ვის არ ართმევს ხელს მიხეილ ცაგარელი და რატომ მოუწოდებს ყველას, რომ დაისვენონ
რა მოსწონს და რა არა დღევანდელ ბათუმში? რატომ ბანაობს მხოლოდ სარფში და რითი ჰგავს ის გაგრას? რა მოგონებები აკავშირებს სოხუმთან? - ამ და სხვა ამბებს ინტერვიუდან გაიგებთ.
- სოხუმში დავიბადე და სანამ სკოლაში შევიდოდი, იქ ვიზრდებოდი ბებია-ბაბუასთან. გვქონდა საკუთარი ორსართულიანი სახლი, უზარმაზარი ვენახი, უამრავი ყვავილი, ბევრი სხვადასხვა ხეხილი და ყველანაირად საუკეთესო პირობები. სოხუმიდან, რა თქმა უნდა, სხვაგანაც გავდიოდით. ვისვენებდით ბაკურიანში (ზამთარში), ჯავაში, წყნეთში. ესენია ის ძირითადი ადგილები, სადაც მშობლებს მივყავდით. ჯავაში არის მრავალფეროვანი ბუნება, გადასარევი ჰავა და მინერალური წყალი „ძაუ“, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კურორტისთვის.
უკვე სტუდენტობის დროს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ სოჭში წავსულიყავით და იქ გაგვეტარებინა დრო... დადიოდა მატარებელი თბილისი-სოჭი. სხვათა შორის, იმდენად მოგვეწონა, რომ ხშირად პარასკევს მივდიოდით მატარებლით და შაბათ-კვირას სოჭში ვერთობოდით. ორშაბათს დილით, უკვე ლექციებზე ვიყავით. ასე „გავიპარებოდით“ ხოლმე 2-3 დღით. შესანიშნავი კურორტის ერთ-ერთი გასართობი ადგილი იყო ცნობილი „რივიერას“ პარკი. პირველ რიგში, რით იყო სოჭი საინტერესო? საბჭოთა კავშირში ე.წ. ბარი და დისკოთეკა პირველად ბალტიისპირეთში გაიხსნა, რომელიც შორს იყო. სოჭში ჩასვლა კი, მით უმეტეს, სამი დღით, პრობლემას არ წარმოადგენდა. პირველად ამიერკავკასიაში, მგონი, სწორედ სოჭში დაიწყეს დისკოთეკების ჩატარება. „რივიერას“ პარკში იმართებოდა ცეკვები, კონკურსები... ბარებში კოქტეილები იყიდებოდა, ტელევიზორები იდგა და ისეთ უცხოელ მომღერლებს ვუსმენდით, რომელთაგან ზოგი სახეზეც კი არ გვყავდა ნანახი. ეს ყველაფერი იყო უჩვეულო ჩვენთვის, საინტერესო და გვიზიდავდა.
- ცურვა არ შედიოდა გართობაში?
- როგორ არა, ცურვას ძირითადად დილის საათებში ვუთმობდით დროს. ხანდახან საღამოს შევდიოდით წყალში და რამდენჯერმე დაგვიღამდა. ღამე ბანაობას (როცა დაბნელდება, შუაღამეს არ ვგულისხმობ) თავისი ეშხი აქვს, წყალი საკმაოდ თბილია. იყო მომენტი, როცა წყალში ვიყავით და უცებ წამოვიდა კოკისპირული წვიმა. ამ დროს ზღვიდან ამოსვლას აზრი არა აქვს. რაც მთავარია, ხშირად წვიმას თან ახლავს ქარი, ამიტომ სჯობს წყალში დარჩე, იქ უფრო თბილა.
- საზღვარგარეთის ქვეყნებიდან რომელს გაიხსენებთ?
- ყველა ქვეყანას თავისი ეშხი ჰქონდა, დაწყებული ინდოეთიდან, როცა ვიყავი სულიერ გურუსთან (ოშო რაჯნიში), მასთან ძლიერი მედიტაციები გავიარე და დღემდე მის მოსწავლედ ვითვლები. ევროპაში საინტერესო იყო ლონდონი, პრაღა, იტალიის ქალაქები და ა.შ. თუმცა კაუნასს (ლიეტუვა) გავიხსენებ, თუ საზღვარგარეთად ითვლება. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა სკოლის დამთავრების შემდეგ. ბალტიისპირეთის ქვეყნები სხვა რესპუბლიკებისგან იმდენად განსხვავდებოდა, რომ ჩემთვის აღმოჩენებს წავაწყდი. მაგალითად, ლუდის ბარებს, რაც საქართველოში არ არსებობდა და სადაც დრეს-კოდის დაცვას ითხოვდნენ, რამაც ძალიან გამაკვირვა. ასეთ მოთხოვნას პირველად შევეხე, არ შეგიშვებდნენ ჩვეულებრივ ჯინსებში ჩაცმულს. კაუნასში ვნახე პირველად სტიპტიზ-ბარი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობდა. შოკირებული ვიყავი... წარმოუდგენელი ამბავია საბჭოთა კავშირისთვის. სოჭში დისკოთეკებზე ისმოდა საბჭოთა და ძირითადად, რუსული სიმღერები კომკავშირზე, სამშობლოზე, მაშინ როცა კაუნასში მსოფლიოს შედევრებს უკრავდნენ. იქ პირველად მოვუსმინე ცოცხალ მუსიკას. მაგალითად, „ბითლზების“ და რეი ჩარლზის სიმღერის ცოცხლად შესრულებამ სასიამოვნო შოკი მომგვარა.
- საქართველოში სად გიყვართ დასვენება?
