კამალა ჰარისი თუ დონალდ ტრამპი... - გზაპრესი

კამალა ჰარისი თუ დონალდ ტრამპი...

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და რესპუბლიკელებს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: "მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს. მინდა წელს ის ჩვენი პარტიის ნომინანტი იყოს. დემოკრატებო - დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდი, გავაკეთოთ ეს".

ვინ არის კამალა ჰარისი

კამალა ჰარისი, რომლის მხარდაჭერისკენაც პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. "მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ", - განაცხადა 2020 წელს ჰარისმა, როცა ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კამალა დეივი ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში დაიბადა. ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელიც მიზანდასახული და მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით დედის მადლიერია: "ქალი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ჩემს აქ ყოფნაზე, დედაჩემი შამალა გოპალან ჰარისია, მადლობა მას ამისთვის...", - აღნიშნა კამალამ ინაუგურაციაზე. მისი მშობლები - შამალა და დონალდი ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ, როცა გოგონა 5 წლის იყო. ის დედასა და დასთან ერთად არცთუ სახარბიელო უბანში, ბერკლიში ცხოვრობდა, სადაც რასების დესეგრეგაციის კანონის მიღების შემდეგ, სკოლაში სწავლის საშუალებაც მიეცა. იმ პერიოდში ფერადკანიანთა უბნებიდან ბავშვებს ავტობუსებით ატარებდნენ იმ სკოლაში, სადაც ყველას შეეძლო სწავლა, განურჩევლად რასისა. 1986 წელს კამალამ ჰოვარდის უნივერსიტეტი დაასრულა, სადაც პოლიტოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში კამალას მამა სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა, კამალამ თავად აირჩია ჰოვარდის უნივერსიტეტი. სტუდენტობისას აქტივისტებთან ერთად სხვადასხვა საკითხს აპროტესტებდა. მისი პროფესიული კარიერა 1990 წლიდან იწყება, როცა კალიფორნიის შტატში პროკურორის თანაშემწე გახდა. 2003 წელს ის სან-ფრანცისკოს პროკურორად აირჩიეს, საზოგადოების ყურადღება კი მაშინ მიიპყრო, როცა დევიდ ჰილის სიკვდილით დასჯა არ მოითხოვა, რომელსაც პოლიციელის აიზეკ ესპინოზას მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ამ გადაწყვეტილების გამო, მას კალიფორნიის იმდროინდელი სენატორებიც დაუპირისპირდნენ, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, კამალა 2010 წელს კალიფორნიის გენპროკურორი გახდა. ის პირველი ქალი იყო, ვინც ამ პოსტზე აირჩიეს. 2014 წელს კამალა ჰარისი დუგლას ემჰოფზე დაქორწინდა, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა ემჰოფს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. ჟურნალ Fორბეს-ის ცნობით, 2024 წლისთვის წყვილის ქონება 8 მლნ დოლარს შეადგენდა.

2016 წელს კამალა ჰარისი სენატორის არჩევნებში ჩაერთო და პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა, რომელმაც კალიფორნიის სენატორის პოსტი დაიკავა. ის არჩევნებში "დემოკრატიულ პარტიას" წარმოადგენდა. სენატში ტრამპის პოლიტიკის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი. კამალას დემოკრატების პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსთა რიგებს მიაწერენ. ეკოლოგიის დაცვის გარდა, ის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია. მხარს უჭერს მსხვილი ფინანსური ობიექტებისთვის გადასახადების გაზრდას. კამალა უკრაინას ღიად უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის, თუმცა ასე არ ფიქრობენ "დემოკრატები" და მათი მხარდამჭერები. "დიახ, დონალდ ტრამპ, გეშინოდეს კამალა ჰარისის!" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გაზეთი "ინდეფენდენთი", რომელშიც კამალა ჰარისის აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო პერსპექტივის დადებით და უარყოფით მომენტებზეა ყურადღება გამახვილებული. უნდა ეშინოდეს თუ არა დონალდ ტრამპს კამალა ჰარისის, რა შანსია ის "დემოკრატებისთვის", ვინ რა პოლიტიკურ ხაზს გაატარებს რუსეთ-უკრაინის მიმართულებით და კიდევ სხვა ბევრ საინტერესო საკითხებზე გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი, ამერიკის სპეციალისტი თორნიკე შურღულაია გვესაუბრება:

