლივად გავანებივრეთ და აღმოხდა: „დედა, რა კარგი იყო ეს! როგორ ვერიდებით და გვეუხერხულება სიჩუმე, მაშინ, როცა ამ დროს ყველაზე კარგად ხდება ადამიანებს შორის ენერგეტიკის გაცვლა და ურთიერთგაგება“. ამიტომ, აქ შევჩერდები - დამტირებლის გარეშე დარჩენილ, საკაცობრიო მნიშვნელობის ვირტუოზთან მრავალმეტყველებით გამომშვიდობებას მისივე შესრულებული მუსიკის მოსმენა სჯობს.
თუკი კაცობრიობას ღმერთის ერთ-ერთ სინონიმად „შემოქმედი“ დაგვიდგენია, არც იმის თქმა მემკრეხელება, რომ შენ ბევრისთვის სცენის და მუსიკის ღმერთი იყავი და დარჩები ჩვენს მეხსიერებაში, როგორც სცენაზე მოარული ბობოქარი ენერგია და ვირტუოზული სრულყოფილება.
მადლობა, უბადლო გენიოსო, ეულო, უიღბლო, წესიერო, ყრმასავით სუფთა სულის მატარებელო, კარგო ადამიანო და ერთგულო მეგობარო! მჯერა, შენ მიერ წმინდა პანტელეიმონის გუმბათში ღვთიური ნიჭით აშვებული ბგერათა წყობა, დღეს დილით შენს ნაწამებ ცხედარს უკან დაებერტყება და შენს სპეტაკ სულს მარადისობაში სალბუნად გაჰყვება! მშვიდობით! სიჩუმეში მოუსმინეთ… ბოლომდე დალოცვაც მიაყოლეთ დიდი ლიანას სულს!"
ნანული ზოტიკიშვილი