"ჩემი ოჯახის წევრები 100 წლის ჯარგვალში ცხოვრობდნენ" - გზაპრესი

"ჩემი ოჯახის წევრები 100 წლის ჯარგვალში ცხოვრობდნენ"

განსაკუთრებით, თუ მეგრელი მეგობრები გყავთ. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გვერდს ინტერნეტში მივაგენი, სადაც პატარა საყვარელი გოგონა, თავისი ბავშვური ხმით მეგრულ სიტყვებს, ანდაზებს, გამონათქვამებს გვასწავლის. დავუკავშირდი ამ გვერდის შემქმნელებს და ბევრი საინტერესო ამბავი მოვისმინე. დღეს გაგაცნობთ სოფიკო ჭაავას, რომელიც თავისი შვილის წარმატებებსა და ბუკიოტზე მოგვიყვება.

- "ბუკიოტის" შექმნის იდეა როდის გაგიჩნდათ?

- "ბუკიოტი" პანდემიის პერიოდში შექმნილი პროექტია. იმ რთული დროის დასაწყისში ჩემი შვილი - მარიამ ფხალაძე (გაკვეთილების გამმხმოვანებელი) პირველ კლასში იყო. ვხედავდი, რომ მოსწავლეებს ეკრანებიდან მხოლოდ ვერბალური ინფორმაციის გააზრება და გათავისება უჭირდათ, ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ჩვენს შვილს, მის თანატოლებსა და მასწავლებლებს. დავიწყეთ მცირე ფორმატის ვიდეოგაკვეთილების მომზადება და ინტერნეტსივრცეში განთავსება.

სახელწოდება "ბუკიოტი" უკავშირდება ბუსნაირთა ოჯახის ფრინველ ბუკიოტს, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ასევე, ძველ ქართულ წყაროებში "ბუკიოტი" განიმარტება, როგორც პატარა ბუ. ბუ სიბრძნისა და ცოდნის სიმბოლოა მრავალ ქვეყანაში.

სხვადასხვა თემასთან ერთად ჩვენ ვამზადებთ ვიდეოებს აფხაზეთისა და მეგრული ენის შესახებ. ვფიქრობთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მომავალი თაობებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, ასე ვირტუალურად უნდა შევუქმნათ წარმოდგენები ჩვენი ქვეყნის დროებით დაკარგულ ნაწილებზე, ჩვენს მოძმე ერებზე - აფხაზებსა და ოსებზე, მათ ენებზე, კულტურებსა და საერთო წარსულზე.

406313859-7829356460413008-1858652080659663470-n-1723447171.jpg

- თქვენზეც რომ მომიყვეთ...

- მე ვარ სოფიკო ჭაავა - აფხაზეთიდან. გალში, სოფელ ზემო ბარღებში დავიბადე. 12 წლის ვიყავი, როცა გამოგვდევნეს ჩვენი მშობლიური კუთხიდან. იქ ძირითადად მეგრულად ვსაუბრობდით, მაგრამ ენგურსგამოღმა გადმოსვლის შემდეგ, უმეტესად ქართულად მიწევს საუბარი. ვარ ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორების დაფინანსებული გრანტებით არაერთი სამეცნიერო პროექტი განვახორციელეთ, რომლებიც აფხაზეთის ეთნიკური და ენობრივი ვითარების ამსახველ ფუნდამენტურ კვლევებს მოიცავს. კვლევის შედეგები მონოგრაფიების სახით გამოვეცით ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამჯერადაც, ვმუშაობთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამწლიან პროექტზე. ჩვენი მიზანია საარქივო და სხვა ემპირიული მასალების გამოყენებით მეცნიერულად დასაბუთებული პასუხებით გავაქარწყლოთ აფხაზ მეცნიერთა ნაწილის ბრალდებები, რომლებსაც ისინი ჩვენს სახელმწიფოს უყენებენ. აფხაზი კოლეგები უარს ამბობენ ჩვენთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ვიცით, რომ მათ აინტერესებთ ჩვენ მიერ მომზადებული სამეცნიერო პუბლიკაციები. გარდა ამისა, საჭიროა საერთაშორისო დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდოთ არგუმენტირებული და ობიექტური ანალიზის შედეგად მიღებული კვლევის შედეგები.

