"მსოფლიოს ჩემპიონატიდანაც ორი ოქროთი ვბრუნდები" - გზაპრესი

"მსოფლიოს ჩემპიონატიდანაც ორი ოქროთი ვბრუნდები"

და ქართველმა მკლავჭიდელებმა ეს შეჯიბრება კარგი შედეგით დაასრულეს. ქართველმა იუნიორებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი რამდენჯერმე გაჟღერდა. როგორც ბიჭებმა, ასევე გოგონებმა ტოლი არავის დაუდეს. 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარჯვენა მკლავში პირველი ადგილი ეკა მაკარაძემ დაიკავა და ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასევე პირველი ადგილის მფლობელია ქრისტინა ჟორჟოლიანი, მანაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მარჯვენა მკლავში მოიპოვა. ოქროს მედლისთვის იბრძოდა ნინო ზარანდიაც, რომელიც ყაზახ მეტოქესთან დამარცხდა და საქართველოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა, ნინო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. ეს ტიტული სხვადასხვა წონით კატეგორიაში ქართველმა ბიჭებმაც მოიპოვეს: შოთა რაქვიაშვილი, გიორგი შოშიაშვილი, აკაკი ციცქიშვილი, ნოდარ ბოჯუა, მიხეილ გელოვანი, რატი ჭიჭინაშვილი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. მესამე ადგილს დასჯერდნენ: ლუკა კვანჭიანი, გიორგი ღვინაშვილი, გიორგი კვასტიანი, ლევან კვარაცხელია, ოთარ საგინაშვილი, გიორგი დარჩიაშვილი, ნიკა კუზანაშვილი, ასევე მესამე ადგილზე გავიდა დუგო დგებუაძე.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნოდარ შაყულაშვილმა მარჯვენა მკლავში. ის ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია ორივე მკლავში, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბაჩი დიღმელაშვილმაც გააჟღერა საქართველოს ჰიმნი ორჯერ მოლდავეთში, ის 80 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა და ყველა მეტოქის დამარცხება შეძლო, ორივე მკლავში გაიმარჯვა. ის ორი ოქროს მედლის მფლობელია. დიღმელაშვილი ასევე მონაწილეობდა წელს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში და იქიდანაც გამარჯვებული დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონი ორივე მკლავში, ავთანდილ თუთბერიძე წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მარცხენა მკლავში, 90 კგ წონით კატეგორიაში. ნიკა კუზანაშვილმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მარჯვენა მკლავში, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საბა დანელიამაც დაამარცხა მეტოქე და მარჯვენა მკლავში ისიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 60 კგ წონით კატეგორიაში. ლუკა ცინაძეც მსოფლიოს ჩემპიონია მარცხენა მკლავში, მან მოლდაველი მეტოქე დაამარცხა. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ზესტაფონელმა ბექა ბოგვერაძემ. ის სამშობლოში ოქროს მედლით ბრუნდება. ის ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მკლავში. რამდენიმე თვით ადრე ევროპის ჩემპიონატშიც გაახარა გულშემატკივრები. თავის წონაში დაუმარცხებელია. ჩვენ ბექასთან გასაუბრება მოვახერხეთ:

- ემოციებით დატვირთული დღეები მაქვს. რომ იმარჯვებ და ოქროს იღებ, ეს საოცარი გრძნობაა, თითქოს გიფასდება ის შრომა, რასაც ამ სპორტში დებ. წელს დიდი სიხარული იყო ევროპის ჩემპიონატის მოგება და ამ გამარჯვებიდან სულ რამდენიმე თვე გვქონდა იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოვმზადებულიყავით. ცოტა დავისვენე, მერე ბევრი ვიშრომე, მაქსიმალური შრომა ჩავდე და მსოფლიოს ჩემპიონატიც მოვიგე ორივე მკლავში. დღეს ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ ამ შედეგით. ეს სპორტი მოითხოვს ბევრ შრომას, გამჭრიახ გონებას და რა თქმა უნდა, მკლავში ძალასაც. ეს ყველაფერი კომბინირებულია და შედეგიც გვაქვს. რაც შეეხება მკლავჭიდით დაინტერესებას, ეს შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთ ვარჯიშზე აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც ვარჯიშობდა და ვნახე, როგორ ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდა მისი მკლავები. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი. ინტერნეტშიც ბევრი ინფორმაცია მოვიძიე მკლავჭიდზე და მივხვდი, მართლა ძალიან ლამაზი და საინტერესო სპორტია. ზოგადად, სპორტი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების წესია. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უნდა მომეგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ახალგაზრდებში. დღეს ამ შედეგებით კმაყოფილი ვარ. მართლა განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის 2023, 2024 წლები. ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ ევროპის და ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატიდანაც ორი ოქროთი ვბრუნდები. ბევრს ვვარჯიშობდი ამ შედეგისთვის. ყოველდღე 6-საათიანი ვარჯიში მქონდა, მაქსიმალურად ვტვირთავდი თავს.

