"გავიგე, რომ ჩემს დაწერილ ხატებს მირონი სდიოდა"
დავმეგობრდით, მაგრამ მერე, როგორც ხდება ხოლმე, დავკარგეთ ერთმანეთი. ცოტა ხნის წინ კი ბედმა ისევ შეგვახვედრა და მინდა თქვენც გაგაცნოთ საოცარი მხატვარი, ხატმწერი, შემოქმედი ადამიანი, რომელმაც სახარება ხელით გადაწერა, მოხატა და ცოტა ხანში მისი მინიატიურებიანი სახარება წიგნად გამოიცემა. ახლა ლიზი დუშეთის თეატრისთვის თოჯინებს ქმნის.
- ლიზი, წერ ხატებს, ქსოვ, კერავ, ქმნი თოჯინებს, რა იყო პირველი, რით დაიწყე?
- შეიძლება ცოტა ბანალურად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. პარალელურად თოჯინები მყავდა და უამრავ ტანსაცმელს ვუკერავდი, ვუქსოვდი. დედაჩემს ძალიან "კარგი ხელი" ჰქონდა, მისი ფანტასტიკური ნაქარგობებიც გვაქვს. მეც და ჩემს დასაც მან გვასწავლა ქარგვა, ქსოვა, კერვა. ყველაფერი თავისთავად მოხდა, თავად აკეთებდა და ჩვენც გვაჩვენებდა, გვიხსნიდა.
- მომიყევი შენს მშობლებზე, ოჯახზე...
- ძალიან კარგი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა. შვილებზე გადამკვდარი მშობლები გვყავდა. თუკი რამე კარგი არსებობს ჯანმრთელობის, ზოგადად სამყაროს, სილამაზის აღქმის კუთხით, მათი დამსახურებაა. ტრადიციაც იყო მშობლებში, ღმერთიც, სიყვარულიც. დედას - მერი ღუდუშაურს ძალიან უყვარდა კითხვა და ხელსაქმე. ექთანი იყო და მორიგეობის დროს წიგნი სულ თან ჰქონდა. როცა წამოვიზარდეთ, კითხვაც გვასწავლა. მამა - ნიკოლოზ ჩქარეული მოჭიდავე იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სპორტის ოსტატი. ფიზიკურადაც, სულიერადაც ძლიერი პიროვნება იყო. "ბარეცი" ჰქონდა მეტსახელად.
- უკვე გადაწყვეტილი გქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სად ჩააბარებდი?
- სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე. თუმცა, აქ ერთი ამბავი მოხდა: საბუთების შეტანა დავაგვიანეთ ნიკოლაძის სასწავლებელში. რადგანაც ძალიან მონდომებული ვიყავი, მამამ აღარ დამტოვა სასწავლებლის გარეშე, სამინისტროდან მოგვცეს მიმართვა, რომ ცხინვალში იყო ნიკოლაძის ფილიალი და იქ შემეძლო ჩაბარება. ჩავსხედით მე და მამა ცხინვალის ავტობუსში და გავემგზავრეთ. ჩავაბარე და ერთი წელი მომიწია იქ სწავლამ.
- როგორ გახსენდება მაშინდელი ცხინვალი?
- საოცარი ქალაქია; ხალხიც კარგი იყო, სითბო, სიმშვიდე. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და დღემდე ვმეგობრობ ზოგიერთთან; იქ შეძენილი მეგობარი - სოფო ეცადაშვილი ჩემი მეჯვარეა. მადლიერება და დიდი სიყვარული მინდა გავუგზავნო სოფოს ოჯახს და შურა დეიდას, სოფოს დედას, მან საკუთარი შვილივით ჩამიხუტა გულში. შემდეგ იყო 90-იანი წლების ცივი სტუდენტობის პერიოდი; იქიდან გადმოვმისამართდი თბილისის "ნიკოლაძეში", სადაც სწავლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე კულტურის ინსტიტუტში, კედლის მხატვრობა-საეკლესიო მხატვრობის ფაკულტეტზე. პედაგოგი იყო ქალბატონი დეა ჯაბუა.
