რატომ დააპატიმრეს 26 წლის ფოლკლორისტი
ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, ფოლკლორისტმა ელენე (ლოლოტა) ვირსალაძემ და ფილოსოფოსმა შალვა ხიდაშელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ლენინგრადში გააგრძელეს, სადაც ქალიშვილი მანანა შეეძინათ. ამ ოჯახის და მათი მშობლების ცხოვრებაში იყო გასაბჭოების უმძიმესი წლები, 1937 წლის რეპრესიები, სამამულო ომი და სხვა სიძნელეები. ისტორიკოსი, ქალბატონი მანანა ხიდაშელი მშობლების მოგონებების პარალელურად, თავისი განვლილი გზის ეპიზოდებსაც იხსენებს.
შალვა ხიდაშელის მოგონებიდან:
"ლენინგრადში დავდიოდით თეატრებში, კონცერტებზე... მაშინ მოვუსმინე ცნობილ ავსტრიელ დირიჟორ სტიგლს. როცა ევგენი მიქელაძე დააპატიმრეს, მას ერთ-ერთ ბრალდებად სტიგლთან ურთიერთობა წაუყენეს. ლენინგრადში ჩამოვიდნენ ქართველი პოეტები, მათ შორის პაოლო იაშვილი, ტიციანი, გალაკტიონი... ტიციანმა დიდი საქმე წამოიწყო - ქართული პოეზიის რუსულად თარგმნა გადაწყვიტა, პირველ ტომში რომანტიკოსები შევიდოდნენ, თარგმანზე ჩემი მეუღლეც მუშაობდა... მე და ელენე ვიყავით პეტერგოფში, აქ შეგვხვდნენ ვარლამ დონდუა და გალაკტიონი. პარკში სეირნობისას დაწინაურდნენ ვარლამი და ელენე. როგორც ჩანს, ელენემ გალაკტიონის ყურადღება მიიპყრო და პოეტი მე მომიბრუნდა თავისი ჩვეულებრივი ნერვიული გამომეტყველებით, ქალის ვინაობა მკითხა. გავეცი პასუხი და სხვათა შორის, დავუმატე, ჩემი მეუღლეა-მეთქი. პასუხის მოსმენისთანავე გალაკტიონი ბავშვივით დაიბნა, ხელი ჩამომართვა და ორჯერ გაიმეორა: ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა... რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ ლენინგრადში მცხოვრებმა ქართველებმა (საკმაოდ იყვნენ სტუდენტები, ასპირანტები, მეცნიერები), გალაკტიონთან დიდი შეხვედრა და შემდეგ ვახშამი დაგეგმეს. საღამო შედგა და ისე ჩაიარა, რომ ყველა სიხარულით, აღფრთოვანებით და ეროვნული სიამაყის გრძნობით იყო სავსე. თუ ვინ იყო გალაკტიონი და რას წარმოადგენდა, მსმენელებმა გაიგეს ელენე ვირსალაძის შესანიშნავი მოხსენებიდან.
ანტონ შვარცი ბევრს ელაპარაკებოდა დიდ პოეტს, მერე სთხოვა დაესახელებინა რომელიმე რუსი ან უცხოელი პოეტი, რომ იმათი ლექსები წაეკითხა. საოცარი ამბავი მოხდა, გალაკტიონი შეიშმუშნა, ანერვიულდა და ბოლოს, ვერც ერთი პოეტი ვერ დაასახელა... საღამო დამთავრდა, გამოვედით შენობიდან, გავუყევით გზას და გავედით სანაპიროზე. მხოლოდ რამდენიმე კაცი დავრჩით და უცებ, იმ ახლადგანცდილი უხერხულობის შემდეგ ხდება სასწაული, მაგრამ ეს არ იყო სასწაული. იყო ის, რაც უნდა მომხდარიყო, რაც გალაკტიონის სულიდან უნდა აღმომხდარიყო და რაშიც მთელი მისი ბუნება უნდა გახსნილიყო. გალაკტიონმა ვერლენის ლექსი დაიწყო დინჯად, თითქოს ჩურჩულით, მისებურად. დაამთავრა ვერლენი, შემდეგ იყო აპოლინერი და ასე გააგრძელა... თითქმის ყველა ფრანგი სიმბოლისტის ლექსი წაიკითხა..."