- პირველ გამარჯვებას როგორ გაიხსენებ?

- ჩემი პირველი გამარჯვება და პირველი ადგილი იყო 2023 წელს, როცა აჭარის ღია ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. იქაც ორივე ხელით ვიასპარეზე და პირველი ადგილი ავიღე. ეს შესანიშნავი გრძნობაა, ამ გამარჯვებამ მომცა დიდი სტიმული, მოტივაცია, რომ მეტი შედეგი დამედო...

როცა საქართველოს ჩემპიონატში ვიასპარეზე, არ მქონდა დიდი გამოცდილება, მაგრამ ეს შეჯიბრება დიდი გამოცდილება იყო და მესიჯი იმისკენ, რომ ამ გზას უნდა გავყოლოდი. მგონია, რომ კარგად ვიასპარეზე და ასე მოვიპოვე საგზური ევროპის ჩემპიონატზე. ეს დიდი გამოცდილება იყო, ჩატარდა სლოვაკეთში. 5-6 მაისს ვიასპარეზე მარცხენა და მარჯვენა ხელით და ორივე ხელით გავიმარჯვე. ახლა 15-დან 26 აგვისტომდე მიმდინარეობს მოლდავეთში მსოფლიოს ჩემპიონატი და აქაც ქართველებმა შევძელით გამარჯვება, იქიდან ოქროს მედლებით ვბრუნდებით. მსოფლიოს ჩემპიონატში ჩემი კონკურენტი ევროპის ჩემპიონიც იყო ჩემს წონაში, მაგრამ ფინალამდე ვერ მოვიდა. ლიტველი იყო ჩემი მოწინააღმდეგე მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენაში - იტალიელი. ვფიქრობ, საკმაოდ დამაჯერებლად მოვიგე. ვიმსახურებდი პირველ ადგილს.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა კვარცხლბეკზე იდექით და საქართველოს ჰიმნი გესმოდათ?

- ეს ამაღელვებელი გრძნობაა, ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ეს გამოცადოს. დგახარ ყველაზე მაღლა და შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის; ხედავ, რომ შენი პატარა ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა ფრიალებს და ტაშს გიკრავენ - ამ დროს უბედნიერესი ადამიანი ხარ. ასეთი განწყობა არასოდეს მოგბეზრდება ადამიანს. მე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვედი, 90 პლუსი. ჩემმა მეგობრებმაც გააჟღერეს იქ ბევრჯერ ქართული ჰიმნი და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.

- ზოგიერთი ორივე ხელით გამარჯვებას ვერ ახერხებს, თქვენს შესაძლებლობებზე რას იტყვით?

- ორივე ხელი ერთნაირად ძლიერი მაქვს. ბევრი სპორტსმენისგან განსხვავებით, კარგად ვგრძნობ ძალას ორივე ხელში, ამას ვამატებ ტექნიკურობასაც. ისეთი სპორტსმენებიც იყვნენ, რომლებიც შემხვდნენ მარცხენა ხელშიც და მარჯვენაშიც, მაგრამ საბედნიეროდ, მათი დამარცხება თავისუფლად შევძელი.

- რა გეგმები გაქვთ?

