55 წლის ასაკში მუსიკოსი, მაესტრო ლევან შენგელია გარდაიცვალა - გზაპრესი

55 წლის ასაკში მუსიკოსი, მაესტრო ლევან შენგელია გარდაიცვალა

როგორც ამას თავად ამბობდნენ, სულიერ საზრდოს არ აკლებდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თავს ცუდად გრძნობდა, არ უნდოდა მისთვის ცუდად ყოფნა ვინმეს შეეტყო და გარშემო მყოფები ამით ცუდ განწყობაზე დაეყენებინა. მკურნალობის პარალელურად, მაესტრომ არაერთი ღონისძიება გამართა, ოპტიმისტურად განწყობილი, გარშემო ყველას ამხიარულებდა... თუმცა, ახლობლებმა იცოდნენ მისი დიაგნოზი...

2023 წელს ჟურნალისთვის "გზა" მოცემულ ინტერვიუში ბატონი ლევანი ამბობდა: "3-4 თვის წინ უცნაურად ვიგრძენი თავი და ექიმთან მივედი. მანამდე დიეტაზე ვიყავი, თან რაღაც სამაჯური მომცეს, - წონის კლებაში დაგეხმარებაო... მოკლედ, ექიმებმა ონკოლოგიური დაავადება აღმომიჩინეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო. აი, ამის შემდეგ ნამდვილად მივხვდი, ხალხს თურმე როგორ ვყვარებივარ. მანამდეც არ მაკლდა სითბო და ყურადღება, მაგრამ როცა ჩემი ავადმყოფობის ამბავი გამჟღავნდა, ნამდვილი შემოტევა მაშინ დაიწყო, თან ისეთი, რომ დილიდან საღამომდე მეტირება ხოლმე. საოცრებებს სჩადიან ჩემი ქართველები და ალბათ, ეს ავადმყოფობა უნდა გადამეტანა, მათი ასეთი სიყვარული რომ მეგრძნო..."

"არ მიყვარს ხალხმრავლობა, ზედმეტი ყურადღება. ვითრგუნები, როცა ზედმეტად მაქებენ. ცხადია, ეს სასიამოვნოც არის, მაგრამ მერიდება. ვინმე რომ მეტყვის, მაგარი მუსიკოსი ხარო, ავიწურები ხოლმე. არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი და არასდროს ვუსმენ საკუთარ მუსიკას. როცა უნდა გადავამოწმო რაღაც, იმ თვალსაზრისით თუ მოვუსმენ და მერე - შანსი არ არის..."

"იმ პერიოდში, როცა მკურნალობის კურსს გავდიოდი, ვერიდებოდი გარეთ გასვლას, რაიმე ვირუსი რომ არ ამკიდებოდა. ჰოდა, არა მარტო ახლობლები თუ ნაცნობები, უცნობებიც მირეკავდნენ. ფინანსებზე საუბარი არ მაქვს, აქ სასწაულები მოხდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველებმა ერთმანეთის მხარში დგომა ვიცით, მაგრამ... არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ის სიგიჟე, რაც აქ ხდებოდა. აი, მაგალითად, ალასკიდან ლიმონს მიგზავნიდნენ, ფლორიდიდან - თაფლს და პუერტო-რიკოდან - გარგარს, ყველაფერი ნატურალური უნდა მიიღოო. აი, ეს არის სიყვარული.

- მკურნალობის ეტაპი დასრულდა და ახლა ყველაფერი კარგად არის?

- მკურნალობის კურსი დამრჩა გასავლელი, მაგრამ ფაქტობრივად, პრობლემა დაძლეულია... ისე, მოდი, ამ მოკითხვების მეორე მხარეზეც ვიტყვი: უცნაური ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც რომ დაინახეს, გავხდი, მოწერა დაიწყეს: მასწავლე შენი დიეტაო. კიდევ, მირეკავდა, მაგალითად, ადამიანი და მეცნობოდა, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ან დოქტორი და ა.შ. მირჩევდნენ, - აი, ამის ფოთოლი დაღეჭეთ, კურკუმა ჭამეთ, ყვავს შეხედეთო. მოკლედ, "ნატვრის ხის" პერსონაჟი მეგონა თავი და ლამის გადავირიე, - ხალხო, თავი დამანებეთ-მეთქი (იცინის).

უარესიც დამემართა. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო?! ჰოდა, სასწაული შემემთხვა. მოკლედ, როცა ონკოლოგიური პრობლემა დამიდგინეს, კლინიკიდან გამოსული მეგობრის ელექტრომანქანასთან ჩავიცუცქე. პატრონმა არ იცოდა, იქ რომ ვიყავი, დაძრა ავტომობილი და ფეხზე გადამიარა. იმის მერე დამიბუჟდა ფეხი. ცხადია, ისევ ექიმთან დამჭირდა მისვლა, რომელმაც დამამშვიდა: ნუ გეშინია, არაფერი გჭირს, დაბუჟება დროთა განმავლობაში თავისით გაივლისო. მაგრამ 3 თვე ასე ფეხებდაბუჟებული დავდიოდი...

