დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ბიძინა მშვიდობისმყოფელი - გზაპრესი

დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ბიძინა მშვიდობისმყოფელი

თუმცა რატომღაც ეგონა, მარჯვენაზე ავდექიო და მორიგი ტრიუკის მოფიქრება დაიწყო, თან იმაზეც წუხდა, რომ "ოცნებაში" ყველაფერი მისი მოსაფიქრებელია. ცუდ ხასიათზე დადგა. როგორია: ფული შენი, იდეები შენი, აბა, ამდენ ხალხს რისთვის აჭმევ? არადა, დრო არ ითმენდა; ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის დაინიცირებამ საარჩევნოდ ისე ვერ იმუშავა, როგორც ელოდნენ, ამიტომ რამე ახალი იყო მოსაფიქრებელი. რამე ისეთი გახლდათ საჭირო, რაც მას მუქთა ქულებს მოუტანდა, ხოლო ოპოზიციას - დააკარგვინებდა, ანუ ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერდა და ამ დროს გაუნათდა გონება: გამოვალ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეით. მრევლი, ანუ ამომრჩევლების 80 პროცენტი აღფრთოვანდება, ხოლო ლიბერალური იდეებით გაჭყეპილი ოპოზიცია მორიგ ჯერზე აყვირდება და ქულებს დაკარგავს. ესეც შენი ორი კურდღელიო! ალბათ, წინასწარ ტკბებოდა, ეს რა მაგარი რამე მოვიფიქრე, ნამდვილი გენიოსი ვარო.

და აი, აქ გამოცადა ივანიშვილმა, რა არის ბედის ირონია: მოულოდნელად ოპოზიცია კი არა, ეკლესია აყვირდა, თქვენ ხომ კარგად ხართ, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომ გვნდომოდა, თქვენ დაგვასწრებდით ამ მოთხოვნის დაყენებას? ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მერე უფლება ექნება ჩვენს საქმეებში ჩაერიოს და გვაწყობს ახლა ჩვენ ესო?!

კი მაინტერესებდა იმ დროს ბიძინას სახის დანახვა, როცა მიხვდა, რომ ჩაუვარდა მორიგი ტრიუკი, მის გუნდში კი კაცი არ აღმოჩნდა, ვინც წინასწარ ეტყოდა, ეს რა სიგიჟეც იყო. რელიგიის დამცველობაზე დებენ თავს და ისიც არ იცოდნენ, ამ თემაზე რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული.

ეკლესიამ ბუნებრივია, ხელისუფლება ბოლომდე არ გაწირა და გადაწყვიტეს ერთობლივად მოეფიქრებინათ რაღაც, რაც იმის იმიტაციას შექმნიდა, რომ ხელისუფლება ზრუნავს მართლმადიდებლობაზე. ორი დღე იმსჯელეს და ეს მოიფიქრეს: "პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩნდება შემდეგი ჩანაწერი: "მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია".

უი, მართლა?! საოცარი სიახლეა! ამ ჩანაწერს თუ გავაკეთებთ კონსტიტუციაში, სულიერადაც გადავრჩებით და ფიზიკურადაც. მართლმადიდებლობაც გაძლიერდება და ქვეყანა ეკონომიკურადაც აყვავდება. ამის გამო კი უნდა მისცეს "ოცნებას" ხმა მთელმა ქვეყანამ; ამის მერე მოგება გარანტირებულია, მაგრამ ბიძინას მაინც უნდა თავი დაიზღვიოს. სულ ფიქრობს ახალ დაპირებებზე, ვერ ისვენებს, საარჩევნოდ ხალხის დაბოლება არასდროსაა ზედმეტი. ერთ-ერთი გამოსვლისას თავისი ტყვიაგაუმტარი შუშის კოლბიდან ხალხს მიმართა: "განსაკუთრებული მომენტი გვიდგას. ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისთვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება".

ეს არის ყველაზე საოცარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ოდესმე ვინმეს გაუცია; დაპირება, რომელიც არაფერს გპირდება. ხალხს ეუბნებიან, რომ შეიძლება მოულოდნელად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი გაჩნდეს და ამ დროს ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებები დაგვჭირდება, დამპალი ოპოზიცია ხმას არ მისცემს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ პარლამენტში იმდენი, რომ ოპოზიციის ხმები არ დაგვჭირდეს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდებაო. არც იმას ამბობენ, როგორ ვიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, არც იმას, რა საკონსტიტუციო ცვლილებებია ასეთი ჯადოსნური, დაკარგულ ტერიტორიებს რომ გვიბრუნებს, ანუ ხალხს ეუბნებიან, შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ზეციდან ჩამოვარდეს და საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ გვექნა, მის დასაჭერად მზად არ ვიქნებითო. ხომ წარმოგიდგენიათ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე რომ გახდეს დამოკიდებული აფხაზეთის დაბრუნება და ოპოზიციამ ამას ხმა არ მისცეს! წარმოგიდგენიათ ასეთი რამე? პოლიტიკოსებისგან წინასაარჩევნო უამრავი დაბოლება მომისმენია, მაგრამ ასეთი არაფერი.

კიდევ, გვპირდებიან მშვიდობას, რომელიც გვაქვს, მაგრამ თურმე, მარტო ბიძინას დამსახურებით. ის რომ არა, არც მშვიდობა გვექნებოდაო. წინადღეს ღარიბაშვილმა გამოაცხადა: "სამართლიანად უწოდებს ჩვენი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისმყოფელს".

ხალხი უწოდებსო! შეგხვედრიათ თქვენ ასეთი ხალხი? კარგად მილაქუცების ექსტაზში მყოფმა ალბათ, თავად დაარქვა და უნდა ხალხს მიაწეროს. საქმე ისე მიდის, თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში, ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება: საქართველოს ჰყოლია მეფეები: დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ახლა ჰყავს ბიძინა მშვიდობისმყოფელი.