„გარდაცვალებას არ ენდო!!! აქა ხარ, კვლავაც, მაესტრო…“
წლების მანძილზე ის ამერიკაში ცხოვრობდა და ქართველ ემიგრანტებს, როგორც ამას თავად ამბობდნენ, სულიერ საზრდოს არ აკლებდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თავს ცუდად გრძნობდა, არ უნდოდა მისთვის ცუდად ყოფნა ვინმეს შეეტყო და გარშემო მყოფები ამით ცუდ განწყობაზე დაეყენებინა. მკურნალობის პარალელურად, მაესტრომ არაერთი ღონისძიება გამართა, ოპტიმისტურად განწყობილი, გარშემო ყველას ამხიარულებდა... თუმცა, ახლობლებმა იცოდნენ მისი დიაგნოზი...
2023 წელს ჟურნალისთვის „გზა“ მოცემულ ინტერვიუში ბატონი ლევანი ამბობდა: „3-4 თვის წინ უცნაურად ვიგრძენი თავი და ექიმთან მივედი. მანამდე დიეტაზე ვიყავი, თან რაღაც სამაჯური მომცეს, - წონის კლებაში დაგეხმარებაო... მოკლედ, ექიმებმა ონკოლოგიური დაავადება აღმომიჩინეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო. აი, ამის შემდეგ ნამდვილად მივხვდი, ხალხს თურმე როგორ ვყვარებივარ. მანამდეც არ მაკლდა სითბო და ყურადღება, მაგრამ როცა ჩემი ავადმყოფობის ამბავი გამჟღავნდა, ნამდვილი შემოტევა მაშინ დაიწყო, თან ისეთი, რომ დილიდან საღამომდე მეტირება ხოლმე. საოცრებებს სჩადიან ჩემი ქართველები და ალბათ, ეს ავადმყოფობა უნდა გადამეტანა, მათი ასეთი სიყვარული რომ მეგრძნო...“
მართლაც, ძალიან უყვარდათ, განსაკუთრებით ემიგრანტებს და ალბათ ამიტომაცააა, რომ უამრავი ადამიანი ცრემლიან პოსტს უძღვნის საყვარელ მაესტროს... დაბოლოს, ეს გახსენება გვინდა დავასრულოთ ჟურნალისტ ლელა ნინუას ლექსით, რომელსაც მაესტროსთვის გამართულ საღამოზე არაერთხელ წაუკითხავს თავისი ლექსები. ეს სტრიქონები კი უკვე გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა: „სულ წაგიკითხავ ლექსს, შენ, საოცარო, ტანდემო, არსად გაგიშვებთ ჩვენ, გარდაცვალებას არ ენდო! მტრედებს მოგვისევ ბევრს, მაჟორებად რომ ავენთოთ, მაღლა იქნები შენ, ჩვენს სალოცავად, მაესტრო! იმ შენს კლავიშებს, იცი? დაათოვა და აენთო ყველა სანთელი დღეს, შენ არ მომკვდარხარ, მაესტრო! ამ სამყაროში შენებრ სიცოცხლე უნდა გავბედო, არ დაიჯერო, იცოდე, გარდაცვალებას არ ენდო!!! აქა ხარ, კვლავაც, მაესტრო…“