"საქართველო ჩემი სამშობლოა, ამაზე მეტი აბა, რა გითხრათ?!" - გზაპრესი

"საქართველო ჩემი სამშობლოა, ამაზე მეტი აბა, რა გითხრათ?!"

მშვიდობა და გამარჯვება ვუსურვეთ ქართული და ებრაული გენის მუსიკაში განსხეულებულ ყველაზე დიდ და ძვირფას - სოსო ბარდანაშვილს, ჩვენს უფროს მეგობარს და ყოველმხრივ მაგალითს! მისი იუბილე ახლოვდება და შევპირდით, რომ ღირსეულად აღვნიშნავთ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად! ხვალ ომის მდგომარეობაში მყოფ სამშობლოში ბრუნდება და ვაყოლებთ სითბოსა და საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებს!" - წერდა სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი...

საქართველოსა და ბათუმის საპატიო მოქალაქეს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრიზის მფლობელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე იოსებ ბარდანაშვილს ჟურნალი "გზა" დაუკავშირდა...

- პატარა და საოცრად მყუდრო, კოხტა, პროვინციული ქალაქის - ბათუმის მკვიდრი გახლავართ. მამა, იუზა ბარდანაშვილი პროფესიით მხატვარი, წარმოშობით ბათუმელი იყო, ქალაქში ცნობილი ადამიანი. დედა ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში დაიბადა და შემდეგ ქუთაისში იზრდებოდა. პროფესიით ისტორიის მასწავლებელი იყო, თუმცა პედაგოგად დიდხანს არ მოუწია მუშაობამ, ვინაიდან ქორწინების შემდეგ ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბათუმის რევოლუციის მუზეუმში, უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე დაინიშნა... მე და ჩემი უფროსი ძმა ბათუმის რევოლუციის მუზეუმში "ვიზრდებოდით", რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული გავლენა მოახდინა ჩვენზე, ვინაიდან ორივე ხელოვნების სხვადასხვა დარგში ვართ. რუბენი, უფროსი ძმა არქიტექტორია, მე კი მუსიკას ვემსახურები... ხრუშჩოვის პოლიტიკური გადატრიალების შემდეგ დედა ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხნის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს სამუშაოდ. დედას, სარა მაისეევნას მთელი ბათუმის საზოგადოება იცნობდა, როგორც აქტიურ საზოგადო მოღვაწეს.

- მამა მხატვარი იყო, ბავშვობაში თქვენც ხატავდით?

- მამა შესანიშნავი მხატვარი გახლდათ, თუმცა, მას შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისათვის ნორმალური პირობები არ გააჩნდა. სამი შვილის (ბიჭების) მამა იყო, მასზე გადადიოდა ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის მძიმე ტვირთი. თუმცა, საბედნიეროდ, აკვარელისა და ზეთის საღებავებში შესრულებული მისი რამდენიმე შესანიშნავი ნამუშევარი დაგვრჩა შთამომავლებს. მამა ასევე ბრწყინვალე კალიგრაფი გახლდათ და საქართველოს ბევრი მუზეუმი მისი გაფორმებული იყო... ბავშვობაში მეც საკმაოდ წარმატებულად ვხატავდი და ჩემში მუსიკალური "აფეთქება" ყველასთვის მოულოდნელი იყო (ვაღიარებ, ჩემთვისაც)... 13 წლისამ საყვირზე დაკვრით შევყავი თავი მუსიკის სამყაროში და უკვე 50 წელზე მეტია, რაც ერთგულად, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვემსახურები ამ სფეროს. რომ არა საოცრად კეთილი ადამიანები ჩემ გარშემო (ვგულისხმობ ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის შესანიშნავ პედაგოგებს), შესაძლოა ჩემი ცხოვრება სრულიად სხვაგვარად წარმართულიყო. ბათუმიდან ახალგაზრდა ყმაწვილი, მუსიკალური სასწავლებლის მესამე კურსის შემდეგ თბილისში აღმოვჩნდი. რეკომენდაციას კომპოზიტორები: ალექსი ფარცხალაძე, დავით თორაძე და ალექსი მაჭავარიანი აწერდნენ ხელს... შემდეგ იყო სწავლა კონსერვატორიაში, შურა შავერზაშვილის კლასი, ასპირანტურა-სტაჟირების სამი წელი და ბოლოს, 24 წლის ასაკში გავხდი კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

- რობიკო სტურუასთან თანამშრომლობა როგორ გადაწყდა?

