"მთაში ვეფხვივით დანავარდობს..."
არ იცი, რა შეგხვდება წინ, მაგრამ შენ მაინც ზევით მიდიხარ," - ეს ქართველი მთამსვლელის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილის სიტყვებია. მას სვანეთის მწვერვალები არაერთხელ აქვს დაპყრობილი. 10 აგვისტოსაც მთამსვლელი სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე სამ ადგილობრივ ალპინისტთან ერთად ექსპედიციაში იმყოფებოდა, როცა საღამო ხანს ამინდი გაუარესდა. ბიჭები მწვერვალიდან დაშვებას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, არჩილ ბადრიაშვილთან ახლოს მეხი დაეცა და ის კლდიდან გადააგდო. ამ ფაქტის თვითმხილველმა გადარჩენილმა სამმა ალპინისტმა სიგნალის დაჭერა შეძლო და მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე წავიდნენ და სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, თუმცა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს 11 აგვისტოს საღამომდე ეძებდნენ.
ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში 11 აგვისტოს, დილით ჩაერთო. საღამოს არჩილის ცხედარს მიაგნეს, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის გამოყვანა მოგვიანებით მოხერხდა.
შს სამინისტროს ცნობით, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზეა ნაპოვნი.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ცხედარი ჯერ მესტიაში გადაასვენეს, სადაც მას მომხდარით შეძრული ხალხი დახვდა. სულისშემძვრელია "სვანური ზარის", "სვანური დატირების" კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ასე გამოემშვიდობნენ მესტიაში ახალგაზრდა ალპინისტს ადგილობრივები. შემდეგ ცხედარი სახლში გადაასვენეს.
სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო.
"აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით უყვარდა ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელი". როცა პატარა აჩოს ვკითხე, თუ ვინ იყო ამ ნაწარმოებში მისი საყვარელი გმირი? მახსოვს, პასუხმა მოულოდნელობისაგან გამაოგნა. ველოდი "მანათობელი" გმირების დასახელებას, მაგალითად არაგორნის, ლეგოლასის, ფროდო ბეგინსის ან თუნდაც, ჩემთვის საყვარელი გენდალფის, მან კი მითხრა, რომ უყვარს სემუეიზ გემჯი, გმირი, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვა, ვერავინ მიაღწევს საწადელ მიზანს, ვერც ფროდო დაძლევს ოროდრიუნს, ბედისწერის მთას და მის ვულკანურ ლავაში ვერ გაანადგურებს ძალაუფლების ერთიან ბეჭედს. სემუეიზ გემჯის უანგარობა, მეგობრისთვის თავდადება და სუფთა გული აჩოს ცხოვრების წესად იქცა. ჩვენ ხომ საუკეთესო შემთხვევაში ბავშვობის ლიტერატურულ გმირებს ვემგვანებით. აჩოც ნამდვილი გმირი გახდა, ტოლკინის მომაჯადოებელი და ზღაპრული სამყაროს გმირი. მან ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს, მთებში კი არა, საკუთარ შინაგანში მოგზაურობს. მისთვის მთა მამის სამყარო იყო, მუდმივი რეფლექსიის უნარი კი დედის ალღო და ნიჭი. ახლა მარტო ნინოზე, ზურასა და რუსკაზე ვფიქრობ, აჩოს თბილ და მყუდრო ოჯახზე, გამორჩეულ და ძვირფას ადამიანებზე, რომლებმაც აჩოს მისცეს ძალა და სიყვარული, ყოფილიყო და შესძლებოდა ის, რაც მან 34 წლის ასაკში მოასწრო - გამხდარიყო მსოფლიოში სახელგანთქმული ალპინისტი, "ოქროს წერაყინის" მფლობელი, მსოფლიოს მრავალი გაუვალი მწვერვალისა და მარშრუტის აღმომჩენი და პირველგამვლელი. საჭურვლის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა, აჩო შხელდიდან პირდაპირ ელვის ნათელში შევიდა, არა მარტო მთებისა და მწვერვალების, არამედ ცისა და ღრუბლების, ჭექა-ქუხილის კარიბჭეები შეაღო და მარადიულ სინათლეს შეუერთდა. ვისაც მთა უყვარს, დამეთანხმება, რომ გულის სიღრმეში ასეთ სიკვდილს ყველა მთამსვლელი ინატრებდა, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულები მიდიან. გვიყვარხარ, აჩო, ჩემი შვილებისთვის მისაბაძო ადამიანო, ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში", - ასეთი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მას პოეტი რატი ამაღლობელი.
