"უხეიროები" და "ხეირიანი" პროპაგანდისტები - გზაპრესი

"უხეიროები" და "ხეირიანი" პროპაგანდისტები

რევოლუციებს უწყობენ, მაგრამ მაინც ვერაფერს აკლებენ? რა თქმა უნდა, გინახავთ, აგერ გვყავს საქართველოში. 2012 წლის მერე არც ერთი არჩევნები არ ჩატარებული ისე, რომ მის წინ ჩვენს ძალოვანებს რევოლუციის მოწყობაზე ან ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე გამოძიება არ დაეწყოთ. 2016 წელს მაშინდელმა შს მინისტრმა, ბატონმა ჭიკაიძემ რომ გვაუწყა შეშფოთებული სახით, ოპოზიცია საბურავების რევოლუციის მოწყობას აპირებსო, მას მერე სულ ასეა. რამდენი რევოლუციისა და გადატრიალების მცდელობა გადავიტანეთ ამ ხნის განმავლობაში, ვინ მოთვლის; სემინარებსა და ტრენინგებზეც კი რევოლუციები იგეგმებოდა, მაგრამ ჩვენი სუს-ი ფხიზლად იყო და ყველა სემინარს და ტრენინგს ესწრებოდა, რამე რომ არ გამოჰპაროდა.

თუმცა წელს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მარტო "საბურავების რევოლუციით" და ტრენინგებზე დაგეგმილი გადატრიალებების აღმოჩენით ფონს ვერ გავიდოდნენ და რაღაც უფრო სერიოზული უნდა მოეფიქრებინათ. ჰოდა, ამათაც მოიფიქრეს: ტერორისტული აქტი მამა-მარჩენალის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების ლიკვიდაციას გეგმავდნენო, - ეს უკვე სერიოზულია! ხუმრობა საქმე ხომ არაა, ტერორისტული აქტის და მკვლელობის აღკვეთა?! ეს თემა სასაცილო სულაც არ იქნებოდა, რომ არა ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეები, რომელთაგან "ოცნების" ხელისუფლებას ბოლომდე არც ერთი არ მიუყვანია. არჩევნების წინ აღძრავენ და არჩევნების მერე ავიწყდებათ. ახლაც ყველას ეჭვი გვაქვს, რომ ასე იქნება, თორემ ტერორიზმი და მკვლელობა სულაც არაა სახუმარო ამბავი, მაგრამ როგორ დავიჯეროთ ეს ყველაფერი წინა ისტორიების გათვალისწინებით?

საქმის მეტი დამაჯერებლობისთვის, გამოკითხვაზე უკრაინაში ნაბრძოლ ქართველებს იბარებენ, ხალხი მარტივად დაიჯერებს მათ კავშირს სააკაშვილთან და იფიქრებენ, მართლაც რამე ხომ არ ხდებაო? მებრძოლები, უკრაინა, მიშა... თუმცა, თან გადაწყვიტეს, რომ შეიძლება ეს საკმარისი არ იყოსო. მერე იფიქრეს, ტერორიზმში მონაწილეობას კიდევ ვისზე დაიჯერებენ მარტივადო? აქ უკვე საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები და პანსკისელები გაახსენდათ. ჰოდა, დაჰყავთ ასე მორიგეობით გამოკითხავაზე ხან უკრაინაში ნაბრძოლი ქართველები და ხან - პანკისელები. არც ერთს ეჭვმიტანილის სტატუსი არა აქვს, მხოლოდ მოწმის სტატუსით გამოიკითხებიან. ოღონდ რისი მოწმეები არიან, ჯერ თავადაც ვერ გაუგიათ.