- აფხაზეთი სანამ ჩვენი იყო, რასაკვირველია, სოხუმში მივდიოდი, სადაც უდავოდ, კომფორტულად ვგრძნობდი თავს. იქ დღესაც ბევრი ნაცნობი მყავს. დიდ სიამოვნებას ვიღებდი გაგრაში და ფანტასტიკურ ბიჭვინთაში ხომ სასწაულად კარგი ზღვაა, ორი აზრი არ არსებობს... ბოლო 25 წელია ზაფხულს ბათუმში ვატარებ, რომელიც თავისი ჰავით, პალმებით, ყველაფრით მაგონებს სოხუმს და ამ თვალსაზრისით კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბათუმში ჩემი სახლი მაქვს, აქ ვისვენებ, მაგრამ ვბანაობ აუცილებლად სარფში, რადგან იქაურობა გაგრას მაგონებს. როგორც გაგრაშია ზღვა და მთა გვერდიგვერდ, ასეა სარფშიც. ეს არის სასწაული, როცა ერთად მოდის ზღვისა და მთის ჰაერი. თან წყალია ძალიან სუფთა და რბილი.
- წლებია ბათუმში ისვენებთ და სიახლეები მოგწონთ?
- ბათუმის ახალ ზონაში უნდა ნახოთ, რა სასტუმროები და რა სახლები აშენდა, როგორ გალამაზდა ეს ადგილი. რამდენჯერმე გავიფიქრე: ეს ბათუმია თუ სხვა ქალაქი-მეთქი? მე ძველ ბათუმს ვიცნობდი, მაგრამ ის ახლა ნაკლებად აქტუალურია. ბათუმის ეს ახალი ნაწილი იმდენად ეფექტური, თანამედროვე და ევროპულია, უცხოელები ძირითადად აქ არიან. კარგია, რომ შენდება და ლამაზდება ქალაქი, მაგრამ არის მინუსიც. წელს მაგალითად, მანქანების რაოდენობა და პარკინგი ბათუმში ისეთი დიდი პრობლემაა, რომ სერიოზულად შემაწუხებელი გახდა. თუ მერიამ რამე არ მოიფიქრა, 3-4 წელიწადში კოშმარი იქნება და არა - დასვენება.
- ზღვა სექტემბერშიც ძალიან კარგია და თქვენ უფრო რომელი სეზონი გიყვართ?
- სექტემბერი ყოველთვის კარგია. ამ დროს ყველაზე ზომიერი ჰავაა, ძალიან არ ცხელა, ზღვა არის მშვიდი, წყნარი და სუფთა. ამიტომ ეძახდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს რუსულად: „ბარხატნი სეზონ“. და კიდევ, ფასებია დაბალი. ჩემს შემთხვევაში, რადგან გადაცემებს ვიწყებთ სექტემბერში, იძულებული ვარ, აგვისტო გამოვიყენო დასასვენებლად. თორემ ისე, თუ შევადარებთ, სექტემბერი სჯობს.
- დასვენება არის თუ არა, ახალი ენერგიის მიღების საწინდარი?
- რა თქმა უნდა, ეს დამტკიცებულია მეცნიერების მიერ და ამას აღიარებენ ეზოტერიკოსები. ადამიანი მთელი წელი არის უჰაერო სივრცეში, ოთახებში ვართ გამოკეტილი... ზოგი ამაყობს იმით, რომ 20 წელია არ დაუსვენია. მინდა გითხრათ, რომ ასეთ ადამიანს ხელს არ ვართმევ - ის ბინძურია ენერგეტიკულად. ნებისმიერი ჩვენგანი რაღაც დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით უარყოფით ენერგიას აგროვებს საკუთარ აურაში და სულში, რასაც მოჰყვება პრობლემები: ავადმყოფობა, გაცივება-ვირუსები, ნევროზულ-სტრესული მდგომარეობა, კონფლიქტები, უიღბლობა. რაში გვეხმარება ზაფხული და რატომ მოვუწოდებ ყველას, რომ აუცილებლად უნდა დაისვენონ? ადამიანის სხეული შედგება 4 სტიქიისგან: მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი. ამ სტიქიებთან მთელი წლის მანძილზე ძალიან ცოტა კონტაქტი გვაქვს.
ზღვაზე წასვლა რას გვაძლევს? ამ დროს ადამიანი იხდის ტანსაცმელს და ქარი "უქიქინებს", ანუ ჰაერი არის პირველი ბუნებრივი გამწმენდი საშუალება. იღებთ რუჯს და მზე გაჭერთ - მზე არის ცეცხლის სტიქია, საუკეთესო გამწმენდია. პლაჟზე დადიხართ ფეხშიშველი და უშუალო კონტაქტი გაქვთ მიწასთან, რომელიც ჩვენ გვწმენდს. და რაც მთავარია, შიშველი სხეული წყალშია... ყველამ იცის, რომ ეკლესია იყენებს წყალს, როგორც გამწმენდ საშუალებას. წყალი და მით უმეტეს, შავი ზღვა სავსეა მინერალებით და მიკროელემენტებით. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდი და თან, დამამშვიდებელი. ამ პროცესის დროს ჩვენი ენერგოველი იწმინდება, სული მშვიდდება, ნერვული სისტემა ძლიერდება, რაც საშუალებას გვაძლევს, შემდგომი წელი თუ სამუშაო სეზონი მეტ-ნაკლებად სტაბილურად დავიწყოთ. ვინც არ ისვენებს, ის ხდება უფრო ნევროზული, გაღიზიანებული, აგრესიული და უქმნის პრობლემებს სხვასაც და საკუთარ თავსაც.
ნანული ზოტიკიშვილი