"ილუზიებით არ ვცხოვრობ და მაგრამ ბრძოლას აქვს აზრი"
მენტალურად ის თავს რუსად არ მიიჩნევს და თანამებრძოლებთან ერთად არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე იბრძვის იმისთვის, რომ ერთ დღესაც მისი რეგიონი რუსეთისგან გათავისუფლდება და დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდება.
კალინინგრადი (1946 წლამდე კენიგსბერგი) ამჟამად საპორტო ქალაქია რუსეთში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის, ბალტიის ზღვაზე მდებარეობს. 1945 წელს საბჭოთა ჯარებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს, 1946 წელს კი კალინინგრადი უწოდეს. როგორც ჟურნალ "გზის" რესპონდენტი ამბობს, ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პუტინის რეჟიმმა მოსახლეობის დიდი ნაწილის გარუსება შეძლო, მაგრამ არა ყველასი...
- რუსეთში დაბადებული ბალტიისპირელი ვარ. კენიგსბერგში დავიბადე - იმ ადგილას, რომელსაც რუსეთში კალინინგრადს ეძახიან, თუმცა, რეგიონის საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის, რომ ოკუპირებულია და ამიტომაც ვიბრძვით არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე, ვცდილობთ მსოფლიოს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეგიონი დამოუკიდებელი გახდება...
მესმის, ეს იოლი არ არის, მაგრამ ახლა გაჩუმება ყველაზე დიდი დანაშაულია. ამიტომაც, სადაც ვართ და როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვიაქტიუროთ, რათა ის ჩუმი რყევები, რომელიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს, კი არ მოგუდონ, უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ არ გვსურს რაიმე საერთო გვქონდეს რუსეთთან. საბჭოთა წლებშიც კი, კენიგსბერგის რეგიონის მცხოვრებთა მოთხოვნა თვითგამორკვევის შესახებ არ შეწყვეტილა... რუსული იდენტობის მთავარი ფაქტორი მოსკოვისადმი ლოიალობაა, რაც როგორმე უნდა გადავლახოთ.
კრემლში, რა თქმა უნდა, გრძნობენ საფრთხეს და ბოლო ხანებში ისეთი ადმინისტრაციული და სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოყალიბდა, რომელშიც მოსახლეობის კლების ტემპი მომავლის იმედს გვართმევს.
ჩვენი რეგიონის მოსახლეობა რეგულარულად სტუმრობდა მეზობელ ევროპულ ქვეყნებს: ზოგი სამუშაოსთვის, ბიზნესის ორგანიზებისთვის, ზოგი ტურისტული მიზნებისთვის ან სულაც, შაბათ-კვირას დასასვენებლად.
- კენიგსბერგის რეგიონის მცხოვრებლებსა და რუსებს შორის არსებობს მენტალური განსხვავება?
- დიახ, რასაკვირველია, რუსების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ამ რეგიონის მოსახლეობა დაინტერესებულია ევროკავშირის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობით. რეგიონის მცხოვრებთა 90% რუსეთის სხვა რეგიონებში არასდროს ყოფილა, რამაც განსხვავებული მენტალური გარემო და სპეციფიკური ღირებულებები ჩამოაყალიბა...
ჩვენ, თავისუფალ ერთა ლიგის წევრებს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინელებთან და ზოგადად ყველასთან, ვინც რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ფორმით იბრძვის. ვფიქრობ, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ისტორიის სწორ მხარეს დგომაა, რადგან ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდება და შეიძლება ბევრმა ინანოს, რომ ამდენ უსამართლობაზე ხმას არ იღებდა... მე წარმოვადგენ თავისუფალი ერების ლიგას, რომელიც პერიოდულად მართავს აქციებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ახლახან პიკეტი გაიმართა ბონში. მონაწილეების მოთხოვნაა ბალტიისპირეთის ერების თვითგამორკვევა; ამ ქვეყნების პარტიების სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა რუსეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფარგლებში არსებობა.
- მიზნის მისაღწევად რას აკეთებთ?
- ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პროტესტს ვმართავთ; გვაქვს ჩვენი არხი, სადაც განთავსებულია ვიდეორეპორტაჟები; ვცდილობთ ყველას მივაწვდინოთ ხმა, როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და როგორმე დავანახვოთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს იდეა 1959 წელს, აშშ-ში დაიბადა, რა დროსაც ერების თვითგამორკვევის პროცესი სახელმწიფო დონეზე დაიწყო, რაც მაშინდელი რუსეთის კომუნისტური რეჟიმისთვის მტრული განაცხადი იყო. კარგი ის არის, რომ ამ ინიციატივაში რუსებიც გვიერთდებიან, ყველა არ არის კრემლის პოლიტიკით მოწამლული. როდესაც ვიკრიბებით, სწორედ ამ თემებს მიმოვიხილავთ, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ვმსჯელობთ... რუსების გარდა მონაწილეობენ: ბელარუსები, უკრაინელები, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები. ყველა მათგანს, ფინეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, უდიდესი აგრესია აქვს რუსეთის მიმართ. საბჭოთა რუსეთმა ყველა რესპუბლიკაში დაღვარა სისხლი და რაც მთავარია, მისი დამპყრობლური პოლიტიკა არა და არ სრულდება.
