"მოწყენილობას ძაფის დართვისა და წინდების ქსოვის ფონზე, ბებოს მოყოლილი ამბები აფერადებდა" - გზაპრესი

"მოწყენილობას ძაფის დართვისა და წინდების ქსოვის ფონზე, ბებოს მოყოლილი ამბები აფერადებდა"

სადაც მსურველებს ქართული ტრადიციული წინდის ქსოვას ასწავლიდა. თუმცა, წინდის გარდა, ქსოვს თოჯინებს, სამოსს, აქსესუარებს; პროფესიით კი მეტეოროლოგია. მინდა იზოლდა გაბიტაშვილი და მისი შემოქმედება გაგაცნოთ:

- ქალბატონო იზოლდა, პირველად რა ისწავლეთ, ქსოვა თუ ქარგვა?

- პირველად ქსოვა ვისწავლე, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და ნემსთან არავინ მიმიშვებდა. ჩემი პირველი მასწავლებელი ბებია იყო. 9-10 წლისას უკვე ჩემი მოქსოვილი ნივთებიც მქონდა. დედა ხელსაქმით გატაცებული არ ყოფილა, მაგრამ მამა და დეიდა დიდი ხელმარჯვეები იყვნენ. მამისგან წნულის ბევრი სახე მაქვს ნასწავლი, ასევე - ბადის ქსოვა. დეიდა ქსოვდა და კერავდა. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ქსოვილებისა და ძაფებისგან შექმნილი თოჯინები მომწონდა. შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე მეზობელი ქალებისგან, რომლებიც მუდმივად ხელსაქმით იყვნენ დაკავებული. ასევე სკოლაში ხელგარჯილობის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ ჭრა-კერვასა და ქარგვას.

- ისე, რა უფრო პირველი იყო, ქსოვაზე დაკვირვება თუ ამინდზე? ბებია ამინდის გამოცნობას არ გასწავლიდათ?

- ორივეზე... ბებია ზამთრობით გვსტუმრობდა სოფლიდან. ზამთარში მოწყენილ ამინდს რა გამოლევს?! ამ მოწყენილობას კი ძაფის დართვისა და წინდების ქსოვის ფონზე, მისი მოყოლილი ამბები და "შეგონებები" აფერადებდა. ბებოს თითისტარის სახრელი არ ჰქონდა, მის ნაცვლად იყენებდა ალუმინის ჯამს და დართვის დროს მუდმივად ისმოდა რაღაც მელოდია, რომელიც ხშირად მახსენდება. ჩვენთან სულ "ქსოვის და ხელსაქმის ამინდი" იყო.

- შეგიძლიათ ჩამომითვალოთ, რამდენი ხელსაქმე იცით? და თუ იყო რამე განსაკუთრებული ან უჩვეულო, რაც შეგიქმნიათ? ყველაზე მეტად რისი შექმნა გსიამოვნებთ?

- ქსოვის მრავალნაირი სახეობა ვიცი: ჩხირებითა და ყაისნაღით ქსოვა, ფარდაგი, გობელინი, მაკრამე, ნემსით ქსოვა, ქარგვა, მატყლის მოთელვა (რომელსაც რატომღაც, თექას ეძახიან), ჭრა-კერვა... ასევე, თუ მჭირდება, ძაფის დამუშავება, დართვა და შეღებვაც შემიძლია. ნატურალური მასალა ჯანმრთელია, საიმედო, მუშაობის დროს კარგად გემორჩილება. მრავალი ნამუშევარი შემიქმნია, ბევრი უჩვეულო შეკვეთაც მქონია... მაქმანებიანი ჰამაკი, "აბაჟურები", ინტერიერის დეკორები, სუფრები - ნაქარგიც და ნაქსოვიც, სამოსი... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩემი ნამუშევრები უცხოეთშიც არის და აქაც ცნობილ პიროვნებებთან, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველაზე მეტად ყაისნაღით მუშაობა მომწონს. მას მრავალნაირი შესაძლებლობა აქვს. ყველა ხელსაქმე მიყვარს. ვერ გეტყვით ყველაზე მეტად რისი შექმნა მსიამოვნებს, გააჩნია საჭიროებისა და ფანტაზიის მიხედვით რას ვქმნი. ჩემთვის მთავარია დრო უქმად არ დაიხარჯოს და რაღაც ახალი შეიქმნას.

izo3-1722180773.jpg

- ქართული ტრადიციული წინდით როდის დაინტერესდით?

- საქართველოში წინდების ქსოვის ტრადიცია ოდითგანვე არსებობს. წინდები შეიძლება განვასხვაოთ საქართველოს რეგიონების მიხედვით როგორც მასალით, ასევე ორნამენტებითა და ფერებით. წინდებს იყენებდნენ საჩუქრად, სხვადასხვა რიტუალისთვის. საბედნიეროდ, მქონდა შანსი, ძველ ნიმუშებზე მემუშავა. მათი ხარისხი, ფერადოვნება და მოხატულობა საოცარია. ზოგი ძველი ნიმუში თავად მაქვს, ზოგი მუზეუმში ვნახე და ისე აღვადგინე. 20-ე საუკუნის სამოციან წლებამდე ქალების უმეტესობამ იცოდა წინდების ქსოვა. თანამედროვე ყოფაშიც ბევრი ქსოვს, მხოლოდ, ახლანდელ მოქსოვილებს ე.წ. ფაბრიკული ქუსლი აქვს. ქართული წინდის წვერიცა და ქუსლიც ორი ფერის ძაფით იყო ნაქსოვი, რაც მას მეტ გამძლეობას აძლევდა, გვიან ცვდებოდა, თანაც ქუსლი სამკუთხედის ფორმისა ჰქონდა და თუ გაცვდებოდა, მისი გამოცვლა შეიძლებოდა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ასეთი წინდების ქსოვის ტრადიცია აღვადგინეთ და ახლა უკვე მოწაფეებსაც ვასწავლით.

