"ამ საქმეს ვეღარც ივანიშვილის "ტრიუკები" უშველის და ვეღარც კობახიძის პროპაგანდისტული განცხადებები" - გზაპრესი

"ამ საქმეს ვეღარც ივანიშვილის "ტრიუკები" უშველის და ვეღარც კობახიძის პროპაგანდისტული განცხადებები"

- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერებას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა. "დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ... დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით და პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება", - განაცხადა პრემიერმა. რას შეიძლება მიიჩნევდეს შემხვედრ ნაბიჯებად პრემიერი კობახიძე, რამდენად სწორად აფასებს საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოში შეცვლილ პოლიტიკურ დღის წესრიგს და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე? - ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა გვესაუბრა.

- ირაკლი კობახიძის ეს განცხადება პროპაგანდისტულია და გამიზნულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სუსტი და უარგუმენტოა. მაინც, რა ნაბიჯები გადადგეს საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამერიკელი პარტნიორების მიმართულებით ურთიერთობის გადასატვირთად?! იმას ხომ არ გულისხმობენ, ქვეყნის პირველი პირი თეირანში რომ დარბის და მერე საკუთარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე "ჰამასის" პოლიტიკური ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს ცხედრის გვერდით გადაღებული ფოტო რომ გამოფინა?! მართლა ძალიან გაურკვეველია, რას გულისხმობს კობახიძე, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნები კი აბსოლუტურად გასაგებია. სინამდვილეში რა ნაბიჯები აქვს გადასადგმელი "ქართულ ოცნებას"? პირველ რიგში, ანტიდემოკრატიული, "რუსული კანონის", ასევე - "ოფშორების შესახებ" კანონის გაუქმება და სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უნდა მოხდეს. რა ნაბიჯი გადადგეს ისეთი, რის გამოც შეიძლება ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა გადახედონ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას? ან იქნებ პრორუსული საგარეო კურსი შეიცვალა და არ ვიცით?!

- მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამერიკიდან დაფინანსება ისეთ კარგ საქმეებს უწყდება, რაზეც მადლობას ამბობდნენ. სამაგიეროდ, რადიკალური NGO-ები საჯაროდ ფინანსდებიანო.

- ნეტავ, როდის იყვნენ მადლიერები, როდესაც ამბობდნენ, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვსო თუ მაშინ, როდესაც "გლობალური ომის" პარტიას ბიძინა ივანიშვილის თუ კობახიძის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. საბოლოოდ, იმაშიც ვერ ჩამოყალიბდნენ, ივანიშვილის მოკვლა უნდოდათ თუ კობახიძის. იქნებ რეალური არ იყო და ჩვენ უბრალოდ მოგვეჩვენა მმართველი გუნდის სხვადასხვა ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ ევროკავშირს უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება და არანაირი პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციაში თუ არ მიგვიღებენო; ან ის მოგვეჩვენა, რომ თქვეს, "გლობალური ომის" პარტია მართავს ევროპასაც და ამერიკასაცო? ამერიკელებმა კი არა, "ქართული ოცნების" არასწორმა პოლიტიკამ შეუწყვიტა დახმარება ქართულ არმიასაც და ლუგარის ლაბორატორიასაც. სანამ "ქართული ოცნება" ღიად დაუპირისპირდებოდა და წარმოუდგენელ რამეებს დააბრალებდა სტრატეგიულ პარტნიორებს, მანამდე მათი დახმარებით უამრავი პროგრამა განხორციელდა, დაწყებული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებიდან, გაგრძელებული პოლიციის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტიების განხორციელებით... ეს სია ყოველთვის საკმაოდ გრძელი იყო. ჯერ მარტო ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, ელიმინაციის და სკრინინგ-პროგრამები რად ღირს. ეს ყველაფერი საიდან მოვიდა?! როდის ერთხელ გამოხატეს მადლიერება?

- ამ ყველაფრის ფონზე, თავად "ქართული ოცნების" ელექტორატისთვის რამდენად სარწმუნო ან მოსაწონია მათი ლიდერების მხრიდან, სახელდობრ კი ირაკლი ქადაგიშვილისგან იმის თქმა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დახურვას რუსეთი ითხოვდა და იქ არსებული კვლევითი პროექტის შეჩერებით აშშ რუსეთის ნარატივებს მისდევსო?..

- "ქართული ოცნების" ელექტორატმა თუ ამ დრომდე ვერ გაარკვია, რომ ამ პროექტების შეჩერებაში ერთადერთი დამნაშავე მათი ფავორიტი პოლიტიკური ძალაა, მაშინ ძალიან ძნელია ვიფიქროთ, რომ ოდესმე რამეს მიხვდებიან. რაც შეეხება თავად "ქართულ ოცნებას", ყველაფერი რუსულ კანონს გადააყოლეს. ენჯეოები კი, რომლებზეც ისინი ასე გაბოროტებით საუბრობენ, ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტად, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებზე მეტად პრობლემურიც აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციებმა ამხილეს კორუფცია და ნეპოტიზმი, რაზეც "ოცნება" დგას. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა პოლიტიკურ პარტიას და თავისუფალ მედიას, ენჯეოების რიგიც დადგა. საბოლოო მაშველი რგოლის - დემოკრატიის მოგუდვაც რომ გადაწყვიტეს, იმიტომაც მიიღო ამერიკამ შესაბამისი ზომები და ზოგიერთი პროექტის დაფინანსება შეწყვიტა.