- მაშინ უკვე ისწავლებოდა ხატწერა?
- ახალი დაწყებული იყო. აკადემიაში გახლდათ რესტავრაციის ფაკულტეტი და იქ სწავლობდნენ ხატწერასაც და აქ კონკრეტულად ხატწერა ისწავლებოდა. საოცარი წლები გამოვიარეთ: სიცივე, ყინვა, შეშის "ფეჩი", სველი შეშა, რომელიც ვერ ინთება, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იყო რაღაც თბილი, ურთიერთობას რომ მოგანდომებდა და შეგაყვარებდა გარშემო ყველაფერს.
- ხატწერას თავისი სპეციფიკა აქვს...
- რა თქმა უნდა, ხატი არის სარკმელი ზეცაში. ხატმწერი უნდა იყოს შინაგანად მზად, ხატთან ურთიერთობა რომ შეძლოს. ხატწერას თავისი კანონიკა აქვს, რომელიც აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს და პირველ რიგში, ეს ისწავლება, მაგრამ მერე და მერე, პრაქტიკიდან ბევრ რამეს სწავლობ. ხატის უბრალოებაში, სისადავეში უნდა იყოს ჩადებული სიდიადე. ზოგადად ნახატში, პერსპექტივაში სივრცე უნდა შექმნა, ხატწერაში კი პირიქით, უკუპერსპექტივის პრინციპია.
ხატების წერისას ჩემმა პედაგოგმა აღმოაჩინა, რომ მინიატიურა ძალიან კარგად გამომდიოდა და უკვე დიპლომის დაცვის დრო რომ მოახლოვდა, ასეთი დავალება მომცა: ზაფხულში უნდა მესწავლა ხუცური და გადამეწერა სახარება.
- ურთულესი მისია დაუკისრებია.
- დიახ და რადგანაც დამავალეს, შევასრულე.
- გეხმარებოდა ვინმე?
- დავალებამდე ერთი წლით ადრე დეამ, ჩემმა ხელმძღვანელმა მიმიყვანა ხელნაწერთა ინსტიტუტში და ჩამაბარა პროფესიონალებს, რომლებმაც კალიგრაფია შემასწავლეს მოქვის სახარების ასლის გადაწერით. მანდედან ვისწავლე კალიგრაფიაც და მინიატიურის სტილიც (მოხატული სახარების სიუჟეტებს მინიატიურიანი სახარება ეწოდება). ლურჯი მონასტრიდან გამატანეს სახარება. ყაზბეგში ჩასვლის შემდეგ მეუფე იეგუდიელთან მივედი და ვეკითხები, ხუცური როგორ ვისწავლო-მეთქი? მაჩუქა ფსალმუნების წიგნი და მითხრა, ერთხელ დაგაწერინებ "მამაო ჩვენოს", შენ ყოველდღე გადაწერე, სანამ არ ისწავლი ხუცურსო და ასე ვისწავლე.
- რამდენჯერ გადაწერე?
- არ ვიცი, მაგრამ ერთი რვეული შევავსე, ყოველდღე ვწერდი, ხანდახან დღეში რამდენჯერმე. ასე ვისწავლე ხუცურის წერაც და კითხვაც. შევიძინე ხარისხიანი ფურცლები და დავფიქრდი, მისთვის სიძველის ეფექტი, როგორ მიმეცა ფერი? მე და დედა ვღებავდით ამ ფურცლებს ჩაის ნაყენში, ვაშრობდით, ვასწორებდით, ვაუთოებდით და აი, ასე გავაკეთე ჩვენი სახარება (მათვალიერებინებს). დავალება იყო ძალიან დიდი და სახარების გადაწერაში ჩემი და - მარინა ჩქარეული მეხმარებოდა. მასაც ვასწავლე ხუცურიც და კალიგრაფიაც. ერთი წელი დამჭირდა დასრულებამდე. მათეს სახარების ნაწილით დავიცავი დიპლომი.