"ოცნება" კი მთავარ არგუმენტად იცით, რას ასახელებს? ვითომ მართლაც იგეგმებოდა ტერაქტი. გამოკითხვიდან რომ გამოდიან ეს მოწმეები, რატომ არ ამბობენ და მალავენ, რომ ტერორიზმის საქმეზე გამომკითხესო? ეს რა არგუმენტია ან რას ამტკიცებს? ისინი თუ არ იტყვიან, რა საქმეზე დაჰკითხეს, თავად სუს-ი ხომ იტყვის? დამალვას რა აზრი აქვს? და კიდევ მეორე ქვის გამხეთქი არგუმენტი აქვთ: აგერ, სლოვაკეთის პრემიერს ესროლეს, ტრამპს ესროლეს და რატომ არ გჯერათ, რომ ბიძინას მოკვლაც უნდოდეს ვინმეს, თან ხომ იცით, "გლობალური ომის პარტია" ემტერებაო.

ანუ რა გამოდის? "გლობალური ომის პარტიის" მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტები ვერც სლოვაკეთის უშიშროებამ აღკვეთა, ფიცოს მაინც ესროლეს და რაც მთავარია, ის ვერ აღკვეთა აშშ-ის "საიდუმლო სამსახურმაც", მაგრამ აღკვეთა საქართველოს უშიშროებამ. ჰოდა, მოვიდნენ და მოგვებარონ!

ამას წინათ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რატომ გიკვირთ, სააკაშვილი ხომ შემოიპარა ჩუმად და განა რევოლუციის მოსაწყობად არ შემოიპარა?! ჰოდა, რომ არა ჩვენი სპეცსამსახურების სიფხიზლე, ვინ იცის, რა მოხდებოდაო. თითქოს არგუმენტია, მაგრამ ბატონ შალვას ის ავიწყდება, რომ სააკაშვილი ჩვენი სპეცსამსახურების სიფხიზლის გამო კი არა, თავისი სისულელის გამო ჩავარდა. აქ ისე შემოიპარა არაჟნის კონტეინერით, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს არაფერი გაუგიათ, მერე რამდენიმე დღე დასეირნობდა ბათუმსა და სამეგრელოში. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ვერც მაშინ გაიგეს რამე, სანამ თავად მიშას სულმა არ წასძლია და არჩევნების წინადღეს ვიდეო არ დადო, - ნახეთ, რა მაგარი ვარ, ბათუმში ვსეირნობო. ის კი არა, ამ ვიდეოს დადების მერეც მთელი ხელისუფლება გვიმტკიცებდა, მიშა ტრუსკავეცშიაო. შესაბამისად, კითხვა უნდა დაისვას: მიშას რომ ის ვიდეოები არ დაედო, ერთი დღე მოეცადა და არჩევნების მერე მრავალათასიან მიტინგზე მოულოდნელად გამოსულიყო, რა მოხდებოდა? ისევ შეაქებდით ჩვენს სპეცსამსახურებს?

ბუნებრივია, ამ ტერაქტის და გადატრიალების საქმეებს კარგი გაპიარება სჭირდება და სახელისუფლებო ტელევიზიებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ: ამ თემით იწყებენ გამოშვებებს და დაკითხვაზე შესულ ყველა მოწმეს მიკროფონებით დასდევენ. კვირის ბოლოს ერთ-ერთი გადაცემა ასეთი ტექსტით დაიწყო: "პოლიტიკური კილერები, როგორც ჩანს, მალე უნიღბოდ დარჩებიან! საქართველოს მშვიდობის მთავარი გარანტის ლიკვიდაციის გეგმის მომზადება გაშიფრულია!"

P.S. "საქართველოს მშვიდობის მთავარი გარანტი" მომეწონა. ბავშვიც კი მიხვდება, ვინაა ამ უმაღლესი და საპატიო ტიტულის მფლობელი. აი, "უნიღბოდ დარჩებიან" რაღაც ვერ ქაჩავს. მე თუ მკითხავთ, "უნიფხვოდ" ჯობდა. განა უკეთ არ ჟღერს: "პოლიტიკური კილერები მალე უნიფხვოდ დარჩებიან!" ეს ჩვენი ოპოზიცია ყველაფრის ღირსია.