რას იხსენებს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი
ჩამოვიდა თბილისში და სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად (ოჯახს ასე ჰქონდა გადაწყვეტილი), პოლიტექნიკურს მიაშურა. იმ წელს რატომღაც, ოქროს მედალოსნებს ერთ გამოცდაზე გასვლის უპირატესობა არ მიანიჭეს, ამიტომ 4 საგანი ჩააბარა და უმაღლესი შეფასება - 20 ქულა დაიმსახურა... ელგუჯა მეძმარიაშვილის რეგალიებიდან რამდენიმეს ჩამოგითვლით: სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, აკადემიკოსი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი... ეს უკანასკნელი მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რაც ამ წერილის ძირითადი თემა გახლავთ. წელს 23 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გასვლიდან 25 წელი შესრულდა.
ძირითადი საქმე
- ჩემი ძირითადი საქმეა ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები. თეორიებს, რომლებიც ჩამოვაყალიბე, პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა ჩემს სამხედრო-საინჟინრო დარგში, შემდეგ კოსმოსურ ორბიტებზე და დღესაც, ძირითადად ამ წიგნებს იყენებენ. კარიერის მანძილზე ბევრი კოსმოსური პროგრამა შემისრულებია, ჩემი არაერთი ნაკეთობა გატანილია კოსმოსში - ეს იყო როგორც საიდუმლო, ასევე ღია ლიტერატურაში შეტანილი სამუშაოები. მაგალითად, ცნობილია ჩემი თანამონაწილეობა „სოფორას“ შექმნაში. ორბიტალური სადგური წარმოადგენდა 14,5 მეტრის გრძივ კონსტრუქციას, რომელზეც დამაგრდა რეაქტიული ძრავა. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ რესურსდაცლილი სადგური „მირ“ გაეძლიერებინათ. ის საკმაოდ დიდხანს იყო ორბიტაზე და ყველა ამბობდა, მოძველდაო. ახალი კონსტრუქციის შექმნაში სამი ორგანიზაციის წარმომადგენლები ვმონაწილეობდით: კიევიდან იყო ცნობილი მეცნიერი ბორის პატონი, მოსკოვიდან - კოროლიოვის სახელობის გაერთიანება „ენერგია“ და თბილისიდან - სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო.
კონსტრუქცია „კრაბი“ საგურამოს საცდელ კომპლექსში გამოიცადა, რადგან ის უნიკალური იყო. 35 წელზე მეტი გავიდა საგურამოს კომპლექსის შექმნიდან, დღეს უკვე მისი მოდერნიზაციაა საჭირო. ის თავისი პარამეტრებით არა მარტო მოსკოვის ანალოგიური დანიშნულების სტენდებს აჭარბებდა ან თუნდაც, ვარსკვლავქალაქის ჰიდროაუზს, არამედ ამერიკის საუკეთესო ცენტრებსაც კი იმიტომ, რომ მისი გაბარიტია 40×40×40-ზე, ხოლო ჰიდროაუზში 20 000 მ3 წყალი ჩადიოდა და 21 მეტრი სიმაღლისა იყო. „კრაბის“ გამოცდა მოხდა მექანიკურ სტენდზე, ჩავატარეთ ექსპერიმეტული კვლევებიც და შემდეგ ორბიტაზე გაიყვანა კოსმოსურმა ხომალდმა „პროგრესმა“. კონსტრუქცია იშლებოდა და შედგებოდა მახსოვრობის მქონე მეტალებისგან. ეს რას ნიშნავს? მას დაამზადებ ერთ ტემპერატურზე და მისცემ ფორმას, მერე შეუცვლი ფორმას სხვა ტემპერატურაზე და როცა ძველ ტემპერატურას დაუბრუნებ, ის აღიდგენს ძველ ფორმას.
ოფიციალურად ჩაწერილია ევროპული კოსმოსური სააგენტოს ცნობარში, რომ ჩვენ შევქმენით და დედამიწის პირობებში გამოვცადეთ სამი 30-მეტრიანი გასაშლელი რეფლექტორი. დღემდე მსგავსი გამოცდა დედამიწის პირობებში არავის გაუკეთებია და ამას ყველა აღიარებს (ამერიკა, ევროპული კოსმოსური სააგენტო, ჩინეთი, იაპონია). და ჩვენ ეს შევძელით 80-იანი წლების ბოლოს.