- ბაიდენს საარჩევნო კამპანია აღარ დაუფინანსეს, გააჩერეს. ამერიკაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებენ. როგორც კი გერონტოკრატიის ნიშნები გაჩნდა, მაშინვე შესაბამისი ზომები მიიღეს. იქ არავის მისცემენ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების დაზიანების უფლებას. ამერიკას არა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ ქვეყანას აქვს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც გლობალური ინტერესების მიხედვით მოქმედებს. საწყის ეტაპზე, პრეზიდენტი ბაიდენი თავისი ადმინისტრაციისა და სახელმწიფო სისტემის დახმარებით, როგორღაც ახორციელებდა საკუთარ უფლება-მოვალეობას, მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებით მასსა და ტრამპს შორის გამართული დებატების შემდეგ, ცალსახად გამოიკვეთა, რომ მას აღარ შესწევდა ქვეყნის მართვის უნარი. "დემოკრატებს" აღარ სურდათ ისეთი კანდიდატი ჰყოლოდათ, რომელიც შესაბამის ოპონირებას ვერ გაუწევდა კონკურენტებს. თავად "დემოკრატების" მომხრე ექსპერტებმაც კი, მათ შორის, ჩვენთვის კარგად ცნობილმა ლინკოლ მიჩელმა (ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი) აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბაიდენი ასპარეზს უფრო ახალგაზრდა და ძლიერ კანდიდატებს დაუთმობდა. რაც შეეხება კამალა ჰარისს, ამერიკას ამ დრომდე ქალი პრეზიდენტი არ ჰყოლია (მხოლოდ ჰილარი კლინტონის წარუმატებელი მცდელობა გვახსოვს), თანაც ის სხვა ეთნიკურ რასას მიეკუთვნება. აი, ამ პოლიტიკურ აქტივებზეც აქვთ დემოკრატებს გათვლა გაკეთებული.

- თუმცა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის ვერსიით, ამერიკელ საზოგადოებაში კამალა ჰარისი პოპულარობით არ სარგებლობს. როგორც ვიცი, ბაიდენისა და ტრამპის დებატებიდან 24 საათში "დემოკრატებმა" ოთხი კანდიდატურის განხილვა დაიწყეს, ესენი იყვნენ: კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ჰილარი კლინტონი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე რეალური კანდიდატები არიან გევინ ნიუსომი ან რომელიმე სხვა შტატის გუბერნატორი.

- მე ვერ ვიტყოდი, რომ პოპულარული არ იყო, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ უბრალოდ აქტიური არ გახლდათ პოლიტიკური თვალსაზრისით. ზოგადად, ვიცე-პრეზიდენტს უფრო ცერემონიალური ფუნქცია აქვს - საქველმოქმედო ტიპის ღონისძიებებით უფროა დაკავებული. დიახ, მე ვერ ვიტყვი, რომ კამალა ჰარისი ძლიერი კანდიდატია, რასაც ასევე ვერ ვიტყვი დონალდ ტრამპზე. ფაქტია, ახლა ამერიკას არ ჰყავს ისეთი ძლიერი კანდიდატები, როგორებიც ჯონ მაკ-კეინი და როლანდ რეიგანი იყვნენ.

- თქვენი აზრით, როგორია კამალა ჰარისის შანსები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, რა უპირატესობას ანიჭებს ჰარისს მისი ინდური წარმოშობა და გენდერი?

- სიმართლე გითხრათ, ამ ორ კანდიდატს შორის უპირატესი ტრამპი მგონია. ის უფრო ქარიზმატული, ექსცენტრიკულია და ხალხზე მორგებული პოლიტიკა აქვს. მისი მეხოტბე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რეალობა ასეთია: ტრამპს არჩეული აქვს რეიგანის დევიზი: "ისევ დიადი გავხადოთ ამერიკა".

- თავად ტრამპი მიიჩნევს, რომ კამალა გაცილებით იოლი დასამარცხებელია, ვიდრე ბაიდენი.

- ამერიკელი ხალხი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე ბაიდენის, კამალა კი დიდი ალბათობით, ბაიდენის პოლიტიკურ ხაზს შეინარჩუნებს.

- ეს არ არის გასაკვირი. ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ იყო დაწყებული და ამ ომის შედეგად გამოწვეული პრობლემებიც არ არსებობდა.

- დიახ, მაგრამ ტრამპმა თქვა, ისევ მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, პუტინი უკრაინაში შეჭრას ვერ გაბედავდაო. მან ისიც აღნიშნა, რომ ბაიდენის ადგილას, მოსკოვს დაბომბავდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის ექსცენტრიკული პოლიტიკოსია, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია?! შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რას გააკეთებდა ან არ გააკეთებდა ტრამპი. ასეთი მოცემულობა ბევრს, მათ შორის ჩინეთსაც აიძულებდა მისი ფაქტორის გათვალისწინებას. ხომ ხედავთ, ახლა როგორი გააქტიურებულია ჩინეთი... საქართველოს მიმართაც უფრო აქტიური და მომთხოვნი იყო სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის პრეზიდენტობის დროს.

- ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ "დემოკრატებმა" ტრამპს საარჩევნო კამპანიის გზაზე ნაღმი დაუდეს - ეს არის სასამართლო პროცესი, რომელიც 11 ივლისს უნდა ჩატარებულიყო და 18 სექტემბრისთვის გადააწევინეს. არსებობს ვერსიები, რომლის მიხედვითაც პროცესი მიზანმიმართულად გადადეს, რომ "რესპუბლიკელებმა" ტრამპის დაკავების ან რაიმე ფორმით თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში, საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლა ვერ მოახერხონ და დისკრედიტირებული კანდიდატის ამარა დარჩნენ.

- ტრამპის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, სასამართლო პროცესი არ გადაიდებოდა და ტრამპიც ვერ იქნებოდა ასეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ვიცით, რომ მის სახლში არაერთხელ ჩატარდა ჩხრეკა. ბრალდებები, რაც ამ დრომდე მისი მისამართით გახმაურდა, აბსურდული და რიგ შემთხვევებში, სასაცილოა.

- "ქართული ოცნება" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკას, მაგრამ ღიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპს. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ამერიკასა და ევროპასთან ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაჰბარდება. როგორ გგონიათ, შესაძლებელია ტრამპის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას, ივანიშვილს გაურიგდა?

- ჩემი აზრით, ეს გამორიცხულია. ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არავის და ვერავის შეუთანხმდება. ჩემი ინფორმაციით, კამალა ჰარისი აქტიურ კოორდინაციაშია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ისიც ვიცი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ხისტი და მომთხოვნი იყო "ქართული ოცნების" მიმართ. ტყუილად ნურავინ შეიქმნის ილუზიას, რომ ტრამპი ლმობიერი იქნება ვინმეს მიმართ, ვინც ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა.

- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაასრულებს ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომსაც. ამ განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იმედი გამოთქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინას შეუწყვეტს დახმარებას და ამის შემდეგ ომი დასრულდება. როგორ გგონიათ, რისი იმედი აქვთ რუსებს და სინამდვილეში როგორ შეიძლება დაასრულოს ომი ტრამპმა, თუ რა თქმა უნდა, ის პრეზიდენტი გახდება?

- რუსები იმას ახმოვანებენ, რაზეც ოცნებობენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის იყო კრემლთან კოორდინაციაში, მაგრამ მისთვის ამას ხელი არ შეუშლია, რუსების წინააღმდეგ ემოქმედა. ლავროვის განცხადებები იგივეა, რაც "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".

- თუმცა, დასავლურ პრესაში აქტიურად ვრცელდება სტატიები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ტრამპი და პუტინი გარიგდნენ, ამერიკამ რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, საქართველო და უკრაინა დაუთმოს.

- ტრამპმა თავის დროზე არ დაუთმო პუტინს პოსტსაბჭოთა სივრცე და ახლა რატომ დაუთმობს დასუსტებულ რუსეთს? რას მიიღებს სანაცვლოდ? ნახეთ, როგორ აძლიერებენ ურთიერთობებს სომხებთან. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი რეგიონში საიმედო დასაყრდენს ეძებს? ამერიკის ეროვნული ინტერესები ათწლეულობით არის გაწერილი და ის არ იცვლება პრეზიდენტების ცვლილებასთან ერთად. ამ საკითხზე, პენტაგონიდან დაწყებული, 17 სპეცსამსახური მუშაობს. პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, ამერიკის ეროვნული ინტერესები კი იგივე რჩება. შეიძლება გზები, ინსტრუმენტები იყოს სხვადასხვა, მიზანი ყველასთვის ერთია.

ხათუნა ბახტურიძე