"რუსებმა ომი უკვე საკუთარ თავზე იწვნიეს - ეს მათ განწყობებს შეცვლის" - გზაპრესი

"რუსებმა ომი უკვე საკუთარ თავზე იწვნიეს - ეს მათ განწყობებს შეცვლის"

შეტევა 6 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან გადალახეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მუქარის შემცველი განცხადებები, უკრაინის ხელისუფლება კი მთელი კვირა დუმდა. ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კვ/კმ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. სპეცდანიშნულების რაზმი BRAVO Team აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე ამბობს, თავიდან ცოტა ბუნდოვანი იყო, რა ტიპის სამხედრო მოქმედებებთან გვქონდა საქმე, თითქოს უფრო რეიდს ჰგავდა, მაგრამ ახლა სურათი უფრო ნათელია.

- სწორი სტრატეგია იყო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება. 2023 წელს წინასწარ საუბრობდნენ კონტრშეტევაზე და რუსები კარგად მომზადებულები დახვდნენ. ახლა ამის საპირისპირო ხდება, გარკვევით არც გეგმების შესახებ საუბრობენ და არც მიზნების. რუსეთი, რომელიც კიევის აღებას სამ დღეში აპირებდა, ახლა საკუთარ ტერიტორიასაც კი ვეღარ იცავს და ეს უკვე კარგი შედეგია. მსოფლიომ დაინახა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება სავსებით შესაძლებელია, თანაც მისივე ტერიტორიაზე. გამოდის, რომ რუსეთს, რომელიც მილიარდებს ყრის უკრაინის წინააღმდეგ ომში, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია?!

- ეს ამბავი პროცესების როგორ განვითარებას გამოიწვევს თავად რუსეთში?

- პროცესი უკვე დაიწყო - ომი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, რუსეთის არმია უკვე საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის, რაც შოკია მათთვის. ასევე შოკია ის, რომ წვევამდელები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იყვნენ, ფაქტობრივად, უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს მას შემდეგ, რაც მათი ხელმძღვანელობის ნაწილი გაიქცა, ნაწილის კი ლიკვიდაცია მოხდა. ამის შემდეგ რუსებმა იარაღი მალევე დაყარეს. ახლა რუსეთი ცდილობს ამ მარცხის შეფუთვას, პროპაგანდისტებს ალაპარაკებენ, რომ თითქოს, ამ ოპერაციაში პოლონელებიც მონაწილეობენ და ა.შ. უკვე დაიწყო შიდა დაძაბულობა - წვევამდელები ყველაფერს კადიროველებს აბრალებენ, კადიროველები - წვევამდელებს, უთანხმოება ჩამოვარდა გენერლებს შორისაც. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, პუტინი ცდილობს კურსკის ოპერაცია ეფ-ეს-ბეს გადააბაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო პირებს აღარ ენდობა. ჩვენ ვნახეთ ტყვედ აყვანილი წვევამდელები, რომლებიც ჰყვებიან, როგორ მიატოვეს ისინი მეთაურებმა. არ არის გამორიცხული, ახლა პუტინმა კა-გე-ბეს მეთოდები გამოიყენოს და ეფ-ეს-ბემ უკანდახეულ სამხედროებს ესროლოს.

dsc-9793-1723988423.jpg

- ამ ყველაფერმა რუსეთის სპეცსამსახურების "ჩავარდნაც" ხომ არ გამოაჩინა?