რატომ დავწერე წიგნი „ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები დედამიწაზე და კოსმოსში“?
- დაიშალა საბჭოთა კავშირი... სხვათა შორის, მისი დაშლა მოსკოვში ყველაზე კარგად ელისეევის გასტრონომში იგრძნობოდა. 80-იანი წლების დასაწყისში, იქ საოცარი სურნელი ტრიალებდა და დიდი ასორტიმენტი იყო, გორბაჩოვის პერესტროიკის პერიოდში ყველაფერი შეთხელდა და უკვე 1988 წელს ჩვეულებრივი გასტრონომი გახდა. ნგრევის მოახლოებას ვგრძნობდით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მეცნიერებიც... 9 აპრილის მერე მოსკოვში აღარ ჩავსულვარ. კავშირი მქონდა ჩემს მასწავლებელთან, სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის გენერალურ კონსტრუქტორ ანატოლი სავინთან, მას ამერიკელებმა „ვარსკვლავური ომების ნათლიმამა“ შეარქვეს. ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მეცნიერი იყო ამ დარგში, 96 წლისა გარდაიცვალა.
ერთხელ ასეთი ფაქტი მოხდა: მედიაში ვკითხულობ, რომ ნასას ექსპერტებმა მოსკოვში ანატოლი სავინთან ნახეს გასაშლელი 30-მეტრიანი რეფლექტორი ეკრანზე, მასზე თითქოს ხელითაც კი შეიძლებოდა შეხება და ეს იყო რუსული ტექნოლოგიის ბრწყინვალე ნიმუში. როგორ ხასიათზე დავდგებოდი? როგორ გინდა გააგებინო ყველას, რომ ეს რეფლექტორი აგერ აქაა, მოსკოვს საერთოდ არ მიჰკარებია. გადავწყვიტე წიგნი დამეწერა იმ მიზნით, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა უცხოელებისთვის. სავინი ღვთისნიერი კაცი აღმოჩნდა, ის სტალინელი იყო, თუმცა პრეტენზიები ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან და მითხრა, - შენი წიგნის წინასიტყვაობის ავტორი ვიქნებიო. ასეც მოხდა. 1995 წელს წიგნი „ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები დედამიწაზე და კოსმოსში“ ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოვეცით გერმანიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, გრიგოლ კინტერაიას დახმარებით. ძალიან კარგი გამოცემა იყო. ინგლისურენოვანი წიგნები დაურიგდა მიზნობრივად ყველა კოსმოსურ კომპანიას. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტექნიკური ინტელექტი“, რომლის პრეზიდენტიც გრიგოლი გახდა. განუზომელია მისი წვლილი ამ საქმიანობაში და გული მწყდება, რომ საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი ეს სახელი და გვარი. სამწუხაროდ, ის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
23 ივლისამდე...
- წიგნის გამოცემის შემდეგ, არ გასულა ერთი წელი და აქ ჩამოვიდა გერმანული კომპანიის „დაიმლერ-ბენცის“ დელეგაცია. ამავე დროს, გერმანიის პრეზიდენტი შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს და პირადად უთხრა, რომ დაინტერესდნენ ჩვენი კონსტრუქციებით. წელიწადნახევრის ექსპერტული შესწავლის შემდეგ გერმანიამ საქართველოსთან დადო ხელშეკრულება, რათა შეგვექმნა ევროპული ახალი ტიპის თანამგზავრებისთვის გასაშლელი რეფლექტორები. ორ წელიწადში სამუშაო შესანიშნავად შევასრულეთ და ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი ანტონიო როდონტა საქართველოს პრეზიდენტს სწერს: „...შეკვეთა შესრულდა ძალიან მაღალ დონეზე, ამდენად, საქართველოს ეხსნება გზა ევროპისკენ და ევროპას - საქართველოსკენ“.
