უკრაინელების გადარჩენილი ქართველი, რომელიც უკრაინისთვის ბრძოლას შეეწირა
- ეს სიტყვები აგვისტოს ომის მონაწილემ და უკრაინაში გმირულად დაღუპულმა კოკა ლაშხიამ იმ ფოტოს მიაწერა, რომელიც საკუთარ ჩრდილს გადაუღო. დღეს ეს ფოტო უკრაინელი მეგობრებისთვის აგვისტოს ომისა და ქართული ტრადიციების სიმბოლოა. ისინი მადლობას უხდიან კოკას მეგობრობისა და თავდადებისათვის.
კონსტანტინე-კოკა ლაშხია 2 წლის იყო, როდესაც ალყაში მოქცეულ სოხუმში დედასა და 8 წლის დასთან ერთად აღმოჩნდა, მამა და უფროსი ძმა კი რუსებსა და სეპარატისტ აფხაზებს ებრძოდნენ. ერთადერთი გამოსავალი ზღვის სანაპიროსთან მომდგარი უკრაინული გემი იყო. დედა დიდხანს წვალობდა, რომ სანაპიროზე მოზღვავებულ ხალხში გზა გაეკვალა და როგორმე, ორ შვილთან ერთად გემზე ასულიყო, მაგრამ ამაოდ... გამწარებულმა ქალმა ისღა მოახერხა, რომ უმცროსი შვილი გემბანიდან გადმოხრილ უკრაინელ სამხედროს მიაწოდა, თავად კი უფროს ქალიშვილთან ერთად ომის ქარცეცხლში გახვეულ ქალაქში დარჩა. ეს ამბავი 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2014 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, უკვე 25 წლის კოკა ლაშხიამ უკრაინელებისთვის ვალის გადახდა გადაწყვიტა და ერთ-ერთი პირველი შეუერთდა "ქართულ ლეგიონს". სამწუხაროდ, ასევე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. სოხუმში უკრაინელის გადარჩენილი კოკა ლაშხია 2015 წლის 1-ლ ივლისს მარიუპოლში დაიღუპა.
ამბავი ასე დაიწყო:
1993 წლის 27 სექტემბერი იდგა, ქალაქი სოხუმი აფხაზებისა და რუსი ოკუპანტების ალყაში იყო მოქცეული. ქართველების გადასარჩენად ზღვის სანაპიროს უკრაინული გემები მოადგნენ. ვინც ამის შესახებ შეიტყო, ყველა იქით გაიქცა...
ახალგაზრდა ქალი 8 წლის შორენასა და 2 წლის კოკასთან ერთად შინ მარტო იყო. მეუღლე - ქალაქის მთავარი პროკურორი და უფროსი ვაჟი - ჟიული შარტავას პირადი დაცვის წევრი ქალაქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულნი და შინ დარჩენილი ოჯახის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ. ქალაქის პროკურორმა მეუღლეს დაურეკა და სთხოვა, გამბედაობა მოეკრიბა, ბავშვები სახლიდან გამოეყვანა და როგორმე გემამდე მისულიყო. სანაპიროსთან ძალიან ბევრ ადამიანს მოეყარა თავი, გემზე ხალხი აღარ ეტეოდა. სამხედროფორმიანმა ბიჭმა ქალს დაუძახა, ბავშვი მომაწოდეთო. გული მოეწურა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, 2 წლის შვილი უცნობ უკრაინელ სამხედროს მიაწოდა... ქალი, თავის 8 წლის გოგონასთან ერთად ტყვედ აიყვანეს. მეუღლისა და უფროსი ვაჟის გმირულად დაღუპვის ამბავიც ტყვეობაში შეიტყო.
თითქმის ერთი წელი ჰყავდათ ტყვეობაში რუსებსა და აფხაზებს ქმარ-შვილზე მგლოვიარე ქალი, 8 წლის ქალიშვილთან ერთად. ჯოჯოხეთური ერთი წლის შემდეგ, დედა-შვილი ქართულმა მხარემ "წითელი ჯვრის" დახმარებით გაათავისუფლა. ქალმა თბილისში ჩამოსვლისთანავე ვაჟიშვილის ძებნა დაიწყო.
