ლაშა ღლონტი: "რთული ცხოვრება გავიარე, ბევრი ვიშრომე..." - გზაპრესი

ლაშა ღლონტი: "რთული ცხოვრება გავიარე, ბევრი ვიშრომე..."

უკვე არავინ დაობს იმაზე, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია და ამ უნიკალურ ფენომენს არაერთი ნიჭიერი ქართველი ხელოვანი ემსახურება, მათ შორისაა ცნობილი მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელიც ჟურნალ "გზის" მკითხველს თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა:

- ნათქვამია, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო. მართალი იყო ეგზიუპერი, როცა ამას ამბობდა. აქვე გიზო ნიშნიანიძის სიტყვებსაც მოვიშველიებ: თუ კარგი ბიჭი არ იყავი, კარგი კაცი ვერასდროს იქნებიო... მთელი ჩემი ბავშვობა მშობლიურ ბათუმს უკავშირდება: რუსთაველის ქუჩა ნომერი 11, მეექვსე სკოლა, რომლის შენობა, სამწუხაროდ, აღარ არსებობს, აღარც ჩემი საბავშვო ბაღი დგას რუსთაველზე. ამიტომ, ის უზრუნველი ხანა და ბავშვობის წლები მხოლოდ ჩემს ულამაზეს მოგონებებში რჩება. საოცარი ბავშვობა მქონდა: ზღვა, ბულვარი, პიონერთა პარკი და ნაღდი ბათუმელები - ეს ჩემი ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ბათუმის მე-6 საშუალო სკოლა დავამთავრე. ულამაზესი იყო სკოლის პერიოდი.

- ბატონო ლაშა, როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ქართული მუსიკა?

- ეს დედაჩემის დამსახურებაა: ბავშვობაში სწორედ ის მასმენინებდა ქართულ საგალობლებს, "ცისფერი ტრიოს" მშვენიერ სიმღერებს, ნანის რომანსებს, ჰამლეტის დროინდელი "რუსთავის" შემოქმედებას... ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენს ოჯახში ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც ქართულ მუსიკასა და ხელოვნებაზე დიდი სიყვარულით, რუდუნებით ლაპარაკობდნენ. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა, ჩვენი კარი არ იკეტებოდა და ის დღეები საოცარ მოგონებად დამრჩა! მერე ბებიამ გიტარაზე შემიყვანა. გურული ბებია მყავდა - მარგალიტა ბერიძე. ვიდრე გიტარის წრეზე სიარულს დავიწყებდი, ასე მითხრა: ,,კაცი ხარ, ბებია და რომც არაფერი გამევიდეს შენგან, გიტარა მაინც გეცოდინება". ასე რომ, ჩემი ოჯახის წყალობით, მუსიკა თანდათან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მერე უკვე სკოლის გუნდშიც ვმღეროდი და ძალიან ბევრი ოქროს მედალიც მაქვს მიღებული ოლიმპიადებზე.

- ნიჭიერი ბავშვები ხშირად ცელქები და მოუსვენრები არიან, თქვენც ასეთი იყავით თუ მშობლებს ყველაფერს უჯერებდით?

- საშუალო ნიჭის, ოთხოსანი მოსწავლე ვიყავი. წესიერი და ზრდილობიანი, თუმცა თავს არავის ვაჩაგვრინებდი. სხვათა შორის, ფეხბურთს ვთამაშობდი ძალიან მაგრად. გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი, რომ არა პატარა გულისტკენა, რის გამოც სპორტს თავი დავანებე.

- გვიამბეთ თქვენს მშობლებზეც, რა როლი შეასრულეს მათ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- მე განსაკუთრებული ადამიანების შვილი ვარ. ალბათ, ყველა ასე ფიქრობს თავის მშობელზე, მაგრამ მათი მსგავსი რაფინირებული, განათლებული, წესიერი, პატიოსანი ხალხი დღეს ძალიან ცოტაა. ყველაზე მთავარი, რაც მათგან ვისწავლე, პატიოსნება, წესიერება და სამშობლოს სიყვარულია. მათგან არ მახსოვს არც ერთი ტყუილი - უმნიშვნელოც კი. ზეპატიოსნები იყვნენ. დედა, მზიული ერისთავი რაჭის თავადების შთამომავალია. უბედნიერესი ვარ იმით, რომ ის ცოცხალი მყავს. საოცარი ადამიანი იყო მამაჩემი - თენგიზ ღლონტი! მახსოვს, მამა სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი იყო. მაშინ, აკადემიაში ჩასაბარებლად, აჭარა ე.წ. ლიმიტებს იძლეოდა, რომლითაც აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებზე სარგებლობდნენ. ამას ზოგი არაკეთილსინდისიერად იყენებდა. მამაჩემი ხელფასზე ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ნიჭიერ ახალგაზრდებს არჩევდა და მათ ეხმარებოდა, არა მარტო ლიმიტით: ნიჭიერი ადამიანების წასახალისებლად ის ყველაფერს აკეთებდა. ზოგჯერ თავისი ჯიბიდან უხდიდა მატარებლის ბილეთის ფულს ახალგაზრდებს. ამიტომ არ მიკვირს, რომ თენგიზ ღლონტს დღესაც უდიდესი სიყვარულით იხსენებენ!

