რას სთხოვდა აკაკი შანიძე გამომცემლობის თანამშრომლებს - გზაპრესი

რას სთხოვდა აკაკი შანიძე გამომცემლობის თანამშრომლებს

კახაბერ რუსიძეს და ალექსანდრე ლორთქიფანიძეს საგამომცემლო და სტამბაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ამ საქმის მიმართ სიყვარული სტუდენტობის დროიდან მოჰყვებათ და დღემდე უყვართ უნივერსიტეტიც, მისი გამომცემლობაც, სტამბაც და რა თქმა უნდა, წიგნებიც.

kaxaber-rusize-1723446679.jpg

კახაბერ რუსიძე:

- თსუ-ის გამომცემლობის ხელმძღვანელი რამდენიმე თვის წინ გავხდი, მანამდე კი ჩემი გზა ასეთი იყო: 1983 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავირიცხე უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის განხრით. მერე ვსწავლობდი სამართალმცოდნეობაზე და ეს სპეციალობაც მაქვს. ამის მიუხედავად, საგამომცემლო საქმემ ისე გამიტაცა, რომ ამ სფეროს დღემდე შევრჩი. ვინაიდან საღამოს ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ასე მოვხვდი უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

- გამომცემლობაში მისვლის პირველი დღე გაიხსენეთ.

- ეს იყო მართლაც უნიკალური და მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. გამომცემლობის მაშინდელი დირექტორი ბრძანდებოდა უნიჭიერესი და ბრწყინვალე პიროვნება, ბატონი ვალერიან გამყრელიძე, ორი აკადემიკოსის - თამაზ და რეზო გამყრელიძეების აღმზრდელი მამა. ის იყო ცოცხალი ენციკლოპედია. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ვალერიანი არ გახლდათ კომუნისტური პარტიის წევრი და მიუხედავად ამისა, სამ ათეულ წელზე მეტი იმუშავა გამომცემლობის დირექტორად, სწორედ იმ გაგანია კომუნისტების პერიოდში. მისგან ბევრი ვისწავლეთ ყველა თანამშრომელმა, როგორც საქმის კუთხით, ასევე ცხოვრებისეული ნიუანსები. არ მახსოვს მისი არც ზედმეტი სიტყვა, არც გაწყრომა ან შენიშვნა. საოცარი ადამიანი იყო.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. არაერთ სასიქადულო და ბრწყინვალე მეცნიერთან მქონია ურთიერთობა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წიაღში მრავლად იყვნენ ისეთი მეცნიერები, ვინც თავისი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში. თუნდაც, დიდებულ აკაკი შანიძეს გავიხსენებ. გამომცემლობას მაშინ დათმობილი ჰქონდა მე-4 კორპუსის მეოთხე სართული. უკვე მხცოვანი მეცნიერი ფეხით ამოდიოდა ჩვენთან და გვეხვეწებოდა, რომ მისი ნაწერებიდან რამე არ დაგვრჩენოდა წაუკითხავი და კორექტურა არ გაპარულიყო. ამას გვეუბნებოდა ეს ბუმბერაზი მეცნიერი. ჩვენთან მოდიოდნენ არნოლდ ჩიქობავა, თამაზ გამყრელიძე, მარიკა ლორთქიფანიძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო.

- ისეთი ავტორები თუ იყვნენ, ვინც ყოველდღე მოდიოდა და ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა?

- წიგნის გამოცემა მუშა და მრავალმხრივი პროცესია. ავტორს უშუალოდ აინტერესებს და უწევს კიდეც, თვალი მიადევნოს ამ შრომატევადი საქმის ყველა საფეხურს. ხელნაწერიდან დაწყებული, სამუშაო ეტაპებში შედის: სარედაქციო მომსახურება, სტილისტური დამუშავება, კორექტურა, დაკაბადონება, დიზაინი და საბოლოო სახის მიცემა. სარედაქციო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ენის ახალ ნორმებს თუ სხვა ნიუანსებს და მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში იყვნენ. ასე რომ, პროცესებში წიგნის ავტორების ჩართვა აუცილებელიც კია.