- როგორ გგონიათ, როგორი იქნება ამერიკელი და ზოგადად, დასავლელი პარტნიორების შემდგომი ნაბიჯები. კონკრეტულად, რას შეიძლება ველოდოთ მათგან?

- ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ნამდვილად დიდი დრო დასჭირდათ იმის მისახვედრად, რომ "ოცნების" საგარეო პოლიტიკური ვექტორი იცვლებოდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი სახეზეა, შესაბამისად, ამ საქმეს ვეღარც ივანიშვილის "ტრიუკები" უშველის და ვეღარც კობახიძის პროპაგანდისტული განცხადებები. ამერიკელები ახლა უკვე საკმაოდ თანამიმდევრულები არიან მოთხოვნებში, ფინანსური დახმარების შეჩერების ფაქტი და მკაცრი განცხადებები უკვე სახეზეა, დანარჩენს არჩევნების შემდეგ ვნახავთ... "ქართულ ოცნებას" უჭირს იმის გააზრება, რომ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება მათთვის ერთადერთი შანსია. ამ ამბავში კარგი ის არის, დასავლელმა პარტნიორებმა ქართველი ხალხი და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნეს, სწორედ ამის დასტურია ორპარტიული "მეგობარი აქტი", რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ტრანსფორმაციის შემთხვევაში ამერიკა ქართველ ხალხს წარმოუდგენლად დიდ ბენეფიტებს აძლევს - დაწყებული უვიზო რეჟიმიდან, დამთავრებული სხვადასხვა დახმარებით, თუნდაც - თავდაცვის სფეროში. თუმცა, უკვე ყველა ვხვდებით, რომ "ოცნების" ტრანსფორმაცია შეუძლებელია და შესაბამისად, ჩვენ 26 ოქტომბერს ძალზე სერიოზული დილემა გვექნება გადასაწყვეტი. როგორც კი ისეთ ხელისუფლებას ავირჩევთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას რუსეთ-ირან-ჩინეთის კლუბში არ ჩაწერს და კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაგვაბრუნებს, ჩვენი პარტნიორობა არათუ აღდგება, არამედ თვისებრივად, ბევრად უფრო მაღალ ხარისხში გადავა. ამერიკელები - დემოკრატებიც და რესპუბლიკებიც მზად არიან, ისევ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და დიდი ბენეფიტები გასცენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის.

- რას ფიქრობთ, როგორი იქნება ქართველი ხალხის არჩევანი 2024 წლის 26 ოქტომბერს?

- დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არა მხოლოდ სწორ არჩევანს გააკეთებს, დაიცავს კიდევაც საკუთარ არჩევანს.

- მაგრამ საინტერესოა, მანამდე როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად რთული იქნება წინასაარჩევნო პროცესი?

- იქნება მოსყიდვები, შანტაჟი, მუქარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი ამას შეეპუება. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელსაც მმართველი გუნდი შექმნის, საქართველოში ოპოზიციური ძალა გაიმარჯვებს. ამაზე მეტყველებს სოციოლოგიური კვლევები და საზოგადოებაში არსებული განწყობები.

- თქვენი აზრით, რამდენადაა მზად ოპოზიცია, შესაბამისად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და მოთხოვნებს?

- მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციის მზაობაც და ხელისუფლების მოქმედებებიც ხალხის განწყობებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებული. თუ ქართველი ხალხი იქნება თანამიმდევრული საკუთარი პოზიციების დაცვაში, ოპოზიციაც ანგარიშს გაუწევს მას და ხელისუფლებაც ვერ გაბედავს ჩანაფიქრის განხორციელებას. ჩვენ ვიცით, როგორია მათი ჩანაფიქრი, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ "ქართული ოცნების" ყველა ოცნება ახდება.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ ოპოზიციურ ველზე ბოლო დროს განვითარებულ გადაჯგუფებას, რამდენად მომგებიანია ის კონფიგურაცია, რომელიც საბოლოოდ დალაგდა?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საბოლოო კონფიგურაციაა, პოლიტიკური ცენტრების კიდევ უფრო მეტად გამსხვილებას ველი. ამის დრო და შესაძლებლობები კიდევ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

- როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რა მოხდა ხაზარაძესა და გახარიას შორის ისეთი, რომ პიროვნული ფაქტორი ვერ დაიძლია?

- პოლიტიკაში ყველაზე საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არასწორად შერჩეული დრო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ეს ფაქტორი გვერდზე გასწიონ და მათი შეთანხმების ამბავი ყველაზე სწორ, საჭირო მომენტში გავიგოთ.

ხათუნა ბახტურიძე