ერთ დღესაც გავედი ქუჩაში ასე კოჭლობით და ეტყობა, ვიღაცებმა დამინახეს. ერთ საღამოს სიეტლიდან მირეკავს ქალი, არ მინდა ვუპასუხო, მაგრამ ისეთი მესიჯი მომწერა, მომერიდა და, - გისმენთ-მეთქი. - გამარჯობა, ბატონო ლევან. მე ესა და ეს ვარო, - გამეცნო და მაჩვენებს, რომ ძალიან კარგად ცხოვრობს. აი, საქართველოში ხომ ყველა ტირის, რამე არ მომთხოვონო, და აქ პირიქითაა, ყველა ცდილობს დაგანახვოს, რომ კარგადაა. ჰოდა, მეუბნება: ჩვენმა საწარმომ გადაწყვიტა, ფეხი გაჩუქოთ. ისეთი პროთეზია, რომ ნამდვილს ჰგავს და ვერავინ მიხვდება, თუ ხელოვნურიაო. გადავირიე, - რად მინდა, ქალბატონო, თქვენი ფეხი-მეთქი? - თქვენ ხომ ამპუტაცია გაიკეთეთო. - გათიშეთ, ქალბატონო, ტელეფონი, თორემ ბილეთს ავიღებ და მოვრბივარ მანდ. რა ფეხი, რის პროთეზი, უფლება არ მაქვს ვიკოჭლო, მაინცდამაინც მოჭრილი უნდა მქონდეს-მეთქი (იცინის)? შოკი მივიღე. ამპუტაცია და უბედურება მინდოდა კიდევ?.. მოკლედ, ზოგჯერ ზედმეტი ყურადღება აი, ასეთ რაღაცებში გადასდის ხალხს. თავი ასე იმართლა: რა ვიცი, ამბობდნენ, ლევანს რაღაც პრობლემა აქვს და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დაგეხმარებოდითო..."

"ორი აზრი არ არსებობს, მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოოდ სამშობლოში დავბრუნდები და დავიწყე კიდეც უკვე ამაზე ზრუნვა, პატარა ქოხის აშენება მინდა. აქ ხალხი პენსიაში რომ გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ მერე სამშობლოში დაბრუნდება და მეც ეს მაქვს გეგმაში. მანდ რომ ჩამოვდივარ, მხოლოდ "ერთ გზას" ვყიდულობ, რადგან თუ წინასწარ ვიცი, როდის უნდა წამოვიდე ამერიკაში, ამ დღის მოახლოება მანერვიულებს...

ვდარდობ ჩემს ხალხზე. რაც თავი მახსოვს, საქართველოში ადამიანთა უმეტესობას უჭირს თავის გატანა და ეს რაიონებში უფრო თვალსაჩინოა. ჩემს ბავშვობაში სამტრედიაში ხშირად ვხვდებოდი მშიერ ადამიანებს და ვისაც მაშინ არ ჰქონდა, დღესაც არაფერი აბადია. არ არის კარგი სიტუაცია. ყველაზე მეტად ის მიმძიმს და იმის მეშინია, საქართველო ქართველის გარეშე არ დარჩეს..."

332615994-2284294001750863-5757383402708182262-n-1724522603.jpg

მართლაც, ძალიან უყვარდათ, განსაკუთრებით ემიგრანტებს და ალბათ ამიტომაცააა, რომ უამრავი ადამიანი ცრემლიან პოსტს უძღვნის საყვარელ მაესტროს... დაბოლოს, ეს გახსენება გვინდა დავასრულოთ ჟურნალისტ ლელა ნინუას ლექსით, რომელსაც მაესტროსთვის გამართულ საღამოზე არაერთხელ წაუკითხავს თავისი ლექსები. ეს სტრიქონები კი უკვე გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა: "სულ წაგიკითხავ ლექსს,/ შენ, საოცარო, ტანდემო,/ არსად გაგიშვებთ ჩვენ,/ გარდაცვალებას არ ენდო!/ მტრედებს მოგვისევ ბევრს,/ მაჟორებად რომ ავენთოთ,/ მაღლა იქნები შენ,/ ჩვენს სალოცავად, მაესტრო!/ იმ შენს კლავიშებს, იცი?/ დაათოვა და აენთო/ ყველა სანთელი დღეს,/ შენ არ მომკვდარხარ, მაესტრო!/ ამ სამყაროში შენებრ სიცოცხლე უნდა გავბედო,/ არ დაიჯერო, იცოდე,/ გარდაცვალებას არ ენდო!!! აქა ხარ, კვლავაც, მაესტრო".

P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია უსამძიმრებს ლევან შენგელიას ახლობლებს, მეგობრებს, თაყვანისმცემლებს დიდი მაესტროს გარდაცვალებას...