"ამ ამბავს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვყვები..." - გზაპრესი

"ამ ამბავს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვყვები..."

სალომეს დავუკავშირდით და იმ საკითხზეც ვესაუბრეთ, რომლის შესახებაც პროექტში მისი ყოფნის პერიოდში გახდა ცნობილი და რომლის შესახებაც ხალხის აზრი ორად გაიყო: მკერდის წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია და მიზეზი, რის გამოც გარკვეული პერიოდი სალომე ამ თემაზე დუმდა...

- სალომე, როგორ ხარ? რეალითი შოუს დასრულების მერე, შენი ცხოვრება როგორ მიდის?

- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მგონია, გარეთ ცხოვრება უპრობლემო და ნარნარაა, ხალხს პრობლემები არ აქვს (იცინის). გარე სამყაროსთან ჯერ კიდევ ადაპტაციას გავდივარ, რადგან 4 თვე ცოტა დრო არ არის, რაც რეალითი შოუში გავატარე.

- ცხოვრება უპრობლემო რეალითი შოუსთვის დამახასიათებელი სირთულეების გამო გეჩვენება?

- კი, იქაური რეჟიმის გამო, რადგან იქაური პრობლემები საერთოდ სხვაა: რეალითი შოუში ყველაფრისგან მოწყვეტილი ხარ, ვერსად გაიქცევი... მონაწილეები ერთ სივრცეში ვიყავით და გვინდოდა თუ არა, ჩვენს პრობლემებთან პირისპირ დგომა და მათი მოგვარება გვიწევდა.

- რეალითი შოუში გატარებული პერიოდიდან, რა გეამაყება და რა გახსენდება არცთუ ისე სასიამოვნოდ?

- ამ სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან რეალურად, როგორი მოტივაციითაც შევედი, რომ იქ ყოფნით მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო, ეს გამომივიდა. პირველი სეზონის შემდეგ ცოტა დაბნეულობის განცდა მქონდა... ახლა მინდოდა, ყველაფერი მაქსიმალურად შემეგრძნო, საეთერო დრო გამომეყენებინა, რამე კრეატიული, ახალი შემექმნა და მაყურებლებისთვის შემეთავაზებინა. მგონია, ეს ყველაფერი კარგად გამომივიდა. იმით ვამაყობ, რომ შემოქმედებითი კუთხით, ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინე. ასე "ღიად", თავისუფლად არასდროს მიმღერია. ღიღინ-ღიღინით და სიმღერით გადავაგორე ის 4 თვე... სიმღერა ძალიან დამეხმარა, ჩემთვის ანტიდეპრესანტი აღმოჩნდა. პროექტში უსიამოვნო ეპიზოდებს რაც შეეხება, ასეთი ძალიან ბევრი იყო. ურთულესი სეზონი გახლდათ, საკმაოდ ამბიციური ადამიანებისგან დაკომპლექტებული (იღიმის)... საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ. ჩემთვის არც ერთ კონფლიქტურ სიტუაციაში ასე "ღიად" "ჩართვა" სასიამოვნო არ ყოფილა, მაგრამ ესეც ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ როცა იქ ხარ, იქაურ ყველა ამბავს, თემას უნდა აჰყვე. ამიტომ მართლა მთელი გულით ვწუხვარ, თუ ვინმეს ვაწყენინე, მაგრამ ასე მოხდა. ალბათ, ცხოვრებაშიც ასე მოვიქცეოდი - ჩემს აზრს იქ დავაფიქსირებდი, სადაც საჭირო იქნებოდა. თუ ამის გამო ვინმეს ვაწყენინე, სამწუხაროა, მაგრამ მათაც უნდა გამიგონ...

- როგორ ფიქრობ, გამარჯვებული რატომ ვერ გახდი?