- როგორ ხვდებიან თქვენს პიკეტს ევროპაში?
- სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად... თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქეების უზარმაზარი რიგი დგას - ხალხი ცდილობს მოძალადე რეჟიმს გამოექცეს და თავისუფლად იცხოვროს. ყოველი პიკეტის ბოლოს ჩვენ ვაჟღერებთ მუსიკას - "იმპერიის დასასრული". ილუზიებით არ ვცხოვრობ და ვიცი, რომ ასე ადვილი არ არის ყველაფერი, მაგრამ ბრძოლას აქვს აზრი.
- გჯერათ, რომ რუსეთი დაიშლება?
- უფლება არ მაქვს, არ მჯეროდეს, ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამ პროცესის შემსწრე ვარ. თუმცა, იმასაც ვხედავ, რომ ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის რესურსების დათმობა უჭირს. დიდ უსამართლობას ვაწყდებით - ერთი მხრივ, გვესმის და ვხედავთ ლიდერების გაბრაზებას, მათ გამოსვლებს, მაგრამ იმავდროულად, ისიც ვიცით, რომ მესამე ქვეყნის გავლით, მშვენივრად ურთიერთობენ, სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ, ვაჭრობენ და მეგობრობენ კიდეც. თუმცა, რადგან წარმოშობით იქიდან ვარ, კალინინგრადსა და სხვაგან უამრავ რუსთან მიწევს კომუნიკაცია და ვიცი, რაც შიგნით ხდება. რუბლის კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში ცუდი შედეგები მოუტანა ხალხს, მცირე მეწარმეები ჯერ კიდევ "კოვიდის" დროს გაკოტრდნენ, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ამას ემატება ის, რომ ხალხს სამხედრო კომისარიატებში ძალით მიერეკებიან, ეფ-ეს-ბეს ხალხი ახალგაზრდა ბიჭებზე ნადირობს, ძალზე აქტუალური გახდა ერთმანეთის "ჩაშვება". თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ფულის გამო მიდის ამაზე, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ისინი მოატყუეს, არც მას მისცეს ფული, არც ოჯახს გადაუხადეს კომპენსაცია და დაემუქრნენ კიდეც, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, ცუდად დაასრულებენ...
რუსეთის ლიდერი, სამხედრო დამნაშავე პუტინი უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას და ხალხს. ადგილობრივები საუბრობენ, რომ საშუალო ფენას ძალიან უჭირს, "ზედა", ე.წ. ელიტარულმა ფენამ შეძლო და მოერგო ახალ რეალობას, მესამე ქვეყნის გავლით იღებენ ყველაფერს, რაც სურთ - საკმაოდ მაღალ ფასში, მაგრამ მაინც.
- თუმცა, მთლიანობაში მაინც ითმენენ... უმეტესობა ისევ პუტინს უჭერს მხარს და მის მოწინააღმდეგებს მოღალატედ მიიჩნევს.
- დიახ, ჩვენს რეგიონში 150-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის: უკრაინელები, ბელორუსები, ქართველები... მე ვიცნობ იქ დაბადებულ-გაზრდილ ქართველებს, რომელთაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ, ძირითადად სარესტორნო ქსელები...
როგორც გითხარით, რუსეთიდან ომს უამრავი ადამიანი ევროპაში გამოექცა და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია. ისეთებსაც შეხვდებით, ვინც რუსეთი ვერ დატოვა, მაგრამ შედარებით მიუვალ ადგილებში იმალებიან. არიან ისეთებიც, ვინც რუსეთის რეჟიმისგან თავის დაღწევა შეძლო და ახლა უკრაინაში პუტინის წინააღმდეგ იბრძვის.
ვიცი შემთხვევა, როდესაც უკრაინელი ბიჭი, რომელიც ძალით წაიყვანეს ამ ომში, რაღაც დროის განმავლობაში რუსულ არმიაში მსახურობდა, კერძოდ, ბალტიის ფლოტში და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ნათესავები ჰყავს, იქ საომრად გაუშვეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რუსეთი მართლა ცამდე მართალი რომ იყოს უკრაინასთან, მაინც როგორი ზნედაცემული საქციელია, ადამიანს საკუთარი ნათესავების დასახოცად უშვებდე, მაგრამ პუტინისთვის მიუღებელი არაფერია...