- რომ არა ჩემი უფროსი სულიერი მეგობარი, დიდი კომპოზიტორი გია ყანჩელი, ეს არ მოხდებოდა. 1975-ში ჩემი ერთ-ერთი ნაწარმოების დიდმა წარმატებამ ჩვენი შეხვედრა დააჩქარა. რობიკოსთან შვარცის "დრაკონით" დავიწყე თანამშრომლობა, შემდეგ მას პირველი ქართული როკოპერა "ალტერნატივა" მოჰყვა რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლ "ვია 75"-თან ერთად და ბოლოს ისრაელში, გენიალური დრამატურგის, ხანოხ ლევინის "პირდაღებულით" დასრულდა...

- საქართველოში დაახლოებით 28 ფილმისთვის მუსიკის შექმნა თქვენთანაა დაკავშირებული და მათ შორის ფილმისთვის - „სიყვარული ყველას უნდა“ ... რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან თანამშრომლობა რომ გაიხსენოთ..

- საერთოდ, ქართულ ფილმში მოხვედრაც ჩემი უახლოესი მეგობრის, დიდი კომპოზიტორის - თემურ ბაკურაძის დამსახურება იყო, რომელმაც 1976 წელს ურჩია რეჟისორ ლერი სიხარულიძეს, მუსიკალური ფილმის, - "ინდი-მინდი" კომპოზიტორად ავეყვანე... თუმცა მანამდე მქონდა ფილმზე მუშაობის გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება... ამას მოჰყვა სხვა ფილმებიც: "მეტიჩარა", "მაისის თოვლი", "უკვდავების თეთრი ვარდი", გიორგი ოვაშვილის ყველა ფილმი: "გაღმა ნაპირი", "სიმინდის კუნძული", "ხიბულა", "მშვენიერი ელენე", ასევე ელდარ შენგელაიას "სავარძელი" და ა.შ. გიორგი შენგელაიასთან მუშაობა (თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფილმს მეორე რეჟისორი, მიშა ჭიაურელიც ჰყავდა), მართლაც დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის. "ჰოლივუდი კახეთში" სწორედ ჩემი მუსიკალური გადაწყვეტილება გახლდათ და მახარებს ის ფაქტი, რომ ფილმს დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ასევე ერთად ვიმუშავეთ ფილმზე "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" და გიორგისა და ელდარის მამის, ცნობილი კინორეჟისორის ნიკოლოზ შენგელაიას "26 კომისარის" მუსიკალურ პარტიტურაზე.

- გია ყანჩელთან, ბიძინა კვერნაძესა და სხვა ცნობილ კომპოზიტორებთან ახლო მეგობრობა გაკავშირებდათ...

- მე საოცრად გამიმართლა, სწორედ მაშინ დავიწყე შემოქმედებითი მოღვაწეობა, როდესაც ქართულ კულტურაში დიდი რენესანსი იყო. საოცარი აღმავლობა იყო ყველა მიმართულებით: მუსიკა, მხატვრობა, ფილოსოფია, კინო, პოეზია... სწორედ იმ დროს, როდესაც არსებობდა მძიმე ცენზურა, ტოტალური სახელმწიფო კონტროლი, შეიქმნა ის, რითაც დღეს ყველანი ვამაყობთ... გასახსენებელი ბევრი მაქვს! - ბატონი რეზო ლაღიძის "შალომით" (ასე მესალმებოდა) დაწყებული, ბიძინა კვერნაძის, სულხან ნასიძის, ჯანსუღ კახიძის, გუგული თორაძის, ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ გაბუნიას, სულხან ცინცაძის, ევგენი მაჭავარიანის და ბევრი სხვა დიდი პიროვნების გვერდზე ყოფნა, მათთან ურთიერთობა და შემოქმედებითი საქმიანობა უსასრულოდ დიდი საჩუქარი იყო ყველა ჩვენგანისთვის... ეს ბუმბერაზი კომპოზიტორები ისეთი "ჩვეულებრივი ადამიანები" იყვნენ ყოფაში, რომ მხოლოდ განვლილ დროთა განმავლობაში აფიქსირებ, თუ რამდენად დიდი აღმოჩნდა მათი დამსახურება ქართული ხელოვნების წინაშე.

167661342-4300785123279169-3831364421713993995-n-copy-1722839662.jpg

- კულტურის მინისტრის მოადგილე იყავით...