- ასე მოხდა... ალბათ პროექტში ყველა მონაწილე თავისი მიზნით, საკუთარ თავთან კონკრეტული დავალებით იყო შესული. შოუში ჩემი მისია რაც იყო, შევასრულე და ვფიქრობ, ფინალამდე საკმაოდ ლამაზად, კომფორტულად მივედი. ჯერ კიდევ ნახევარფინალში, როცა მხოლოდ 1 გოგო ვიყავი, მივხვდი, ჩემთვის ეს უკვე გამარჯვება იყო. შოუში გამარჯვებას რაც შეეხება, ვისი გულშემატკივარიც უფრო მეტად მომზადებული, მობილიზებული იყო, მან გაიმარჯვა - ვულოცავ დიასას!..

- თქვენი ურთიერთობა როგორ გრძელდება?

- რა თქმა უნდა, მეგობრობას ვაგრძელებთ. პროექტი ახლა დასრულდა და ცოტათი აზრზე მოსვლა გვჭირდება. შემდეგ ალბათ, უკეთ დავილაპარაკებთ ამ თემაზე - შოუდან ახლა გამოვედით და ისევ "პრაიმ ჰაუსზე" ლაპარაკი, ამ თემის გარშემო ტრიალი ზედმეტი მგონია... ალბათ მაყურებლებს ისევ დავუბრუნდებით, ოღონდ - სხვანაირად, უფრო ბევრ სიახლეს შევთავაზებთ...

- სალომე, როგორც ვიცი, შოუში შესვლამდე შენი დეპრესიული პერიოდი მკერდის ცუდად გაკეთებულ პლასტიკურ ოპერაციას უკავშირდება. როცა ეს ამბავი გაასაჯაროე, საზოგადოების ნაწილს შენთან კითხვა გაუჩნდა - აქამდე ხმა რატომ არ ამოიღოო?

- აქამდე ძალიან დეპრესიული პერიოდი მქონდა. უცნაურია, რომ დეპრესიიდან "პრაიმ ჰაუსში" გამოვედი... დიახ, ეს დეპრესია წარუმატებელ ოპერაციას უკავშირდებოდა, რომელიც "პრამ ჰაუსში" შესვლამდე 5 თვით ადრე გავიკეთე. რეალითი შოუში გადავწყვიტე, ეს ყველაფერი საჯაროდ მომეყოლა, რადგან ამაზე უკეთეს ადგილს ვერსად ვნახავდი. ვფიქრობ, აუდიტორიას ხმა სწორად მივაწვდინე... მანამდე არ ვლაპარაკობდი, რადგან მენტალურად მზად არ ვიყავი: იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს ამბავი სწორად მიაწოდო, უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფრის კარგად ჩამოყალიბება თავად უნდა შეგეძლოს. ჩემთვის კი ეს მარტივი არ იყო, რადგან რთულ პერიოდს გავდიოდი... ოპერაციის შემდგომ ეტაპს ჩემს გამომწერებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუზიარებდი - მსურდა, ის პერიოდი მათთან ერთად გამევლო. გარკვეული დროის მერე, როცა ჩემი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, გაზიარება შევწყვიტე, რადგან ფიზიკურად აღარ შემეძლო არც იმის მოყოლა, თუ რა დამემართა და არც იმის, თუ როგორ ვშველოდი საკუთარ თავს. თავადაც არ ვიყავი გარკვეული, ეს განათლება მუცლიდან არ დამყოლია და ჩემთვის არც არავის უსწავლებია, როგორ მოვქცეულიყავი. ვუჯერებდი ქირურგს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა. ჩემი მდგომარეობის შესახებ როცა ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, - ეს ნორმალურია, ასე უნდა იყოსო. ახლაც რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ ფანტასტიკური მდგომარეობაა. შედეგით ზეკმაყოფილია. იმ პერიოდში, როცა მდგომარეობა გამირთულდა, მაშინაც იმავეს მეუბნებოდა. რა თქმა უნდა, ვუჯერებდი. მართლა მეგონა, რომ ეს ყველაფერი გაივლიდა, განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო და არც ოპერაცია მიმაჩნდა წარუმატებლად. მერე, როცა უკვე ყველაფერი საჯაროდ გავაზიარე, ხალხის აზრი 50/50-ზე გაიყო: ზოგი კითხულობდა, აქამდე ხმა რატომ არ ამოვიღე? როცა ამაზე საუბარი დავიწყე, მაშინაც კი ძალიან რთული იყო - ამ ამბავს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვყვები სრულად... ზოგმა კარგად გამიგო, მით უმეტეს - იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ. ბევრი შემეხმიანა და თავისი პირადი გამოცდილება გამიზიარა.

