დეკორატიული საპნები და თავის მოვლის საშუალებები 20 წლის უკრაინელი გოგონასაგან
საუბრისას საპნების ავტორის შრომისმოყვარეობამ და მიზანდასახულობამ გამაკვირვა. უმაღლესი განათლება ჯერ არ მიუღია. ჩვენს ქვეყანაში გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაზე უწევს და მიუხედავად იმისა, რომ ქართულად კარგად საუბრობს, მაინც არის ისეთი სიტყვები, რომლებიც არ იცის. ამიტომ სწავლას უკრაინის მარიოპულის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს, სადაც ლექციები ონლაინ რეჟიმში წარიმართება. ახლა პასუხის მოლოდინშია და თუ საშუალება მიეცემა, ფსიქოლოგიას დაეუფლება.
- უკრაინიდან საქართველოში 2014 წელს ჩამოვედი. არაერთი სამსახური გამოვიცვალე. ერთ დღესაც, ინტერნეტში საპნისგან დამზადებული სხვადასხვა ტკბილეულის ფორმები ვნახე. უკრაინაში ძალიან პოპულარულია საპნისგან გაკეთებული: "პონჩიკი", ეკლერი და სხვა. ამ საქმემ დამაინტერესა, მაგრამ შესაბამის მასალებს დიდხანს ვერ ვშოულობდი. მერე მე და დედაჩემმა გამოვიწერეთ, ნელ-ნელა დავიწყე საკვების ფორმის სხვადასხვა საპნის დამზადება: კექსი, ტორტი, ხინკალი, აჭარული ხაჭაპური და ა.შ. შედეგი მომეწონა და ახლა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ამ საქმით ფული როგორ მეშოვა. თბილისში ტურისტულ მაღაზიებს მივაკითხე, სარეალიზაციოდ ჩემი პროდუქცია შევთავაზე და თანამშრომლობა დავიწყეთ. ამ ეტაპზე საპნებს თბილისში 10, ხოლო ბათუმში - 6 მაღაზიაში ვაბარებ.
ყველაფერს მარტო ვუძღვები. პროდუქციასაც მე ვამზადებ, სოციალურ ქსელებსაც ვმართავ, ბუღალტერიც ვარ. თბილისში ვცხოვრობ, ხოლო დედა და ჩემი ძმა კახეთში არიან. დედა უკრაინული რეცეპტების მიხედვით საოჯახო კერძებს, ძეხვეულს, კონსერვებს ამზადებს და ყიდის, ხოლო ჩემი ძმა ნატურალური ქვებისგან სამკაულს ქმნის. თავდაპირველად ჩვენ თელავში ჩამოვედით. დედაჩემი ქართველზე გათხოვდა და ჩემი ძმა შეეძინა, მისი გვარი საყვარელიძეა. მოკლედ, მთელი ოჯახი "ბიზნესმენები" ვართ (იღიმის).
ნელ-ნელა ჩემი საპნებით ქუჩის მარკეტებსა და ფესტივალებში მონაწილეობა დავიწყე. ასევე 2003 წელს დავრეგისტრირდი მერიის ეგიდით გამართულ საახალწლო სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაზე და 5 დღის განმავლობაში ჩემს პროდუქციას დამთვალიერებელს ვთავაზობდი. 4 ათასი ლარის საპონი გავყიდე და ვიფიქრე, ვაიმე, დედა, მილიონერი გავხდი-მეთქი (იღიმის). თუმცა, სამწუხაროდ, წელს იმავე გამოფენაზე თითქმის არაფერი გაიყიდა. მეწყინა, მაგრამ არა უშავს. ვინაიდან ქუჩის მარკეტებსა და ფესტივალებს სისტემატური ხასიათი არა აქვს, პროდუქციის ონლაინ გაყიდვაც დავიწყე. ფოტოებს, ვიდეოებსა და რილსებს ბევრი ნახვა აქვს. მაგალითად, ერთ-ერთმა რილსმა 3 ათასი ნახვა დააგროვა.
ბოლო რამდენიმე თვეა იმაზეც დავფიქრდი, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, ძირითადად დეკორატიული მნიშვნელობის იყო, სასაჩუქრედ ყიდულობდნენ, ამიტომ გადავწყვიტე საპნები თავის მოვლის ფუნქციებითაც დამეტვირთა და დამემზადებინა: აკნეს, შავი წერტილების სამკურნალოდ და ა.შ. ასევე გავაკეთე ტანის კარაქი, რომელიც ვიტამინებითაა გაჯერებული, დამატენიანებელი, მკვებავია და ბევრი დადებითი თვისების მატარებელი. ასევე ვამზადებ: სკრაბებს, აბაზანის ბომბებს, შიმერებს.
ორ წელზე ცოტა მეტია ამ საქმით ვარ დაკავებული, ორგანიზაცია "ქეა კაუქასუს" 5 ათას ლარიანი გრანტიც მოვიპოვე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებზე ნაწილდებოდა. იმ თანხით შევიძინე ის ტექნიკა და ნივთები (ბლენდერი, მაცივარი და ა.შ), რომელიც საპნის დამზადების პროცესს სჭირდება. ასე რომ, ამ ეტაპზე ვამზადებ როგორც დეკორატიულ სანთლებს, ისე თავის მოვლისათვის განკუთვნილ პროდუქციას. სამომავლოდ მინდა მაღაზია მქონდეს ან დიდ სავაჭრო ცენტრში, ერთი პატარა "წერტილი" ავიღო. ამჟამად ჩემი პროდუქცია საქართველოში კი იყიდება, მაგრამ მინდა საზღვარგარეთაც გავიდეს და იმედი მაქვს, ამ გეგმასაც განვახორციელებ.
ანა კალანდაძე