- ესეც ჩემი ზედმეტად თავგამოდებული საზოგადოებრივი მოღვაწეობის საზღაური გახლდათ. მანამდე, 1986-91 წლებში ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი გახლდით და როგორც დღეს ბევრი აღნიშნავს (გაიკითხეთ, ტრაბახში არ ჩამითვალოთ), ჩემ მიერ ჩატარებული რეფორმების კვალი დღემდე მოქმედებს... ბევრ ფესტივალს ჩავუყარეთ საფუძველი, ბევრი რამ მუსიკალურ ცხოვრებაში კარდინალურად შევცვალეთ სასწავლებელში. გავიდა წლები და ისე მოხდა, რომ უკვე ნახევრად ჩამონგრეულ საქართველოში, 1993 წელს დავინიშნე აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ. ასლან აბაშიძის აჭარამ იმ გაუსაძლის პერიოდში ობიექტურად გადაარჩინა ქართული კულტურა... სწორედ იმ დროს ბათუმში ტარდებოდა მასშტაბური კონცერტები, გამოფენები, გამოიცემოდა შესანიშნავი ქართველი მწერლების წიგნები, შეიქმნა აჭარის კინოგაერთიანება "თითების თეატრი", ხელოვნების მუზეუმი, ხოლო საოპერო თეატრში მღეროდნენ ახალგაზრდა შემსრულებლები, რომელთა სახელი დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სწორედ ბათუმის საოპერო თეატრში დაიწყეს მათ პირველი გამოსვლები და მცირე გასამრჯელოს საფასურად შეძლეს შეენარჩუნებინათ პროფესიული ჩვევები, რომლებიც შემდგომ მათი დიდი საკონცერტო წარმატებების საფუძველი აღმოჩნდა... მიხარია, რომ აჭარის კულტურის სამინისტროში ჩაფიქრებული ბევრ სასიკეთო წამოწყების აქტიური მონაწილე გახლდით.

- ისტორიულ სამშობლოში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- 1995 წელს, 47 წლის ასაკში გავემგზავრე ისრაელში. ეს არ გახლდათ სპონტანური გადაწყვეტილება. შემეძლო დავრჩენილიყავი საქართველოში, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია, თუნდაც შემოქმედებითი მოღვაწეობის სრული კოლაფსი, შინაგანად მაიძულებდა რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. არჩევანი ჩემთვის მხოლოდ ისრაელი გახლდათ... ჩემი უფროსი ქალიშვილი ევა უკვე იქ სწავლობდა, ჩვენი ოჯახის ახლო ნათესავების 90 პროცენტი ისრაელში ცხოვრობდა. არ იყო ადვილი ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ღმერთით არ დავიკარგე! საქართველოში მიღებული განათლება და შემოქმედებითი გამოცდილება ძალიან გამომადგა. უკვე ორი წლის შემდეგ ჩემი გვარი ცნობილი გახდა ისრაელის კულტურულ საზოგადოებაში. მივიღე პირველი დაკვეთები, დავიწყე მუშაობა თეატრში, ამას მოჰყვა კინოფილმები, ენაშიც ცოტათი გავიწაფე და შესაბამისად, მიმიწვიეს თელ-ავივისა და იერუსალიმის უნივერსიტეტებში კომპოზიციის პედაგოგად. ბუნებით ოპტიმისტი გახლავართ. ისრაელი ხომ პატარა ქვეყანაა (ერის ამბიციაზე არ ვსაუბრობ, ტერიტორიულად პატარას ვგულისხმობ) და იქ წარმატებულ შემოქმედს ამჩნევენ. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც მუშაობ მსოფლიოს გამორჩეულ მუსიკოსებთან, დირიჟორებთან, მომღერლებთან, სოლისტებთან. უკვე 1999 წელს იერუსალიმის ცნობილ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა ჩემი სიმფონიური მუსიკის პირველი დიდი საავტორო კონცერტი. ისრაელში მოსვლის მეათე წლისთავზე, 2005-ში ისრაელის ოპერის დაკვეთით დაიდგა ჩემი ოპერა "მოგზაურობა ათასწლეულის მიჯნაზე" და უახლოეს 2025-26 წლების სეზონში შედგება ჩემი ახალი ოპერის - "დიბუკი, ორ სამყაროს შორის" პრემიერა. მიღებული მაქვს ბევრი სახელმწიფო თუ შემოქმედებითი პრიზი. თეატრსა და კინოში აქაც ბევრი რამ შევქმენი და იმედი მაქვს, გავაგრძელებ თანამშრომლობას ისრაელის წამყვან რეჟისორებთან... ჩემ მიერ გაზრდილი მოსწავლეები მიმოფანტული არიან მთელ მსოფლიოში და სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. მეტი რა უნდა ვინატრო?! მთავარია, იყოს მშვიდობა სახლში, მთელ მსოფლიოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს სულებში.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