438802481-18209370139303774-2265274004678289732-n-1723446511.jpg

- ოპერაციის გაკეთებამდე იმ ქირურგის უკმაყოფილო პაციენტების შესახებ ინფორმაციას არასოდეს წასწყდომიხარ?

- არა, ეს უკვე მერე მოხდა. მანამდე მეც, ასე ვთქვათ, დიდი ბანერების, რეკლამების მსხვერპლი აღმოვჩნდი. გამიკვირდა, ნუთუ აქამდე ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც უკმაყოფილოა და ამ პრობლემის შესახებ ლაპარაკობს-მეთქი? როცა ოპერაცია გავიკეთე და ჩემი ამბების გავრცელება დაიწყო, სხვებმაც მერე დაიწყეს პრობლემაზე ლაპარაკი... მერე გაირკვა, რომ ამ ადამიანს მუშაობისთვის შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. ჩემთან ერთად, ოპერაცია რამდენიმე სხვა ბლოგერმაც გაიკეთა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე არ ლაპარაკობენ...

- როგორც მახსოვს, შემდეგ ის ქირურგი თავად გიჩიოდა...

- მიჩიოდა - არა, მაგრამ პოლიციაში ჩემ შესახებ დაწერა: აღარ შემეხმიანოსო. კიდევ, "დამბლოკა" "ინსტაგრამზეც" და საერთოდ, ყველა სოციალურ ქსელში, რომ მისი გვერდი აღარ ვნახო (იცინის)... სასაცილოდ არ მყოფნის, რომ ექიმი პაციენტის შესახებ წერს, აღარ დამირეკოს, აღარ შემეხმიანოსო, როცა პაციენტის მკურნალობა ბოლომდე არ მისულა. მას მერე კვლევებიც კი არ ჩამიტარებია... ერთადერთი, ვლოცულობდი, რომ გახსნილი ჭრილობა როგორღაც შეხორცებულიყო.

- ახლა როგორ ხარ?

- დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი იმუნიტეტი "გონს მომეყვანა" და საერთოდ, თავად მოვსულიყავი გონს. საკუთარ თავთან ვიბრძოლე... ანტიდეპრესანტების და ძალიან ბევრი საუბრის მერე, როგორც იქნა, გონს მოვედი. "პრაიმ ჰაუსიც" დამეხმარა, რომ ამ თემიდან ცოტათი ყურადღება გადამეტანა... ჭრილობა შეხორცდა, ოღონდ - უბრალოდ შეხორცდა, ანუ ღმერთს რასაც ვეხვეწებოდი, რომ გახსნილი ჭრილობა, რომელიც 2-ჯერ გავიკერე და ორჯერვე გაიხსნა, შეხორცდა. თვეების განმავლობაში ღია ჭრილობით დავდიოდი...

- ახლა სასიამოვნო თემაზეც ვისაუბროთ: შენი საზაფხულო გეგმები როგორია?

- ზაფხულის დიდი ნაწილი რეალითი შოუში გავატარე. რაც დარჩა, ზღვაზე წასვლას და მეგობრებთან ერთად დასვენებას ვაპირებ. ხმაურიან ადგილებში წასვლა ნაკლებად მინდა, პირიქით - დასვენება მჭირდება. უამრავი საქმეც დამიგროვდა.

- სიმღერასთან დაკავშირებულ გეგმებზე რას გვეტყვი?

- რაკი ისე მოხდა, რომ სიმღერა დავიწყე და ხალხსაც ძალიან მოეწონა, მეც შემიძლია, უკვე "გახსნილად", თამამად ვიმღერო, ამაზე ვიმუშაო. თუ კარგად გამომივა, ბევრი შრომის შემდეგ, დაფიქრება შეიძლება, რომ ამ ამბავს უფრო პროფესიული სახე მივცე.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი