ამერიკაში გატარებული 30 წელი და მასშტაბური ექსპოზიცია სამშობლოში - გზაპრესი

ამერიკაში გატარებული 30 წელი და მასშტაბური ექსპოზიცია სამშობლოში

მისი ხელწერა, ტილოებზე თბილი ფერების სპექტრი, რამდენიმე ცივი ტონით, სხვაში არასდროს აგერევა. "დამოუკიდებელია" და "განყენებული"; მონუმენტური, როგორც ტილოებით, ისე მასზე ასახული ფიგურებით; მასშტაბურ და მომნუსხველ შემოქმედებას ქმნის, თანამედროვეობაში ერთ-ერთი ცნობილი მხატვარია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, თუმცა, თავად საკმაოდ თავმდაბალია და ამბობს: "მხატვარი - ეს არის ტიტული, რომელიც მხოლოდ დრომ უნდა მოგანიჭოს და არა ვინმემ; დრო კი სავსე უნდა იყოს შრომის და ახლის ძიებით".

ვახტანგ მუსხელიშვილი ბოლო 30 წელი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც, როგორც შემოქმედი, ვახო მუსხელის ფსევდონიმით დამკვიდრდა. მისი ნამუშევრები არაერთ სახელმწიფო თუ კერძო კოლექციაშია დაცული. ბოლო ორი წელია საქართველოშია, აქტიურად ხატავს და ლექტორია სამხატვრო აკადემიაში.

ამერიკაში ცხოვრების პარალელურად, პერიოდულად სამშობლოსაც სტუმრობდა და გამოფენებს მართავდა. თუმცა, ისეთი მასშტაბური არასდროს ჰქონია, როგორიც ახლა: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა მასპინძლობს ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენა "რუბიკონს" (19 ივლისი-10 აგვისტო).

ექსპოზიცია მეგობრის, გიგა ლაპიაშვილის სახელოსნოში, საკმაოდ მოკლე დროში, ბოლო ერთი წლის ტიტანური შრომის შედეგია. გამოფენის კურატორი ვანდა მუჯირია, რომელთან თანამშრომლობამაც ვახტანგ მუსხელიშვილს არაერთხელ მოუწია წარსულშიც.

მუშაობის დროს "ვაკუუმი", სიჩუმე და განმარტოება სჭირდება. თითო კომპოზიციის შექმნას დიდი ენერგია მიაქვს და როცა საგამოფენოდ 1 წელიწადში 30 მონუმენტური ნამუშევარი უნდა წარმოადგინო, ბუნებრივია, ეს დამღლელთან ერთად, სტრესულია. თუმცა, ყველა სირთულე უკან დარჩა, როცა საგამოფენო სივრცის კედლებზე ნამუშევრები გამოიფინა და დამთვალიერებლისთვის გალერეის კარი გაიღო...

***

ბავშვობაში სახლის კედლები მოხატა. დაჯღაბნილი შპალერის ხილვა ოჯახში არავის გახარებია, მაგრამ ეს აღმოჩნდა იმის წინა პირობა, რომ დედამისმა შვილის გატაცებას სერიოზული თვალით შეხედა. კედლები ფურცლებით რომ ჩაანაცვლა, ქალმა ბავშვის ნამუშევრები ცნობილ მხატვრებს შესაფასებლად მიუტანა. მათაც არ გამოჰპარვიათ პატარა ბიჭის ნიჭი. ამის შემდეგ პროფესიული არჩევანიც თავისთავად გამოიკვეთა: ჯერ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში გაატარა 4 წელი, ამას სამხატვრო აკადემიის სტუდენტობა მოჰყვა. თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან 3 პედაგოგს განსაკუთრებით მადლიერებით იხსენებს და ესენი არიან: ჯუნა მიქატაძე, ჯიბსონ ხუნდაძე და გურამ (ხიტა) ქუთათელაძე.

