"სადმე რომ შემხვდეს, ხელებს დავუკოცნი და სულ ვიამაყებ მერე, რომ შევხვედრივარ ამ დიდ არტისტს“ - გზაპრესი

"სადმე რომ შემხვდეს, ხელებს დავუკოცნი და სულ ვიამაყებ მერე, რომ შევხვედრივარ ამ დიდ არტისტს“

როგორც ვიდეოებიდან გავიგე, ფიროსმანის ქუჩაზე ფიროსმანივით უწევს ცხოვრება, სახლის სხვენში მოიწყო ბინა...“ - გვითხრა ანდრო დადიანმა, რომელმაც სოციალურ ქსელში ბათუმელი ჯონსონას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ხელოვანებისგან...

„აი, ბატონო, ცოცხალი ხელოვნება, ყოველგვარი გაგებით... ცოცხალი მისი თავისთავადობით, დროის მიღმა არსებობით, გამბედაობით, შეშლილობით, ტკივილით, მარტოობით, უსაზღვრობით. ვიღაც ბათუმელია. როგორც გიჟს, ისე უყურებენ, სხვაგვარად ვერც გაბედავდა ამას და არც აპატიებდნენ, ამით გადარჩა ეტყობა. არადა, გიჟი კი არა, დიდი ხელოვანია. ფილმებს უნდა აჩვენებდნენ მოდის კვირეულები ამ ადამიანზე.

დაუჯერებელია, რა თამამად აზროვნებს ან ფერში, ან მასალაში, თითქოს კულტურით გაჯერებული ცნობიერებების მიღმაა. სანტას ქუდი - სანტას ქუდი კი არაა, წითელი ლაქაა მისთვის, რომელსაც ლუქზე სვამს, მეორე წუთს კი ვეფხვი კონცეპტუალური მოსაზრებით უჭირავს და გიჟი კი არა, საოცრად დიდ რადიუსზე აზროვნებს! ფოტოს აღებინებს წითელ მანქანასთან გამვლელს ან ნაგვის ურნა უჭირავს ხელში, ან სათამაშო მანქანა და ეს ნივთები - ნივთები კი არა, ფერია მისთვის. უცბად გახუნებული ტანსაცმლით, რბილი ფორმების თიხის ლარნაკთან დგება, იღებს ფოტოს და ამ მოქმედებით მუხლმოყრილივითაა ფერთან, იმიტომ რომ იმწამს ის ფერი მისი მეფეცაა და სამეფოც. სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ქალურ-კაცური ტანსაცმელი, არ არსებობს მის ცნობიერებაში ასეთი პლებეური ნაოჭები. ფორმა, კომპოზიცია, ფერი, ინსტალაცია, კონსტრუქცია - ესაა მისი სამყარო... ელენე ლუხუტაშვილი ხომ გახსოვთ, დაახლოებით ისეთი ნიჭია და უფრო მეტი, ცნობიერების სრულიად სხვა სიმაღლეზეა მისი ნამუშევრები. სადმე რომ შემხვდეს, ხელებს დავუკოცნი და სულ ვიამაყებ მერე, რომ შევხვედრივარ ამ დიდ არტისტს“.

ანდრო დადიანმა თავისი მოსაზრება ჟურნალის "გზა" მკითხველს გულახდილად გაუზიარა:

- ხელოვნებათმცოდნე არ ვარ და მხოლოდ ჩემი ემოციური შეგრძნება შემიძლია გაგიზიაროთ ამ ადამიანის შესახებ. მგონია, რომ ჯონსონი უნიკალური ხელოვანია. თითქოს მისი განდეგილობის გამო, სოციალურ და კულტურულ ნორმებს არ იცნობს და არ ცნობს, აბსტრაქტული, ცნობიერების ნაკადებიდანაა აგებული ნამუშევრები თითქოს.

დიახ, ასეთიცაა მისი კოსტიუმები, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებული სხვა ვიდეო უცბად მის კონცეპტუალურ აზროვნებას აჩვენებს, როცა კოლაჟის პრინციპით ხან კოსტიუმის შინაარსზე მიბმული თხრობაა ფოტებით და ხან - ნივთებით.

დიდი ნიჭის მქონე ადამიანია ჯონსონი, რომელიც ცხადია, ყოფით ცხოვრებაში ჩაფლული ადამიანისთვის სულიერი აშლილობის ზღვარზეა. ნახეთ, ინტერნეტში რამდენი დასცინის. სიყვარულით რომ ლაპარაკობენ, ისინიც კი ჩვეულებრივ გაფხორილ, ფუფალა კოლორიტად მოიხსენიებენ.

