„პოდიუმზე გასვლის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“ - გზაპრესი

„პოდიუმზე გასვლის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“

ასევე ჩემი ქვეყნის სახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უფრო მეტად გავაცნო", - ამბობს თაკო ფოფხაძე. როგორც ლიკა ყაზბეგმა გვითხრა, ის სამოდელო სფეროში ახალი სახეა, რომელიც თავდაუზოგავი შრომით ძალიან ბევრს მიაღწევს...

თაკო ფოფხაძე მის დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა...

- სამოდელო სფეროთი ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. "ვიქტორია სეკრეტის" გამოსვლებს ვუყურებდი, ხშირად წარმოვიდგენდი ჩემს თავს პოდიუმზე და ეს შეგრძნებაც კი ძალიან მომწონდა. ზოგადად, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მოდელობის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. ეს არა მარტო ჩემი, არამედ ოჯახის წევრების დიდი ოცნებაც იყო. ამ სფეროში ჩემი გამოჩენა ლიკა ყაზბეგის დამსახურებაა, რომელიც დღემდე მხარში მიდგას. სწორედ ლიკა იყო ადამიანი, რომელმაც სამოდელო საქმეს დამაკავშირა. ლიკა კრიტიკულია, მომთხოვნი, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და სწორედ მისი ეს ხასიათი ხდება მიზეზი იმ წარმატების, რომელსაც მისი მოდელები ვაღწევთ. ჩემი პირველი გამოსვლის შემდეგ, როდესაც ლიკას ამაყი და გახარებული თვალები დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მისი ეს გამომეტყველება სიტყვებზე მეტი იყო.

საქართველოში უამრავი ღირსეული და წარმატებული მოდელი ცხოვრობს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამოდელო საქმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, უამრავ ქართველ ახალგაზრდას გაუჩინეს სურვილი, გამხდარიყვნენ მოდელები. ჩემი დიდი სურვილია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ვიმუშაო.

- როგორც ვიცით, მოდის კვირეულში უკვე მიიღეთ მონაწილეობა. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები...

- მოდის კვირეულის შესახებ ლიკამ შემატყობინა. კასტინგზე გავედი, ამირჩიეს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, თან ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ეს ჩემი პირველი გამოჩენა იქნებოდა ფართო საზოგადოების წინაშე. მოდის კვირეული ორი დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი ფოტოგრაფები დამიკავშირდნენ და გადაღება შემომთავაზეს. რაც ყველაზე მთავარია, პოდიუმზე გასვლის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ფოტოგრაფებთან მუშაობაც მიმარტივდება. ჩემი პირველი გამოსვლა პოდიუმზე ნამდვილად დაუვიწყარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვნერვიულობდი, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველანაირად მობილიზებული, რადგან ეს იყო შანსი, რაც შეიძლება კარგად გამომევლინა ჩემი თავი. მომზადების პროცესიც საკმაოდ საინტერესო იყო. უშუალოდ გამოსვლის წინ ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა, თუმცა პოდიუმზე გასვლისთანავე ნერვიულობა გაქრა. მინდოდა, დიზაინერების და სააგენტოს ხელმძღვანელის მოლოდინები გამემართლებინა. გამოსვლის შემდეგ ძალიან ამაყი და თავდაჯერებული ვიყავი, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა.

- თქვენ 19 წლის ხართ. გვიან დაიწყეთ მოდელობა. ამით სტანდარტებს არღვევთ და ბევრ გოგონას უჩენთ მოტივაციას. უმრავლესობას ხომ ჰგონია, რომ 18-19 წლის ასაკში მთავრდება მათი კარიერა...

- ბევრი თვლის, რომ მოდელობა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, რაც ადრე, მით უკეთესი, მაგრამ გვიანიც არასდროსაა. ეს ასაკი არის იდეალური, რადგან მოზარდობის პერიოდი დასრულებულია და პიროვნება მეტად ჩამოყალიბებული. საკუთარი ოცნების ასრულებაზე ზრუნვა არასოდესაა გვიანი. რაც გულით გინდა, აუცილებლად უნდა გაბედო ნებისმიერ ასაკში.

- რამდენად მიზანდასახული და შრომისმოყვარე ხართ და რას დათმობდით საყვარელი საქმის, კერძოდ სამოდელო კარიერის გამო?

- მოდის სფეროში, ისევე როგორც ყველგან, შრომისმოყვარეობა მთავარია. უპირველეს ყოვლისა, ყველაფრის პრიორიტეტების მიხედვით დალაგება, დროის რაციონალურად გამოყენება დავიწყე. დიდ დროს ვუთმობ სამოდელო უნარ-ჩვევების განვითარებას, ვარჯიშს, დისციპლინას. ფაქტობრივად, მზად ვარ მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ამ პროფესიას. ჩემი აზრით, მიზნების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით არის შესაძლებელი.

მანანა გაბრიჭიძე