- აფხაზეთში გატარებულ წლებს როგორ გაიხსენებთ?..

- აფხაზეთში დაწყებული ჩემი ბავშვობის ზღაპარი 1992 წელს დასრულდა, როცა იქიდან იძულებით გამოგვდევნეს. ჩემმა მშობლებმა არ დატოვეს იქაურობა. ეგონათ, რომ ასე უფრო შეგვიწყობდნენ ხელს მე და ჩემს ძმებს ან მალევე დავბრუნდებოდით. მოლოდინმა არ გაამართლა. ჩვენ დავრჩით ენგურსგამოღმა ადგილობრივ და დევნილ ნათესავებთან, რომლებმაც ოჯახის წევრებად მიგვიღეს და გვიპატრონეს. მათი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე, კიდევ უფრო გაგვიჭირდებოდა არსებობა.

ჩვენს სახლს თავიდანვე მეზობლის სახლიდან ესროლეს ყუმბარა და ააფეთქეს. პირველად, როცა დამწვარ სახლში მიმოფანტული გადამდნარი ჭურჭელი და დანახშირებული ნივთები ვნახე, მეგონა ხელმეორედ გავხდი დევნილი. მეზობლებისგან ვიცი, რომ მამაჩემი თურმე დაჩოქილი ტიროდა, როცა თავისი ხელებით აშენებული სახლი იწვოდა. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები 100 წლის ჯარგვალში ცხოვრობდნენ. მერე აღადგინეს დამწვარი სახლი და დღემდე იქ ცხოვრობენ. მამა პანდემიის დროს იქ ყოფნისას გარდაიცვალა. მე და ჩემს ძმას მშობლის დატირების შესაძლებლობაც კი არ მოგვეცა.

უკვე 30 წელზე მეტია გალში მცხოვრები ქართველები (დაახლოებით 40000 ადამიანი) ოკუპირებულ ტერიტორიაზე იარაღის გარეშე, მშვიდობიანად იცავენ ქართულ მიწა-წყალს და ამით თავიანთ უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ სამშობლოსადმი. მათ გააზრებულად უარი თქვეს უსაფრთხო ცხოვრებაზე, შვილებთან ერთად ყოფნაზე. ამის საპირწონედ უმძიმესი იყო და არის ენგურსგაღმა და გამოღმა "გადახლეჩილი" ოჯახების ცხოვრება. ჩემთვის რთული გასაგები აღმოჩნდა, თუ რატომ დავრჩი მოულოდნელად ოჯახის წევრების გარეშე. სიტყვა "დედა-ს" წარმოთქმა მენატრებოდა, ამიტომ ძილის წინ საბნის ქვეშ ვტიროდი და ამ სიტყვას ბევრჯერ ვიმეორებდი. ჩემი თაობის მოზარდებს მაშინ არანაირი რეაბილიტაცია არ გაგვივლია და ამან უკიდურესად დაამძიმა ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

მიუხედავად დევნილობისა და 90-იანი წლების ურთულესი ყოფისა, უხერხულად მიმაჩნია ჩემი წუხილი იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ოჯახის წევრები და ახლობლები დაეღუპათ მეზობელი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ვწუხვარ და მთელი გულით თანავუგრძნობ მათ. "თავზე დამხობილი" ცხოვრების მიუხედავად, ჩემთვის აფხაზები მტრები არ არიან. მარიამმა იცის, რომ ოდესმე ჩვენ გაგრაში უნდა ვიცხოვროთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად. ჩემს შვილს ვამზადებ აფხაზ თანატოლებთან შესახვედრად. რაც მეტი რამ ეცოდინებათ ახალგაზრდებს ერთმანეთის შესახებ, მით უფრო იოლად შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და მშვიდობიან თანაცხოვრებას იმ მიწაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო ჩვენც და მათაც.

322131603-2142182039502853-2243876106098579659-n-1723447183.jpg

- თქვენი მეუღლეც გაგვაცანით...

