"ჩემს ბედნიერებას 1 ადამიანი აკლია, შეყვარებული არ ვარ" - გზაპრესი

"ჩემს ბედნიერებას 1 ადამიანი აკლია, შეყვარებული არ ვარ"

- ამბობს რეპერი მასტერი (გიორგი გაჩეჩილაძე). რას საყვედურობს მამა, რისი სურვილი აქვს ყოველთვის, რომელი თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში, რომელ სუპერძალას უნდა რომ ფლობდეს და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 26 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ბიძას დავყავდი სპექტაკლებზე, ის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, ხშირად რეპეტიციებსაც ვესწრებოდი. ეს სფერო ძალიან მიზიდავდა და ვნანობ, სამსახიობოზე რომ არ ჩავაბარე. რეპს გვერდით არც ერთ შემთხვევაში არ გავწევდი, მაგრამ იქ მიღებული გამოცდილება და ცოდნა ჩემს მუსიკალურ კარიერას სასიკეთოთ წაადგებოდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ძალიან უშუალო ადამიანი, ეს მართლაც ასეა. ყველა მომღერალს ვეჯიბრები და დარწმუნებული ვარ, ვიგებ. ჩემს მსმენელთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ვპასუხობ მათ კომენტარებს, შეკითხვებს. ზოგიერთი "ჰეითერი" იმასაც კი ამბობს, რომ ბნელი ვარ, ქალთმოძულე და ა.შ. ახლახან ერთმა მსმენელმა მომწერა, თუ შეიძლება, იმ ფსიქოლოგის სახელი და გვარი მითხარი, ვისთანაც დადიხარ, რადგან გასაოცრად კარგი ნერვები გაქვსო. ნებისმიერ კრიტიკას თუ ლანძღვას ეთიკურად ვპასუხობ. ზოგჯერ რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, მაგრამ მე ეს ყოველთვის გამომდის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...რეპერობა 15 წლის ასაკში დავიწყე და კიდევ უფრო ადრე დავიწყებდი. ეს საქმე იმდენად მიყვარს, ვნანობ ყველა წელს, რომელიც მუსიკაში არ გავატარე.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როდესაც ამერიკაში შტატის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დამასახელეს. მაშინ საქართველოში სათადარიგო ფეხბურთელი ვიყავი, ამერიკაში წავედი და ბომბარდირი გავხდი, სეზონზე 23 გოლი გავიტანე. ეს ყველაფერი 14-15 წლის ასაკში ხდებოდა. იქაურ სკოლის გაზეთში იბეჭდებოდა ეს ამბები და გამოხმაურებებიც ძალიან მასშტაბური იყო.

- დიდ ფეხბურთში თამაშის სურვილი აღარ გქონდა?