"ყველანაირად დადებითი რომ დაიბადები ადამიანი, ესეთი იყო აჩი, მიუხედავად იმისა, ასეთი წარმატებული ალპინისტი გახლდათ, ძალიან თავმდაბალი იყო, ყველანაირად გამორჩეული. 2004 წელს ერთად ვიყავით მწვერვალ "მარჯანიშვილზე" ბანაკ ზესხოში. სულ იხსენებდა, რა ძალით წამიყვანეთ ასეთი პატარა ბავშვიო, უზომოდ შეყვარებული იყო სვანეთზე, ძნელია მასზე წარსულში ილაპარაკო, დიდი ტკივილია. მთასაც და ღმერთსაც გამორჩეულები უნდა. უდიდესი დანაკარგია სრულიად საქართველოსთვის. ბუმბერაზი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ, მწვერვალზე მაღალი. პატარა ბიჭი იყო დიდი გულით, ჩვენი სიმბა... მასზე საუბარი მართლა მიჭირს და გული მტკივა. ყველას თანავუგრძნობ. ოჯახითაც გამორჩეული იყო, მამაც ალპინისტია, დაც", - ამბობს ჩვენთან საუბარში აჩიკოს მეგობარი ეკა ნიგვრიანი.
"როდესაც ადიხარ მთაში, წრიაპი რომ გაცვდება და წრიაპს ლესავ, გგონია, რომ ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები. ამბობენ, რომ მთამსვლელობა ფსიქოლოგიასა და შემართებაზე დგას, პირველ რიგში, შეიძლება იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ უბრალოდ ვერ გაბედო, არ იყო მზად შინაგანად და არაფერიც არ გამოგივიდეს. პაპიდაჩემი იყო პირველი მთამსვლელი ქალბატონი, რომელიც 60-70-იან წლებში გატაცებული გახლდათ ლაშქრობით და მთაში სიარულით, შემდეგ გადაულოცა აღჭურვილობა დედაჩემს და ბიძაჩემს. ისინიც ცალკე დადიოდნენ, მამაჩემიც დადიოდა ნათლიაჩემთან ერთად. ყველა მხრიდან გარშემორტყმული ვიყავი ამით და უცნაურიც იქნებოდა, რომ არ გავყოლოდი მთაში სიარულს. მამაჩემმა წამიყვანა პირველად მწვერვალზე, 15 წლის ვიყავი რომ ავედი მყინვარწვერზე. ჩემთვის მთაში სიარული უკავშირდება პირდაპირ გადაწყვეტილებებს სტიქიასთან, გაჭირვებასთან პირდაპირ მიდგომას, პრობლემის სწრაფად მოგვარებას... ინტერესს მივყავართ იქამდე, ერთსა და იმავე მარშრუტზე რომც მიდიოდე, სულ სხვადასხვანაირი სირთულეების პროცესით სიამოვნების მიღებაა, მაგრამ ხშირად პირდაპირ უსიამოვნებაც არის... უფრო მთავარია, მწვერვალზე დადგომა და ამ მომენტით ტკბობა... თავგადასავლის სიყვარულს მიჰყავხარ და მოჰყავხარ", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში არჩილ ბადრიაშვილი.
ის გამოცდილი ალპინისტი იყო. არაერთი მწვერვალი დაულაშქრავს და ბევრჯერ ისეთ ადგილებზე ასულა, სადაც მანამდე არავინ ყოფილა.
არჩილ ბადრიაშვილმა გიორგი ტეფნაძესთან ერთად, 2019 წლის ივლისში დალაშქრა პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა პარბატი, რომლის სიმაღლეც 8 126 მეტრია. ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით არის გამორჩეული ეს ადგილი და იქ ქართული დროშა ააფრიალეს.
მოგვიანებით, 2021 წელს, არჩილ ბადრიაშვილი ბაქარ გელაშვილთან და გიორგი ტეფნაძესთან ერთად ავიდა პაკისტანის ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე, სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ზღვის დონიდან 7223 მეტრი), სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს და რომელიც ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტად მიიჩნევა. მწვერვალი ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. მას და მის მეგობრებს ამ მიღწეული შედეგისთვის, აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობისთვის, 2022 წელს ალპინიზმის სფეროში ოსკარად წოდებული ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო "ოქროს წერაყინი" გადასცეს.
არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ რამდენჯერმე იყო წარდგენილი. გასულ თვეში კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი - ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო. სოციალურ ქსელში სწორედ ამ ექსპედიციაზე წერდა (სტილი დაცულია. გთავაზობთ მცირეოდენი შემცირებით):
"ჩვენმა ინტერნაციონალურმა სამეულმა ორი პირველი გავლა მოვახერხეთ ნანდა დევის რეგიონში. აუსვლელ მწვერვალ ნანდა შორიზე 6344 მ, რთულ და ლამაზ მწვერვალ ჩანგუჩზე 6,322 მ. ორივე ველური ტექნიკური ხუთიანი, უაღრესად ნაშალ კლდესა და მიქსთზე გავიყვანეთ, არანაკლებ რთული იყო უკაცრიელ რელიეფზე დაშვებაც. პირველი ასვლა უფრო რთული იყო ტექნიკურად, ჩემთვის ახალი განზომილების ნაშალ კლდეს შევეჯახეთ, თუმცა ერთი ღამისთევით გავიარეთ გზა და მწვერვალთან გვეძინა, ამან შესანიშნავი აკლიმატიზაცია მოგვცა, ხედებით! აუსვლელ მწვერვალს ნანდა დევის ქალიშვილი დავარქვით. ჩანგუჩზე კი სხვანაირად იყო, გარეული "ლურჯი ცხვრების" კლანის თავდასხმების გამო, სადაც ჩვენ ზარბაზნების ცეცხლის ქვეშ მებრძოლ სამ მუშკეტერს ვგავდით, ათასობით ქვის ცვენის ფონზე, თუმცა ამას მხოლოდ კარვის კეთილდღეობა შეეწირა, ჩვენ კი აქაც ერთი ღამისთევით ავედით და კარავთან შუაღამით დავბრუნდით, დაახლოებით 20 დულფერის შემდეგ ღამეში, ყინულზე. ასეთ ლამაზ, ლეგენდარულ რეგიონში, რომლის მთის მისადგომები და ხეობები ლამის მთლიანად შემოვიარეთ აკლიმატიზაციისა და მოცალეობის ჟამს და ფაქტობრივად, არც ერთი დღე არ გაგვიტარებია უქმად, ეს ასვლები ჩემთვის ნამდვილად ახალ გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული და ნანდა დევის ძალიან მადლიერი ვარ... ჩემთვის და მთელი გუნდისთვის უმთავრესი ჩვენი ერთიანობა იყო, არა მარტო მარკოს, მანუს და ჩემი, არამედ ჩვენი ინდოელი კოლეგების, რომლებიც გულით გვეხმარებოდნენ და გვერდში გვედგნენ (ბაგვანი, დევ რაჯი და მუკეში). ამ მეგობრობამ ყველა იქაურ გამოცდას გაუძლო და სასიამოვნო გახადა ყველა დაძაბული აქტივობა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მთაში მევლო იმ ადამიანებთან, ვისი ისტორიებითაც ვიზრდებოდი, მხოლოდ ვოცნებებდი ისეთ მთამსვლელებთან ერთად სიარულზე, როგორიც მარკო პრეზელია. მანუ პელისიე ოდნავ გვიან გავიცანი, როგორც მარკოს ახლო მეგობარი, მანაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს გულში. ორივე მაგარი კაცია და ორივე ალპური სტილის ტიტანია!.. აი, ჩემო ხალხო, ამ ემოციით დავბრუნდი ექსპედიციიდან... პირველი ქართული კვალიც დავტოვეთ ინდოეთის ჰიმალაებში!..
ამ სტატუსში ალპინისტი საუბრობდა საერთაშორისო ექსპედიციაზე, რომლის ხელმძღვანელი ფრანგი მთამსვლელი მანუ პელისიე, გამოჩენილი სლოვენიელი მთამსვლელი მარკო პრეზელი და არჩილ ბადრიაშვილი იყვნენ. ჯგუფი 15 მაისს დაიძრა დელიდან ინდოეთის ჰიმალაებისკენ. მთის ძირამდე მისასვლელად 8 დღე დასჭირდათ. მათი მიზანი მწვერვალ ნანდა დევის აღმოსავლეთ მწვერვალზე (7434მ) ახალი გზით ასვლა იყო. როგორც ჩანს, არჩილი თავის მოგზაურობებზე ჩანაწერებს ყოველთვის აკეთებდა. ასევე იღებდა ვიდეოებს, ფოტოებს და საზოგადოებას ულამაზეს ადგილებს აცნობდა.
საინტერესო იყო 2023 წლის არგენტინის ექსპედიცია. ესეც პირველი ქართული ასვლა გახლდათ პატაგონიაში (არგენტინა-ჩილე), ჩალტენის მასივის უმაღლეს მწვერვალზე. სუპერკანალეტა ლეგენდარული მარშრუტია, რომელიც როგორც კლდეს, ისე ყინულს, თოვლს მოიცავს და იშვიათად არის გავლისთვის კარგ მდგომარეობაში. მაშინაც ქართველმა ბიჭებმა რთულ პირობებში, თუმცა სწრაფად და მშვიდობიანად იარეს. "მთაში ვეფხვივით დანავარდობს", - წერდნენ მასზე. სამწუხაროდ, 10 აგვისტოს ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლე.
P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და მეგობრებს არჩილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
თეა ხურცილავა