წიგნის გამოცემა ავტორისთვის, იცით, როგორი მოლოდინია? აი, შვილის დაბადებას რომ ელოდება ადამიანი, იმის მსგავსი... თან ახლავს მოუთმენლობაც, რადგან მთელი თავისი ნააზრევი და ნაშრომი უნდა წარუდგინოს საზოგადოებას, რაც დიდი პასუხისმგებლობით არის აღსავსე. რა თქმა უნდა, ზოგადად დიდი სიხარულია წიგნის „დაბადება“. თითოეული ავტორი ამ სიხარულს განსხვავებულად და თავისებურად გამოხატავს, ზოგი უფრო ემოციურია, ზოგი - ნაკლებად.

- გამომცემლობაში მუშაობა, წიგნების მიმართ სიყვარულს უფრო ზრდის?

- ადამიანს წიგნს აყვარებს ოჯახი, სკოლა... მერე ეს სიყვარული თავისთავად, მთელი ცხოვრება გრძელდება. როდესაც გამომცემლობაში დავიწყე მუშაობა და პირადად შევეხე სპეციფიკას, ყველაფერი უშუალოდ დავინახე: ვთქვათ, რა არის ქაღალდი, როგორ მზადდება ყდა და ა.შ. წიგნმა ჩემთვის უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა - გავიგე ბევრი რამ, რაც მანამდე არ ვიცოდი.

aleksandre-lortkipanize-2-1723446669.jpg

ალექსანდრე ლორთქიფანიძე:

- გამომცემლობა და სტამბა უნივერსიტეტში გაერთიანებული სტრუქტურაა. მე სტამბის თანამშრომელი ვარ. აქ 2013 წელს მოვედი, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1982 წლიდან დავუკავშირე ბედი. ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, საღამოს დასწრებულზე ვსწავლობდი. პირველ კორპუსში მდებარეობდა სასწავლო პოლიგრაფიული ლაბორატორია, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ეკუთვნოდა. იქ ვიღებდით სტუდენტები ბეჭდური პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ცოდნას. მაშინ დეკანი იყო დავით გამეზარდაშვილი, მისი თაოსნობით გაკეთდა ის პატარა ლაბორატორია, სადაც ფაკულტეტის გაზეთი „ახალგაზრდა ჟურნალისტი“ გამოდიოდა. მერე თავად ვმუშაობდი პოლიგრაფიულ ლაბორატორიაში, ვასწავლიდი მომავალ თაობებს ამ საქმეს, მაგრამ დაიწყო კომპიუტერიზაცია და ყველაფერი შეიცვალა... ვიღას უნდოდა ჩვენი ლაბორატორია?

- რომელ ლექტორს და გამორჩეულ ინტერვიუს გაიხსენებთ?

- ნოდარ ტაბიძეს კარგი ლექციები ჰქონდა, ოღონდ ასეთი რამ უყვარდა - დაიწყებდა გალაკტიონის რომელიმე ლექსს, მივიდოდა ერთ-ერთ სტუდენტთან და, - აბა, გააგრძელეო, ეტყოდა. თუ ვერ გააგრძელებდა, ჩაიცინებდა... ინტერვიუებზე დავდიოდი მხოლოდ სწავლის დროს, ისიც იმიტომ, რომ გვავალდებულებდნენ. მე უფრო ბეჭდვასთან დაკავშირებული საქმე მიზიდავდა. ერთხანს ვმუშაობდი „კომუნისტში“, სადაც გაზეთის რედაქტორმა მინდია უგრეხელიძემ წამიყვანა პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ. ჩემს მოვალეობაში შედიოდა გაზეთის დაკაბადონება, გაშვება, სტამბასთან ურთიერთობა.

- უნივერსიტეტს როდის დაუბრუნდით?

- უნივერსიტეტი ისე მიყვარდა და მიყვარს, ვამბობდი, რომ დამლაგებლადაც ვიმუშავებ-მეთქი. ბიძა მყავდა არქეოლოგი, პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე, ახლოს იცნობდა რექტორს. უმუშევარი ვიყავი, ბიძაჩემს ვთხოვე და მან მომაწყო გამომცემლობაში, მაშინ დირექტორი იყო ებრალიძე.