ამ ყველაფერს რუსეთი აკვირდება. ჩვენთან ჩამოდის კოროლიოვის ცენტრი, მათთან შევასრულე გარკვეული სამუშაოები, რომლებიც დაინერგა, მაგრამ სავინთან ვმუშაობდი. რუსები გვეუბნებიან: „შევქმნათ ფირმა, სადაც 50% თქვენია, 50% - ჩვენი. თქვენ რეფლექტორს ამზადებთ საქართველოში, გამოცდით, დაკეცავთ პაკეტში და გამოგვიგზავნით. ჩვენ გამოვცდით მას სადგურზე „მირ“, სადაც იმუშავებს ინტერნაციონალური ეკიპაჟი...“ ამაზე უკეთესი წინადადება რა იქნებოდა საქართველოსთვის და შევარდნაძე დათანხმდა. დაიწყო მუშაობა 31-ე ქარხანამ და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ვაჟა (პანტიკო) თორდიას დამსახურება, რომელიც არა მარტო ამზადებდა ყველა ჩვენს რეფლექტორს, არამედ შემოქმედებითად უდგებოდა საკითხებს, როგორც კონსტრუქტორი და ტექნოლოგი.
ედუარდ შევარდნაძის შეფასებები
- როცა ედუარდ შევარდნაძე ჩვენს ბაზაზე პირველად მოვიდა, მასთან ერთად იყვნენ ზურაბ ჟვანია, ნიკო ლეკიშვილი... მთელი მთავრობა. ეს სტენდები როგორ შეინარჩუნეთო? იკითხა ბატონმა ედუარდმა. სტენდები წარმოადგენდა დაახლოებით ათას ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის ფოლადსა და სხვა ფერად მეტალებს. ამ 40-მეტრიანი სტენდი-შენობების ყველა კარი ლითონისაა და ისინი შევადუღეთ. გარდა ამისა, ვმორიგეობდით, პერიმეტრს ვიცავდით. იქვე საკონფერენციო დარბაზში გამოაცხადა შევარდნაძემ, უნდა დაგაჯილდოოთ და ხალხის სია წარმოადგინეო. შვიდ კაცს გადმოგვეცა ღირსების ორდენი. წარმოიდგინეთ, ჯილდო გაიცა სასტენდო კომპლექსის შენარჩუნებისათვის.
შევარდნაძესთან შეხვედრას გავიხსენებ პრესასთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით. რადგან ექსპერიმენტი რუსეთში (1999 წლის 23 ივლისს ვგულისხმობ) ტარდებოდა, მეშინოდა, რომ რამე არ გაეფუჭებინათ და ვთქვი, რომ რასაც რუსები გამოაცხადებენ, იმას მივყვეთ და როცა ექსპერიმენტი დამთავრდება, მერე მივაწოდოთ მთელი ინფორმაცია-მეთქი. ზოგი ამბობდა, ახლავე ვამცნოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი წარმატების ამბავიო. ბატონმა ედუარდმა ყველას მოუსმინა და თქვა: ელგუჯას სტრატეგიას მიჰყევითო. 23-28 ივლისის შუალედში ის ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა სწორედ იმის გამო, რუსეთმა რამე მოულოდნელობა არ შემოგვთავაზოსო. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გასვლა კოსმოსში პუტინმა მოგვილოცა წერილით. მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და ბატონი ედუარდის მდივანმა დამირეკა, - პრეზიდენტი ჩაგერთვებათო. ბატონი ედუარდი წერილს პირდაპირ მიკითხავდა, რაღაც მომენტში პაუზა ჰქონდა: რატომ წერს ამასო? - ჩაილაპარაკა და გააგრძელა „...რუსეთს უახლოეს პერიოდში ეკონომიკური გასაჭირი ექნება. ცოტა ხანს ვერ გავაგრძელებთ ამ სამუშაოებს და ალბათ, შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ“. ვიგრძენი, ედუარდ შევარდნაძემ რა ამოიკითხა მილოცვაში - პუტინმა ჩვენს ურთიერთობაში დააანონსა პოლიტიკის გაცივება, რისი შიშიც ყოველთვის არსებობდა.
1999 წლის 23 ივლისი
- თანამგზავრის შექმნის გადაწყვეტილება როცა მივიღეთ, ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მხოლოდ ერთი წელი. ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან ხშირად ვურთიერთობდი და მათ რომ ვუთხარი, ნაკეთობა ათი თვის მერე უნდა ჩავაბაროთ-მეთქი, გაოცდნენ. ისინი მინიმუმ შვიდ წელს უთმობდნენ ასეთი მასშტაბის კოსმოსური მოწყობილობის შექმნას, თავისი ექსპერიმენტების ჩათვლით. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა რისკის ამბავიც იყო, მაგრამ არ გვქონდა ამდენი ფუფუნება. სიმართლე გითხრათ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ყველა თვისება დღესაც არ არის გამოყენებული არც ამერიკის, არც ევროპის და არც ჩინეთის კოსმოსურ რეფლექტორებში. მას არა მარტო ორბიტაზე გაშლა, დაკეცვაც შეუძლია, დიდ სიზუსტეს აღწევს და სხვა. მოკლედ, დავიწყეთ მუშაობა. ჯერ მოვიძიეთ მასალები, დეტალები მსოფლიოს სხვადასხვა ქარხანაში და ჩამოვიტანეთ. 31-ე ქარხანა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ვადებში ჩავეტიეთ. პაკეტი გავამზადეთ, ოღონდ ზედ წარწერები არ გაგვიკეთებია, ტექნიკური პირობები ამას არ ითვალისწინებდა. თუმცა, ბოლო დღეს ქარხანაში მორიგეობდნენ გურამ ბედუკაძე და ნოდარ ხატიაშვილი და მათ, ღამით მაინც გაუკეთეს წარწერა - „პირველი ქართული კონსტრუქცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“.
დადგა ყველაზე ემოციური დღეები. მოსკოვში ფრენების მართვის ცენტრში გავგზავნეთ დელეგაცია: მიხეილ ჯანიკაშვილი, ლერი დათაშვილი, ნოდარ ხარატიშვილი, გრიგოლ კინტერაია, მერაბ ადეიშვილი და ივერი ფრანგიშვილი. თბილისში გვქონდა კოსმოსური დუბლირების ცენტრი სასტენდო დარბაზში და დუბლირებული კონსტრუქცია აივანზე იყო. მე აქედან ვაძლევდი ბრძანებებს მართვის ცენტრს და კოსმონავტებს. პულტთან ვისხედით მე, გურამ ბედუკაძე და რამაზ ხუროძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. დარბაზი გადაჭედილია, ტელევიზია გვერდით გვიდგას და პირდაპირი ჩართვით მუშაობს. არსებობს გაფრენის წინ გადაღებული კადრები, როგორ ვნერვიულობთ, განვიცდით... ოღონდ გაშლის დღეს მთელი ნერვიულობა ჩამოვიცილე. გენერალური კონსტრუქტორი ყოველთვის მეუბნებოდა: როცა შენი ნაკეთობა გადის კოსმოსში, ნერვები ისე უნდა გადამალო, რომ თვითონ ვერ მონახოო.
კოსმონავტებს ვუთხარი, რომ 10 წუთი გარეთ გაეჩერებინათ კონსტრუქცია, დრო დავამატებინე, რათა გამომშრალიყო. გავიდა 10 წუთი, ყველა მონაცემი მოდის, მაგრამ შენელებულ ტემპში. რა შეიძლება იყოს? მხოლოდ ერთი რამ, როცა დენის კვება არის დაბალი ძაბვით. ამას ველოდი კიდეც. ცოტას დავიცდი-მეთქი, გავიფიქრე. ამასობაში კოსმონავტი მივარდა კონსტრუქციას და ეჯაჯგურება. მიშიკოს ვეუბნები: უთხარი - მოსცილდეს, ეს არაა „პრუჟინებიანი“ რეფლექტორი, რომელიც ფრანგებს ადრე გამოაცდევინეს რუსებმა და კოსმონავტის ჩექმის მირტყმით გაიხსნა. მაშინ წერდნენ, რუსულმა ჩექმამ გახსნა კოსმოსში კონსტრუქციაო... აქ ძრავაა, რას ურტყამთ-მეთქი? იმ დღეს ექსპერიმენტი ვერ მოესწრო, კოსმონავტებმა 4,5 საათი იმუშავეს გარეთ და დაბრუნდნენ. გადაიდო 5 დღით, მაგრამ კოსმოსში გასაშლელი კონსტრუქციის გაჩერება არ შეიძლება. რადგან ჩვენ გვქონდა გამოცდა ჩატარებული 5 და 7 დღის შეჩერების შემდეგ და დაბალი ძაბვის პირობებშიც, ამიტომ იმედი გვქონდა რომ კონსტრუქცია ამუშავდებოდა. 28 ივლისს, როგორც კი დაიწყო ექსპერიმენტი, ეკიპაჟის წევრები ყვიროდნენ, - თვითონ იხსნება და თან, რა ლამაზადო. ფრანგი ასტრონავტი ჟან პიერ ენერი იღებდა და იღებდა ფოტოებს, ვიდეოებსაც. ეს კადრები უნიკალურია. კინტერაიამ იყიდა სპეციალური ფოტოაპარატი, გათვლილი კოსმოსური სურათების გადასაღებად. ასე რომ, 1999 წლის 23-28 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებით გაიშალა და გამოიცადა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტისდღის დაწესება
- გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს სხდომა ტარდება პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდ სააქტო დარბაზში, რომელიც გადაჭედილია. აქ არის მთელი მთავრობა, მეცნიერებათა აკადემია, სამხედროები... საუბარია იმაზე, რომ უნდა დაწესდეს ვთქვათ, მეცნიერების დღე ან მსგავსი რამ. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. საქართველოსთვის ისტორიული ფაქტი მოხდა, მაგრამ მინდოდა ჯერ ხალხს გაეაზრებინა ეს ამბავი და შეფასებები მომხდარიყო. საკითხი ღიად დარჩა. ერთი წლის შემდეგ, ალბერტ თავხელიძემ თქვა, რომ აუცილებელია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღის დაწესება, რადგან მსგავსი დღის აღნიშვნა მიღებულია ყველა ქვეყანაში. ამჯერად, წინადადებას დავთანხმდი.
დოკუმენტს ამ დღის დაწესების შესახებ მოაწერეს ხელი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ბატონმა ალბერტ თავხელიძემ, 31-ე ქარხნის დირექტორმა ბატონმა ვაჟა თორდიამ და ბატონმა რამაზ ხუროძემ - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. ამის მერე კარგა ხანს იდო დოკუმენტი ედუარდ შევარდნაძესთან. ერთ დღესაც მიბარებს და მეუბნება: გთხოვ, მოკლედ, 2-3 წინადადებაში მითხარი, რატომ უნდა დაწესდეს ეს დღე? საერთოდ, მას უყვარდა დიდხანს მოსმენა, მაგრამ ამჯერად ასე უნდოდა. დავფიქრდი და ვუპასუხე: მეოცე საუკუნის ბოლომდე საქართველოს ყველაფერი ჰქონდა, რაც მსოფლიო ცივილიზაციას შეუქმნია. არ იყო მხოლოდ კოსმოსური ობიექტი. 1999 წლის 23 ივლისს პირველად ორბიტაზე გავიდა ჩვენ მიერ გაკეთებული ნაკეთობა, მოსწყდა დედამიწის მიზიდულობას და წავიდა უკიდეგანო კოსმოსში. ამით საქართველოს ისტორიაში დროის ათვლის ახალი ეტაპი დაიწყო. საკმარისიაო, - თქვა და მეორე დღეს ბრძანებას ხელი მოაწერა.
მთელი ამ წლების მანძილზე ვგრძნობ მოწიწებით დამოკიდებულებას ქართული კოსმოსური ობიექტის მიმართ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის რეზონირება თავად არასოდეს გამიკეთებია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე ყველა მიღწევას შორის პირველ ადგილზე დააყენეს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება. მე ასეთი შეფასება უფრო მირჩევნია ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე ჩემი დაფასება. მადლობა რექტორს, აკადემიკოს ბატონ დავით გურგენიძეს, რომელიც ამ საკითხს სახელმწიფოებრივად უყურებს. ის გვერდში გვიდგას ჩვენი ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს. დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი შეიქმნა საქართველოს მოქალაქეების მიერ. მისი კონსტრუირების პრინციპები და სრულმასშტაბიანი გამოცდის ტექნოლოგიური ციკლები დამუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სასტენდო კომპლექსში, რომელიც მცხეთასთან, არაგვის ველზე მდებარეობს და რომელსაც XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა.
ნანული ზოტიკიშვილი