ამბობენ, მძიმე და უკარება ხასიათი აქვსო. სხვათა შორის, ესეც დიზაინერებისთვის დამახასიათებელი ბუნებაა. თან, დიდი ნიჭის "ტარება" მძიმე ჯვარია, სულ უნდა იმუშაოს, გამოუშვას გარეთ ეს ენერგია, თორემ გუდავს და აბოროტებს ადამიანს. ნახეთ ერთ ვიდეოში როგორ შეპყრობილივით ეხვეწება გამყიდველს, 15 ლარს მოგიტან, ოღონდ ახლა გამატანე ნაჭერიო. ასეთი დატყვევებული რომაა იმით, რასაც აკეთებს, იმიტომაც აქვს ამოდენა ვიბრაცია.

მარტოხელობისკენ და მარტოსულობისკენაა მიდრეკილი ასეთი სული. როგორც ვიდეოებიდან გავიგე, ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობს და როგორი ნიშანდობლივია, რომ ფიროსმანივით უწევს ცხოვრება, სახლის სხვენში მოიწყო ბინა. მისი ფანტაზიის გამბედაობა საოცარი საყურებელია ჩემთვისაც, მეც მათავისუფლებს და მზრდის, როგორც ხელოვანს. როგორ უნდა მოგივიდეს თავში, რომ თავზე გოგრა დაიდო, მერე ამ გოგრას გვირგვინი დაადგა და მერე იმ გვირგვინიდან ლეოპარდი გადმოდიოდეს?!

ხვდებით არა, რამდენსართულიანი ცნობიერებაა, რამდენსართულიანი გამბედაობა ესთეტიკურიც და სოციალურიც? სადღაც მოდის კვირეულზე კი არა, კონსერვატორული ქვეყნის ქუჩებში ატარებს ამ კოსტიუმებს და ქალაქს ამდიდრებს ამით. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის ნიჭი ასე, მისთვის შეუფერებელ ცხოვრებაში იკარგება. კარგ ქვეყანაში მისგან დიდ ხელოვანს შექმნიდნენ, რაც ქვეყნის სიმდიდრე იქნებოდა. ზოგჯერ მგონია, ამიტომაა საქართველო ასეთი ქვეყანა, რომ მისი ნიჭიერი ადამიანები სულ ასე, მიწაში დაფლული ტალანტივით არიან. არ შეიძლებოდა კარლო კაჭარავას წამლის ფული სახვეწარი ჰქონოდა სიცოცხლეში, არ შეიძლებოდა გალაკტიონს შეშა და პალტო სათხოვარი გახდომოდა, არ შეიძლებოდა მერაბ აბრამიშვილი უწამლობით და სიღარიბით გარდაცვლილიყო... არ შეიძლება ჯონსონი უშუქოდ, უკაროდ ცხოვრობდეს. თუ არ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკა, სულ უკან მიდევნებული ლამპარივით ვიქნებით ჩვენს დიდ ხელოვანებთან. საოცრად ნატიფი და კონკრეტულია ჯონსონის სამყაროს გრძნობა ფერში, ფორმაში. თუ დაუკვირდებით მის ტანსაცმელს და პოზირებას, შემთხვევითი იქ არაფერია. მაგალითად, გახუნებული ტანსაცმლით მიდის და დაღლილი, ყავისფერ რბილფორმებიან ლარნაკთან იღებს ფოტოს. ხვდებით, რამოდენა სულიერი განცდაა იმ მომენტში ფერის? მის ტანსაცმელს ნათესავი უპოვა და სივრცეში აგრძელებს კოსტიუმს, მის მეტყველებას, მის რადიუსს ზრდის. მაგალითად, ხელში უჭირავს სათამაშო მანქანა ისე, როგორც ხელჩანთა და მანქანა კი არაა, ის ნივთი იმწამს, ყვითელბორბლებიანი ნივთია, რომელიც მისი ტანსაცმლის ფერწერას და ჟღერადობას ასრულებს.

დოკუმენტურ ფილმებს უნდა იღებდნენ მასზე და მოდის კვირეულებზე აჩვენებდნენ, როგორც სამოსის შექმნის და გრძნობის თვითნაბად, ვულკანივით დიდ, უცნაურ და მოუხელთებელ ნიჭს. ვოცნებობ მის გაცნობაზე, მასთან ერთი ნამუშევრის შექმნაზე მაინც; იმაზეც, იქნებ ვინმემ სივრცე მისცეს სამუშაოდ, იქნებ ვინმემ დროზე წაიკითხოს მასში დიდი ხელოვანი და აჩუქოს ქვეყანას მისი შრომა, აჩუქოს მას ნორმალური, დაცული სიბერე.

მანანა გაბრიჭიძე