თუმცა, იმ ბიჭმა ერთ დღესაც სამხედრო გემი დაწვა და შემდეგ, "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონს შეუერთდა. ასე გამოხატა საკუთარი პროტესტი. დიდი იმედი მაქვს, სხვებიც შეურთდებიან, თუმცა, ისიც ვიცი, როგორ მუშაობს რუსული რეჟიმი თვითიდენტობის წასაშლელად. ამის მძიმე მაგალითებიც გვაქვს - უკრაინაში კენინსბერგელი უკრაინელებიც იბრძვიან, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში საომრად ფულის გამო წავიდნენ, თუმცა, ამას "პატრიოტიზმად" ფუთავენ, თითქოს არ სურთ უკრაინა პროდასავლური გავლენის ქვეშ მოექცეს და მსგავსი მარაზმი... მაგრამ ბოლო ხანებში უამრავი მოხალისესა და პროფესიონალისგან გაირკვა, რომ ფული არ გადაუხადეს. უამრავი შემთხვევაა, როდესაც არმიის დაღუპული წევრების ცხედრებს კრემატორიუმში იმიტომ წვავენ, რომ ოჯახის წევრებს კომპენსაცია არ გადაუხადონ და ეუბნებიან, რომ სამხედრო პირის ბედი გაურკვეველია, უგზო-უკვლოდაა დაკარგული და ა.შ. ძალიან ბევრის მობილიზება მოხდა სოფლებისა და დასახლებული პუნქტებიდან, მათ შესახებ ოჯახები უშედეგოდ ცდილობენ რამის გარკვევას. ადგილობრივები მიყვებიან, რომ მამაკაცების დეფიციტია, დაახლოებით ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს... კრემლის პოლიტიკა ხომ ასეთია - გაუშვი ომში ხალხი იმ რეგიონებიდან, სადაც "დაძაბულობის სუნი დგას", ასე ორ საქმეს ერთად აკეთებენ: იქ ვითარება განიმუხტება და არმიაშიც რიგები შევსებულია. რუსეთის არმიაში რაც ხდება, საყოველთაოდ ცნობილია - ჩაგვრა, "დედოვშჩინა", ბულინგი...
- თქვით, რომ რეგიონის უკრაინული მოსახლეობა, ზოგი ნებით და ზოგიც ძალით მიდის უკრაინის ომში. ქართველებზე თუ გსმენიათ რამე?
- არა, სიაში დაღუპულთა შორის ქართული გვარები არ შემხვედრია, თუმცა, ვნახე უკრაინული და ბელორუსული გვარები. რას ვიზამთ, რა დალევს მოღალატეებს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ყველას არ შეუძლია ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლოს და პროპაგანდის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეს. პუტინის სამხედრო პროპაგანდისტული მანქანა არაფრით ჩამოუვარდება საბჭოთა კავშირისას, პირიქით, უფრო ძლიერია და წლებია მასების "ტვინის გამორეცხვას" წარმატებით ახერხებს.
ჩვენ ვნახეთ რა შედეგი მოჰყვა ე.წ. პრიგოჟინის ამბოხს, მხარში დაუდგნენ მას, მომხრეები ჰყოლია, მაგრამ როგორც კი გაანეიტრალეს, ეს მხარდაჭერაც გაქრა. არ ვამბობ, რომ პრიგოჟინი კარგი ტიპი იყო, ის და მისი გარემოცვა შეშლილები იყვნენ, მოსკოვის იარაღით აღებაზე საუბრობდნენ, მაგრამ ეს სხვა საკითხია. საქმე ის არის, რომ მის გაქრობას არავითარი გაგრძელება არ მოჰყოლია. შეეშინდათ, თავს უშველეს, დაიფანტნენ და ხალხიც მიჩუმდა.
- ანუ რუს ერში ბრძოლისუნარიანობა ჩამკვდარია?
- უფრო დაჩლუნგებულია, ცალ-ცალკე ცდილობენ თვითგადარჩენას, ცდილობენ სადმე გაიქცნენ, ევროპას ან ამერიკას სთხოვენ დახმარებას... ამიტომ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ, თუნდაც სამხედრო მობილიზაციის გამო, რომლის გარშემოც ყველაზე დიდი პროტესტია, ხალხში მასშტაბური პროტესტი დაიწყება, მაგრამ თუ სწორად ვიმოქმედებთ და ვიაქტიურებთ, შეიძლება ახლა რუსეთის შემადგენლობაში არსებულმა რესპუბლიკებმა გამოიღვიძონ და ერთსულოვნება გამოიჩინონ. მაგალითად, ბაშკირეთი, ჩრდილოეთი კავკასია და სხვა რესპუბლიკები... ეს არ მოხდება ორ-სამ თვეში, მაგრამ საყოველთაო ჩუმად გარუსებას ხმაური მაინც ჯობია, რომ ამ ხალხს ახსოვდეს, ვინ არის სინამდვილეში და პუტინის პროპაგანდამ არ "გადაყლაპოს"...
ლალი პაპასკირი