- ჩემი მეუღლე - მალხაზ ფხალაძე პროფესიით ფარმაცევტია. 10 წელი იმსახურა საქართველოს თავდაცვის სისტემაში. მონაწილეობდა ერაყში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. ამ ეტაპზე ახალ პროფესიას - ვებპროგრამირებას ეუფლება. მალხაზის წინაპრები 100 წლის წინ იმერეთიდან კახეთში, ლაგოდეხში გადავიდნენ საცხოვრებლად. მისი მშობლები დღემდე იმერულ კილოზე საუბრობენ. მინდა ჩემმა შვილმა და მისმა თანატოლებმა ისწავლონ, შეიყვარონ, შეინარჩუნონ და შემდეგ თაობებს გადასცენ ჩვენი ენობრივი სიმდიდრე - ჩვენი ქართველური ენები და დიალექტები. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მეგრული ვიდეოგაკვეთილების მომზადება.

მოგეხსენებათ, იუნესკოს მიერ მეგრული, ლაზური და სვანური ენები გამოცხადებულია გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ენებად. როგორც სამეგრელოსა და სვანეთში მცხოვრები ადგილობრივები, დარგის სპეციალისტები (ენათმეცნიერები) და სხვა დაინტერესებული პირები აღნიშნავენ, დროთა განმავლობაში, მცირდება ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი. უფროსი და საშუალო ასაკის ადამიანებმა კარგად იციან მეგრული ან სვანური, მაგრამ ცდილობენ უმცროსი ასაკის ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფებს ქართულად ესაუბრონ. ამის მიზეზად სახელდება სალიტერატურო ქართული ენის უკეთესად შესწავლის სურვილი და აქცენტის არქონა. ამ დამოკიდებულების შედეგად ქართული სალიტერატურო ენის პრესტიჟი გაიზარდა, შემცირდა მეგრულისა და სვანური გამოყენების შემთხვევები და გაჩნდა ამ ენებზე ლაპარაკის კომპლექსიც. ყოველივე ეს იწვევს ქართველური ენების უმდიდრესი ლექსიკური ფონდის ნელ-ნელა მივიწყებას და გაღარიბებას.

"ბუკიოტის" მეგრული ვიდეოგაკვეთილების მიზანია მივიპყროთ მოზარდების ყურადღება, შევუქმნათ მათ სწორი დამოკიდებულება ჩვენი ენობრივი მემკვიდრეობისადმი, გავაცოცხლოთ და გავააქტიუროთ დაკარგული ლექსიკური ერთეულები, ვისაუბროთ დიალექტურ ვარიაციებსა და მათ გავრცელებაზე.

- ვიდეოს შექმნისას რა მასალებს ეყრდნობით?

- უპირველესად ვიდეოებს ვქმნით ისეთი მარტივი სიტყვებისგან, რომლებიც აუცილებელია ენის საბაზისო ცოდნისთვის. ამასთანავე, ვიყენებთ საქართველოს ეროვნულ არქივში მოძიებულ მეგრული ენის ფოლკლორულ ნიმუშებს: ლექსებს, ანდაზებს, გამოცანებს, შელოცვებს და ა. შ. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ვიდეორესურსებიც, სადაც ერთდროულად წარმოჩენილია ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური ენობრივი მასალები.

- ვინ გეხმარებათ ვიდეოების შექმნაში?

- ვიდეოს მომზადების პროცესში სამივე ვართ ჩართული. ძირითად ნაწილს მე ვამუშავებ, მეუღლე ტექნიკურად ასწორებს და მარიამი ახმოვანებს. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ბავშვის სურვილებს და რჩევებს. არდადეგების დროს კახეთში ონლაინ ვუგზავნით ჩასაწერ პრეზენტაციას, მარიამი დამოუკიდებლად იწერს ვიდეოს, აკონვერტირებს და გვიბრუნებს უკან.

- მარიამზე მოგვიყევით...

- მარიამი ახლა VI კლასის მოსწავლეა. დადის ქართულ ცეკვაზე და სკოლის მუსიკალურ გუნდში. 4-6 წლამდე გოგონათა გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტანვარჯიშის მიმართულებით ჩატარებულ ოთხ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსში, სადაც I, II და III ადგილები დაიმსახურეს. უყვარს ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა, საბავშვო ენციკლოპედიების კითხვა, შემეცნებითი და გასართობი იუთუბარხების ყურება და მეგრული სამზარეულო.

