"ოცნების" საარჩევნო სტრატეგია და 99 ხინკალი
ხელისუფლებისავე მორჩილი კომპანიის, "გორბის" ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების მიხედვით "ქართული ოცნება" ოქტომბერში არჩევნებზე ხმების 59,3 პროცენტს, ანუ თითქმის 60 პროცენტს აიღებს.
აღსანიშნავია, რომ ამდენი ხმა "ქართულ ოცნებას" აქამდე არც ერთ არჩევნებზე არ აუღია, ანუ იმ დროსაც კი ვერ იღებდა, როცა მისი პოპულარობა ზენიტში იყო და ახლა უნდათ ხალხს დააჯერონ, რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს ამას, ანუ ამას მოახერხებს იმ პირობებში, რაც ბოლო ნახევარ წელიწადში ჩაიდინა, როცა ქვეყანა ევროკავშირის გზაზე უკან დახია და ამერიკას დააპირისპირა, ქუჩაში ხალხს ზონდერები მიუსია და პოლიტიკური ლიდერები პოლიციელებს დასისხლიანებამდე აცემინა...
შეგახსენებთ, "გორბი" ის კომპანიაა, რომელმაც ერთხელ ვერ გამოიცნო შედეგები, მისი ეგზიტპოლები ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას. სწორედ მათ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით იზეიმეს 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვება, გოგა ხაინდრავა ყვავილების თაიგულით ხელშიც კი მიცუნცულდა შტაბში, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მათმა კანდიდატმა მხოლოდ 38 პროცენტი აიღო. არადა, რამდენიმე კვირით ადრე იმავე "გორბის" გამოკითხვით სალომე 57 პროცენტს იღებდა. რა სხვაობაცაა 57-სა და 38-ს შორის, ის სხვაობაა მათსა და სიმართლეს შორის.
ამ კვლევასთან დაკავშირებით, მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: თუ აყალბებდით, ბარემ დაგემრგვალებინათ და 60 პროცენტი დაგეწერათ, თქვენი რა მიდიოდა? ეტყობა "ოცნებამ" იმ ანეკდოტის გმირივით იმოქმედა, სახინკლეში რომ შევა და 99 ხინკალი მომეცითო. ბარემ, 100 აიღეთო და 100 რად მინდა, ღორი კი არ ვარო. ჰოდა, "ოცნებაც" ღორი ხომ არაა, ახლა მთლად 60 პროცენტი დაეწერა, 59,3 უფრო დამაჯერებლად ჟღერს.
მიუხედავად იმისა, რომ "გორბის" კვლევის მიხედვით, "ოცნებას" თურმე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჯიბეში უდევს, სამშაბათს გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც ამომრჩევლისადმი ხვეწნა-მუდარით მთავრდება, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოდითო. "ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება", - წერია "ოცნების" განცხადებაში, რომელიც სავსეა საოცარი დაპირებებით, რაც დასტურია იმისა, რომ "ოცნებას" არანაირი გამარჯვება ჯიბეში არ უდევს და ახლა ასეთი ხვეწნა-მუდარით და პოპულისტური დაპირებებით ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას. თუმცა ამას ხომ არ აღიარებენ და ირწმუნებიან, ასე იმიტომ ვიხვეწებით, რომ უბრალო გამარჯვება არ გვყოფნის, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვინდა, რათა საბოლოოდ დავამარცხოთ და ავკრძალოთ "ნაციონალური მოძრაობაო".
დიახ, დიახ! არ მოგესმათ, ამ არჩევნებზე, ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლისთავზე "ოცნების" მთავარი დაპირება ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დამთავრებაა. მათ განცხადებაში წერია: "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
ანუ ქუდზე კაცი და საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ გვინდა, რომ "ნაცები" ავკრძალოთო; თან მარტო "ნაცებს" კი არ ავკრძალავთო, ყველა მის სატელიტს და მემკვიდრესაცო და თუ ვინ ჩაითვლება სატელიტად და მემკვიდრედ, ამას, რა თქმა უნდა, თავად გადავწყვეტთო.
ანუ გამოდის, მთელ ოპოზიციას აკრძალავენ იაგოს "გირჩის" გარდა. მარტო მაგათ არ ეძახიან "ნაცებს", თორემ მათი ყოფილი პრემიერი, გახარიაც კი "ნაცია" მათთვის.
"ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არის ქართული პოლიტიკის ჭირი, მაგრამ პარტიების აკრძალვა ეს არის ჩვეულებრივად ჩრდილო კორეად გადაქცევა. თან, ყველა რომ "ნაცია" შენთვის, გამოდის, ბევრი პარტიის აკრძალვა მოგიწევს, ხომ? კომუნისტურ პარტიასავით მარტო უნდათ ქვეყანაში დარჩენა. ბიძინას გადმოსახედიდან, მრავალპარტიულობამ ვერ გაამართლა. ასეთ ქვეყანას ვინღა მიიღებს ევროკავშირში და ვინ გააკარებს ცივილიზებულ სამყაროს? ანუ "ოცნება" მზად არის ხელისუფლებაში დიდი ხნით დასარჩენად, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს და საბჭოთა კავშირივით ჩაკეტილ ქვეყნად აქციოს.
ან მეორე ვარიანტია, თავადაც იციან, რომ ამას ვერ გააკეთებენ, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ წინასაარჩევნოდ, რომ როგორმე იქნებ "ნაცების" სიძულვილის გამო მაინც მოვიდნენ და ხმა მისცენ "ოცნებას". 12 წლის მერეც ხალხში "ნაცებისადმი" არსებული სიძულვილის იმედი აქვთ, სხვას ვერაფერს სთავაზობენ ამომრჩეველს. ჰოდა, ესენი 99 ხინკლის შემჭმელები არიან?!