- რა თქმა უნდა, რუსულ სპეცსამსახურებს გამოეპარათ შეტევა, რომელიც აშკარად დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. გარდა ამისა, უკრაინელებს მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ დონეცკის ოლქში, ახლა კი ამ ტერიტორიაზე ზეწოლა შემცირებულია. რუსები იძულებული გახდნენ, მოეხსნათ ნაწილები და საკუთარ ტერიტორიაზე დაებრუნებინათ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად. ამ ოპერაციის კიდევ ერთი სამხედრო მიზანი, სავარაუდოდ, სუმის ოლქისთვის ერთგვარი ფარის შექმნაა. უკრაინის ეს ოლქი თვეების განმავლობაში იბომბებოდა, განსაკუთრებით მისი სასაზღვრო რაიონები, ბოლო დღეებში კი უკრაინელებმა მოახერხეს რუსეთის საცეცხლე პოზიციების სრული განადგურება და რუსული არმიის საყრდენი პუნქტების არა მარტო აღება, არამედ თვითონვე იყენებენ ახლა მათ მტრის წინააღმდეგ. სუმს ერთგვარი ფარი გაუკეთეს, ფაქტობრივად, მოსპეს ის ბაზები, სადაც რუსები წვრთნიდნენ ახალწვეულებს.

- ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლელი ლიდერები, რომლებიც ამ დრომდე უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ, ახლა აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს როგორც თავის დაცვის, ასევე აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების განხორციელების უფლება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა კი განაცხადა, რომ უკრაინა კურსკში განხორციელებული შეტევით არ არღვევს ამერიკის პოლიტიკას. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დასავლეთი უკან აღარ დაიხევს რუსეთთან მიმართებაში?

- კი, ეს ნამდვილად ამას ნიშნავს და უნდა ითქვას, რომ დასავლელი პოლიტიკოსები სწორად იქცევიან. მათ დაინახეს, რომ რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ ჭრის და გამოსავალი მხოლოდ ძალის გამოყენებაა. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ პუტინის მუქარების მიღმა, არაფერია. შესაბამისად, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც დასავლეთმა ომის კრიტიკულ ფაზაში შესვლა გადაწყვიტა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველა წითელი ხაზი გადალახულია. დასავლეთი უკვე დარწმუნდა, რომ რუსეთის დამარცხებისთვის ყველა მეთოდი მისაღებია. სხვათა შორის, უკრაინელების კურსკზე შეტევის კიდევ ერთი მიზანი შეიძლება ტერიტორიების გაცვლა იყოს, პრინციპით, ყველაფერი ყველაფერზე... ამ ყველაფრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ის არის, რომ რუსეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იწვნია, რა არის ომი. დევნილების ტალღა მიაწყდა სხვადასხვა დიდ ქალაქს, ზოგი მოსკოვამდეც ჩავიდა, ითხოვენ დახმარებას და ა.შ.

- ცოტა ხნის წინ მოსკოვი კიევს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევდა, ოღონდ უკრაინისთვის არასახარბიელო პირობებით და რა თქმა უნდა, ზელენსკიმ ამაზე უარი განაცხადა. ამ მოცემულობის ფონზე რამდენად შესაძლებელია, პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეცვლილი პირობებით?

- რა თქმა უნდა, უკრაინელებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მათ მიერ დაკავებული ტერიტორია რუსებს გაუცვალონ, მაგრამ ახლა არა მგონია, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ისევ სურდეს. მეტსაც გეტყვით, ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, დასავლეთში წარმატებულად გაეყიდა იდეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კურსკის ოპერაციის შემდეგ, მოსკოვი ცეცხლს ვეღარ შეწყვეტს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ტერიტორიის უკრაინელთა ხელში დარჩენას გამოიწვევს. კონფლიქტს საკუთარ ტერიტორიაზე ხომ ვერ გაყინავს?! ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვნახეთ უკრაინელთა ბლიცკრიგი, რომელიც პირდაპირ სახელმძღვანელოდანაა გადმოტანილი. რუსეთს მებრძოლი ნაწილები საკუთარ ტერიტორიაზე აღარ ჰყავს, მათი დიდი ნაწილი გადასროლილია უკრაინაში და ამასთანავე, ამ არმიაში უკიდურესად დაბალია მორალური სული მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ. ჩვენ ხომ ვიცით, რუსეთმა თავისი ყველაზე ძლიერი, ელიტური ნაწილები ომის პირველივე თვეებში კიევთან, მარიუპოლსა და ხარკოვთან ბრძოლებში დაკარგა.

