თავგასული მოსამართლეები და "გლობალური ჭამის პარტია"
ანუ ის მოსამართლეები, რომლებიც ჯერ ადეიშვილს და სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახლა კი ივანიშვილის რეჟიმს ამაგრებენ. ეს ფაქტიც კარგად აჩვენებს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი იდეა ან პრინციპები კი არაა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამისთვის ეშმაკსაც შეეკვრება. პირველი ეშმაკი, რომელსაც ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეეკრა, სწორედ ეს კლანი იყო მურუსიძე-ჩინჩალაძის მეთაურობით. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს, ადეიშვილის ერთ აწეულ წარბზე ცახცახებდნენ, ახლა კი ისეთი ძალაუფლება აქვთ, რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ.
მათგან შემოთავაზებული ბოლო ამბავი ასეთია: კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს უფლება იუსტიციის საბჭოში ერთი ადამიანი დანიშნოს. პრეზიდენტმა დანიშნა კახა წიქარიშვილი, რომელიც კლანის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მათ ხელს მაინც ვერ შეუშლიდა (კლანს საბჭოში საკმარისი ხმები აქვს); ერთადერთი, შეეძლო მათთვის დისკომფორტი შეექმნა, ეყვირა, ეჩხუბა, როგორც ადრე ამას ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აკეთებდნენ. ჰოდა, კლანი ადგა და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ვიღაც ტიპს (მის სახელს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს), მათსავე დაქვემდებარებულ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებინა ეს ამბავი. გამოიცანით, რა ქნა საქალაქო სასამართლომ? პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა განხილვის დასრულებამდე და ამასთან, პრეზიდენტს აუკრძალა ახალი კონკურსის გამოცხადება. საქმე, ბუნებრივია, ოქტომბრამდე არ განიხლება, ოქტომბერში კი სალომე ზურაბიშვილს ვადა ეწურება, იმედი აქვთ, "ოცნება" გაიმარჯვებს და მორჩილ პრეზიდენტს დანიშნავს.
ანუ ტიპებს ისიც არ უნდათ, რომ უბრალო დისკომფორტი შეექმნათ და ამის გამო გაუგონარ უკანონობაზე მიდიან: პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას უზღუდავენ. კონსტიტუცია ცალსახად ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტს ერთი ადამიანის დანიშვნის უფლება აქვს და ვისაც უნდა, იმას დანიშნავს, ეს მისი გადასაწყვეტია; შეუძლია კონკურსიც არ გამოაცხადოს და ვინც გაუხარდება, ის წარადგინოს, ამათ კი ეს უფლება გაუჩერეს. კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს. და რის გამო? რომ საბჭოში მშვიდად იყვნენ და სიმართლის გამომტანი ერთი კაციც არ იყოს იქ.
ხელისუფლება რომ შეიცვლება (როცა შეიცვლება), ყველაზე მკაცრად პასუხი მოსამართლეთა კლანს უნდა მოეთხოვოს. ისინი არიან პირველი მუხრუჭი დემოკრატიის და ყველა ავტორიტარული ხელისუფლების საყრდენი. მაგალითად, ისევ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ორი ახალგაზრდა, რომელსაც აქციების დროს პოლიციის კუთვნილი ჯებირის დაზიანება ედება ბრალად და 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის. მერე უტიფრად იკითხავენ, ერთი საქმე მაინც დაგვისახელეთ, სადაც ჩვენმა სასამართლომ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღოო.
უკვე ყველასათვის ცხადია, "ქართული ოცნება" ყველაფერზე წავა, ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში საზეიმოდ გახსნეს პარტიის ახალი უზარმაზარი ოფისი და პირდაპირ გამოგვიცხადეს, 12 წელი ხომ ვიყავით და მინიმუმ 12 წელი კიდევ ვიქნებითო. აქ შეუძლებელია არ გაგიჩნდეს კითხვა: რით ვერ გაძეხით?!
ივანიშვილმა პირდაპირ მოითხოვა, არჩევნები დიდი უმრავლესობით უნდა მოვიგოთო და ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე გასცა ყველაზე გულუხვი დაპირება: "ნაციონალურ მოძრაობას" დავამარცხებთ და მერე გავასამართლებთო, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე მთავარი დაპირება იგივეა, რაც 2012 წელს იყო: "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება და მათი გასამართლება. აქაც შეუძლებელია, არ გაჩნდეს კითხვა: რით ვერ გაასამართლეთ?! ამ კითხვაზე ივანიშვილს გადაბრალება გამზადებული აქვს: "გლობალურმა ომის პარტიამ" არ მოგვცა ამის უფლებაო, ანუ აქამდე "გლობალური ომის პარტიის ჭკუაზე" დადიოდა თურმე.
ეს "გლობალური ომის" პარტია მაგარი რამე მოიგონეს. კაცმა არ იცის, ვინაა, სადაა, ამიტომ რასაც გინდა, დააბრალებ. წინადღეს "იმედის" ეთერით გამოვიდა მამუკა მდინარაძე, ისევ ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე ილაპარაკა და განაცხადა: ისეთი რაღაცების თქმა შეგვიძლია, რაც იქნება დიდი სკანდალი. ღმერთმა ნუ ქნას, ლაპარაკმა მოგვიწიოსო. ე, ბიჭო, თუ დასავლეთი დაღუპვას გვიპირებდა, გვითხარი, რას გვიმალავ! იქნებ, მე პირველი გამოვდივარ და ვაგინებ მათ?! ასეთი რამე გაგიგონიათ? ვიღაც დაღუპვას გვიპირებდა და ესენი გვიმალავენ.
P.S. სამაგიეროდ, მე არ დაგიმალავთ არაფერს. იმ ხალხისთვის, ვისაც დიეტის დაცვა უნდა და ნებისყოფა არ ჰყოფნის, კარგი იდეა მაქვს: მოიგონეთ "გლობალური ჭამის პარტია" და ყველაფერი მას დააბრალეთ.