- ასეთ გამოხმაურებას თუ ელოდით?

- სოციალურ ქსელში არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას, ამდენ კომენტარს და გაზიარებას. 2000 გამომწერი გვყავდა ფეისბუკგვერდზე, ხოლო მეგრული გაკვეთილების შემდეგ, ძალიან მცირე ხანში, 10000-ს გადააჭარბა მათმა რიცხვმა. ზოგ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა, 10000-ზე მეტი რეაქცია და 3000-ზე მეტი გაზიარება აქვს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ მეგრული ენის ზოგიერთი გაკვეთილი კახეთში ჩავიწერეთ. კახეთიდან გაჟღერებული მეგრული - ჩვენი ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების ერთიანობის სიმბოლური გამოხატულებაა.

343948468-709809550892719-8721202412951382958-n-1723447149.jpg

- ალბათ, უსიამოვნო კომენტარებიც იწერება...

- დიახ, ცალკეულ შემთხვევაში ნეგატიური კომენტარებიც იწერება, მაგრამ მათი რაოდენობა უმნიშვნელოა. სხვა კუთხის წარმომადგენლებიც ნელ-ნელა აჩვევენ ყურს ქართველური ენების ჟღერადობას და თანდათანობით მცირდება უარყოფითი დამოკიდებულებაც. თუმცა, ყველას გულითად მადლობას მოვახსენებთ გამოხმაურებისთვის.

სამეგრელოში, აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები დიდ ინტერესს გამოხატავენ მეგრულისადმი და უსაზღვროდ გვიხარია. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეგრელები კომენტარებში ხშირად კამათობენ ვინ უფრო "სუფთა მეგრულით" საუბრობს, სენაკურ-მარტვილური დიალექტური ფორმებია უფრო სწორი თუ ზუგდიდურ-სამურზაყანოული. არ მოსწონთ ხმის გარეშე ჩაწერილი ვიდეოები და გვთხოვენ, რომ მარიამმა გაახმოვანოს, რადგან ისეთი ბავშვებიც უყურებენ, რომლებმაც ჯერ წერა-კითხვა არ იციანო. ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ბუნებრივ გარემოში, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ამა თუ იმ ენის შესწავლა, მაგრამ როცა ამის შესაძლებლობა არაა, სხვა მეთოდებიც შეიძლება გამოვიყენოთ. ხშირად მიგვითითებენ, რომ ჯერ ქართული და ინგლისური ვისწავლოთ და მერე დანარჩენები. ამის საპასუხოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი ქართული ენის გრამატიკული საკითხების, ბარბარიზმებისა და ჭარბად დამკვიდრებული უცხოური ტერმინების შესახებ. რამდენიმე ვიდეო გვაქვს ინგლისურ ენაზეც. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძვირფასია ჩვენი მშობლიური ქართული, რომლის ცოდნა სავალდებულოა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ერის წარმომადგენლებისთვის, მით უფრო, ქართველებისთვის. მეგრული, ლაზური და სვანური ქართული სალიტერატურო ენის შემავსებელ უნიკალურ წყაროდ უნდა ვაქციოთ. სწორედ ამ ქართველური ენებიდან აღებული უძველესი ლექსიკური ერთეულების საფუძველზე უნდა შეიქმნას თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი ახალი ტერმინები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასე უფრო დავიცავთ ჩვენი სახელმწიფო ენის ეკოლოგიას.

"ბუკიოტი" - იმერეთის, კახეთის, აფხაზეთის, სამეგრელოსა და ჩვენი დედაქალაქის რეალობაში შექმნილი პროდუქტია. ჩვენ მიერ მომზადებული კონტენტი სულ მცირედი საქმეა, რომლითაც გამოვხატავთ უსაზღვრო სიყვარულს ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ენობრივი საუნჯისადმი და მონატრებული მშობლიური აფხაზეთისადმი.

რუსუდან გელაშვილი