- და ამ გზამ პატრიარქამდე მიგიყვანა?
- კი, იმიტომ, რომ ჯერ კურთხევა გვქონდა, დაგვლოცა პატრიარქმა, რომ სადიპლომოები უნდა გაგვეკეთებინა. მერე ჩვენი სადიპლომოები უწმინდესთან მივიტანეთ და ვაჩვენეთ. ძალიან მოეწონა და გვაჩვენა სამების საკათედრო ტაძრის სახარება, მსოფლიოში ზომით ყველაზე დიდი წიგნი, რომელიც შესრულებულია ხბოს ტყავზე. გვითხრა: მხატვრებს ვეძებთ. მიეცით ბავშვებს ტყავის ნაჭერი და ვნახოთ, თუ მოგვეწონებაო. დავხატე ნათლისღება, მივიტანე, მოეწონათ და აი, ასე მივიღე მონაწილეობა ამ სახარების შექმნაში. სახარებაზე რამდენიმე მხატვარი მუშაობდა, მათ შორის - მეც. პატრიარქთან სადღაც 4 წელი ვიყავი და ვმუშაობდი მარკოზის სახარებაზე. ვესწრებოდი წირვას, რომელსაც ყოველ დილით პატრიარქი ატარებდა. ეს არის საოცარი შეგრძნება და მადლიერი ვარ უფლის და მისი უწმინდესობის, რომ მე მომეცა ამის საშუალება. ახლა უკვე წიგნად უნდა დაიბეჭდოს ჩემი მინიატიურებიანი სახარება.
- ახლა თოჯინები შექმენი, რომლებსაც ბავშვობაში ტანსაცმელს უკერავდი...
- კი, მაგრამ მანამდე ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი დიდი, საინტერესო ეპიზოდი.
- მოგვიყევი.
- სახარება რომ დავასრულე, ყაზბეგში დავბრუნდი. ამ დროისთვის მშობლები აღარ მყავდნენ. საბედნიეროდ, მოესწრნენ ჩემი სახარების გაკეთებას, პატრიარქთან ჩემს მუშაობას. ჯერ დედა გამოგვეცალა, წელიწადი და შვიდი თვე იყო გასული, რომ მამაც. დავრჩით სამი ქალი ოჯახში: მე, ჩემი და და მამიდა, ვისი გაზრდილებიც ვიყავით. თამარ ქალს ვეძახდით; ბურჯად დაგვრჩა. ის ჩვენთვის იყო და ჩვენ - იმისთვის. მარიამის - ჩემი შვილის დაბადებასაც მოესწრო, მერე კი ისიც გარდაიცვალა. ყაზბეგში დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატწერა და ყაზბეგის ყველა ტაძარში არის ჩემი ხატი. იყო მირონმდინარე ხატებიც...
- ამაზეც გვიამბე...
- სამეგრელოში წააბრძანეს ჩემი 4 ხატი: მიძინება, იოანე ნათლისმცემელი, ღვთისმშობელი და მაცხოვარი. საკმაოდ დიდი ხატები. ერთი წლის შემდეგ, 17 ივლისს, გერგეტობას, პატრიარქის მიერ დაწესებულ სიყვარულის დღეს, პატრიარქი ყაზბეგში ბრძანდებოდა და მაშინ გავიგე, რომ ჩემს დაწერილ ხატებს მირონი სდიოდა. მერე ნიკოლოზობის დღესასწაულზე მითხრეს, რომ გარბნის წმინდა გიორგის ტაძარში წაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატსაც სდიოდა მირონი. აი, ამ სასწაულების შემდეგ მოხდა ჩემი და ზურას - ჩემი მომავალი მეუღლის შეხვედრა და გაჩნდა მარიამი.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?
