უბედურების მომტანი ნივთიერებები
ისევ თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები და ამას ჩვენი რესპონდენტიც ადასტურებს. გიორგი ნარკომომხმარებელია. წლებია კლუბურ ნარკოტიკებს მოიხმარს. იმასაც ადასტურებს, რომ ბოლო დროს მისი ბევრი ნაცნობი გარდაიცვალა ოპიოიდების ზედოზირებით. არც იმას მალავს, რომ ძალიან დაბინძურებული ნარკოტიკები იყიდება ყველგან და ამიტომ მომხმარებლებს ურჩევს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ...
გიორგი:
- ბაზარზე ძალზე დაბინძურებული ნარკოტიკები იყიდება და ამიტომ ყველას ვურჩევ, ტესტირების გარეშე არ გამოიყენონ ეს ნივთიერებები. პირადად მე, ყოველთვის ვამოწმებ. ვარ რეგისტრირებული "მანდალაში", ვტესტავ და ამის შემდეგ ვიყენებ. თან მაქვს ყოველთვის ნალოქსონიც და ზედოზირების დროს ადამიანებს ბევრჯერ დავხმარებივარ. პირადად მე, მეტადონის მომხმარებელი არ ვარ, არც ჩემი მეგობარი იყო ე.წ ქუჩის მეტადონის მომხმარებელი. არ ვიცი, რა ვითარებაში შეიძინა, სად და ვისთან ერთად მოიხმარა, მაგრამ ფაქტია, ზედოზირებით გარდაიცვალა. როცა ექსპერტიზა ჩაუტარდა ცხედარს, დადასტურდა, რომ მეტადონის კრისტალი ჰქონდა მიღებული. ოღონდ, აქ საუბარი არ არის სამკურნალო მეტადონზე, ვსაუბრობ ქუჩის მეტადონზე. შეიძლება გარეული იყო კოკაინში, "მდმ"-ში ან ნებისმიერ სხვა სუბსტანციაში და ამისგან გარდაიცვალა.
მეტადონის და საერთოდ, ოპიოიდების მომხმარებელი არ იყო, მხოლოდ სტიმულატორებს, კლუბურ ნარკოტიკს იღებდა. ქუთაისში მოიხმარა და სამწუხაროდ, ზედოზირებით გარდაიცვალა.
- როგორ ყიდულობთ ნარკოტიკებს?
- ინტერნეტით ხდება შეძენა: კონკრეტულ ლოკაციაზე დებენ, ურიცხავ ფულს და მითითებული ადგილიდან იღებ. როგორც გითხარით, დატესტვის გარეშე არ მოვიხმარ, ეს წესად ვაქციე და ამას ვურჩევ ყველას. მეც მომხმარებელი ვარ, ოღონდ კრისტალის - არა, კლუბური ნარკოტიკის. ჩემი მეგობარიც გაფრთხილებული მყავდა, რომ მოხმარებამდე აუცილებლად შეემოწმებინა. ეტყობა სახლში მოიხმარა და გარდაიცვალა. ზედოზირებისას სასუნთქი გზები იხურება, ადამიანს აქვს სუნთქვის უკმარისობა, პულსი უვარდება და ასე, ძილში იპარება.
- პირადად თქვენ, კლუბურ ნარკოტიკებს იოლად ყიდულობთ?
- ვინც მოიხმარს, მათთვის ადვილია ნებისმიერი ნარკოტიკის შეძენა. ძირითადად ინტერნეტით ვყიდულობ. ერთადერთი, ვერ ვიტან, როცა არასრულწლოვნები ყიდულობენ, ამაზე მაქვს საშინელი რეაქცია. არადა, ძალიან ბევრი არასრულწლოვანი მოიხმარს. ამას რომ ვიგებ, აგრესიული ვხდები, ამიტომ ისინიც თავს მარიდებენ.
- თქვენ როდის დაიწყეთ მოხმარება?
- არასრულწლოვნობიდან არ დამიწყია... მოვიხმარ მხოლოდ კლუბურ ნარკოტიკს, არ ვეკარები ოპიოიდებს. ჩემი მეგობარიც რომ ყოფილიყო მეტადონის მომხმარებელი, არ მოკლავდა, რადგან როცა ტოლერანტობა მაღალი გაქვს, ის არ გკლავს. მომხმარებლის ორგანიზმი შეჩვეულია და უძლებს. კლუბურს ძირითადად გართობისთვის იყენებენ, მაგრამ ისიც ძალიან ხშირად, დაბინძურებულია ოპიოიდებით, ამას მერე ორგანიზმი ვერ უძლებს, ცუდად ხდებიან და ხშირად, იღუპებიან კიდეც. ვინც კლუბურს მოიხმარს, იმან ოპიოიდების 40%-ც რომ მოიხმაროს, ამან შეიძლება ზედოზირება გამოიწვიოს. საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს, როცა პირველად მოიხმარ, მაშინაც.