"ჯუნა მიქატაძემ საოცარი ბიძგი მომცა, მან ხატვისა და ქანდაკების პრინციპები შემასწავლა. ის იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი ღვაწლი გაიღო ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მისი ძალისხმევით ჯიბსონ ხუნდაძის სახელოსნოში მოვხვდი. იქ სულ 2 თვე დავყავი, მაგრამ ეს საოცრად ნაყოფიერი პერიოდი იყო. ჯიბსონ ხუნდაძემ ამიხსნა, როგორ უნდა მეაზროვნა ფერით და მისი გაკვეთილები მთელი ცხოვრება მომყვება. ნიკოლაძის დასრულების შემდეგ კი, სამხატვრო აკადემიაში ერთ-ერთი უდიდესი ფერმწერი და გენიალური პიროვნება გურამ ქუთათელაძე მასწავლიდა. მან გამაცნო ფერის სტრუქტურა და ჩემში იქამდე მიღებული ცოდნა დახვეწა. ამ სამმა ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი და წარუშლელი კვალი დატოვა"...

***

სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ბავშვთა სამხატვრო სკოლაში 4 წელი პედაგოგად მუშაობდა, 1 წელი კი სამხატვრო აკადემიაში, თენგიზ სამსონაძის კათედრაზე. ამის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკაში მიწვევით მიემგზავრება. რამდენიმე ქართველ მხატვართან ერთად, გამოფენაში მონაწილეობა უნდა მიეღო. დიდი ხნით შეყოვნებას არ გეგმავდა, მაგრამ მისი მოკლე ვიზიტი ხანგრძლივი გამოდგა. ის და მისი მეუღლე ამერიკაში დარჩნენ, შემდეგ 4 წლის შვილიც იქ გადაიყვანეს. იმ დროს "მწვანე ბარათის" აღება გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ახლა და როცა ეს დოკუმენტი მოიპოვეს, სიეტლიდან თბილისში დაბრუნება გაურკვეველი დროით გადაიდო.

უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრების პირველი წლები გაჭირდა. იმ დროს ვერ ხატავდა, მაგრამ შემდეგ, როცა თავის პროფესიას მიუბრუნდა, წარმატება ეტაპობრივად მოვიდა. მისით გალერისტები დაინტერესდნენ, ნამუშევრები სხვადასხვა გალერეაში იფინებოდა, ყიდულობდნენ სხვადასხვა ეროვნების კერძო კოლექციონერებიც და ვახო მუსხელის სახელი საზღვარგარეთ, სახელოვნებო წრეებში ეტაპობრივად გახდა ცნობილი.

- ამერიკაში ჩასვლის პირველი ეტაპი არ იყო ადვილი, მეტიც - გახსენებაც არ მინდა. მეგობრების დახმარებით სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი, მათ შორის იყო ფიზიკური შრომა, ღამეების თენება, უძილობა. იმ დროს ჩემს პროფესიას 5 წლით ჩამოვშორდი და იმ პერიოდში ფუნჯი ხელში არ ამიღია. ამერიკაში ისეთი საშინელი გამოწვევები მქონდა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ ცხოვრებაში აღარ მქონია. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მხატვრობას ვეღარასოდეს დავუბრუნდებოდი, იმედი არასდროს დამიკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე და რთული გამოცდილება მივიღე, გონებაში კომპოზიციები სულ მიტრიალებდა. სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან მიწევდა კონტაქტი, ვაკვირდებოდი, ვინ როგორ იქცეოდა, ვის რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთმანეთთან, სამყაროსთან. შთაბეჭდილებებს ვაგროვებდი და ამ მხრივ მართლაც საოცარი სკოლა გავიარე. ამ გამოწვევების მადლიერი ვარ. იმ დრომ თავი სხვანაირად დამანახვა, ფსიქოლოგიურად გამაძლიერა, მეტი შემაძლებინა და ჩემში ისეთი თვისებები ამოატივტივა, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. თავში სხვაგვარი ძალა, ენერგია, პოტენციალი აღმოვაჩინე და როცა ჩემს საქმეს მივუბრუნდი, განვლილმა სირთულეებმა სტიმული მომცა. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებაში ჩემს დაბრუნებაში.

