ერეკლე მეფე და შუშის კოლბაში გამოკეტილი ოლიგარქი - გზაპრესი

ერეკლე მეფე და შუშის კოლბაში გამოკეტილი ოლიგარქი

მაგრამ ამ ბლოგზეც კარგად მიდის. რატომ? მივყვეთ თანმიმდევრობით:

წარმოიდგინეთ, ხარ "ოცნების" ამომრჩეველი, ბიძინა გგონია ქვეყნის ერთადერთი იმედი და გადამრჩენელი, ეს გადამრჩენელი კი მოდის ხალხთან შეხვედრაზე და შუშის კოლბაში ჩასმული გელაპარაკება. ამის მერე ისევ გექნება მისი იმედი? არა, კი მესმის, რომ სიყვარული ბრმაა, განსაკუთრებით პოლიტიკოსის სიყვარული და ხალხი თავისი სიყვარულის ობიექტს ყველაფერს ჰპატიობს, ყველაფერზე თვალს ხუჭავს, მაგრამ ეს კოლბიდან თუ აკვარიუმიდან ლაპარაკი...

ქოცებს სულზე მოუსწრო ტრამპზე თავდასხმამ და ამით "აპრავებენ", - აგერ, ხომ ხედავთ, ტრამპიც ბრონირებული შუშიდან ელაპარაკება უკვე ხალხსო. ტრამპი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და მისი სიფრთხილე კიდევ გასაგებია. ბიძინას ასეთი შიში რითია მოტივირებული? ტრამპის მსგავსი ბრონირებული შუშის კედელი მას 2012 წელსაც ჰქონდა და მაშინ არავის გასჩენია ბევრი კითხვა, რადგან მაშინ ხელისუფლებაში მისი მთავარი მტერი მიშა იყო, ის აკონტროლებდა ძალოვან სტრუქტურებს და ახლა ყველაფერს ხომ ბიძინა აკონტროლებს ამ ქვეყანაში; ამასთან ერთად, მაშინ ბიძინა კოლბაში კი არ იჯდა, არამედ როგორც ტრამპს აქვს დღეს, სცენის მთელ სიგანეზე იყო აღმართული ბრონირებული შუშის კედელი. ის ყველას იცავდა, ვინც მის უკან იდგა. ახლა კი მარტო წინიდან კედლის აღმართვით, როგორც ჩანს, ვერ დაამშვიდეს ბიძინა, გვერდებიდან დაუცველს ხომ არ დატოვებდნენ? თუმცა. სცენაზე მდგომი სხვა ლიდერები დაცვის გარეშე დატოვეს. როგორც ამბობენ, ამ შუშის კოლბას ზემოდან ბადე აქვს გადაკრულიო. ალბათ იმიტომ, რომ ზემოდან არ ჩაუგდოს ვინმემ რამე. მოკლედ, ყველა მხრიდან დაცულია ჩვენი გადამრჩენელი. სხვები კი, ვინც სცენაზე დგანან? ისინი ვის რაში სჭირდება?..

გინდა გითხრათ, ქოცი რას უპასუხებს ამ ყველაფერს? აი, ამას: აბა, როგორ გინდათ? ადრე მხოლოდ მიშა ებრძოდა და ახლა მას უკვე "გლობალური ომის პარტია" ებრძვის, რომელიც მთელ მსოფლიოს ატერორებს, ყველას მოუგრიხა კისერი და მარტო ბიძინა უწევს წინააღმდეგობას. შესაბამისად, მას საგანგებო დაცვა სჭირდება. ვერ ნახეთ, "გლობალურმა ომის პარტიამ" ტრამპის მოკვლა რომ სცადა? სლოვაკეთის პრემიერის მოკვლა რომ სცადა? ვითომ ბიძინას მოკვლას რატომ არ ეცდებიანო?

აი, სწორედ ესაა მთავარი: "გლობალურმა ომის პარტიამ" მსოფლიოში ყველა დაიმონა და ვინც ვერ დაიმონა, მათ ესროლა. პუტინს აიძულა, უკრაინაში შეჭრილიყო და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა დაეწყო (აბა, პუტინი ამას თავისი ნებით ხომ არ იზამდა?!), ბიძინა კი დარჩა ერთადერთი, რომელსაც ჯერ ვერც ვერაფერი აიძულა და ვერც ესროლა (ისე, ამ გლობალური ომის პარტიას, რომელიც მთელ მსოფლიოს აკონტროლებს, როგორც ჩანს, ნორმალური მკვლელის მოძებნა გაუჭირდა და ვისაც თავს დაესხნენ, ყველა გადარჩა). ჰოდა, რადგან ბიძინაა დარჩენილი მთელ მსოფლიოში, ვისაც ჯერ ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ სჭირდება საგანგებო დაცვა. გასაგებია?!

ჰოდა, აი, ამ კაცმა თავისი კოლბიდან ხალხს გამოუცხადა: ქუდზე კაცი უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" გასასამართლებლადო. აქამდე მეგონა, ვინმეს გასამართლებას სასამართლო სჭირდებოდა და თურმე, საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოფილა საჭირო. აღმოჩენაა ნამდვილად!

დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე კიდევ ბევრი ასეთი აღმოჩენა გველის. მაგალითად, ფრთხილად და მიკიბულ-მოკიბულად გვეუბნებიან, რომ თუ აგვირჩევთ, ჩვენი ბრძნული პოლიტიკით ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთო. 2020 წლის არჩევნებზე დავითგარეჯის დაბრუნებას ხომ დაგვპირდნენ, ხალხიც კი დაიჭირეს, ახალი რუკებიც "აღმოაჩინეს". დაიბრუნეს, ნეტავ? შეიძლება დაიბრუნეს და ჩვენ ვერ გავიგეთ. ხომ შეიძლება, ასე მომხდარიყო? ამიტომ, ესეც აღმოჩენაა.

და მივედით ერეკლესთანაც. არსებულ დაპირებებს ამ კვირაში კიდევ ერთი შემატეს: კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეფის ძეგლს დავდგამთო. საინტერესოა, კახელების გულის მოგება უნდათ თუ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის გაპრავება? და ორივე ერთად რატომ არა?

ძეგლის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს? მშვენიერი დაპირებაა. ალბათ სხვა დაპირებებთან შედარებით, რეალურიც. მე მხოლოდ ორი კითხვა მაქვს:

1) თქვენი აზრით, ქოცების მიერ დადგმულ ერეკლეს ძეგლს ხელში ეჭირება ხმალი თუ ტრაქტატი?

2) როგორ გგონიათ, ცხენზე იქნება ამხედრებული თუ შუშის კოლბაში ჩასმული?..