- ზედოზირების დროს ნალოქსონს იყენებთ?
- კლუბური ნარკოტიკის დროს ნალოქსონი ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ როცა ნივთიერება ოპიოიდებითაა დაბინძურებული, მაშინ ნარკანი ერთადერთი გამოსავალია და მომენტალურად აცოცხლებს ადამიანს. გიშველის აუცილებლად. მე მაინც დამაქვს სულ. მაგალითად, ვიყიდე "მდმ", ასეთ დროს ადამიანი ეგზალტირებულია, ცეკვა უნდა, მოძრავია, კომუნიკაციაში შედის სხვა ადამიანთან და უნდა სულ აქტიური იყოს. თუ შეამჩნევ, რომ მოიხმარა და ამ დროს უცებ იძინებს, უნდა იფიქრო, რომ ოპიოიდია. ამ დროს გამიკეთებია ნარკანი და გადამირჩენია ზედოზირებისგან. გამოცდილი რომ ვარ ამ საკითხში, იციან და მომმართავენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა დაურეკავთ, გავქცეულვარ და დავხმარებივარ. თუ ამოწმებ, მაშინ დაზღვეული ხარ და ვურჩევ ყველას, წინასწარ შეამოწმონ, რას იკეთებენ.
- ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია?
- ფასები მუდმივად მერყეობს. გააჩნია, რომელ ნივთიერებას გულისხმობთ. ე.წ ქუჩის მეტადონის ერთი გრამის ძალიან ძვირია, მაგრამ ძალიან ცოტაა საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მოკლას. ამ დოზას რომ იყიდიან, მერე ის ბევრზე იყოფა. ფენტალინიც არის ბაზარზე, რომელიც ჰეროინზე 50-ჯერ ძლიერია და მეტადონზეც, საშინელებაა. ბოლო დროს აქტუალურია მეტადონის კრისტალი და მიუხედავად იმისა, რომ იციან, რა რისკს შეიცავს, მაინც მოიხმარენ.
- თუ გიცდიათ მიტოვება?
- ჩემთვის ეს გართობის წესია, ზოგი ღვინოს სვამს და ასე ქეიფობს. ჩემთვის ალკოჰოლი უფრო მავნებელია. ჩემს სამეგობროში ყველა კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელია. მეტადონი ადრე მეც მაქვს გასინჯული, მაგრამ მაშინ ვიცოდი, რას ვსინჯავდი. ვფიქრობ, ჩემმა მეგობარმა არ იცოდა მეტადონს რომ მოიხმარდა, თორემ თავს გადაირჩენდა.
- რა სიმპტომები აქვს ამ დროს მომხმარებელს?
- ხარ მოდუნებული, უფრო გაწელილად ლაპარაკობ. ყველას ვეუბნები, შეამოწმონ რას იკეთებენ, მაგრამ ვიცი ასეთი ფაქტიც: დატესტეს "მანდალაში" ნივთიერება, აჩვენა, რომ რაღაც პროცენტი გარეული იყო და ურჩიეს გადაყარეთო, მაგრამ არ გადაყარეს. 300 დოლარი რომ აქვთ მიცემული, გადასაყრელად ენანებათ. მოიხმარა ის ნივთიერება და ცუდად გახდა, მაგრამ "მანდალას" წარმომადგენლებმა გადაარჩინეს, რადგან ჰქონდათ კომუნიკაცია და ნალოქსონით გამოიყვანეს მდგომარეობიდან. 10 წუთში აბსოლუტურად ფხიზელი ხდება ადამიანი ამ ნემსის შემდეგ. რაც უფრო სწრაფად გაიკეთებ, უკეთესია. მხარში, კუნთში კეთდება და ზედოზირებულ ადამიანს არც კი ახსოვს, რომ რამდენიმე წუთის წინ იხრჩობოდა, პულსი არ ესინჯებოდა და საშინელ დღეში იყო... ჩემს მეგობრებს ბევრჯერ ჰქონიათ ოპიოიდების ზედოზირება. ზოგადად რთულია შეძენაც, რადგან შეიძლება ერთი გრამის გამო მთელი ცხოვრება ჩაგსვან ციხეში. მაგასაც ხომ უნდა სიფრთხილე. როცა ასეთი შიშია და იმის რისკია, რომ დაგიჭერენ, მერე "სასწრაფოსაც" არ ურეკავენ ზედოზირების დროს. მაგალითად, მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე 12 წლით გამიშვან ციხეში და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიძახებ "სასწრაფოს". იმის იმედად დავრჩები, რომ იქნებ არ მოვკვდე. პირობითი სასჯელი მქონია. ჩემი მეგობრებიც მჯდარან ციხეში. ციხე არ არის გამოსავალი, ვინც გამოდის იქიდან, ყველა ისევ უბრუნდება ნარკოტიკს, რადგან მათი ფსიქიკა ასეა ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ, არაფერს ვაშავებ, სხვა მხრივ კანონი არასდროს დამირღვევია, არაფერი მომიპარავს. თუ ნარკომანი ხარ, ჰგონიათ, რომ შეიძლება შენ როიალი მოიპარო და წამალი იყიდო, ასე არ არის. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ მინდა, სახელმწიფომ ამის გამო 12 წელი მომისაჯოს. ციხის ყველას ეშინია, ამიტომ რისკზე მიდიან და შეგნებულად არ იძახებენ "სასწრაფოსაც". 35 წლის ვარ. ჩემზე უფროსმა თაობამ იცოდა მარტო მოსაწევი და ჰეროინი. მოსაწევს ყველა მოიხმარს და ახლა 80 სახეობაა ნარკოტიკების, ძალიან მრავალფეროვანია ბაზარი და ყველაფრის შეძენა შეგიძლია, ოღონდ ის რისკია, რომ შესაძლოა იყიდო სულ სხვა რამ. ამიტომ უნდა დატესტო და ისე მოიხმარო. ოპიოიდებით ზედოზირების დროს დარეკვასაც ვერ ასწრებ, ჩემი მეგობარიც გაითიშებოდა. ცუდად ვარო, ეს შეგრძნებაც არ აქვს ამ დროს და მერე თრომბისმაგვარი გვამური შავი ლაქები უჩნდება ცხედარს. სასუნთქი მილები ეკეტება, გული უჩერდება.
- მკურნალობის პროგრამები არსებობს, არ გიცდიათ ამ გზით თავის დანებება?
- პროგრამაში ჩართვა 4000-5000 ღირს და არავის აქვს ამის საშუალება. როცა ყოველდღე უწევს ადამიანს იმაზე ზრუნვა, რომ ცუდად არ გახდეს, ჯერ ეწყებათ საშინელი დეპრესია და მეორე, მესამე დღეს უკვე ცუდად ხდებიან: ციებ-ცხელება აქვთ, მთელი სახსრები სტკივათ, ვერ იმორჩილებ სხეულს, ვერ ერევი ტკივილს. ხელი რომ გაგეჭრება, რაღაცას უშველი, მაგრამ ამ ტკივილს ვერ იყუჩებ ვერანაირად. მოუსვენრობა გიპყრობს. სურდო, ფაღარათი, ჰაერის უკმარისობა, არითმია გეწყება. გულის რითმის დარღვევა იცის ე.წ. ლომკამ. რომც გინდოდეს, ვერ "გადააგდებ" ამ ყველაფერს. პროგრამაში ვინც არის, მათ ტრამადოლს უკეთებენ, რაც მორფზე ძლიერია. მას იმიტომ უკეთებენ, რომ ტკივილი "გაუჩერონ"...
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ზედოზირებით ნაცნობი არ ჰყავს გარდაცვლილი. შარშან, ნიუ-იორკში ძმები და მათი ერთი მეგობარი გარდაიცვალნენ. სამი ცხედარი ჩამოასვენეს. ყველამ იცის, რომ ამფეტამინის გამო მოხდა ეს, მაგრამ ოჯახი ამბობდა, გაზმა გაჟონა და მოიწამლნენო. კიდევ, დები გარდაიცვალნენ, ძალიან პატიოსანი ადამიანები, საერთოდ ვერავინ იფიქრებდა მათგან ნარკოტიკის მოხმარებას. მოიხმარეს კლუბური ნარკოტიკი და... მანდაც ფენტალინი იყო გარეული. ოჯახები მალავენ ამ ყველაფერს და ესეც სტიგმის ბრალია. ბევრი ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკით, მაგრამ უთქვამთ, გულმა უმტყუნაო. ასეთი ლეგენდები იყო ჩემს ბავშვობაში: ნარკომანები ყველაფერს იპარავენ, წამალი რომ იყიდონო. არადა, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სახელმწიფო აგდებს მათ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ შეიძლება ისე ცუდად გახდეს, კრიმინალი ჩაიდინოს. მე კანონმორჩილი ვარ, მაგრამ ვითვლები კრიმინალად და რისკის ქვეშ გახლავართ, შეიძლება დამაკავონ და 12-წლიან "სროკზე" გამიშვან. ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ ამ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, მაგრამ ახლა პირიქით ხდება და ყველას თვალში კრიმინალი ხარ...
თეა ხურცილავა