- არა, რადგან არ მქონდა ის მონაცემები, რომ დიდი დონის ფეხბურთი მეთამაშა, ამას გულწრფელად ვიტყვი. საკუთარი შესაძლებლობები სწორად შევაფასე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მშობლები კარგად მყავს; ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ. გუშინ სვანეთში ვიყავი. იქაც უამრავისგან მივიღე დიდი სიყვარული და დადებითი ემოციები; ბედნიერი ვარ, რომ ჩემს პატარა ოთახში დაწერილ სიმღერებს საზღვრებს გარეთაც უსმენენ. ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერებაა, როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც შენს ბედნიერებას უზიარებ. ახლა ჩემს ბედნიერებას 1 ადამიანი აკლია, შეყვარებული არ ვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...„არ უყურო დროს“, „დამსინა“... ჩემი სავიზიტო ბარათია გულწრფელობა. დედა ხშირად მეუბნება, ზედმეტი გულწრფელობა არ ვარგა, ხანდახან ადამიანებმა შეიძლება სწორად ვერც გაგიგონო. მე კი უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა გულწრფელი ვარ... სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი, თუმცა ქცევებით ვიყავი იდეალური, ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მინდა, ვიყო შეყვარებული.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვცდილობ, ვიყო ობიექტური. რა თქმა უნდა, ადამიანებს ეს ბოლომდე არ გამოგვდის, მაგრამ კამათის დროსაც კი ვცდილობ, ჩემს თავს მოკამათის მხრიდან შევხედო, ოპონირება თავად გავუწიო. მე და შენ რომ ვკამათობდეთ, შეიძლება საშენო რამ გითხრა, მაგალითად, შენ რომ ამ დროს, ამ საკითხისთვის ხაზი გაგესვა, მართალი იქნებოდი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ბევრს ვფიქრობ. ხანდახან მინდა "ფეხებზე დაკიდება" შემეძლოს. მაგალითად, უბანში ღამის 2 საათზე რომ შემოვდივარ, მუსიკას დაბალ ხმაზე ვუწევ, ვცდილობ, ადამიანებს დისკომფორტი არ შევუქმნა. ამ დროს ვიღაც დილის 5 საათზე, სადარბაზოსთან მოაყენებს მანქანას და მუსიკა ბოლო ხმაზე აქვს აწეული. ასეთ ადამიანებს საქციელს არ ვუწონებ, მაგრამ ხანდახან მათი მშურს, "ფეხებზე დაკიდება" რომ შეუძლიათ. რეპეტიციაზე რომ მივდივარ, ბენდი ყოველთვის იგვიანებს. მე ვბრაზდები და ვამბობ, შემდეგ მოსვლაზე მე დავიგვიანებ და თქვენ მელოდეთ, როგორია-მეთქი. დამიჯერე, ვერ ვასრულებ, დაგვიანება არ გამომდის. ხანდახან ზედმეტად პასუხისმგებლიანი ვარ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ადამიანები შეცდომებზე დიდად ვერ ვსწავლობთ, რადგან ყოველი სიტუაცია სხვა სიტუაციაა, რადგან მონაწილე ადამიანებს სხვა სახელები ჰქვიათ. მაგალითად, ემოციური ადამიანი ვერასდროს გახდება უემოციო. მიმნდობს ცხოვრებამ რაც უნდა დაანახვოს, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, ის მაინც მიმნდობად დარჩება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელად დამანახვებს, რომ თავის დანაშაულს ხვდება. ხშირად ბოდიშის მოხდას რატომ ერიდებიან? რატომ ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დამამცირებელი იქნება? ჩემს თვალში ბოდიშის მომხდელი ძალიან მაღლდება. ადამიანი რომ მეტყვის, შენთან სწორად ვერ გამომივიდაო, ეს უკვე ბოდიშია და გზას აღარ მიტოვებს, რომ არ ვაპატიო. ყოფილა შემთხვევები, ჩემზე ნეგატიური პოსტი დაუწერიათ, მე გადამიზიარებია და ძალიან ზრდილობიანი, თუმცა კრიტიკული პასუხი გამიცია. შემდეგ იმ ადამიანს ჩემთვის ბოდიში მოუხდია და მე ის პოსტი წამიშლია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...საერთაშორისო არტისტი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უტიფრობას, თუმცა საკუთარი თავის მართვას ყველა სიტუაციაში ვახერხებ. დამაბრალეს, თითქოს მთავრობის პროპაგანდისტი ვიყავი. შეიძლება ჩემი აზრი იგივე იყოს, რაც მმართველი პარტიის აზრია ან რაღაც საკითხში, რომელიღაც ოპოზიციური პარტიის აზრს ემთხვეოდეს. ერთმა გოგომ დამიწერა, მსოფლიოში ერთი რეპერი მაინც დამისახელე, რომელმაც მთავრობას მხარი დაუჭირაო. ქანიე უესტის და დონალდ ტრამპის ცნობილი ფოტო დავუდე. მისი პასუხი იყო, - ქანიე უესტის ედრებიო? ეს ჩემთვის უტიფრობაა. თავად ხომ მთხოვა, ერთი მაინც დამისახელეო. ადამიანის დაცინვას, ბულინგს ვერ ვიტან.

- სიყვარული ეს...