- ბატონო ლაშა, როდის მიხვდით, რომ ქართული მუსიკა თქვენი ცხოვრების განუყოფლი ნაწილი გახდებოდა?

- ქართული სიმღერა ჩემთვის ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო. ვფიქრობ, საშუალო მონაცემების მქონე ადამიანი ვარ, რომელსაც უბრალოდ, ძალიან უყვარს ქართული სიმღერა. რთულია იფიქრო მომღერლობაზე, როცა არსებობს გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე, ნუგზარ აფხაიძე, ვანიკო მაჭავარიანი და რა ვიცი, კიდევ რამდენი ნიჭიერი შემოქმედი. როდესაც პირველ წარმატებაზე მეკითხებიან, უნებურად მახსენდება განუმეორებელი ანსამბლი "ალილო" და გურამ თამაზაშვილი. დიდი როლი შეასრულა ჩემს შემოქმედებით გზაზე დათო არჩვაძისა და ნანა ცინცაძის სიმღერამ - "მონატრებიხარ ფიქრებს", რომელიც საქართველოში ბევრმა შეიყვარა. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ქართულ სცენაზე.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე და რამდენად გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?

- ჩემი მეუღლე, თეა ახალაძე აჭარიდანაა. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე ასეთი ადამიანი შემხვდა. რომ არა მისი გვერდში დგომა, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, მე ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ. არანორმალურად უყვარს ოჯახი, საოცარი დედა და ბებიაა. სხვათა შორის, ჩემი შვილიც კარგად მღერის, მაგრამ არ გაჰყვა ამ პროფესიას, რასაც ყოველთვის გულისტკივილით აღვნიშნავ ხოლმე. ამ ბოლო დროს სიმღერა ისევ დაიწყო და ეს ძალიან მახარებს. ჩემი სიძეც არაჩვეულებრივად მღერის, ჩემი დაც საუკეთესო მომღერალია, ოღონდ ისიც იშვიათად მღერის, სამწუხაროდ. შეიძლება ითქვას, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი გვაქვს. ჩემს შვილიშვილებსაც გამოჰყვათ ეს ნიჭი და კარგად მღერიან, მაგრამ ვნახოთ, მომავალში ჩემს გზას აირჩევენ თუ არა. ზოგჯერ ვხუმრობ: არაა აუცილებელი, ოჯახში ყველა მღეროდეს, ვინმემ მათემატიკაც ხომ უნდა ისწავლოს-მეთქი?..

- მეუღლეს ე.წ. ქალის საქმეებში თუ ეხმარებით? თუ თქვენს ოჯახში ფუნქციები თანაბრად არის განაწილებული?

- "ქალის" და "კაცის საქმეებიც", ჩემი მოუცლელობის გამო, ჩემს მეუღლეს ეკისრება, რასაც იდეალურად ართმევს თავს. ამის გამო ვამბობ, რომ ცხოვრების თანამგზავრში ძალიან გამიმართლა.

ojaxii-copy-1723446339.jpg

- თუ გაქვთ სიმღერა ან სიმღერები, რომლებიც განსაკუთრებით გიყვართ და ყოველთვის სიამოვნებით ასრულებთ?

- ყველა სიმღერა მიყვარს, გარდა რამდენიმე, ხათრით ჩაწერილისა, რომელსაც ცხადია, ვერ დავასახელებ. საერთოდ, ძალიან ხათრიანი ადამიანი ვარ. ადრე სიმღერის ჩაწერაზე უარს ვერ ვიტყოდი, ახლა კი პირდაპირ ვამბობ, რომ ეს "ჩემი" სიმღერა არაა და შეიძლება სხვამ უკეთესად ჩაწეროს. კარგი მუსიკის შექმნას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. მე ძალიან რთული ცხოვრება გავიარე და ბევრი ვიშრომე, რადგან უამისოდ წარმატება არ მოდის. როცა ღმერთი ხედავს ამდენს შრომობ და წვალობ, ხელს გიმართავს და ადრე თუ გვიან, ყველაფერი გიფასდება.

- უცხოეთში გადასვლასა და იქ ცხოვრებაზე თუ გიფიქრიათ?

- ერთადერთი ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი, არის პარიზი, მაგრამ წელიწადში 2-3 თვით. ჩემი საქართველო ყველა ქვეყანას მირჩევნია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვინ ვიყავით და საიდან მოვდივართ. ჩვენ ქართველები ვართ და ბედნიერებაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უნიკალურ, საინტერესო ქვეყანაში ცხოვრება გვარგუნა ღმერთმა!

- დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო 10-15 წლის შემდეგ? რას უსურვებდით ჩვენს ხალხს და სამშობლოს მომავალში?

- ჩემს ხალხს ვუსურვებ, მადლიერების გრძნობა არ დაეკარგოს - ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რაც გვარგუნა. თუ სხვისი შრომის დაფასებას და ერთმანეთის სიყვარულსაც ვისწავლით, მაშინ ჩვენს სამშობლოში ყველაფერი დალაგდება. ქართული სიმღერაც ხომ ამას ემსახურება? - ერთმანეთის სიყვარულს და ერთიანობას. მეც ყოველთვის ასე ვმღეროდი და დღესაც ასე ვმღერი.

ხათუნა ჩიგოგიძე