ოლიგარქის ტრაგედია და უსულგულო ოპოზიცია - გზაპრესი

ოლიგარქის ტრაგედია და უსულგულო ოპოზიცია

ეს ისეთი მასშტაბის უბედურება მოხდა, რომ სახელისუფლებო მედიას ორი დღე გლოვა ჰქონდა გამოცხადებული და ამ თემით იწყებოდა მთავარი საინფორმაციო გამოშვებები. წესით, სხვებსაც უნდა ეგლოვათ, მაგრამ უსულგულო რომაა ოპოზიცია, ამაშიც გამოჩნდა. გლოვის ნაცვლად ატეხეს ხორხოცი, საქმეა ახლა ეს? ამდენი იწვალა, კაცმა ამდენი ფული დახარჯა, აფრიკაში მიაგნო სასურველ ხეებს, ჩამოიტანა და გახმა. ნამდვილი ტრაგედიაა, მა, რა არის?!

ხორხოცს ვინ ჩივის, ივანიშვილის მტკიცებით, ამ ხეების გახმობაშიც ოპოზიციის ხელი ურევია. ნუ, ოპოზიცია ხომ ბოროტია და ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ბაობაბების გახმობაც?! ეს უკვე მათთვისაც ნამეტანია. არადა, ივანიშვილი ამტკიცებს, აფრიკაშიც მომწვდა მათი მსახვრალი ხელიო. სწორედ მათ აჩივლებინეს იქაურ არასამთავრობოებს კენიის სასამართლოში და ამის გამო გამეწელა ბაობაბების ჩამოტანა, დაგვიანებამ კი ხეების გადარჩენა შეუძლებელი გახადაო. საღოლ, "ნაცებს", კენიაშიც თუ ასეთ ამბებს ატრიალებენ!

აქ კი ბაობაბების გადასარჩენად დიდი ამბები დატრიალებულა. ერთმა ჟურნალისტმა დაწერა: გურიაში ვისვენებ და ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ამ ბაობაბებს თურმე ულპებოდათ ფესვები, უყიდიათ ტონობით ხორბალი და ჩაუყრიათ ფესვებში; ამ ხორბალს გაუჩენია მღრღნელები, დამდგარა ბევრი ზღარბის შესყიდვის საჭიროება (ჩვენ რომ ბავშვობაში გვეგონა, ზღარბი ვაშლებს ჭამდა, თურმე მტაცებელი ყოფილა და მღრღნელებით იკვებება); გასულა მთელი გურია ტყეში ზღარბების საძებნად - თითოში იხდიდნენ თურმე 50-80 ლარს. სამწუხაროდ, ბაობაბები ვერც ზღარბებმა გადაარჩინეს.

ახლა წარმოიდგინეთ, როგორ დასდევენ გურულები ზღარბებს ტყეში ან მანამდე როგორ გავარდა ხმა, ოლიგარქი ზღარბებს ეძებსო და როგორ დატრიალდნენ გურულები. ამ ყველაფერს რომ წარმოიდგენთ, კარგად მიხვდებით, რა ტრაგიკომიკურ და აბსურდულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. რეალურად, ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც მართავს ადამიანი, ვისი მთავარი სადარდებელიც არის, როგორ გადმორგოს ბაობაბები აფრიკიდან შეკვეთილში და როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება სიცოცხლის ბოლომდე.

ხელისუფლება და მმართველი პარტია ისეთი მარიონეტები არიან, რომ ორი დღე ისინიც ბაობაბებზე აკეთებდნენ კომენტარებს, ხოლო სახელისუფლებო მედიას ისეთი ამბავი ჰქონდა ატეხილი ამ ხეების გახმობაზე, რომ შეიძლება, ყველა დაიჭირონ, ვინც ამ თემაზე ერთხელ მაინც იხუმრა. იმათზე აღარაფერს ვამბობ, ვისაც მათი გახმობა ჰბრალდება. ვაი, მათი ბრალი!

ახლა კი უფრო სერიოზულ თემაზე: დადგა აგვისტო და ხელისუფლებამ კვლავ აქტუალური გახადა თემა: ვინ დაიწყო 2008 წელს ომი? თან იმუქრებიან, მარტო საუბრით კი არ შემოვიფარგლებით, გამოძიებას ჩავატარებთო. ე, ბიჭო, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, თუ რამე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გექნა?! მაგრამ მერე ყოველი არჩევნების წინ რას დაჰპირდებოდნენ ხალხს?

წარმოიდგინეთ, რუსეთი ახლა შეჭრილია უკრაინაში, ცდილობს უკრაინის დაპყრობას, გაქანებული ომია, მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინისკენაა და ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ 2008 წელს ყველაფერი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი იყო და ეს უნდა გამოიძიოს. უფრო მეტიც, მარტო სააკაშვილის ბრალი კი არ იყო, არამედ ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა დასავლეთიდან. ანუ აწვებიან ვერსიას, რომ ომი სააკაშვილმა ამერიკის დავალებით გააჩაღა. ვისი საქმე კეთდება ახლა ამით?

ამის მერე ვიღაც დაუძახებს ამათ რუსეთუმეებს და ეწყინებათ. მე მომწერეს, ბოლო დროს სულ ხელისუფლებას რატომ აკრიტიკებ, ოპოზიცია სულ დაგავიწყდაო. მე კი არ დამავიწყდა, უბრალოდ, ისეთებს შვრება ხელისუფლება, ოპოზიციისთვის ვეღარ ვიცლი.

ჰენრი კისინჯერი თავის წიგნში "მსოფლიო წესრიგი", როდესაც მე-19 საუკუნეში "ყირიმის ომის" შემდეგ ავსტრიის პოლიტიკას მიმოიხილავს (რომელიც მაშინ ერთი ადგილის თამაშში გამოიხატა, რაც საბოლოოდ მისთვის ცუდად დასრულდა), ასკვნის: "ავსტრია გვიან მიხვდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სანდოობა უფრო დიდი კაპიტალია, ვიდრე ტაქტიკური მოქნილობა".

P.S. ჰოდა, ეჭვი მაქვს, როდესაც ივანიშვილი იმავეს მიხვდება, მისთვის უკვე ძალიან გვიანი იქნება. ახლა მთავარი საზრუნავი ისაა, ქვეყნისთვისაც არ აღმოჩნდეს გვიანი.