ბანკირის ბავშვობის დროინდელი ახდენილი ოცნებები
თუმცა დღესდღეობით, ამ სფეროში ასაკობრივი სტანდარტები უკვე შეცვლილია. მოზარდობისას, გარემო პირობებმა მარიამს ხელი არ შეუწყო, რომ ის სამუშაო სფეროები აერჩია, რაზეც ოცნებობდა, მაგრამ მოგვიანებით, კარიერული თვალსაზრისით შემდგარმა და ფინანსურად ძლიერმა, ბავშვობის ოცნებები არ დაივიწყა და დღესდღეობით რამდენიმე საქმითაა დაკავებული, რაც სიამოვნებას ანიჭებს...
- საერთოდ, დამოუკიდებლად ცხოვრება ჩემთვის ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი იყო. თუნდაც, სკოლის მოსწავლეობის, სტუდენტობის პერიოდში, ჩემი მიზანი იყო, ფული თავად გამომემუშავებინა და არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. კარიერისტი, მიზანდასახული ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, საქმეში დიდი შრომა "ჩავდო", ძლიერი ნებისყოფა მქონდეს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამოდელო სფეროში მემუშავა, ცეკვას ბოლომდე გავყოლოდი, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო, ვერ მოვახერხე. ამიტომ დავისახე მიზნად, ფული გამომემუშავებინა და ბავშვობის ოცნება ამეხდინა. თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა - ეკოტურისტულ საკითხებში პროექტის მენეჯერი გახლდით. საქმიანი ურთიერთობა მქონდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამსახურიდან მივლინებით არაერთხელ წავსულვარ პოლონეთში, გერმანიაში... სამწუხაროდ, პანდემია რომ დაიწყო, ხელი შეგვეშალა, მაგრამ დაგეგმილი სამუშაოები პერსპექტიულად, კარგად მიდიოდა და ჩემი შემოსავალი მქონდა. ეს სტუდენტობის პერიოდში ხდებოდა. ასევე, სტუდენტობისას ალავერდის მონასტერში ინგლისურენოვან გიდად ვმუშაობდი. მაშინ თელავში ვცხოვრობდი. იქ სამოდელო და ცეკვის სფერო დიდად განვითარებული არ იყო. შემდეგ, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი და მაგისტრის ხარისხისთვის სწავლა გავაგრძელე, საბანკო სფეროში, დაბალ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა და ნელ-ნელა მაღალ პოზიციაზე ავედი. ამასობაში, სამოდელო სააგენტო "კატრინმა" კასტინგი გამოაცხადა. მივედი, შემარჩიეს და ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე - სამოდელო სფეროში დავიწყე მუშაობა. ასევე, ძალიან მინდოდა, ცეკვა გამეგრძელებინა, რადგან ბავშვობაში ქართულ ხალხურ ცეკვაზე დავდიოდი, თუმცა მერე, საკმაოდ დიდხნიანი "წყვეტა" მქონდა.
- რა იყო ამის მიზეზი?
- თუნდაც, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც ცეკვას ბოლომდე არ გავყევი. შემდეგ, საბანკო სფეროში მუშაობისას, ეტაპობრივად, ჩემს ხელფასთან ერთად, კარიერული თვალსაზრისითაც გავიზარდე... თავდაპირველად, ცეკვის სამოყვარულო ჯგუფში - "დაისი" დავიწყე ცეკვა. ამ სფეროში საკუთარი თავი ისე მომეწონა და ისე დავიხვეწე, რომ შემდეგ "სუხიშვილების" სტუდიაში გადავედი - მერვე კურსზე ვარ. ღია კარის დღეებია თუ სხვადასხვა პატარა კონცერტი, ვმონაწილეობ ხოლმე. ჩემი მიზანია, ქორეოგრაფი გავხდე, კომერციული ფართობი "ავიღო" და ცეკვის მოყვარულთა ჯგუფის წევრობის მსურველები ან გამოცდილი, ყოფილი მოცეკვავეები მოვიზიდო, მათი ქორეოგრაფი ვიყო.
- ოფიციალურად, რომელი პროფესიის წარმომადგენელი ხარ?
- ბაკალავრის ხარისხი მაქვს ინგლისური ენის ფილოლოგიაში. ეს ხელს მიწყობდა, რომ ალავერდის მონასტერში, ინგლისურენოვან გიდად ვმუშაობდი. ასევე კახეთში, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისას, პროექტებს ინგლისურ ენაზე ვწერდით...
