ადრეულ ბავშვობაში შერჩეული პროფესია და ჩანთები ანბანითა და სახელებით
ისე პატარებისთვის ბოლო წლებში ძალიან აქტუალურია და თუ ეს აქსესუარი პერსონალური ნახატითა და სასურველი სახელით არის შესრულებული, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ინტერესს იწვევს.
ნინო ხეიძე (დიზაინერი):
- კერვა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე - მანამ, ვიდრე წერა-კითხვას ვისწავლიდი. ბავშვობაში მამაჩემმა საკერავი მანქანა მიყიდა და კერვა ჩემი შთაგონების წყარო გახდა. ტასაცმელს ჯერ თოჯინებს ვუკერდი, შემდეგ ჩემს უმცროს დას. ვქსოვდი, ვქარგავდი, ადრეული ასაკიდან ტანსაცმელს თავად ვიკერავდი. სიმართლე გითხრათ, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ტანსაცმლის დიზაინერი უნდა გამოვსულიყავი და ასეც მოხდა. ჯერ მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში - ტასაცმლის მოდელირების განხრით. სწავლის პარალელურად, ჩემი შემოსავლის წყარო რომ მქონოდა, შეკვეთებს ვიღებდი. ასე რომ, 17 წლიდან სულ ვმუშაობ.
წლების წინ, სხვადასხვა დიზაინერთან ერთად, ქართულ თემაზე შექმნილი ჩემი სადიპლომო ნამუშევარი პატრიარქის წინაშეც წარმოვადგინეთ და მაშინ ჩემმა კოსტუმებმა სპეციალური პრიზი დაიმსახურა "საუკეთესო კოლექციისთვის". ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოში პირველ მოდის კვირეულში, სადაც ასევე ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსი წარვადგინე.
რაც შეეხება ჩანთების ხაზს, ეს მიმართულება კონკრეტულად ქუჩის მარკეტებზე, უცხოელი მომხმარებლებისთვის წამოვიწყე. დამატებითი შემოსავალი რომ მქონოდა, ისეთი ჩანთები შევკერე, რომლებითაც ტურისტები დაინტერესდებოდნენ. ამ მიმართულებამ იმდენად გამიტაცა, აღარ შევეშვი. დიდ ყურადღებას ვაქცევ ფერებს, ფაქტურებს, ხარისხს და ვცდილობ, პროდუქციას ხელმისაწვდომი ფასი დავადო. ძალიან მიხარია, როცა ქუჩაში ვინმეს ჩემს მიერ 3-4 წლის წინ შეკერილი ჩანთით ვხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მფლობელს უყვარს ეს ნივთი. ზოგი რამდენიმე წლის მერეც მომმართავს, კიდევ ერთი აქსესუარის შესაძენად და ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა.
თავდაპირველად განსხვავებულ ქსოვილებს ვეძებდი და ჩანთებს ისე ვკერავდი, პრინტების დატანაზე მოგვიანებით გადავინაცვლე, როცა უკვე საგრანტო კონკურსის შედეგად საკუთარი დანადგარების შეძენა შევძელი. ჩანთაზე ანბანის დატანის იდეაც უცხოელი მომხმარებლებისთვის გაჩნდა. საქართველოდან წასულ ტურისტს სურვილი აქვს, რამე ისეთი წაიღოს, რომლითაც მარტივად მიხვდები, ნივთი საიდანაა ჩამოტანილი. სწორედ ამიტომ, მეგობარ დიზაინერს ანბანის წყობის მისეული დიზაინი გავაკეთებინე და მას შემდეგ ნაჭრის ჩანთებზე ანბანი გადამაქვს. ძალიან ხშირად ქართველები მიკვეთავენ ანბანიან ჩანთებს, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის. მაქვს საბავშვო ხაზიც, სადაც წელის ჩანთების 90 პროცენტამდე მოთხოვნა, სახელობით ჩანთებზეა. პარალელურად, თოჯინებაც ვამზადებ, მაგრამ არა კომერციული თვალსაზრისით, ეს უფრო ჰობია და ამავდროულად, ბოლო რამდენიმე წელია თოჯინების თეატრების გაერთიანების საამქროში ვმუშაობ, სადაც თოჯინებისა და მსახიობებისათვის ტანსაცმელს ვკერავ. ყველა სპექტაკლისთვის ექსკლუზიური მუშაობა გიწევს, რეჟისორთან, მხატვართან ერთად და ეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია.
საბავშვო სამოსის კოლექცია მაქვს შექმნილი, გადაღებული მქონდა სტუდიაშიც. თუმცა, 3 წლის წინ, ანუ მას მერე, რაც დავოჯახდი და გოგონა შემეძინა, ეს საქმე დროებით გადავდე. გაზაფხულიდან ვაპირებ 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვს შეკერილი საბავშვო ხაზი განვაახლო და გაყიდვაში ხელმისაწვდომ ფასებში ჩავუშვა. მთელი ცხოვრება ბავშვების ირგვლივ ვტრიალებ და სამომავლოდ მინდა, ეს თემა წინ კიდევ უფრო აქტიურად წამოვწიო.
ანა კალანდაძე