უცნაური ბედისწერა
ვაჟიშვილი იმ ავბედითი დღიდან ერთი წლის შემდეგ, ოდესაში, ერთ უკრაინულ ოჯახში იპოვა და შინ ზუსტად მის დაბადების დღეს, 1-ლ სექტემბერს დააბრუნა. როგორც შორენა ლაშხია იხსენებს, კოკა თურმე ხშირად ხუმრობდა, ორჯერ ვარ დაბადებულიო. ბავშვი თურმე ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა, თავადაც ჰყოლიათ შვილები - სამი ბიჭი. კოკას ისე ზრდიდნენ, როგორც მეოთხე შვილს. თავდაპირველად ოჯახები ხშირად კონტაქტობდნენ, ფოსტიდან ურეკავდნენ ერთმანეთს, კოკას უკრაინელ დედობილ-მამობილს ქართველი შვილობილის ცხოვრების ყველა დეტალი აინტერესებდათ. დროთა განმავლობაში კონტაქტი გაიშვიათდა, მაგრამ არასდროს შემწყდარა. კოკას ძმობილები დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და სამშობლოს იცავენ. უცნაურია, მაგრამ კოკას ყველაზე კარგად ის გემი დაამახსოვრდა, რომლითაც საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა. "დეტალურად ახსოვდა ყველაფერი და ხშირად ხატავდა. კიდევ ერთი უცნაური ამბავი ის არის, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის გემი კოკამ აზოვში იპოვა. აღელვებულმა დამირეკა და მითხრა. რამდენჯერმე გამიმეორა, ის გემი ვიპოვე, უპატრონოდ გდიაო. ამის მერე სულ რაღაც ერთ კვირაში დაიღუპა. სულ ამბობდა, სიცოცხლე არ მენანება, ოღონდაც კი რუსები დამარცხდნენო. ის ომის შვილი იყო. დედა მის დაღუპვამდე ერთი თვით ადრე დაიღუპა, კიდევ კარგი, არ მოესწრო კოკას სიკვდილს," - გვიამბობს შორენა ლაშხია.
რომანტიკოსი მეომარი
კოკა სკოლაში ცელქი მოსწავლე ყოფილა, ბეჯითობითაც არ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან ჰუმანური იყო, ცხოველებზე გიჟდებოდა. სახლში პატარა ზოოპარკი მოუწყვია - ძაღლებთან ერთად, შინ ბატიც კი მიუყვანია. თურმე ერთხანს, კორპუსში, მეცხრე სართულზე, ერთ პატარა ბინაში ოთხი კაცი: ბებო, დედა, შორენა და კოკა 12 ცხოველთან ერთად ცხოვრობდა. როგორც შორენა იხსენებს, თითოეულის ამბავს ძალიან განიცდიდა. მერე დედას და დას რამდენიმე ძაღლი გაუჩუქებიათ და კოკასთვის უქვამთ, გაიპარნენო. ისეთი რომანტიკოსი და გულუბრყვილო იყო, ცხოველების გაპარვის ამბავი კიდეც დაიჯერა და თან ინერვიულა, რატომ მოუნდათ ჩემგან წასვლაო? კოკამ პირველი გიმნაზია დაამთავრა და უცნაური რამ მოხდა, მან და მისმა კლასელმა ბიჭებმა, თითქმის ყველამ, სამხედრო საქმე აირჩიეს. შემდეგ იყო ავღანეთში მისია... ბოლოს კი უკრაინა. უკრაინაში ერთი წლის წასული იყო, დედას და დას რომ მისწერა, - აქ ვარ და არ ინერვიულოთო. მანამდე კი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი...
აგვისტოს ომი და ძმის გამო ომში წასული და
2008 წლის 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, კოკა ლაშხია, როგორც ქართული არმიის მებრძოლი, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო. მისი და - შორენა ლაშხია ამ პერიოდში უშიშროების თანამშრომელი იყო (ის ახლა მასწავლებელია). მისი მოვალეობა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა არ გახლდათ, მაგრამ ერთადერთი ძმა ომში მარტო ვერ გაუშვა... "ყველაზე მეტად ამ ომის გახსენება არ მინდა", - ამბობს შორენა ჟურნალ "გზასთან" საუბრისას. "დაჭრილების გამოყვანაში პირადად ვმონაწილეობდი. საპატრიარქო ძალიან დაგვეხმარა, ჩვენს ბიჭებს ანაფორები გადააცვეს და ისე შეუშვეს დაჭრილებისა და დახოცილების გამოსაყვანად... პირველად მაშინ გავიაზრე, რატომ ეძახდნენ რუსებს ღორებს. რას ვგულისხმობ?! მათ არა აქვთ ღირსება, პატივს არ სცემენ გარდაცვლილ მეომარს... გახსენებაც კი მზარავს, მიწიდან ამოთხრილ ბიჭებს თუ რამე მთელი ჰქონდათ შერჩენილი - ტანსაცმელი თუ ნივთი, ყველაფერს ხდიდნენ, ხსნიდნენ... მიცვალებულებს ჩვენ წინაშე უტიფრად, ცინიკურად ძარცვავდნენ! უმძიმესი სიტუაცია იყო. ამ ომმა მთლიანად უბრალო ხალხზე გადაიარა. სოფლის მოსახლეობა გვერდში დაგვიდგა. ვფიქრობ, 2008 წლის ომი კიდევ ერთი მიზეზი გახდა, რომ კოკას რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების მიზნად დაესახა. ჩვენი ოჯახისთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში, მთავარი იყო ქვეყნის ერთიანობა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ამას გარდა, სულ ამბობდა, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოაო", - გვიამბობს ქალი, რომლის ოჯახის ყველა მამაკაცი რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა.