- საპატრიარქოს ტელევიზიამ ჩემზე გააკეთა გადაცემა, პატარა ფილმი. ეს ნახა ჩემმა მომავალმა მეუღლემ ზურა ავსაჯანიშვილმა და ჩემი ძებნა დაიწყო. მიპოვა ზურიკომ და აღარც მომშორდა. ზუსტად ერთ წელიწადში გვეყოლა მარიამი. ზურიკოს სურვილი და იდეა იყო, აფხაზეთში გაგვეგზავნა ჩემი დაწერილი ხატი, კურთხევა ავიღე და მალე დასრულდება ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალბათ თვითონ მონახავს გზას, როგორ გაემგზავროს აფხაზეთში.
- მუზეუმის თემას მივუბრუნდეთ...
- ხატწერის პარალელურად მუშაობა დავიწყე ყაზბეგის ისტორიულ მუზეუმში. საცავში ინახებოდა მე-18, მე-19 საუკუნის ავთენტური, ხევის დიდებულთა სამოსი, ოქრომკედით ნაქარგები. მუზეუმის თანამშრომლებმა გავაკეთეთ მისი რესტავრაცია და გამოვფინეთ. მას მერე დავინტერესდი, დავიწყე მოხეური სამოსის "გაკეთება". პატრიარქის კურთხევა და თხოვნა იყო, რომ ყველა რეგიონში გაკეთებულიყო ხელსაქმის სახელოსნოები და სახელოსნო ჩემს სახლში გავაკეთეთ. აქ ჩემს გურულ მეგობარს - მაკა ყაჭეიშვილს მინდა გავუგზავნო მადლიერება, რომელიც თავისი უშრეტი ენერგიით გვედგა მხარში. ხელსაქმით დაინტერესდნენ ჩვენი ტაძრის მრევლის გოგონებიც. ეტაპობრივად, ჩვენთან ჩამოდიოდნენ საპატრიარქოსთან არსებული ხელსაქმის სახელოსნოს პედაგოგები და გვასწავლიდნენ. აქაც აქტიურად ჩაერთო ჩემი და. თავისი სამსახურებრივი პროფესიის პარალელურად, მარინამ ისწავლა თექაზე მუშაობა, ქარგვა. შარშან ფოლკლორის ფესტივალზე თავისი შეკერილი, მოქარგული კაბა გაიტანა და გაიმარჯვა. მართლა არაჩვეულებრივი ნამუშევარია. სამინისტროში რომ მივიტანე, არავის სჯეროდა, რომ ხელით იყო მოქარგული.
- თოჯინები?..
- პანდემიის პერიოდში საცხოვრებლად მეუღლის აგარაკზე, დუშეთში გადავედით. მე უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს, ხან ბოსტანი დავთესე, ხან ის ვქენი, ხან - ეს. ბოლოს დუშეთის თეატრში დავიწყე მუშაობა მხატვრად, სადაც აქვთ თოჯინების თეატრიც. დუშეთის კულტურის სახლის ხელმძღვანელობის სურვილი იყო, თეატრისთვის განახლებულიყო თოჯინების კოლექცია. იყო ფიქრი, კონსტრუქციის აწყობა. თოჯინები თეატრისთვის კეთდება ხით, მე მინდოდა, ცოტა სხვანაირი გამეკეთებინა, თუმცა, ხე მაინც გამოვიყენე, მაგრამ მასალა, ტექნიკა, ტექნოლოგია აბსოლუტურად ჩემებურად შევქმენი. "გავაკეთე" 8 თოჯინა, რომლისთვისაც სცენარის დეტალებიც მოფიქრებული მაქვს და იმედია, მალე შეესხმება ფრთები. ახლა ყაზბეგის იდეით ვარ შთაგონებული და მსურს "არტ ვილა გალერია", რომელიც შემოქმედებითი სახელოსნოა და პატარა საოჯახო სასტუმრო, საინტერესო შემოქმედებით ცენტრად ვაქციო, ღმერთის ნებით. და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შემოქმედება ადამიანია; ღმერთის საჩუქარია ჩემი ოჯახი და ჩემი შვილი მარიამი.
რუსუდან გელაშვილი