- ...არის მზრუნველობა. როცა იცი, შენი საყვარელი ადამიანი სამსახურშია, შენ ლანჩს მიუტან და ეს მზრუნველობა მოგანიჭებს ბედნიერებას. სიყვარულია, როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე ხარ და შენგან მესიჯს ელოდება, შეატყობინო, როგორ ჩაიარა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...იმ გოგოს მესამე ნახვისას ვუთხარი: "მგონი, მიყვარხარ!". მაშინ ახლობლებმა მითხრეს, "მგონი" ზედმეტი იყო, არ უნდა გეთქვაო. მაშინ ის განცდა, ჩემთვის იმდენად ახალი შეგრძნება იყო, ვფიქრობდი, "მგონი, ეს ის არის" და იმდენად მინდოდა იმ გოგოსთან გულწრფელი ვყოფილიყავი, როგორც ვფიქრობდი, ისე ვუთხარი. ის გოგო მართლა მიყვარდა.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- ისეთი, რომელიც გრძნობებს არ მალავს, აქტიური და მხიარულია. რაღაც სიტუაციას კი არ უნდა ელოდებოდეს, განწყობა რომ შეექმნას, მისმა განწყობამ უნდა შექმნას სიტუაცია.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ადამიანების დაცინვით, ეს ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა. არ შეიძლება, ერთ დღეს აღმერთებდე ადამიანს და მეორე დღეს მიწასთან გაასწორო. აქ თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო ცუდ კომენტარს დაწერს, რომ მისმა დაწერილმა "ლაიქები" მოაგროვოს.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ადამიანმა, რომელიც ჩემთან მოდის, სიყვარულს, პატივისცემას გამოხატავს ან ფოტოს გადაღებას მთხოვს. თბილისი ძალიან მიყვარს, გულში მყავს, მაგრამ ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს ქალაქიდან გასვლა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გურმანი ვარ, ჭამა მიყვარს, დედაჩემი ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებს, სულ წონის კონტროლი მიწევს. ვინმემ რომ მკითხოს, რა სუპერძალას ინატრებდიო, ვუპასუხებდი, ვჭამდე და წონაში არ ვიმატებდე-მეთქი.

4-copy-1723445984.jpg

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...მამა, ცოლი მოიყვანეო, გუშინ ამაზე ვიკამათეთ. მას შვილიშვილები უნდა რომ ჰყავდეს. კი ჰყავს ჩემი დისგან ორი გოგონა, მაგრამ ჩემგანაც უნდა. ჩემი ერთგული მსმენელი კი იმის გამო მსაყვედურობს, ყველა კრიტიკულ კომენტარზე ყველას პასუხს ნუ სცემო.

- ვიტყუები, როცა...

- ...დამწყები მომღერალი სიმღერას მიგზავნის და შეფასებას მთხოვს. არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო, მოტივაცია მოვუკლა, ხელი ჩავაქნევინო და ამის გამო ვფრთხილობ. ხშირად მითქვამს, "კარგია", მაგრამ ვცდილობ, კომპლიმენტებით არ ავავსო. ბევრი მწერს: რამდენს მივწერე და შენ გარდა არავინ გვიპასუხაო. თავიდან ყველა ძალიან კარგად ვერ იწყებს, ჩემს პირველ ტრეკებს ვერც ვუსმენ, არც გამოვაჩენ.

- თავისუფლება არის...

- ...დარჩე იმ ადამიანად, როგორიც ხარ, შენი აზრები ზუსტად წარმოაჩინო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...კიდევ უფრო აქტიური ვიქნებოდი მუსიკაში, კიდევ უფრო მეტ კლიპს გადავიღებდი. დღეს ზუსტად იგივე მოტივაციით ვარ, 15 წლის ასაკში გარეპვას რომ ვიწყებდი. კლიპი ჩემთვის იცი, რა არის? შვილს რომ დააბინავებ. სიმღერაზე კლიპს რომ გადაიღებ, ჩათვალე ის დაბინავებული გყავს. უფრო მეტს ვიაქტიურებდი და ჩემი სიმღერების ვიზუალურ მხარეს უკეთ წარმოვაჩენდი. ჩემი სიმღერების კლიპების რეჟისორი თავად ვარ და ფინანსური კუთხით ყოველთვის შეზღუდული გახლავართ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, იმ თემაზე ბევრი არ ვიფიქრო. ფიქრები ადამიანის მტერიც არის და მეგობარიც. ვცდილობ, 2-3 ადამიანის გარემოცვაში მაინც ვიყო, ხანდახან მუსიკა მშველის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მეუბნებიან, რომ ჩემი გეგმების შესახებ ხშირად არ ვილაპარაკო, მაგრამ ენას კბილს ვერ ვაჭერ. ის მიზნები უფრო მალე სრულდება, რომელსაც არავის უზიარებ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...არ იფიქროთ, რომ ზედმეტად ამბიციური ვარ, ადამიანი ერთი შეხედვით არასდროს განსაჯოთ!

თამუნა კვინიკაძე