უკრაინელების ქართველი გმირი:
უკრაინელები ქართველებს რომ ყველაზე საიმედო მეომრებად მიიჩნევენ, ეს უკვე ყველამ ვიცით, კოკა ლაშხია კი ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკრაინელების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. როგორც შორენა ლაშხია გვიამბობს, კოკა სულ ამბობდა, უკრაინელების ვალი მაქვსო. "სხვა ბიჭებიც ხშირად ამბობდნენ, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაგვიდგა გვერდშიო. აფხაზეთში ჩვენ საკუთარი ხელისუფლება არ გვეხმარებოდა ისე, როგორც უკრაინელები. ტყვეების გაცვლის თუ გამოსყიდვის საქმეშიც აქტიურად იყვნენ ჩართული. სხვათა შორის, ტყვეობიდან ჩვენს გამოსახსნელად სწორედ უკრაინელები მართავდნენ მოლაპარაკებას ჩეჩნებთან. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთი ნებისმიერ ტერიტორიაზე ჩვენი მტერია. მეც ამ სულისკვეთებით ვარ გაზრდილი. ჩვენი ბიჭები უკრაინაში მარტო იმიტომ კი არ იბრძვიან, რომ ამ ხალხის მადლიერი ვართ, ჩვენს ინტერესებშიც შედის, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს რუსეთს, რათა საქართველოში მორიგი "გამოსეირნების" თავი აღარ ჰქონდეს. უკრაინაში მებრძოლი ყველა ქართველისთვის საქართველო უპირველესია და ყველგან თავგანწირვით იბრძოლებენ რუსეთის წინააღმდეგ. ასე იყო ჩემი ძმისთვის და ასეა მისი თანამებრძოლებისთვის", - ამბობს შორენა.
კოკა უკრაინაში ჩასვლისთანავე "ქართულ ლეგიონს" დაუკავშირდა. მაშინ იქ სულ 30 ქართველი იყო. ძალიან ხშირად უწევდათ სხვადასხვა დანაყოფში ინსტრუქტორებად გადასვლა. აზოვის ჩამოყალიბებაშიც ქართველები მონაწილეობდნენ. იმ წლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო იყო, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მთელ რიგ საკითხებზე და არც "ქართული ლეგიონის" მიმართ იყო კეთილგანწყობილი. ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად, უკრაინის მაშინდელი მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთთან ომში იყო ჩართული. "ქართული ლეგიონის" ბიჭებს სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონიათ. იარაღს, ფორმას, საწვავს თუ ბრძოლისთვის საჭირო სხვა ნივთებს თავად ყიდულობდნენ. როგორც კი საშუალება ეძლეოდათ, კიევში ჩადიოდნენ და მტვირთავებად მუშაობდნენ. ერთადერთი, ვინც მათი გულშემატკივარი იყო, ეს უკრაინული სამღვდელოება გახლდათ.
ოჯახი
კოკას მეუღლე და გოგონა დარჩა. ნელიკო მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. ის ახლა ამაყად უამბობს თანატოლებს გმირი მამიკოს, ბიძისა და ბაბუის შესახებ. კოკას მამას, შალვა-შოთა ლაშხიას, რომელიც ომის დაწყებამდე მთავარი პროკურორი იყო, შინაგან ჯარში ოცეული ებარა. როგორც გაირკვა, თავისი ბიჭები არ დატოვა და აფხაზებმა მათთან ერთად დახვრიტეს. კოკას ძმა - გოჩა კი იმ 11 ბიჭს შორის იყო, რომლებიც ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს. ის 11 ბიჭი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ბოლოს ტყვია-წამალი გაუთავდათ...
ხათუნა ბახტურიძე