- მუშაობისას რამდენად ითვალისწინებთ ქართული ორნამენტის კანონებს?

- ჩემი ცოდნა საშუალებას მაძლევს მუშაობისას გამოვიყენო ქართული ტრადიციული და ევროპული ხელსაქმის წესები. ვცდილობ, თითოეული ნამუშევარი იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალით (შალი, ბამბა, სელი, აბრეშუმი) და ხარისხიანად შესრულებული. ინსპირაციას მაძლევს ქართული ტრადიციული ორნამენტი, ფერთა შეხამება, ასევე ტრადიციული სამოსისა და აქსესუარების ფორმა, ელემენტები. ჩანაფიქრის მისაღწევად ვიყენებ ყოველგვარ საშუალებას: ლითონის სამკაულს, მონეტებს, ფერად ღილ-მძივებს, ქსოვილისა და ტყავის ნაჭრებს, ფერადი ძაფით დაწნულ-დაგრეხილ ზონრებს, აპლიკაციის ტექნიკას და სხვა.

- სულ ახლახან ხელოვნების სასახლის გამოფენაზეც იყავით მიწვეული. ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ...

- დიახ, ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაციის მიწვევით დავესწარი საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ლატვიელი საზოგადო მოღვაწის - იული სტრაუმეს 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, სადაც გამოფენილი იყო სტრაუმეს მოღვაწეობასთან დაკავშირებული კოლექცია. დამაინტერესა მის მიერ ნემსით ნაქსოვმა მაქმანების კოლექციამ და რამდენიმე ნიმუშის აღდგენის სურვილი გამიჩნდა (ლატვიელი საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, მხატვარი, პედაგოგი იული სტრაუმე 1907 წელს მხატვრად მოავლინეს თბილისში. რუდუნებით აგროვებდა და სწავლობდა კავკასიელ ხალხთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. შექმნა უნიკალური ალბომები კავკასიური ხალიჩების ფერადი ჩანახატებითურთ, რომლის პირველი ტომიც გამოიცა. მხატვარ ჰენრი რიკ ჰრინევსკისთან ერთად მოხატა სათავადაზნაურო ბანკი (თანამედროვე ეროვნული ბიბლიოთეკა). მისივე პროექტით შეიქმნა პირველი კარადები სამუზეუმო ექსპონატებისთვის, ამოკვეთილი კარები, ასევე წიგნების ვიტრინები. 1916 წელს მეუღლესთან, ბელგიელ მარია-ელოიზა-ავგუსტა რონგვოსთან ერთად მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. სტრაუმეს მხატვრული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი ინახება საქართველოს სახალხო და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში).

- ქსოვამ ხალხის სიყვარულის გარდა, რა მოგიტანათ?

- საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, სხვადასხვა გამოფენასა თუ პროექტში მონაწილეობა. მიხარია, ჩემი ცოდნა და გამოცდილება რომ შემიძლია სხვასაც გავუზიარო.

izo2-1722180763.jpg

- თოჯინები როდის გაჩნდნენ თქვენს შემოქმედებაში?

- პირველი თოჯინა ხალხური რეწვის დიდი ქომაგის, გურამ გაბაშვილის თხოვნით მოვქსოვე: მან მთხოვა სუვენირი გამეკეთებინა, სადაც ჩვენი ტრადიციული ხერხები და მეთოდები იქნებოდა გამოყენებული. თავდაპირველად წინდები უნდა მომექსოვა, მაგრამ მერე გავიფიქრე, რაღა მაინცდამაინც წინდები, ბარემ თოჯინას მოვქსოვ-მეთქი. ასე დავიწყე კედელზე ჩამოსაკიდი ფერადი თოჯინების ქსოვა. ამ პირველი ნამუშევრების გამო მომანიჭეს ხალხური რეწვის ოსტატის წოდება. თოჯინებს გამოფენებისთვის ვქმნი, მასზე მუშაობისას ვითვალისწინებ ჩვენი ეროვნული სამოსის ელემენტებს, თავსაბურავს, ფეხსამოსს, სამკაულს და ა.შ. საკმაოდ რთული მოსაქსოვია.

- ბოლო დროს თითქოს ბავშვები აქტიურობენ, რომ ისწავლონ ხელსაქმე. როგორ ფიქრობთ, ოჯახში, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ეს საქმე?

- ჩემი აზრით, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა სწავლობდნენ ხელსაქმეს, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად. სკოლაში თუ აღდგება ხელსაქმის გაკვეთილები, საუკეთესო იქნება. თანამედროვე პირობებში ტარდება მეცადინეობები მხოლოდ ხელოვნებაზე, რაც ზოგადია და პრაქტიკულ ჩვევებს ვერ შეისწავლიან.

რუსუდან გელაშვილი