- შეცვლის თუ არა ეს ახალი მოცემულობა პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად რუსეთში?

- აუცილებლად შეცვლის. ვერ გეტყვით, რომ რუსეთის პოლიტიკური მმართველობა ერთბაშად ჩამოიშლება, თუმცა, რუსეთის არმიასა და მოსახლეობაში აუცილებლად გაჩნდება პროტესტი იმის გამო, რომ მთავრობა, რომელსაც მსოფლიოში მეორე არმია ჰყავს და რომელმაც ქვეყანა ომში ჩაითრია, ახლა საკუთარ მოსახლეობასაც ვეღარ იცავს. კრემლიდან მაქსიმალურად ცდილობენ ინფორმაციის გაკონტროლებას, რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაც კი დაბლოკეს, მაგრამ არა მგონია, ამან მათთვის სასურველი შედეგი გამოიღოს. უკრაინელებმა რომ რუსი ახალწვეულების 400-კაციანი სამხედრო კოლონა გაანადგურეს და იქიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა, მათი ოჯახის წევრები ხომ მოიკითხავენ?

- მიუხედავად ყველაფრისა, პუტინი მასშტაბური მობილიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და კიევს უმკაცრესი პასუხით ემუქრება. როგორი შეიძლება იყოს ეს მკაცრი პასუხი?

- პუტინი კი ლაპარაკობს მასშტაბურ მობილიზაციაზე, მაგრამ მშვენივრად იცის, ეს რამხელა პრობლემაა. უკრაინაში შეჭრას ომსაც კი არ უწოდებს და მასშტაბურ მობილიზაციას როგორ აუხსნის მოსახლეობას? ამასთან, ომის დაწყებიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთიდან, დაახლოებით 9-მილიონამდე ომში გასაწვევი ასაკის გავიდა. მათი დიდი ნაწილი საქართველოს, თურქეთს, ზოგიც ევროპულ ქვეყნებს მიაწყდა. მობილიზაცია რომ გამოცხადდეს, ერთი ამდენი კიდევ გაიქცევა.

- მაგრამ როგორც მახსოვს, კრემლში ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავეს წვევამდელი ასაკის მამაკაცების ქვეყანაში დაკავების მექანიზმები.

- დიახ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთში ძალიან დიდი კორუფციაა და ფულის მეშვეობით უამრავი რუსი გავა ქვეყნიდან. ამასთან, მობილიზაციას სჭირდება დიდი რესურსი: იარაღი, საჭმელი, საწვავი, მომზადება, ამ ყველაფერს კი - დიდი დრო. მხოლოდ საზარბაზნე ხორცით ომი არავის მოუგია.

- თქვენი წარმოდგენით, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ვითარება საქართველომ?

- საქართველომ თუ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ? ეს ჩემი აზრით, ორი სხვადასხვა რამეა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატურობის აღქმა დაკარგული აქვს. მან იმთავითვე, რუსეთის გამარჯვებაზე დადო ფსონი. ახლა მათ სრულად ეშლებათ პირამიდა: აბა, ომი გინდათ? რუსეთი უძლეველია, რუსული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს და ა.შ. სულაც რომ დაიბრუნოს რუსეთმა კურსკის ოლქი, მაინც წაგებულია: კვირაზე მეტი გავიდა და კონტროლი ვერ აღადგინა საკუთარ ტერიტორიაზე, ჰყავს უამრავი დევნილი და მტრის ხელში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები. იმ ერთ პირს, ვისაც, რუსეთის გამარჯვების უპირობოდ სჯერა, არც შესაბამისი ცოდნა აქვს და არც პოლიტიკური მოცემულობის სწორი აღქმის უნარი. რუსეთის დამარცხების შედეგად, პრორუსულ ძალებს მთელ მსოფლიოში ძალიან გაუჭირდებათ. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე სხვაგვარი პოზიცია ჰქონოდა, მაგრამ იმედია, ახლა მაინც გადააფასებენ სიტუაციას.

ხათუნა ბახტურიძე