სამარცხვინო საზმაუ, მიტოვებული შენობები და უროს ტყორცნა
როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, უკვე სამჯერ დაპატიჟა "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და არ მოდიან. წარმოიდგინეთ, ქვეყნის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს, ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეპატიჟება და ის არ მიდის... მერე ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემას სთავაზობს და ის ამაზეც უარს ამბობს (წარმოგიდგენიათ ტელევიზია, რომელიც პრეზიდენტის ექსკლუზივზე უარს იტყვის?), მერე კიდევ მეორე პრესკონფერენციაზე ეპატიჟება და ისევ არ მიდიან, ანუ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებს.
იმავეს აკეთებს რამდენიმე სხვა ტელევიზიაც, არ დადიან სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებებზე. პრეზიდენტმა გუშინ თქვა, კარგი, ისინი კერძო მაუწყებლები არიანო, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე, კერძო მედიასაც მოეთხოვება მინიმალური სტანდარტების დაცვა და მათი საქციელიც სამარცხვინოა, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი პრეტენზია საზოგადოებრივ მაუწყებელთან უნდა გვქონდეს, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება, ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა ერთ პარტიას, უფრო ზუსტად, ერთი კაცის ახირებებს ემსახურება - უარს ამბობს პრეზიდენტთან მისვლაზე, რადგან ის ერთი კაცი და პარტია მას პრეზიდენტად არ აღიარებს.
ასეთი სამარცხვინო საქციელი მართლა დიდი ხანია არ მინახავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიშას დროს ხომ სამარცხვინო ტელევიზია იყო და ბიძინას დროს კიდევ უფრო სამარცხვინო გამხდარა.
მაგრამ იმ ქვეყანაში რა უნდა გაგიკვირდეს, სადაც მედია მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ შავი თეთრად მოგაჩვენონ, სადაც მედია ძირითადად პროპაგანდის იარაღია და არა ინფორმაციის გავრცელების წყარო. ეს ხელისუფლება დემოკრატიის და თავისუფლების იდეებით მოვიდა, მიშას ამიტომ ვებრძვითო, და თავად მიშას ყველა მანკიერება სიამოვნებით გადმოიღეს, პლუს - ქვეყანა დასავლურ სამყაროს და ჩვენს პარტნიორებს დააპირისპირეს, ანუ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება ხომ ვერ მივიღეთ და მეგობრებიც დავკარგეთ. ის ქვეყნები, რომლებიც 30 წელია გვეხმარებიან და განვითარებაში ხელს გვიწყობენ, ახლა ჩვენი მტრები აღმოჩნდნენ. თურმე ამერიკელები აქ ფულს რევოლუციის და გადატრიალების მოსაწყობად ხარჯავენ, გერმანელების ფულიც თურმე ამ საქმეში მიდის, ფრანგებისაც, ნორვეგიელებისაც. წინა კვირას კი გაირკვა, რომ თურმე, დანიაც გადატრიალებას გვიწყობს, რადგან დანიური ფულით დაფინანსებულ "დემოკრატიის ფესტივალზე" ვიღაცებმა მიშას პლაკატები გამოფინეს. დანიას, კაცო?! ეს მშვიდობისმოყვარე და ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, ჩვენს ხელისუფლებას ერჩის და ოპოზიციას ეხმარება? რატომ? მასაც ჩვენი ომში ჩართვა უნდა?
დანია მტერია, სამაგიეროდ, ირანია მეგობარი. ჩვენი პრემიერი მათი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავიდა და ამაყად იყო გამოჭიმული სხვადასხვა დიქტატორის თუ ტერორისტის გვერდით. ერთ-ერთი მათგანი, ჰამასის ლიდერი მეორე დღეს ააფეთქეს. ამ ამბის გაგების მერე კობახიძე თურმე შოკირებული გაიძახოდა: გუშინ ვნახე, იცინოდაო.
ის ერთი კაცი კი ზის თავისთვის სადღაც ჭორვილაში ან შეკვეთილში და ერთი ხელის მოსმით ცვლის ქვეყნის გეზს და ქვეყნის ბედს, თან იმაზე ფიქრობს, ესოდენ არაპოპულარი ნაბიჯები ხალხს პროპაგანდის მეშვეობით როგორ შეასაღოს აუცილებელ საქმედ, რა დაპირება გადმოაგდოს წინასაარჩევნოდ, რომ ხალხი ისევ მოთაფლოს. ასეთ დროს რატომღაც მიტოვებული შენობები ახსენდება ხოლმე. 2020-ის არჩევნების წინ ლამაზი სურათები გამოდო, წყალტუბოს ასე ავაღორძინებო და ძველ სანატორიუმებს ასე და ასე გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ წყალტუბოს აღორძინებულის არაფერი ეტყობა. ახლა ქუთაისში პარლამენტის შენობა გაახსენდათ და იქ ტექნოლოგიურ ჰაბს გავაკეთებთო. რვა წლის წინ დააბრუნეს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში, რვა წელია ეს შენობა უფუნქციოდაა მიგდებული, ვერაფერი მოუხერხეს და ახლა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაუნათდათ გონება და დადეს გეგმა, როგორ განავითარებენ იქ ტექნოლოგიურ ჰაბს. ხომ გასაგებია, რომ არჩევნებამდე იქ ვერაფერი მოესწრება, ანუ ქუთაისელებმა უნდა დაიჯერონ, რომ თუ ხმას "ოცნებას" მისცემენ, მერე გაკეთდება.
ივანიშვილი იმერლებს მგონი, ეკაიფება. წინადღეს რომან გოცირიძემ გაიხსენა საჩხერის "ჩიხურას" ამბავი და მეც ვეთანხმები. კაცმა, რომელსაც 7 მილიარდი დოლარი აქვს, ერთ საფეხბურთო კლუბს არ მიხედა. საჩხერის გუნდი, რომელიც 2018 წელს უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ევროტურნირებზეც ასპარეზობდა, მერე მეორე ლიგაში გავარდა, მერე მესამეში, მერე მეოთხეში და აქაც ყველა თამაშს აგებს, ანუ საჩხერელების გულის მოსაგებად სჭირდებოდა რაღაც მომენტში, გამოიყენა და მერე მოისროლა. ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს ივანიშვილის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი.
P.S. ამ დღეებში ყველა ოლიმპიადას ვუყურებთ და ერთი კითხვა ამეკვიატა: სპორტის ის სახეობა, უროს ტყორცნა რატომ არაა ჩვენთან განვითარებული? დავიჯერო, არავის მოუნდა ჩვენთან, ურო ეტყორცნა? იქნებ იმიტომ, რომ ერთმანეთისთვის სხვა რაღაცების ტყორცნაა ჩვენი ეროვნული სპორტი?