გალაკტიონი და დედა
- დედაჩემი ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან, ხიდზე მოვდიოდით მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით. ძალიან კარგად მახსოვს (7-8 წლისა ვიქნებოდი), შუახნის კაცი მოგვიახლოვდა, ცოტა ბარბაცებდა. უცებ დედის წინ მუხლებზე დაეცა, ფეხებზე მოეხვია და ატირდა: "ლოლოტა, ჩემო ტანჯულო..." ეს კაცი გალაკტიონი იყო. დედა დაპატიმრებამდე ორჯერ დაიბარეს, დასმენას სთხოვდნენ... ორივეჯერ გაუშვეს. მესამედაც რომ ვერ დაითანხმეს, 26 წლისა დააპატიმრეს. დედისგან ვიცი, რომ მისი გამომძიებელი იყო ვინმე ლეო აბაშიძე, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დაუწყია გამომძიებლად მუშაობა. გამოკითხვების დროს დედაჩემს ძალიან ადამიანურად ექცეოდა. მის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ: ერთხელ პარტიულ კრებაზე გამოსულა და უთქვამს: რამე ხომ არ გვეშლება, როგორ შეიძლება ამდენი ხალხის დაღუპვაო?! წარმოიდგინეთ, იქვე, დერეფანში დაუხვრეტიათ... მახსოვს, ჩემს შვილს როცა ლევანი (მსახიობი ლევან აბაშიძე. - ავტ.) დავარქვი, მითხრეს, - ლეო რატომ დაარქვიო? ლეო რატომაა, ლევანია-მეთქი. მაშინ ლეო აბაშიძის ამბავი არც ვიცოდი, მერე გავიგე, დედაჩემი არაფერს მიყვებოდა.
სიმონ ჯანაშიას კეთილი საქმეები
- დედას მიუსაჯეს 5 წელი, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს (მისი მამა იყო დაპატიმრებული). როცა სასჯელი მოიხადა, შუა აზიაში გადაიყვანეს, სადაც ცხოვრობდა სტატუსით "ვოლნოპასილენეც". ციხეში არ იჯდა, მაგრამ იმ ადგილიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. სხვათა შორის, დედაჩემი პირველი ადამიანი იყო, ვინც გადასახლებიდან ჩამოვიდა და ამაში დაეხმარა სიმონ ჯანაშია, რომელმაც სასწაული მოახდინა! როცა დედა თბილისში დაბრუნდა, მანვე მოაწყო სამსახურში, თავისთან წაიყვანა ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომლად, იმ დროს ჯანაშია იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. დედა გორშიც კითხულობდა ლექციებს. სიმონ ჯანაშიამ გადაარჩინა გადასახლებას ცნობილი გერმანელი ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგი, მხატვარ ოსკარ შმერლინგის ქალიშვილი. რენე მატარებლიდან ჩამოსვა და თბილისში დააბრუნა. მამაჩემი ქერჩში იბრძოდა, სასწაულად გადარჩა - არ დაჭრილა, ავად გახდა. თბილისში დააწვინეს საავადმყოფოში. როცა ისევ დააპირა ფრონტზე წასვლა, ჯანაშიამ არ გაუშვა. მამამ მოაწყო საარტილერიო სასწავლებელში და შაბათ-კვირას სახლში მოდიოდა ხოლმე. მახსოვს პატარა ტოპრაკით შაქარი მოჰქონდა ჩემთვის, მთელი კვირა მიგროვებდა.
დედაჩემის ინსტიტუტი ძერჟინსკის 8 ნომერში (ახლანდელი ინგოროყვას ქუჩა) მდებარეობდა. ერთხელ დედასთან ერთად ვარ, შევედით ინსტიტუტში და ვიღაც კაცი გამოდის. დედა გაჩერდა და მას დიდხანს ესაუბრებოდა. გაოცებული ვიყავი იმით, რომ დედის სახეზე ასეთი მოწიწება სხვა დროს არ მინახავს. მერე უთხრა: ბატონო სიმონ, ეს ჩემი ქალიშვილია, მანანა. სიმონმა შუბლზე მაკოცა და თქვა: მამის ასლიაო.
დეიდა თინა
- ჩემს ბებია-ბაბუას - ელენე მუსხელიშვილსა და ბაგრატ ვირსალაძეს სამი შვილი შეეძინათ: თინათინი, სიმონი (სოლიკო) და ელენე (ლოლოტა - დედაჩემი). შვილებში ყველაზე სუსტი და ნებიერი თინა იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, რომელიც რატომღაც მეხუთე კურსზე მიატოვა.
ის ცოლად გაჰყვა აკაკი ხოშტარიას ძმისშვილს მეთოდე ხოშტარიას, რომელსაც შინაურები ცაკას ეძახდნენ. მალე თინა და ცაკა ლენინგრადში გაემგზავრნენ. თინა ცნობილი ბიზანტიოლოგის, დიმიტრი აინალოვის ასპირანტი იყო. იმ დროს სწავლობდნენ ლენინგრადში სოლიკო და ჩემი მშობლებიც, მეც იქ დავიბადე. ცაკა ჩემი ნათლია უნდა ყოფილიყო. მთელი ბავშვობა მის ნაჩუქარ თეთრ საწოლში მეძინა. ლენინგრადიდან დაბრუნების შემდეგ თინა სამუშაოდ მუზეუმში "მეტეხი" მიიწვიეს, სადაც დაუმეგობრდა დიტო (დიმიტრი) შევარდნაძეს და ქეთო მაღალაშვილს. 1937 წელს ხოშტარიების ოჯახიდან ჯერ ცაკას უფროსი ძმა კაკო დაიჭირეს, მერე - ცაკა, რომელიც ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ არ იცოდა, მამა უნდა გამხდარიყო. ფეხმძიმე თინა სამსახურიდან დაითხოვეს, ის ყველას ჩამოშორდა და სახლში ჩაიკეტა. მე და დიდედა მასთან გადავედით საცხოვრებლად. თინას ერთადერთი საზრუნავი მე ვიყავი, ხოლო შემდეგ - გოგი, მისი შვილი. მე და გოგი ერთად ვიზრდებოდით.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ, თინამ ამ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. ის იყო ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მუშაობდა ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის გვერდით, რომელიც დირექტორი გახლდათ. თინა მაინც კარჩაკეტილად ცხოვრობდა. მხოლოდ სამი ნათელი წერტილი ჰქონდა: ჩვენი სახლი, ინსტიტუტი და ქეთო მაღალაშვილი (ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი). თინა თავისი საქმის დიდი სპეციალისტი იყო, სწორედ მან გაკვალა გზა შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის შესწავლისა და ანალიზის საკითხებში. ძალიან ბევრს მუშაობდა, ასევე დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა მოსწავლეებს, რითაც სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა მათგან. თინა თავის ნაწერებს გაუთავებლად ათეთრებდა და საკანდიდატო დისერტაციას ვერ ამთავრებდა, უჭირდა წერტილის დასმა. გიორგი ჩუბინაშვილს უთქვამს: თინა, მოვალ თქვენთან, სადარბაზოში კიბეზე დავჯდები და არ წავალ, სანამ ნაშრომს არ გამატანთო. სადოქტორო დისერტაციის დაცვა მაინც ვერ მოახერხა. ყოველ ზაფხულს ძეგლების შესასწავლად დადიოდა და ჩანახატებზე გატაცებით მუშაობდა. თითქმის ყოველთვის მიჰყავდა გოგი. ერთხელ მე, დედა და მამა ატენში ჩავედით. მახსოვს, ტაძარში შევედი და გაოცებული ვუყურებდი გუმბათთან "დაკიდებულ" თინას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო კვლევა ატენის შესახებ, რომელიც დაიწვა ჩუბინაშვილის ინსტიტუტის არქივთან ერთად (თბილისის ომის დროს), რასაც ძალიან განიცდიდა.
ის ინსტიტუტში არ დადიოდა, სახლში მუშაობდა. ერთ დღესაც მისულა და აღშფოთებულს უკითხავს: არავინ არაა, სად არის ხალხიო? ქალბატონო თინა, შაბათია და იმიტომო! იუმორით სავსე ვახტანგ ბერიძეს კრებაზე გამოსვლისას აღუნიშნავს: რამდენიმე თანამშრომელს საყვედური უნდა გამოვუცხადო, ერთ-ერთია თინა ვირსალაძე, რომელმაც ათი წუთით დააგვიანა მოსვლაო... დარბაზში ხარხარი ატყდა. კარჩაკეტილი ცხოვრების მიუხადავად, თინას ყველაფერი აინტერესებდა, ტელევიზორს უყურებდა და პოლიტიკაშიც იყო ჩართული. ფეხბურთი უყვარდა საოცრად და თუ იმ დროს მიხვიდოდი, როცა თამაშს უყურებდა, საშინლად უკმაყოფილო იყო. თბილისის "დინამოს" გულმხურვალედ თანაუგრძნობდა და როგორც ამბობდნენ, პროფესიონალივით ერკვეოდა ფეხბურთში. ერთხელ საბჭოთა კავშირის ნაკრები (6 თუ 7 ქართველი ფეხბურთელი იყო ნაკრებში) ეთამაშებოდა კაპიტალისტური ქვეყნის გუნდს და თინა საბჭოთა კავშირს გულშემატკივრობდა. გოგი აღშფოთდა, რაზეც თინამ უპასუხა: მე ქართველებს ვგულშემატკივრობო.
თინას გატაცება იყო პაპიროსი, ძალიან ბევრს ეწეოდა. ერთხელ კუჭის პრობლემები ჰქონდა და ანალიზისთვის უნდა წოლილიყო რამდენიმე საათი. მასთან შევედი და რას ვხედავ? პირში ერთ მხარეს მილი ჰქონდა მოთავსებული, მეორე მხარეს კი პაპიროსს ეწეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თერაპიის ინსტიტუტში იწვა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი მის გვერდით. ცალკე პალატაში ვიწექით, ოქტომბრის თბილი დღე იყო, ფანჯარა გავაღე. უცებ მეუბნება: შვილო, მოდი, გავაბოლოთო. გავაბოლეთ და ამ დროს ოთახში ექიმი შემოვიდა. თინას პაპიროსი სწრაფად გადავაგდე ფანჯრიდან და ექიმს ვეუბნები, მოგეჩვენათ-მეთქი. მე და თინა ყოველთვის მივფრინავდით მოსკოვში სოლიკოს სპექტაკლების პრემიერებზე. როდესაც თინაზე ვფიქრობ, თვალწინ წარმომიდგება მისი ოთახი: საწოლი, რომელზეც ის ფეხმორთხმული ზის; საწოლთან მიდგმული მაგიდა ქაღალდებით სავსე; გაშლილი პასიანსი და ანთებული პაპიროსი; სითბო, სიყვარული და სიხარული თინას თვალებში, რომელიც ჩემი დანახვით არის გამოწვეული...
ნანული ზოტიკიშვილი