- მეუღლე პროფესიით ექიმი მაია ელაშვილი გახლავთ. გვყავს ვაჟი, 22 წლის ეზრა და 20 წლის ქალიშვილი მირიამი. დღეისთვის ორივე სავალდებულო სამხედრო სამსახურშია. სასაუბრო ქართულს, რა თქმა უნდა, კარგად ფლობენ... მყავს უფროსი ქალიშვილი ევა, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ევა ექვსი ბიჭის დედაა და მას უკვე ორი შვილიშვილი ჰყავს, შესაბამისად, მე უკვე დიდი ბაბუების სიაში ჩამწერეს.

48428811-586062958490768-754728717158187008-n-copy-1722839650.jpg

- როგორ აღინიშნება თქვენი საიუბილეო თარიღი?

- ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ გავურბივარ მსგავს იუბილეებს. გაგიკვირდებათ ალბათ, რომ 75 წლის იუბილე პირველ რიგში, საქართველოში დააფიქსირეს. მსგავსი რამ მოხდა 10 წლის წინ, როდესაც ვახტანგ კახიძის თაოსნობით საოპერო თეატრში გაიმართა დიდი სიმფონიური კონცერტი, რომელშიც ისრაელიდან ჩამოსული შესანიშნავი მუსიკოსები მონაწილეობდნენ... 23 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეზე ელისო ვირსალაძის სახელობის ფონდმა რუსთაველის თეატრის დარბაზში გამართულ კონცერტში შეასრულა ჩემი მე-3 სიმფონია. მას საქართველოს ფილარმონიის ორკესტრი ასრულებდა სპეციალურად მოწვეული ცნობილი ებრაელი დირიჟორის, ჩემი ახლო მეგობრის, არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით... შემდეგ ისრაელში მუსიკალური საზოგადოების აქტიური ჩართულობით აღნიშნეს ჩემი დაბადების დღე, სადაც ძირითადად გაჟღერდა 27 წლის განმავლობაში დაწერილი კინო-თეატრალური მუსიკის შერჩეული ნიმუშები და სოლო კამერული ნაწარმოებები. კონცერტს სათაურად "უცნობი ბარდანაშვილი" ვუწოდე. მადლიერი ვარ ყველასი, ვისთვისაც ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს და ცდილობს მომეფეროს.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?

- საქართველო ჩემი სამშობლოა, ამაზე მეტი აბა, რა გითხრათ?! აქ მეგულება ჩემი უახლოესი სულიერი მეგობრები. საქართველოს ყველა დიდი გამარჯვება ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია, თქვენი გულისტკივილი ჩემი დიდი გულისტკივილია. მიხარია, რომ ვთანამშრომლობ საქართველოს შესანიშნავ ხელოვანებთან. მაგალითად, სწორედ ახლახან თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობითა და მისივე ქორეოგრაფიით შეასრულა ბალეტ "მედეას" წარმატებული პრემიერა. ეს მარიამის და ჩემი თანამშრომლობის მესამე დიდი პროექტია... თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსისთვის ცხონებული მანანა დოიჯაშვილის თხოვნით დავწერე სავალდებულო პიესა "სიმღერა აღსავალთა". ალექსანდრე კორსანტია, აწ განსვენებული ჩვენი უახლოესი მეგობრის, ლექსო თორაძის ფესტივალზე შეასრულებს 1995 წელს სპეციალურად მისთვის შექმნილ საფორტეპიანო კონცერტს... ასევე ფესტივალზე პირველად შესრულდება "მიძღვნა", რომელიც გია ყანჩელის ნათელ ხსოვნას ეძღვნება და "მეტამორფოზები" (სოლისტი გიორგი ცაგარელი). ვიცი, რომ გიორგი ოვაშვილი ამთავრებს ახალ ფილმზე "მთვარე მამაა ჩემი" მუშაობას და არ გამოვრიცხავ, რომ კვლავ ერთად ვიმუშავებთ. შესანიშნავ ახალგაზრდა პიანისტს, არტურ რუბინშტეინის კონკურსის მე-2 პრიზის მფლობელ გიორგი გიგაშვილს დაგეგმილი აქვს საგასტროლო კონცერტების სერიაში ჩემი "პოსტლუდიის" შესრულება.

იმედს ვიტოვებ, კიდევ მომეცემა საშუალება ვიყო თქვენთან, ვიყო საქართველოსთან.

მანანა გაბრიჭიძე