- სტამბაში მუშაობას რა სირთულე აქვს ან რა შეცდომა შეიძლება მოხდეს?

- სირთულე დაიძლევა, თუ წიგნის სიყვარულთან ერთად, შენი საქმეც ძალიან გიყვარს. რა სამუშაოებიც არის გათვალისწინებული სტამბაში, ყველაფერს ვაკეთებ, იქნება ეს წიგნის შეკვრა, ჩასმა თუ სხვა ეტაპები. არის შემთხვევა, შეცდომა გაიპარება დაბეჭდილ ტექსტში. როცა ამას აღმოაჩენენ, იმ ფურცელს იღებენ, თავიდან ბეჭდავენ და გასწორებულს ჩასვამენ. ხშირად დაფიქსირებულა შეცდომა უკვე გამოშვებულ წიგნში. ამ დროს ფურცელი უნდა ამოვიღოთ და ახალი დავაწებოთ, ამაზე გვაწვალებენ. მომხდარა ისეც, როცა წიგნის ყდაზე იყო არასწორად მითითებული წელი და მთელი ტირაჟის ყდა თავიდან გავაკეთეთ. ჩვენი მხრიდან შეცდომას იშვიათად ჰქონია ადგილი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აქ ვმუშაობ, ასეა რეალურად. თსუ-ის ძველი სტამბის გამოცდილი მუშაკები ამბობდნენ, რომ ადრე, სტამბის დირექტორი ხორბალაძე წიგნს არ მიიღებდა, თუ გამომცემლობისგან ზედმიწევნით ზუსტად არ იყო ყველაფერი შესრულებულიო. მაშინ გამომცემლობა და სტამბა ცალ-ცალკე არსებობდა, სააკაშვილის დროს გააერთიანეს. მე მგონია, რომ ეს სწორი არ იყო.

- ღამე გიწევთ ხოლმე მუშაობა?

- ღამე მიმუშავია, თუმცა იშვიათად. საერთოდ ყველა ავტორს უნდა, რომ მისი წიგნი სწრაფად გამოვიდეს, მაგრამ ეს ასე მარტივად არ ხდება.

- ლორთქიფანიძეების გვარში ბევრია საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, რომელიმე მათგანს თუ იცნობდით?

- კომკავშირის ცეკას მდივანი იყო ვაჟა ლორთქიფანიძე. მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა მამაჩემი მივიდა ვაჟასთან (მის მამასთან მეგობრობდა) თხოვნით, რომ შტატგარეშე კორესპონდენტად ავეყვანე გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“. მამამ თქვა, დიდი ამბით შემხვდა და შემპირდა: სოსო ბიძია, ყველაფერს გავაკეთებო. მე განცხადებაც კი დამაწერინა, მაგრამ აღარ შეგვხმიანებია...

მამაჩემი მეგობრობდა ნიკა აგიაშვილთან, რომელიც სინამდვილეში ლორთქიფანიძე იყო. ამას თავადაც წერდა თავისი მოგონებების წიგნში და აღნიშნავდა, ტერენტი გრანელი ლორთქიფანიძეს მეძახდაო. ნიკა იშვილა მამიდამ, რომელსაც შვილი არ ჰყავდა და ქმრის გვარი მისცა. ძალიან სიმპათიური და სასიამოვნოდ მოსაუბრე, ყველანაირად ღირსეული პიროვნება გახლდათ. ის მუშაობდა გამომცემლობა „მერანში“, სადაც ერთი-ორჯერ მქონდა მასთან შეხვედრის ბედნიერება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მახსოვს, თავის ოთახში წამიყვანა და რაც მაინტერესებდა, ყველაფერში დაწვრილებით გამარკვია. არაჩვეულებრივი კაცი იყო, ის თაობა სხვანაირ ყურადღებას იჩენდა ადამიანების მიმართ. სხვათა შორის, ნიკა აგიაშვილი ვანიდან იყო და ჩვენც ვანელები ვართ.

P.S. ორივე რესპონდენტს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, რადგან დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ინტერვიუსთვის დრო გამონახეს.

ნანული ზოტიკიშვილი