- ოჯახში ფინანსური პრობლემა ახსენე. ეროვნული გამოცდებისთვის დამოუკიდებლად მოემზადე თუ რეპეტიტორის დახმარებით?
- იმის შესაძლებლობა არ მქონდა, რომ რეპეტიტორთან მოვმზადებულიყავი. ბოლო 1 წელი, როცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი, დამოუკიდებლად ვემზადებოდი. სკოლის ადგილობრივი მასწავლებლებიც მეხმარებოდნენ. მაქსიმალურად თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი. ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე.
- ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი რატომ აირჩიე?
- ინგლისური ენა ძალიან მიყვარს. მოსწავლეობის პერიოდში, ინგლისურ ენაში ბავშვებს ვამზადებდი - შემოსავალი აქედანაც მქონდა. თან, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო, ასევე - გიდად... როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი და საბანკო სფეროში დავიწყე მუშაობა, მაგისტრატურაში ჩავაბარე და საერთაშორისო ბიზნესმენეჯმენტი ავირჩიე, რადგან მსურდა, მეორე პროფესიაც მქონოდა.
- როგორ მოხვდი საბანკო სფეროში?
- თბილისში გადმოსვლა, აქ თავის დამკვიდრება და მუშაობა ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო. შესაბამისად, კარიერულ მიზნებზე უფრო ვფიქრობდი, რომ მეტად განვვითარებულიყავი. თავდაპირველად ბანკში კონსულტანტი ვიყავი, შემდეგ მოლარე-ოპერატორი, სერვის-ცენტრის მენეჯერი... ახლახან კარიერულ ზრდასთან, სოლიდურ ხელფასთან დაკავშირებული შემოთავაზება მივიღე და სამუშაოდ სხვა ბანკში გადავედი - ბანკირად ვმუშაობ.
- მოგწონს, რასაც აკეთებ?
- საბანკო სფეროში უკვე დიდი გამოცდილება მაქვს. ჩემი საქმე მომწონს, თუმცა ვფიქრობ, ქალი მხოლოდ 1 საქმით არ უნდა იყოს დაკავებული - საქმიანობის განსხვავებული მიმართულებები უნდა ჰქონდეს. სამსახურის მერე თავდაუზოგავად ვშრომობ, რომ ქართულ ხალხურ ცეკვას სრულყოფილად დავეუფლო და ქორეოგრაფი ვიყო. პარალელურად, სამოდელო სფეროშიც ვარ და სადამდეც შესაძლებლობა მექნება, ამ საქმესაც გავყვები.
- რა ასაკში შეუერთდი სამოდელო სფეროს, კასტინგის შესახებ როგორ გაიგე?
- სოციალურ ქსელში, სააგენტოსგან შემოთავაზება მომივიდა, - კასტინგია გამოცხადებული, შეგიძლიათ, მობრძანდეთო. რა თქმა უნდა, მივედი. მაშინ დაახლოებით 24 წლის ვიყავი. გასაუბრების, შერჩევის ეტაპის გავლიდან დაახლოებით 1 კვირაში, პასუხი მომივიდა - შერჩეული ხართ და შეგიძლიათ, ჩვენს სტუდიაში მუშაობა დაიწყოთო. რა თქმა უნდა, გამიხარდა. სააგენტოში რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლების ეტაპი გავიარე: პოზირება, ფოტოსესია, პოდიუმზე სიარული, მანერები... ეს ყველაფერი ვისწავლე. მერე ადგილობრივი და საერთაშორისო "ფეშენ ვიკები" გაიმართა, რომლებშიც ვმონაწილეობდი. ჩემი პორტფოლიო მაქვს, რომელსაც ნებისმიერი "ფეშენ ვიკის" თუ ფოტოსესიის კასტინგის გამოცხადებისას ვგზავნი და იშვიათად ხდება, რომ ჩემი კანდიდატურა არ შეარჩიონ. ასევე, 2023 წელს დუბაიში, "ფეშენ ვიკში" მონაწილეობასთან დაკავშირებული შემოთავაზება მივიღე. ამიტომ სამსახურიდან შვებულება ავიღე, დუბაიში რომ გავმგზავრებულიყავი. ამ ჩვენებაში მონაწილეობა ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. დაახლოებით 100-მეტრიან პოდიუმზე უნდა გავსულიყავით. ჩვენებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა... საკმაოდ ლამაზი თავგადასავალი იყო (იღიმის). სამოდელო სფეროში თავდაჯერება შემემატა, მეტი გამოცდილება მივიღე. როცა პორტფოლიოში აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო "ფეშენ ვიკებში" მიმიღია მონაწილეობა, ეს გადაწყვეტილების მიმღებზე ზეგავლენას ახდენს. ასევე, საქართველოში ჩატარდა კონკურსი - ჭორლდ ღისინგ შტარ, რომელშიც ვმონაწილეობდი და ერთ-ერთი ნომინაცია - Miss Elegance ავიღე.
- მოდელობა შენთვის შემოსავლის წყარო თუ არის?
- ხშირად არის, თუმცა იმართება ჩვენებები, რომლებშიც შეგიძლია მონაწილეობის მიღება, როგორც მოხალისეს, მე კი როცა პოდიუმზე გავდივარ და სხვადასხვა დიზაინერის "ლუქს" წარვადგენ ისეთი ბედნიერი, თავდაჯერებული ვარ, რომ ამ ტიპის ჩვენებებშიც სიამოვნებით ვმონაწილეობ. რა თქმა უნდა, სამოდელო სფეროში მხოლოდ შემოსავლის წყაროს არ ვეძებ. ჩემთვის ეს დიდი განტვირთვაა.
- კიდევ რა არის შენთვის განტვირთვის საშუალება?
- ქალაქიდან გასვლა, ბუნებაში სიარული, წიგნების კითხვა... სამსახურის მერე ცეკვაზე სიარული ისე მსიამოვნებს, რომ დღის განმავლობაში მიღებული სტრესი და დაღლილობა ერთბაშად მეხსნება.
- მშობლიურ თელავს თუ სტუმრობ ხოლმე?
- ხშირად. თელავი ძალიან მიყვარს. თვეში 2-3-ჯერ მაინც ჩავდივარ. თბილისში ვცხოვრობ, პროფესიულად მეტად რომ განვვითარდე - დედაქალაქს მეტი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ საყვარელ თელავს მაინც ვერ ვეშვები (იღიმის). იქ ყოფნა მიყვარს. თავისუფალ დროს, რაც იშვიათად მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, იქ ყოფნით დავტკბე. თუ შვებულების პერიოდს ჩვენებები, ღია კარის დღეები ან კონცერტები არ ემთხვევა, თელავში ვარ.
- ყოველდღიურად როგორ იმოსები?
- სამსახურს თავისი დახვეწილი, კლასიკური დრესკოდი აქვს. ბანკში აბსოლუტურად სხვანაირი ვარ, ჩვენებებზე და სააგენტოში - სხვანაირი, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებული ჩაცმის სტილია საჭირო...
- მარიამ, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ამ ეტაპზე პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია, რადგან სულ "გადარბენაზე" ვარ.
- ძალიან ახალგაზრდულ ასაკშიც კი ქალებს ხშირად აწუხებენ შეკითხვით - რატომ არ თხოვდებიო? შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე, გარშემო მყოფებისგან წნეხს გრძნობდი, როცა შენი ოცნებების ახდენაზე იყავი ორიენტირებული?
- კი, ასეთი შეკითხვები ყოველთვის იყო და ახლა უფრო მძაფრად არის. მეუბნებიან, რომ პირადი ცხოვრებაც აუცილებელია. ამაზე ჩემი პასუხი ისაა, რომ ძალიან დაკავებული ვარ. ჯერ ჩემი შესაძლებლობები, ოცნებები არ ამომიწურავს. სამომავლო გეგმები მაქვს, რომლის შესახებაც გესაუბრეთ. როცა ჩემს ცხოვრებაში სერიოზული კანდიდატი გამოჩნდება, ალბათ, პირადი ცხოვრებაც ეტაპობრივად აეწყობა.
- როგორი მამაკაცები იქცევენ შენს ყურადღებას?
- რა თქმა უნდა, გარეგნობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მთავარი ადამიანობაა და ის, რომ ცხოვრებაში საერთო ინტერესები, ღირებულებები და მიზანი გვქონდეს.
ეთო ყორღანაშვილი