ორიგინალური ნაკეთობები მინერალებით
სხვადასხვა სამკაულსა და ხატებს ქმნის. ამავდროულად ნახევრად ძვირფასი ქვებისა და ვერცხლის კომბინაციით მინიატიურულ ნაკეთობებს ამზადებს, რომელიც ამ ადამიანით დაინტერესების ამოსავალი გახდა.
- 1983 წლის 28 სექტემბერს მეტეხში დავიბადე და გავიზარდე. ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობაში გამიჩნდა. ვარ პოეტი და მწერალთა კავშირის წევრი. რამდენიმე წლის წინ ლექსების კრებულიც გამოვეცი. მინერალები ყოველთვის მიტაცებდა, სხვადასხვა რეგიონში ვეძებდი, ლამაზ ქვებს ვაგროვებდი და ზოგჯერ ვთლიდი კიდეც. სწორედ იმ პერიოდში დავუმეგობრდი ერმილე მაღრაძეს, რომელმაც მითხრა, ოქრომჭედლობისკენ გაქვს მიდრეკილება და გირჩევ, ეს საქმე შეისწავლოო. ის ჩემი პედაგოგი გახდა, შევისწავლე საიუველირო ტექნოლოგიები, მინანქარზე მუშაობა და გადმომეცა სერტიფიკატი. ნაკეთობების დამზადება რომ დავიწყე, გამიჩნდა სურვილი, ქვები დამეჭრა და სხვადასხვა ფიგურა გამეკეთებინა. მინერალებს სხვადასხვა საიტიდან ვიწერ, რადგან ბევრი მათგანი საქართველოში არ მოიპოვება. ესენი ნახევრად ძვირფასი ქვების კლასია და ძირითადად ვიყენებ: ლაზურიტს, როდონიტს, ამაზონიტს, აგატს, ოპალს. ასევე ძველებური წესით ვამზადებ ხატებს. ერთ-ერთი ხატი თბილისში, მეტეხის ტაძარს შევწირე - მამა აკაკის ვაჩუქე, ერთიც სვანეთში გავგზავნე. ჩემი ხატები მეგობრებსაც აქვთ ოჯახში.
ამ ეტაპზე სამი მიმართულებით ვმუშაობ: ოქრომჭედლობა, მინანქარი და ქვაზე ჭრა. ვამზადებ როგორც თანამედროვე სტილის ბეჭდებს, ისე ძველებურს, მერე თბილისში რამდენიმე ადგილას ვაბარებ. ბოლო წლებია ჩემი შემოსავლის მიზერული, მაგრამ ძირითადი წყარო ეს არის. ზოგადად, სამკაულზე მიყვარს ქართული ორნამენტების შექმნა და ის სტილი, რომელსაც ძველი ქართველი ოქრომჭედლები იყენებდნენ. რაც შეეხება მინერალებით დამზადებულ ნამუშევრებს, პირველი ნივთები მეგობრებსა და ნათესავებს ვაჩუქე, მერე რამდენიმე გაიყიდა. ახლაც რეალიზებისთვის მზად მაქვს ათი ერთეული მინიატიურული ნაკეთობა. მათგან ზოგიერთის სიმაღლე 12-10 სანტიმეტრია, სიგანეში კი 5-7. ვამზადებ შველის ფიგურას. როდონიტის ქვის სიმაღლე 15 სანტიმეტრი იქნება, ხოლო მასზე განთავსდება ვერცხლის ნაკეთობა, 250 გრამამდე. საერთოდ, ჩემი მინიატიურული ქანდაკებების ძირითადი თემა ადამიანები და ცხოველებია.
სამწუხაროდ, შესაბამისი იარაღები, ჩარხი და თანამედროვე სამუშაო ხელსაწყოები არ მაქვს. ხალხს არ სჯერა, მაგრამ ქვებსაც „ბარგალკით“ (კუთხსახეხით) ვჭრი, ვთლი და ვაპრიალებ. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. წარმოების გაშლის საშუალებაც არ მაქვს, მაგრამ რომ შემეძლოს ბიზნესს სიამოვნებით გავაფართოებდი და უფრო მასშტაბურს გავხდიდი. საერთოდ, წინააღმდეგობებს არ ვუშინდები. ბევრჯერ დამიმტკიცებია ჩემი თავისთვის და სხვებისთვისაც, რომ შეუძლებელი არაფერია. მიზანი სიცოცხლეზე მეტია. ადამიანი რამეს მიზნად რომ დაისახავს, უნდა აასრულოს. ჩემი მიზანია დავიხვეწო, კარგ ოსტატად ჩამოვყალიბდე და ამ სფეროში სრულყოფილებას მივაღწიო.
ფოტოების ავტორი:
ლაშა ზუბიაშვილი
ანა კალანდაძე