- ბატონო ვახტანგ, თქვენ მონუმენტურ ნამუშევრებში, ზეთს არ ღალატობთ. ასევე, რას არ ღალატობთ მხატვრობაში და რისი ერთგული ხართ?

- იდეას, ეს ყოვლად დაუშვებელია. იმ პოზიციის შეცვლა, რომლითაც აქამდე მოვედი, ჩემთვის საუკუნის ღალატი იქნება და ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ვამბობ, რომ მხატვარი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც შენ გინდა. სხვა შემთხვევაში, ხელოვნება შეწყვეტს არსებობას. ბედმა გამიღიმა, რომ ყოველთვის ვახერხებ ჩემი თემატიკა მქონდეს და ნამუშევარს ის ხასიათი მივცე, რომელიც მინდა. რაც შეეხება ზეთს, დიახ, არ ვღალატობ, მაგრამ ასევე აკრილი და პასტელი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მასალაა. ექსპერიმენტები მიყვარს და ამით იმდენად გავერთე, პასტელი და აკრილი "გავაერთიანე". ბევრი მასალის დაკავშირება შეიძლება ერთმანეთთან და მეც მიყვარს ეს პროცესი.

2cerili-vermeerisgan-1723991360.jpg

- საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ, ბევრ ადამიანს უჭირს თავის ქვეყანასთან ადაპტირება. ამ მხრივ, თქვენთვის რა იყო ყველაზე რთული?

- პირველ რიგში, უჟანგბადობა თბილისში. ჟანგბადის დეფიციტის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ვარ და ეს მაწუხებს.

- თქვენი შემოქმედებიდან თუ არსებობს ნახატი, რომლის მიმართაც გრჩებათ განცდა, რომ ის თქვენი ცხოვრების მთავარი ნამუშევარია?

- ამას წინათ ლექციაზეც ზუსტად ეს კითხვა დამისვეს და მაშინ ვუპასუხე, რომ არც ერთი ნამუშევარი არ მაკმაყოფილებს, მაგრამ მერე გამახსენდა ნახატი, რომელსაც რატომღაც, ვერ ველევი. იან ვერმეერს გენიალური ფერწერა აქვს. მას აქვს ერთი ტილო, სადაც ქალი ფანჯარასთან დგას და წერილს კითხულობს (იან ვერმეერის 1657 წლით დათარიღებული ტილო "გოგონა ღია ფანჯარასთან კითხულობს წერილს". - ავტ). ამ ნამუშევრის გავლენით შევქმენი მამაკაცის პორტრეტი წერილით. კაცი დაახლოებით ისეთივე ინტერიერში დგას და ფანჯრიდან შემოსულ შუქზე კითხულობს. ეს ნახატი ამერიკაში მაქვს. საერთოდ, ჩემს ნამუშევრებს კედლებზე იშვიათად ვკიდებ და ესეც სხვებივით იატაკზე, ერთმანეთზეა მიყუდებული. პერიოდულად მივდივარ, შემოვატრიალებ, შევხედავ და ილუზიებს ვიქმნი, თუ რა შეიძლება ეწეროს წერილში. საერთოდ, არ მგონია, ოდესმე ისეთი ნამუშევარი გავაკეთო, რომელიც თავიდან ბოლომდე დახვეწილი იქნება. ამიტომ ჩემი ნამუშევრების ყურება არ მიყვარს, მაგრამ ამ მხრივ ეს ნახატი მაქვს გამორჩეული. ამას წინათ მეგობარმა მითხრა, ნახატში "წერილი ვერმეერისგან" 10 ათას დოლარს გიხდიდნენ და შენ არ მიეციო. არადა, ასეთი ფაქტი მე არ მახსოვს.

3-1723991348.jpg

- შეიძლება ასე იყო, რატომაც არა, მაგრამ თქვენთვის იმდენად ძვირფასია, მგონია, გონებიდან აისხლიტეთ ეს ინფორმაცია... 10 ათასად თუ არა, 1 მილიონად დათმობთ?

- (ფიქრობს)... ალბათ, მილიონად რომ არ გავცე, ჩემი ცოლი მომკლავს, ამიტომ ჯობია დავთმო (იცინის).

ანა კალანდაძე