- სპორტი ჩემთვის ყველაფერია. დღეს ჩემი ამ შედეგით ძალიან გახარებულები არიან, პირველ რიგში, ჩემი მშობლები, ოჯახის წევრები, ახლობლები და სასიხარულოა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავს. დედისერთა ვარ, ამიტომ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მშობლების წინაშე. ისინი მაქსიმალურად მიდგანან მხარში. მეც ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე და ჩემი ქვეყანა გავახარე. ადრე ჭიდაობაზე დავდიოდი. პატარა, 6 წლის ასაკში შემიყვანეს, მაგრამ მერე არ გავყევი ჭიდაობას, მომწონდა მძლეოსნობა, წონის აწევა, საბოლოოდ მკლავჭიდმა მომხიბლა თავისი ტექნიკურობითა და სილამაზით. ჩვენ ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. განსაკუთრებით გამოვყოფ ლევან საგინაშვილს. ის ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. მეც მინდა მისნაირი კარიერა მქონდეს. პირადად არ ვიცნობ. როცა ლევანის შეჯიბრებას ვუყურებდი, ეს სტიმული იყო. დიდი სიხარულია, როდესაც ხედავ, რომ შენი თანამემამულე ძალიან ძლიერია. შენც გეზრდება ამის მოტივაცია და უფრო მეტის გაკეთება გინდა. არა მარტო ჩემი, ბევრი ადამიანისთვის მისაბაძია ლევან საგინაშვილი.

beqa2-1724522390.jpg

- სად ვარჯიშობდით?

- ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა დავამთავრე და ვსწავლობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ჩემს სკოლაშიც ძალიან უხარიათ ჩემი წარმატებები და უამრავი ადამიანისგან მივიღე მოლოცვა. ზესტაფონში არ არის პოპულარული ეს სპორტი, თუმცა ვფიქრობ, ჩემი ამ მიღწევის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქრო მოვიპოვე და ეს მართლა ყველას გაუხარდა. ამ წარმატებაში დამეხმარა როგორც სკოლა, ასევე ოჯახი. ვვარჯიშობდი რამდენიმე ადგილზე, ზესტაფონშიც, ქუთაისშიც დავდიოდი და თბილისშიც. დამოუკიდებლობას პატარა ასაკიდან მიმაჩვიეს მშობლებმა, სავარჯიშოდ მარტო დავდიოდი ხოლმე. სწავლასა და ვარჯიშს ერთმანეთს ვუთავსებდი. ბოლო ერთი წელი მთლიანად ამ სპორტს დავუთმე და შედეგიც მივიღე. მანამდე პატარაობაში ალბათ, ყველა სკოლაში გადაუწევიათ ბავშვებს ერთმანეთისთვის ხელი. ჩვენს სკოლაშიც ასე იყო, თანაკლასელები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ხელის გადაწევაში და ეტყობა ჩემში ეს მომენტიც "დაილექა". წლების მერე მომინდა ბედი მეცადა და გამომივიდა. პარალელურად, უნივერსიტეტში ვსწავლობ და ამ კუთხითაც მაქსიმუმს გავაკეთებ. თუმცა ვფიქრობ, ჩემი მომავალი სპორტთან იქნება დაკავშირებული. უნივერსიტეტსაც დავამთავრებ, მერე ცხოვრება მაჩვენებს, რა როგორ გავაკეთო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახლა მსოფლიოს ჩემპიონატიდან საკმაოდ კარგი შედეგებით ვბრუნდებით, ბევრი მედალი ჩამოგვაქვს და მინდა ჩემი თაობის ახალგაზრდებიც დაკავდნენ სპორტით, დაისახონ მიზნები. აუცილებელია შრომა, შედეგს რომ მიაღწიო. თუ იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. ახლა უკვე ზრდასრულებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებისთვის დავიწყებ მომზადებას. მომავალ ჩემპიონატებში როგორც სრულწლოვანი, ისე ვიასპარეზებ და მინდა ბევრჯერ გავახარო საქართველო. მართლა უამრავი მოლოცვა მივიღე, ამად ღირს ეს შრომა. დიდი სიხარულია, როცა ხედავ, რომ გარშემო ყველა გახარებული და ყველა ბედნიერია, ამის შემხედვარეს შენი გამარჯვებაც უფრო მეტად გიხარია.

თეა ხურცილავა